შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 716 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 612 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

✔ შესავალი
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წელი გავიდა. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა - სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან მესამე ვადით მართვის მანდატის მიღება შეძლო. 
ეს გამარჯვება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის ყველაზე ნათელი, მკაფიო და უდავო აღიარებაა და სწორედ ეს გამარჯვება ჩაუყრის საფუძველს ახალ ეტაპს საქართველოს ისტორიაში. 
ჩემი შეფასებით, უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მნიშვნელობისაა. ამ არჩევნებმა ყველაზე ნათლად აჩვენა, რომ დასრულდა ადამიანების გრძნობებით მანიპულირებისა და ხალხის ნების სხვადასხვა გზით შეცვლის მრავალწლიანი პრაქტიკა. ამ დამანგრეველმა პრაქტიკამ, რომელიც, გულწრფელად მწამს, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა, ჩვენი სამშობლო ლამის უფსკრულში გადაჩეხა. ამ არჩევნებმა ნათლად გამოაჩინა დემოკრატიის მიმართ ქართული საზოგადოების სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, კონსოლიდაციის, რაციონალური და კრიტიკული აზროვნების უნარი. ჩვენმა საზოგადოებამ გაუძლო უპრეცედენტო საინფორმაციო სიყალბესა და ქაოსს და არჩევანი გააკეთა პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც არასოდეს უღალატებს იმ ღირებულებებს, რომლებმაც 2012 წელს გააერთიანა და შეაკავშირა ჩვენი ერის უდიდესი ნაწილი. ხალხმა საბოლოოდ ირწმუნა, რომ თავად არის საკუთარი მომავლის შემქმნელი, რომ ხელისუფლება მის ხელშია და მან უნდა მიიღოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც. ამიტომაც, განვლილი წლების ურთულესი პოლიტიკური პროცესების მთავარი გამარჯვებული არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, არამედ საზოგადოებაა, რომლის სიმწიფე და მდგრადობა ქვეყნის მომავლის ყველაზე მყარი საფუძველია.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო იმჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ერთ-ერთი ყველაზე უხეში ფალსიფიკაციის, ადამიანების დაშინების, მოსყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების კლასიკური ნიმუში. დღეს, ზოგიერთები ურცხვად თავს იწონებენ, რომ თურმე მაშინ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა, რაც, როგორც ყოველთვის, სიცრუე და ცინიზმია. სინამდვილეში, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ომში გაიმარჯვა და იძულებით, საკუთარი მომხრეების სიმრავლით და დემოკრატიული გზით დაათმობინა მოძალადე მმართველ გუნდს წლების განმავლობაში მიტაცებული ხელისუფლება. ახლა მდგომარეობა არსებითად შეიცვალა - „ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ ორჯერ მოიპოვა დამაჯერებელი უპირატესობა დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებში, რაც მკაფიოდ და უდავოდ ადასტურებს ჩვენს ხელწერას. დღევანდელი მმართველი გუნდისთვის უცხოა ხელისუფლების შენარჩუნების ცდუნების გამო, ხალხის ღირსებისა და მათი არჩევანის შებღალვა. ჩვენ არასდროს გადავუხვევთ დემოკრატიისა და თავისუფლების გზას, რაც ბრძენმა ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ დააფასა და კიდევ ერთხელ დაგვდო ხელისუფლებაში ყოფნის პატივი. 
ამრიგად, თუ ობიექტურად გავაანალიზებთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო წარმატებას, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ის მოსალოდნელი და ლოგიკურია. მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდს შეუძლია ჩემი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება. 
ამიტომაც, ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები. 
სულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას. ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი ჩემი ეს ნაბიჯი არა მარტო არ შეასუსტებს, არამედ, მჯერა, კიდევ უფრო გააძლიერებს, სიცოცხლისუნარიანსა და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას, გაამხნევებს ჩვენს მომხრეებს და უფრო ენერგიულს გახდის ხელისუფლებას.
პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი.
როდესაც ჩნდება კითხვა, თუ რატომ აირჩია ხალხმა „ქართული ოცნება“ 2020 წელსაც, პასუხი მარტივია. შევხედოთ, რა იყო ქვეყნისთვის წინამორბედი ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის შედეგი და რას მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის განმავლობაში. სწორედ ახლა გვაქვს საშუალება ამოვიდეთ ყოველდღიური, ფრაგმენტირებული საინფორმაციო ამბებიდან და განვლილი ხანგრძლივი პერიოდის მთლიან სურათს დავაკვირდეთ.
არ დავმალავ და გულახდილად გეტყვით - ნამდვილად არ მინდოდა, ეს წერილი მძიმე შეფასებებით დამეტვირთა, რადგან ქართული წესით, წამსვლელი კაცი მხოლოდ მადლობას იხდის და დამრჩენს სიკეთეს უსურვებს. ეს წესი, ღვინის სამშობლოში, ქართული სუფრის განუმეორებელმა ტრადიციამ დაამკვიდრა, რომელიც, როგორც არაერთხელ ვთქვი, ყველაზე ნათლად გადმოსცემს ქართველი კაცის ყოფითი ცხოვრების არსს და ფილოსოფიას. არც მე მინდოდა ამ ეტიკეტის დარღვევა, მაგრამ ქართული სუფრისგან განსხვავებით, ქართულ პოლიტიკაში თითოეული ჩვენი მოქალაქის აწმყო და მისი მომავალი წყდება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ არ მაქვს უფლება, თვალი დავხუჭო და გვერდი ავუარო ჩვენი საერთო წარსულის ობიექტურ შეფასებას. 
შესაძლოა, ზოგიერთმა ჩათვალოს, რომ დღევანდელი ჩემი წერილი მეტისმეტად კრიტიკულია, მაგრამ ჩემი მხრიდან უადგილო და ყალბი იქნებოდა ჩვენი უახლოესი წარსულის შეფასებისთვის თავის არიდება. 
