Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

ხვიჩა კვარაცხელია პარიზში გამგზავრებამდე და პსჟ-თან კონტრაქტის გაფორმებამდე ნეაპოლის ესპანურ კვარტალში, ე.წ. „ლარგო მარადონას“ ესტუმრა, სადაც „ნაპოლის“ ლეგენდის, დიეგო არმანდო მარადონას მუზეუმია და არგენტინელის ცნობილი გამოსახულება, – ვიდეოს გამოცემა „არეა ნაპოლი“ ავრცელებს.

„ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთში წასვლამდე და „ნაპოლისთან“ დამშვიდობებამდე ესპანურ კვარტალში, „ლარგო მარადონაზე“ იმყოფებოდა, სადაც დაუვიწყარი დიეგო არმანდო მარადონაა გამოსახული. ის გუნდის ლეგენდას დაემშვიდობა.

დიეგო არმანდო მარადონას პოპულარული მუზეუმი ესპანურ კვარტალში მდებარეობს და ადგილობრივები მართავენ. ისინი აგროვებენ ყველა საინტერესო სამახსოვრო ნივთს, სუვენირს თუ მაისურს, რაც მათთვის მარადონას „ნაპოლისთან“ აკავშირებდა.

ქართველი ფეხბურთელი უახლოეს საათებში საფრანგეთში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს „პარი სენ-ჟერმენთან“, რომელიც მის ტრანსფერს 75 მილიონ ევროდ გამოისყიდის. კვარა ნეაპოლელთა ყოფილ 10-ნომერთან დაკავშირებულია, თუნდაც მხოლოდ ზედმეტსახელ „კვარადონას“ გამო, რომელიც გუნდში მისვლისთანავე შეარქვეს.

მისმა თამაშმა გულშემატკივრებიც გააოცა და მეტოქეებიც, მაგრამ კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ ურთიერთობა ნაადრევად დასრულდა. კვარა „ნაპოლიში“ ანაზღაურების სახით 1.5 მილიონ ევროს იღებდა, როდესაც პარიზში გაცილებით მეტის მიღება შეუძლია. „ლარგო მარადონაში“ ქართველი დაემშვიდობა ადამიანს, რომელიც ნეაპოლელებს მრავალი წლის განმავლობაში აოცებდა“, – წერს „არეა ნაპოლი“.