დიახ, ჩვენ მოგვიწია ბოროტებასთან შეჯახება, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში მეთოდურად აშენებდა და ამყარებდა. დღეს ეს ბოროტება მნიშვნელოვნად შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იგრძნობა და მის მთავარ შემაკავებელ ძალად კვლავ „ქართული ოცნება“ რჩება. ეს ის რეალობაა, რომლის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია სრულფასოვანი პოლიტიკური შეფასება.
რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი „მოღვაწეობის“ შედეგი, - ეს იყო ავტორიტარიზმი, საკუთარი თავის გაფეტიშება, შიშსა და წამებაზე დაფუძნებული დიქტატურა, მიტაცებული საჯარო სივრცე და ცრუ პროპაგანდა, პირადი ძალაუფლების გამყარების და უვადოდ გახანგრძლივების მცდელობა. მხოლოდ ეს იყო მიზანი, რის გამოც შეიცვალა კონსტიტუცია და ქვეყანა ფსევდოსაპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. აღარაფერს ვამბობ ომის ტრაგედიასა და დევნილებზე, დაკარგულ ტერიტორიებსა და რუსულ ოკუპაციაზე, რაც კიდევ უფრო დამძიმებულ მემკვიდრეობად დაგვრჩა.
რა არის „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წლის შედეგი, - ეს გახლავთ მშვიდობა, ღია და პლურალისტული დემოკრატია გახსნილი საჯარო და საინფორმაციო სივრცით, საკონსტიტუციო რეფორმით განმტკიცებული საპარლამენტო მმართველობა, ხელისუფალის გაფეტიშების მიუღებლობა, ინსტიტუციურად დაბალანსებული ხელისუფლება, პოლიტიკისაგან გამიჯნული მართლმსაჯულება და საჯარო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და მის წინაშე თანასწორობა, სამართლიანი არჩევნების პრაქტიკის დამყარება, დაბოლოს, პოლიტიკიდან დროული წასვლა იმ მიზეზთა გამო, რასაც ეს წერილი ეძღვნება. კარგად ვიცი, რა კუდებს გამოაბამს ოპოზიცია ჩემს ყოველ სიტყვას და, ამის მიუხედავად, მაინც ვიტყვი სათქმელს ყველა ნორმალური და მოაზროვნე მკითხველისთვის. დანარჩენებისთვის, - ცხოვრება გამოაჩენს...
✔ პოლიტიკაში შემოსვლის მიზანი და ამოცანები
2011 წელს პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მიზანი იყო ორი ამოცანის შესრულება:
1) მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი, არაჰუმანური და არადემოკრატიული რეჟიმის არჩევნების გზით დასრულება, რადგან ჩემი უშუალო მონაწილეობის გარეშე იმდროინდელ ოპოზიციას არ ჰქონდა ხელისუფლების შეცვლის არანაირი რესურსი;
2) ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსით ქვეყნის შეუფერხებელი სვლა, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნას და, მით უმეტეს, ხელისუფლების შენარჩუნებას, საზოგადოება აღიქვამდა მისდამი დასავლეთის მხარდაჭერად. ეს ავტომატურად განაპირობებდა მკვეთრ აგრესიას ქვეყნის დასავლური ორიენტაციისადმი. სწორედ ამან შექმნა საქართველოს საპირისპირო ორბიტაზე გადანაცვლების საშიშროება. ამავე დროს, დასავლეთისთვის სულ უფრო ძნელი და პრაქტიკულად შეუძლებელიც კი ხდებოდა დემოკრატიის ფასადს ამოფარებული დიქტატურის მხარდაჭერა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტვირთი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის, დაბადებამ და გამარჯვებამ ჩამოხსნა.
შედეგად, ორივე ამოცანა წარმატებით დაგვირგვინდა - მოძალადე რეჟიმი უსისხლოდ, არჩევნების გზით ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების რვაწლიან პერიოდს. 
✔ რეტროსპექტივა
რაკი რვაწლიანი პერიოდის შეფასება განვიზრახე, ამ კონტექსტში მინდა შემოგთავაზოთ ამონარიდები ჩემი პირველი წერილიდან, რომელიც 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ამ ნაბიჯით მოვედი პოლიტიკაში და უაღრესად რთულ და საშიშ გარემოში თითქმის ნულიდან დავიწყე ყველაფრის შენება. წერილში შემონახულია იმ კატასტროფული ვითარების შეფასებაც, რაშიც საქართველო იმ დროს ცხოვრობდა. თუმცა, ვნახოთ, რას ვწერდი მაშინ, 9 წლის წინ, მიზნებთან დაკავშირებით:
„გადავწყვიტე, გარკვეული დროის განმავლობაში, დაახლოებით 2-3 წელი, პირადად გავუწიო კოორდინაცია შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს:
• ჩემ მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიისა და არსებული ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით მოვახდინოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების აბსოლუტური უმრავლესობით მოგება.
• გავარკვიოთ და ხალხთან ერთად შევიმუშაოთ ქვეყნის მართვის ოპტიმალური მოდელი, მოვახდინოთ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ მომავალში არათუ საშუალება, სურვილიც კი არ გაუჩნდეს ვინმეს, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავს მოარგოს.
• პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობა მივიღო ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და პასუხისმგებლობა ვიკისრო მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, რათა ბოლომდე აღმოიფხვრას ისეთი მასშტაბის ელიტარული კორუფცია, რომელშიც სააკაშვილის ახლანდელი მთავრობის მაღალი ეშელონებია ჩაფლული.
• დავიწყოთ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და იგი შეუქცევად პროცესამდე მივიყვანოთ.
• პერსპექტიული გავხადოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა.
• შევქმნათ რეალურად საინტერესო საინვესტიციო გარემო და ერთი ჯგუფის მიერ მონოპოლიზებული ბიზნესის ნაცვლად, საფუძველი ჩავუყაროთ ქვეყანაში ბიზნესის აღორძინებას.
• ბოლომდე მივიყვანო დაწყებული პირველი პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის აღორძინებას ეხება და რეალობას დავუახლოო მეორე პროექტი – ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებისა და მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ.
• დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.
• გავაღრმაოთ აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობა და ინტეგრაცია…”
„...პრობლემა პრეზიდენტებში კი არა, საზოგადოებაშია. უნდა ვაღიაროთ, რომ უძველესი კულტურის საზოგადოება დღეს პოლიტიკური კულტურის ნაკლებობას განიცდის.”
„ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა ავირჩიოთ და უფრო მნიშვნელოვანი – როგორ ვაკონტროლოთ სახელმწიფოს მეთაური და მისი მთავრობა”. 
„უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო საზოგადოების ის კრიტიკული მასა, ...რომელსაც ნებისმიერმა მთავრობამ ანგარიში უნდა გაუწიოს”. 
ჩემ მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი, სტრატეგიულ დონეზე, მიღწეულია. ცხადია, განვლილ პერიოდში ცხოვრებამ კორექტივები შეიტანა, ყველაფერს არ ეყო ორი-სამი წელი, ზოგი რამ ვერ დაიძრა მკვდარი წერტილიდან. ასეთია, მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა - ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებისგან გვერგო. სტრატეგიული მიზნების მისაღწევად იცვლებოდა ტაქტიკური ამოცანებიც. თუმცა ახლა, როცა მმართველობის ორი ვადაა გასული, შედეგის შეჯამების დროს ხალხისთვის თვალის გასწორების უფლება ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს.
✔ საიდან დავიწყეთ
2011 წლის შემოდგომისთვის ქვეყანაში იყო უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება. ოპოზიცია ძალაგამოცლილი და თითქმის განადგურებული იყო - ბოლო პოლიტიკური ერთობა ოპოზიციური „რვიანის“, შემდეგ კი, „ექვსიანის“ სახით, საბოლოოდ იყო დაშლილი.
ყველას გახსოვთ, რა მდგომარეობაში იყო მედია, - სახელისუფლებო პარტიას მიტაცებული ჰქონდა და სრულად აკონტროლებდა სამივე ეროვნულ მაუწყებელს (იმედს, რუსთავი 2-ს და საზოგადოებრივ მაუწყებელს). პარტიის ლიდერები საკუთარი დღის წესრიგით მართავდნენ საინფორმაციო ველს, ისინი ადგენდნენ ახალი ამბების თანმიმდევრობას და ხშირად პირადად წერდნენ ახალი ამბების ტექსტებსაც კი! ჩართული იყო ერთიანი პროპაგანდის მანქანა, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა ადამიანთა შეხედულებებზე გავლენის მოხდენას. წლები დასჭირდა მიტაცებულ არხებზე სამართლიანობის აღდგენას, თუმცა, სამწუხაროდ, სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს, რადგან არსად გამქრალან არც პოლიტიკური შემკვეთი, სააკაშვილის სახით, და არც ამ შეკვეთის შემსრულებლები, მედიამენეჯერებად გადაკვალიფიცირებული პარტიული ფუნქციონერებისა და ჟურნალისტების სახით. ჩვენ ბევრი რამ შევცვალეთ ამ ქვეყანაში, ბევრ გამოწვევას გავუძელით, ბევრი პრობლემა გადავლახეთ, მაგრამ სიცრუის დამარცხება და გაქრობა საინფორმაციო ველიდან ვერ შევძელით - შესაძლოა, ეს ამოცანა თანამედროვე სამყაროში შეუსრულებელიც კია. სამაგიეროდ, სახელმწიფოს სწორი მართვითა და პროპაგანდაზე უარის თქმით, ჩვენ შევძელით ადამიანებისთვის თავისუფალი და პლურალისტური გარემოს შექმნა. ამიტომაც არის, საბოლოოდ მოქალაქეთა უმრავლესობა სწორად რომ არჩევს ავსა და კარგს. 
2020 წლის არჩევნები ამის ყველაზე კარგი მაგალითია. 
გავიხსენოთ ეკონომიკური ვითარებაც, როგორ იყო გაკონტროლებული ქვეყანაში ყველა ბიზნესაქტივობა, როგორ იყვნენ ბიზნესზე მომსხდარი პროკურატურა და ფინანსური პოლიცია, რამხელა იყო შიში, როგორი იყო რეალური საინვესტიციო გარემო. ხელისუფლებას მთლიანად მძევლად ჰყავდა აყვანილი მსხვილი ბიზნესი და მის მხარდასაჭერად უწევდა გარჯა. ბიზნესმა დაკარგა თავისი უმთავრესი მახასიათებელი, - გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების შესაძლებლობა. არათუ რამე გარიგება, ოდნავ დიდი ფინანსური ტრანზაქციაც კი, გენერალური პროკურორის ყოველდღიურ, პირად კონტროლს ექვემდებარებოდა. ასეთივე ხელოვნური იყო ეკონომიკაც, როდესაც ლარის კურსის დაჭერა ხდებოდა 2008 წლის წაგებული ომის სანაცვლოდ მიღებული დასავლეთის ფინანსური ინექციით. ეს იყო რამდენიმემილიარდიანი სესხი, რომელიც დღემდე ვალად აწევს ქვეყანას და ხალხს. დღეს ბიზნესი არათუ თავისუფალია, არამედ მისი იგივე წარმომადგენლები უკვე აღარც პოლიტიკურ განცხადებებს ერიდებიან და არც პოლიტიკაში მოსვლას. სწორედ საჯარო სივრცისა და მედიის გახსნამ, ინსტიტუტებისა და პოლიტიკის არსებითმა გამიჯვნამ მოიტანა ეს უდიდესი დემოკრატიული შედეგი.
✔ ხალხი გაიზარდა, ის არ შეეგუება დიქტატურას
ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისათვის, სასიხარულო და საამაყოა, რომ ჩვენმა ხალხმა, ისტორიულად ძალზე ხანმოკლე პერიოდში, უნიკალური გამოცდილება და უნარები შეიძინა. მართლაც უცნაური და უჩვეულოა, რომ თავისდა უნებურად და, ცხადია, აბსოლუტურად გაუაზრებლად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეასრულა მთავარი როლი საზოგადოების საბოლოოდ გამოღვიძების საქმეში. სწორედ მისი ბარბაროსული მმართველობის დროს ადამიანებმა მკაფიოდ და ნათლად დაინახეს, რომ თუ ოდნავ მოადუნებ ყურადღებას, უკრიტიკოდ დაუჯერებ ლამაზად შეფუთულ და პოპულისტურ დაპირებებს, ვინმეს ჯინაზე მიიღებ ემოციურ და სულსწრაფ გადაწყვეტილებას, შესაძლებელია საკუთარი ხელით აირჩიო ისეთი ხელისუფლება, რომელიც მტერზე გაცილებით უარესად, სასტიკად და დამამცირებლად მოგექცევა, დაჟინებით შეეცდება გადაწეროს შენი ისტორია, შეარყიოს ეროვნული ღირებულებები. ჩემი ღრმა რწმენით, ესაა ჩვენ მიერ ბრძოლით მოპოვებული სიმდიდრე, რასაც, იმედი მაქვს, რაც არ უნდა ეცადონ, ვერავინ წაშლის და გააქრობს. არასდროს დამავიწყდება, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, რამდენიმე ჩემმა ახლობელმა და მეგობარმა მითხრა, ჩვენ გენდეთ და მხარდაჭერა გამოგიცხადეთ, ახლა შენ უნდა მიხედო ქვეყანასო. არ დავმალავ და, ამ სიტყვებმა მაშინ ჩემზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარება საბჭოთა აზროვნების ტიპური ნიმუშია. ხელისუფლების მიმართ სიფხიზლე და კონტროლი ხალხმა არასდროს არ უნდა შეასუსტოს. ახლა ჩვენი საზოგადოება არსებითად შეცვლილია. დღეს ის თავისი პოლიტიკური სიმწიფითა და თვითშეგნებით დემოკრატიის ხანგრძლივი ტრადიციის მქონე ევროპული ქვეყნების საზოგადოებათა მსგავსია. ავტოკრატიის მიმართ ხალხმა გამოიმუშავა იმუნიტეტი, ის გახდა უფრო მამაცი, დინამიკური, აქტიური და შეუპოვარი, ამიტომ, არა მხოლოდ ცხრა წელი, ცხრა კვირაც კი აღარ შეეგუება ხელისუფლების მხრიდან ჩაგვრას, დაშინებას, შევიწროებას, მის თავაშვებულობასა და თვითნებობას. ამიერიდან, ვერც ერთი ხელისუფლება ვეღარ იხილავს დანებებულ და ხელებაწეულ საზოგადოებას. მჯერა, რომ პოლიტიკური ლიდერების მიმართ მიამიტურად და ბრმად ნდობის პრაქტიკაც საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს. ამიერიდან, ნებისმიერი ხელისუფლება მუდმივად იქნება საზოგადოების დემოკრატიული ზედამხედველობისა და კონტროლის ალყაში. „ქართული ოცნება“ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ორგანიზაციული და სტრუქტურული თვალსაზრისით, ჩამოყალიბდა ჭეშმარიტად დასავლურ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ, კლასიკურ ევროპულ პარტიად, რაც იყო ჩემი ოცნება, ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი და ამოცანა. ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ვერ იქნება ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მოსაწონი. განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლისათვის, ხელისუფლების პერიოდული ცვლილება გარდაუვალი და აუცილებელია. როდესაც ხალხის გადაწყვეტილებით, დემოკრატიული არჩევნების გზით ,,ქართული ოცნება“ დათმობს ხელისუფლებას, სწორედ ეს პარტია, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, იქნება დიქტატურის გამეორების ძირითადი შემაკავებელი და ჩამკეტი. „ქართული ოცნების“ გუნდი არავის მისცემს გასაქანს, უფლებასა და საშუალებას, დემოკრატიული გარდაქმნის ამ ურთულესი წლების მონაპოვარი ფეხქვეშ გათელოს და დაანგრიოს. ახლა, მთელი ხელისუფლება საზოგადოების ხელშია თავმოყრილი. თითოეული ადამიანის ხმას აქვს სათანადო ფასი და მნიშვნელობა. საქართველოში აღდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული, რეალური სახალხო სუვერენიტეტი. იმედი მაქვს, მომავალში ადამიანები აღარასდროს აირჩევენ ხელისუფლებას, რომელიც მათზე იბატონებს, ჩვენი სამშობლოს მწარე წარსულის გამოცდილებას კი, გამოიყენებენ ბედნიერი და ღირსეული მომავლის ასაშენებლად. უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა საკუთარი გამოცდილებით დაინახა ფუნდამენტური სხვაობა მმართველობის რადიკალურად განსხვავებულ ფორმებს შორის, - როდესაც ხელისუფალი ბატონია და ხალხი მსახური, და დღევანდელი - როცა ხელისუფლებაა ხალხის მსახური. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება აღარასდროს გააკეთებს მცდარ არჩევანს და არ დათმობს თავისუფლებას. დემოკრატია და ადამიანების უფლებები უნდა გახდეს ჩვენი ერის მტკიცე კონსოლიდაციის საფუძველი, რაც საბოლოოდ თავიდან აგვაცილებს ბნელ წარსულში დაბრუნების საფრთხეს. 
✔ დღევანდელი გუნდი საიმედოდ გააგრძელებს დაწყებულ საქმეს
„ქართული ოცნების“ ახლანდელი გუნდი, უწინდელთან შედარებით, ძირეულად განსხვავებული და განახლებულია. პირადად ჩემთვის საამაყოა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ არა ახალბედა და მერყევი, არამედ პირიქით, პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილი და გამოცდილი, ევრო-ატლანტიკური ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის მტკიცედ გამზიარებელი, გამორჩეული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, ხალხის სამსახურში მყოფი, ერთგული, ნიჭიერი და პატიოსანი ადამიანების მყარი ერთობაა, რომელიც სამშობლოს სიყვარულით, პატრიოტიზმით, თავდადებით, ინტელექტით, საკუთარი მოქალაქეებისადმი თანაგრძნობითა და პროფესიონალიზმით, არც ერთი შეფასების ნიშნითა თუ კრიტერიუმით არ ჩამოუვარდება ევროპული ქვეყნების მთავრობებს. მინდა შეგახსენოთ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ გუნდის ფორმირება მიმდინარეობდა გაწბილებული და ყავლგასული პარტიისა და მისი განშტოებების მხრიდან გამუდმებული უსამართლო თავდასხმებისა და იერიშების თანხლებით. ჩვენ გავუძელით პოლიტიკურ ბრძოლას ყოველგვარი ეთიკური ნორმებისა და წესების გარეშე. პარადოქსული და უპრეცედენტოა, რომ რაც მეტ წარმატებას აღწევდა ხელისუფლება და ქვეყანა, კიდევ უფრო განრისხებულად, არაკონსტრუქციულად და მტრულად მოქმედებდა ოპოზიცია. მთელმა საზოგადოებამ ნათლად იხილა, როგორ ჯიუტად ცდილობდა ოპოზიცია, შეესუსტებინა მსოფლიოში საქართველოს ავტორიტეტი და სანდოობა, ყალბი და გამოგონილი ინფორმაციებით აეზვირთებინა ხალხი, დაეთესა საზოგადოებაში განხეთქილება, შუღლი და დაპირისპირება. თუმცა, ყველა მათი სახელმწიფოსათვის საზიანო მოქმედება საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის შემდგომი გაძლიერებისა და გაორმაგებული მუშაობისათვის ერთგვარი ბიძგი და სტიმული აღმოჩნდა. ოპოზიციის მიზანდასახული მონდომების საპირისპიროდ, ჩვენ კვლავაც გვაქვს მთავარი სტრატეგიული მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორების უცვლელი, მზარდი და მძლავრი მხარდაჭერა. საქართველო პატარა, მაგრამ გავლენიანი, წარმატებული და მისაბაძი დემოკრატიაა, და არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც. მრავალი ობიექტური თუ ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველომ დინჯი და უშეცდომო ნაბიჯებით, იმ პირობებში, როცა მსოფლიო და, მათ შორის, ჩვენი რეგიონი ბევრად საშიში, არაგანჭვრეტადი და ნაკლებად კონსოლიდირებული გახდა, შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენმა ქვეყანამ გეოპოლიტიკური რყევებისა და მოკავშირეებისათვის დამატებითი პრობლემების შექმნის გარეშე, უზრუნველყო საკუთარი ევრო-ატლანტიკური ინტერესებისა და ამოცანების ხელშესახებად წინ წაწევა. მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, შევქმენით სიღარიბის დამარცხებისა და სწრაფი ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი საფუძვლები, თავს უფლება მივეცით და დავიწყეთ განათლების უდიდესი მასშტაბის რეფორმა, რადგან მტკიცედ გვჯერა, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ, რომელიც კეთილდღეობაზე გადის. ქართული ეკონომიკა დღეს სწორი და ოპტიმისტური მიმართულებით მოძრაობს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა მკვეთრად შეკვეცა შიდა და გარე ინვესტორების აქტივობა. სამეწარმეო საქმიანობისა და კონკურენციისთვის ჩამოყალიბებულია მაქსიმალურად თავისუფალი და ტოლერანტული გარემო. ჩვენ საბოლოოდ დავუსვით წერტილი ბიზნესში მთავრობის ფავორიტიზმს და ხელისუფლების გამდიდრებისათვის შექმნილ მონოპოლიებს. „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ხალხის ტირანიისგან დაცვის, ხელისუფლების დემოკრატიული კონტროლისა და გარანტირებული შეკავების საიმედო კონსტიტუციურ-სამართლებრივი სისტემა. სამუდამოდ დავასრულეთ პოლიტიკის ფორმირებაში სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების სამსახურების არაპროპორციული მონაწილეობის პრაქტიკა, რომელზეც ძირითადად დაფუძნებული იყო წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმიანობა. დღეს საქართველოს ხელისუფლება გაწონასწორებული და დაბალანსებულია, არავის აქვს ზომაზე მეტი, ჭარბი და გადამეტებული ძალაუფლება. თითოეულ სახელისუფლებო შტოს აქვს მკაცრად განსაზღვრული და შემოფარგლული უფლებამოსილებები. დღეს ჩვენ გვყავს მოამაგე, მეგობრული და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება. 
ქვეყნის ფუნდამენტურმა დემოკრატიულმა ტრანსფორმაციამ და კარგად გააზრებულმა რეფორმებმა, რომლებსაც საფუძველი ჩაუყარა 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიულმა გამარჯვებამ, მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა საქართველოს საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრესის შეუქცევად პროცესს. ამ წერილის დანართში მოტანილია მაგალითები და კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები, რომელთა უტყუარობაც დადასტურებული და აღიარებულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო-სარეიტინგო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის დასკვნებითა და ყოველწლიური ანგარიშებით. სწორედ აქ ჩანს თვალსაჩინოდ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად მიღწეულია თვისებრივი გაუმჯობესება და წარმატებები სოციალური და ეკონომიკური განვითარების უკლებლივ ყველა სფეროში. ეს ეხება როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ადამიანის უფლებების დაცვას, დამნაშავეობასა და კორუფციასთან ბრძოლას, ისე დამოუკიდებელი მართლმასჯულების განმტკიცებას. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს იქნება სამომავალოდ საქართველოს წინსვლის საიმედო საყრდენი (დანართი იხილეთ საიტზე - https://gd.ge/.../%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1...).
კარგად მესმის, რომ წარმატებების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად და პრობლემად ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე რჩება. ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი, რომელთა ყოფა გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა. უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს უდიდესი გარჯა უწევს იმისთვის, რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები. 
დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა, რომელსაც მე გულისტკივილით ვუსწორებ თვალს. მაგრამ ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია. 
არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ - დღევანდელი სიღარიბე ათწლეულობით დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო. დღევანდელი სიღარიბე იმ უწყვეტი დაღმასვლისა და კატაკლიზმების შედეგია, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცი წლის განმავლობაში გამოიარა.
ჩვენ მოვახერხეთ და შევაჩერეთ ვარდნა, დასაბამი მივეცით პროგრესს და შევამცირეთ სიღარიბე, რომლის საბოლოო დაძლევას ხელისუფლების თავდაუზოგავი შრომა, მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატია და გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება. 
რასაკვირველია, ყველაფერი ისე ან იმ ხარისხით არ გამოგვივიდა, როგორც ჩავიფიქრეთ და ყველა ერთად რომ ველოდით. სამწუხაროდ, ობიექტურ მიზეზებთან ერთად, იყო ხარვეზები და გადაცდომებიც. ქართველები, ძირითადად, ემოციური, მეოცნებე ხალხი ვართ და მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა, გულწრფელი ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც მეტს ელოდა ჩვენგან, ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფ გაუმჯობესებას ელოდა და იმედი გაუცრუვდა.
გული მწყდება, რომ ვერ შეიქმნა კონსტრუქციული ოპოზიცია,
არ დავმალავ და გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დასასრულს, ერთ-ერთი, რაც საფიქრებლად და დარდად მიმყვება, არის ის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა ევროპული საპარლამენტო დემოკრატიისთვის დამახასიათებელ სტანდარტებს. მე არასდროს დამიშვია, რომ ხელისუფლებისთვის სასურველი იქნებოდა გარინდებული და უსიცოცხლო ოპოზიციის არსებობა. ჩემთვის მიუღებელია არა ის, რომ ოპოზიცია ხელისუფლების საქმიანობას უარყოფითად წარმოაჩენს, რაც დემოკრატიისათვის აუცილებელი და სასარგებლოც კია, არამედ გასაოცარია მათი კრიტიკის შინაარსი და დაუსრულებელი არაკონსტრუქციულობა. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, რა იყო განვლილი წლების განმავლობაში მთავარი ოპოზიციური პარტიების, მათი პოლიტიკური დღის წესრიგის უსიტყვო შემსრულებელი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სრულ მორჩილებაში მყოფი, ფსევდოთავისუფალი მედიის პოლიტიკური ბრძოლის ძირითადი ტაქტიკა. თუ ობიექტურად გავაანალიზებთ, დავასკვნით, რომ მათი სტრატეგიული მიზანი ყოველთვის იყო ხალხის ხელოვნურად აფორიაქება, ემოციებით მანიპულირება, ყალბი ახალი ამბების მეშვეობით საინფორმაციო ქაოსის, შიშის, უნდობლობისა და გაურკვევლობის შექმნა. შეგახსენებთ, რომ მე და ჩემი ოჯახი ამ რვა წლის განმავლობაში მუდმივად ვიყავით მათი შეურაცხმყოფელი პროპაგანდისა და სიცრუის ძირითადი ადრესატი და სამიზნე. ბუნებრივია, ამის მოსმენა ჩემთვის საწყენი და არასასიამოვნო იყო, მაგრამ პირადი ემოციები და, მით უფრო, ბრაზი არასდროს გამხდარა ჩემი მხრიდან რაიმე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
ზოგადად, ძალიან გულდასაწყვეტია პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიის სამსახურში ჩამდგარი ზოგიერთი მედიასაშუალების ხილვა, რომელთაც სრულიად დაკარგეს მედიის შინაარსი, ფუნქცია და ელემენტარული სტანდარტის შეგრძნება. „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს კვლავ პრობლემად დარჩა სიცრუე და ტყუილზე დაფუძნებული პროპაგანდა, რომელიც ოპოზიციაში გადასული ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მთავარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ფეიკნიუსის პრობლემა მთელ ცივილიზებულ სამყაროს აწუხებს, საქართველოს შემთხვევაში მისმა მასშტაბმა წარმოუდგენელ უფსკრულს მიაღწია. აღვირახსნილმა პროპაგანდამ რიგითი მაყურებელი მთლიანად გააუცხოვა სატელევიზიო სივრცეს. ფაქტებით მანიპულაცია, ტყუილი და ცილისწამება ზოგიერთი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის ამოსავალ წერტილად გადაიქცა, რასაც არაფერი აქვს საერთო საზოგადოების ინფორმირების ფუნქციასთან. სამწუხაროა, რომ ამ ფერხულში, პარტიულ ჟურნალისტებთან ერთად, ექსპერტებად წოდებული პერსონებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით არიან ჩაბმული, რომლებიც სათანადო პროფესიული ცოდნის არქონის ფონზე და ანგარების მოტივით, პოლიტიკური ოპოზიციის მხარდამჭერ სპიკერებად ჩამოყალიბდნენ.
შემაშფოთებელია ის, რომ ამ მანკიერი პროპაგანდის ორგანიზატორი და წარმმართველი ოპოზიციის ამოცანა იყო და არის არა ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში თანამონაწილეობა, არამედ ხელისუფლებისათვის შეძლებისდაგვარად გზის გადაღობვა, ხალხის კეთილდღეობის მისაღწევად მიმართული ძალისხმევის მაქსიმალურად დამუხრუჭება და შეფერხება. დიდი ილია ამბობდა, ,,შენ რომ ცუდკაცობდე, კაიკაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ...“
ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში, ჯერ კიდევ 2011 წელს, როდესაც დარწმუნებული ვიყავი ქართველი ხალხის განწყობასა და გამარჯვებაში, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მოიქცეოდა დამარცხებული ძალა, ნიჭიერებაზე ზოგადი საუბრისას, გამოვთქვი მოსაზრება, რომ არანაირი ცალკე აღებული უნარი, აზროვნების სისხარტე, განათლება, პროფესიის უბადლო ფლობა და მიზანდასახულობა არ შეიძლება ჩაითვალოს ნიჭიერებად. როდესაც ადამიანის მოქმედებას თან არ ახლავს მორალური თვითშეზღუდვის ინსტინქტი და ამოსავალ წერტილად არა საზოგადოებრივი სიკეთე, ხალხისა და ქვეყნის მსახურება, არამედ ყველაფრის ფასად საკუთარი სურვილებისა და ვნებების დაკმაყოფილება დაუსახავს, ვერ უწოდებ ნიჭიერს. 
მაშინ ამის ახსნას მცირემიწიანი გლეხის მაგალითზე შევეცადე, რომელიც ისე ირჯება საკუთარ ეზოში, რომ მეზობელი არ შეაწუხოს. ის თანდაყოლილი ტაქტით, შინაგანად გრძნობს უხილავ საზღვარს კერძო და საზოგადო ინტერესს შორის. ეს არის მისი ღირსებით აღსავსე დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ეს არის მისი ნიჭი. სწორედ ამიტომ არ მჯერა „ბოროტი გენიის“. მე მწამს, რომ ნიჭი მხოლოდ სიკეთის თესვით, ოჯახთან, სამშობლოსთან, სამყაროსთან ჰარმონიაში ვლინდება. მას კი, ვინც დაცლილია ამ უნარისგან, ვინც არა თუ მეზობელს, ქვეყანასაც არაფრად აგდებს და მზად არის ქვა-ქვაზე არ დატოვოს, ოღონდ საკუთარი, კერძო ინტერესი დაიკმაყოფილოს, მხოლოდ უნიჭო შეიძლება ეწოდოს. 
დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო ვრწმუნდები ამ შეფასების სისწორეში. სამწუხაროდ, განვლილმა წლებმა დამარწმუნა, რომ უნიჭობა პირდაპირ კავშირშია უტიფრობასა და ღირსების არქონასთან - უღირსებობასთან. ნიჭის დეფიციტს მავანი ისეთი უტიფარი ქცევით ავსებს, რომ ბოლოს ღირსებას კარგავს, რაც ადამიანური სახის დაკარგვის ტოლფასია. თუმცა, ეს ყველაფერი ეთიკის საკითხია და მისი გადმოტანა ქართულ პოლიტიკაზე, რომელშიც ზნეობა ანაქრონიზმად და დასაცინ გულუბრყვილობადაა შერაცხული, ზოგჯერ უმადურ საქმედაც მეჩვენება. 
არადა, სწორედ უნიჭობის, უტიფრობის და ღირსებაზე უარის თქმის ნათელი გამოვლინებაა ყველა ის „საქმენი“, რასაც ოპოზიციისგან ვხედავდით მთელი ეს წლები და რაც, სრული სიცხადით, 31 ოქტომბრის შემდეგ დავინახეთ: 
„მერე რა, რომ დავმარცხდით?! 
მერე რა, რომ არ გაყალბებულა?! 
მერე რა, რომ არცერთი საპირისპირო მტკიცებულება არ გაგვაჩნია?! 
მერე რა, რომ ჯიუტად არ გვსურს უბნების გადათვლა, არც კენჭისყრის ამსახველი ვიდეომასალის შემოწმება და თან ურცხვად გავურბივართ დებატებს „ქართულ ოცნებასთან“, რომელმაც ეს ყველაფერი არაერთგზის შემოგვთავაზა?!
მერე რა, რომ მთელმა მსოფლიომ აღიარა ხალხის სამართლიანი არჩევანი?! 
მერე რა, რომ უკლებლივ ყველა მეგობარი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ვაღიაროთ იგი?! 
არა! 
ჩვენ მძევლად ავიყვანთ სახელმწიფოს და ხალხს, მის მშვიდობას და სტაბილურობას და იქამდე ვარყევთ ქვეყანას, ვიდრე ჩვენსას არ გავიტანთ და დამარცხებულებს გამარჯვებულად არ გამოგვაცხადებთ!
ანდა, ისეთ კრიზისში შევიყვანთ პანდემიის ფონზე დასუსტებულ ეკონომიკას, ისე დავამშევთ და გავაბოროტებთ ხალხს, რომ მხარი დაგვიჭიროს ამბოხებაში! 
ჩვენ გვინდა ძალაუფლება, ეს ძალაუფლება გვინდა დღეს და ეს ძალაუფლება უნდა მივიღოთ ყველაფრის ფასად, თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილა!“ .
(დააკვირდით, როგორ ზუსტად ჯდება ეს ყველაფერი ოპოზიციის ხელწერაში, - ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე, ურცხვად მოუყვნენ ხალხს ზღაპრები „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად ვითომდა განცდილ რვაწლიან რეგრესზე, ქვეყნის დანგრევასა და განადგურებაზე. და ამას ამტკიცებენ იმ ფონზე, როდესაც შიდა ეროვნული სტატისტიკა (ცესკოს შედეგების მსგავსად) და საერთაშორისო რეიტინგები (ეუთო/ოდირის და მოკავშირეთა დასკვნების მსგავსად) დიამეტრულად საპირისპიროს ამტკიცებს და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროში თვისებრივ გაუმჯობესებასა და პროგრესს ცხადყოფს).
ისეთი ინტენსივობით გვესმის საბოლოოდ ნიღაბჩამოხსნილი ადამიანებისგან ეს უტიფრობა, რომ მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს, ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილთან ერთად, მათ უტიფრობის და უღირსებობის ნორმად და სიქველედ გამოცხადება დაუსახავთ მიზნად.
უტიფრობის, როგორც პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტის, გამოყენება საზოგადოებრივ აზრზე ფსიქოლოგიური შტურმის კარგად გააზრებული ხერხია. ბოლშევიკურ რევოლუციამდე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, როცა სოციალისტური მოძრაობა გაჩნდა რუსეთში, დოსტოევსკი ზუსტად აღწერდა ამგვარ უტიფარ პერსონაჟებს: “მიეცით ხალხს უფლება უღირსებობაზე და ყველას დაეუფლებით, არცერთი იქ არ დარჩება. ჩვენი სწავლება - ესაა ღირსების უარყოფა და ღიად გამოხატული უფლება უღირსებობაზე”. ამ სახელმძღვანელოთი მოქმედებენ ისინი დღემდე, რადგან სიყვარულით შენება მათ არ შეუძლიათ, ამის ნიჭი, უბრალოდ, არა აქვთ, არც ჰქონიათ და არც იციან, რა არის ეს. არადა, ამ უნიჭობამ დაამარცხა ისინი და ამ უნიჭობამ შვა უტიფრობა, უტიფრობამ კი - უღირსებობა. თავსლაფდასხმული, შერცხვენილი ხალხი დღესაც უტიფრად დგას, ძალადობს და ტყუილს სიმართლედ გვასაღებს.
ორმაგად სამწუხაროა, რომ სწორედ უტიფრობა და ღირსებაზე უარის თქმა მათ ძლიერების ნიშანი ჰგონიათ. არადა, ძალმომრეობის ყველაზე ეფექტიან საშუალებად შერაცხვა, უნიჭობასთან ერთად, მათი სისუსტის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა. 
ძალადობდნენ ხელისუფლებაში და ძალადობენ დღესაც, - სუსტები არიან და იმიტომ. დიქტატურის დამყარებას ნიჭი არ სჭირდება. დიქტატურა სუსტის და უნიჭოს არჩევანია. ნიჭისა და ძლიერების გამოვლინება დემოკრატიულად მართვის უნარსა და სურვილშია. 
ამიტომ დამარცხდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მარცხდებიან დღესაც.
მარცხდებიან, რადგან ხალხი, რომლის სიბრძნეშიც ვერა და ვერ დარწმუნდა საკუთარ შეცდომაში გაჯიუტებული ოპოზიცია, ზუსტად ხედავს და აფასებს განსხვავებას - „ქართული ოცნების“ სახით დღეს ქვეყანას ჰყავს საზოგადოებრივ სიკეთეზე, ადამიანსა და მის მსახურებაზე ორიენტირებული ხელისუფლება, ანუ ნიჭიერი და დემოკრატიული იდეალებისა და მართვის ფორმის ერთგული, ჭეშმარიტად ძლიერი გუნდი.
ხალხი ხედავს და, ობიექტურად არსებული პრობლემების მიუხედავად, კრიტიკულ მომენტში ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას იღებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ საბოლოოდ გამოიმუშავა ეს იმუნიტეტი და აღარასოდეს გააკეთებს საპირისპირო არჩევანს.
სწორედ ჩვენი ხალხის სიბრძნე და „ქართული ოცნების“ ძლიერ გუნდად ჩამოყალიბება მაძლევს იმის რწმენას, რომ საფრთხე საბოლოოდ განეიტრალებულია და შემიძლია მშვიდად გავეცალო პოლიტიკას.
ვტოვებ პოლიტიკას იმ იმედით, რომ პოლიტიკური ეგოიზმის და ერთი კაცის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოუთოკავი სურვილის გამო, დღევანდელი ოპოზიციის ის ნაწილიც დარწმუნდება, ვინც პოლიტიკური ნების უქონლობით, გამოუცდელობით თუ უხერხემლობით, ბოროტებისა და მისი მთავარი შემოქმედების გავლენის ქვეშ მოექცა. დარწმუნებული ვარ, ეს პარტიები აცნობიერებენ მათი ახლანდელი პოზიციის უპერსპექტივობას და თავს დააღწევენ ამ გავლენას, ანუ იბრძოლებენ საკუთარი მომავლისთვის, რაც ქართული დემოკრატიისთვისაც იქნება პერსპექტივა. 
ამ ფონზე, მახსენდება 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენი ხალხი ითხოვდა დანაშაულებრივი რეჟიმის სამსახურში მდგომი საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურების სრული შემადგენლობის დასჯას, რადგან ვერ წარმოედგინა, რომ ხალხზე ძალადობაში თანამონაწილე ოდესმე მის უსაფრთხოებას დაიცავდა.
მოვლენები კი, სრულიად საპირისპიროდ განვითარდა. განვითარდა ისე, როგორც მაშინვე ვაცხადებდი, პრინციპულად და საჯაროდ - თუ სისტემას ჩამოშორებოდა და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებოდა ძალადობრივი პოლიტიკისა და იდეოლოგიის სულ რამდენიმე მოთავე და სულისჩამდგმელი, სისტემა, ყოველგვარი მასობრივი წმენდისა და რეპრესიის გარეშე, ხალხის სამსახურში ჩადგებოდა.
რადგან მაშინაც მჯეროდა და ახლაც მტკიცედ მჯერა, რომ რაც გვაერთიანებს, გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რაც გვყოფს და გვაპირისპირებს. 
მჯერა, რომ იგივე ვრცელდება პოლიტიკაზეც - თუ პარტიები საკუთარ თავში იპოვიან ძალას, გაარღვიონ მათსა და ხალხს შორის ხელოვნურად შექმნილი ჯებირები და გათავისუფლდნენ რამდენიმე დესტრუქციული პოლიტიკოსის მავნე გავლენისგან, ასევე არ დააყოვნებს მათ მიმართ ხალხის ნდობაც.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებში ჩვენ არ მოგვიწია ცხოვრება დიდი პოლიტიკოსებით მდიდარ ეპოქაში. საქართველო დღეს ღარიბია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენ თვალწინ იზრდებიან ახალგაზრდა, თამამი, კვალიფიციური და ენერგიით აღსავსე პოლიტიკოსები, რომელთა უანგარო და ნაყოფიერი საქმიანობა მომავლის დიდ იმედს მისახავს. დემოკრატიის კანონზომიერება ისეთია, რომ აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც განათლებით, ქვეყნის გაძღოლის უკეთესი უნარითა და ინტელექტუალური პოტენციალით აჯობებს „ქართულ ოცნებას“ და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება. გაგიკვირდებათ და, ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება. მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ დაიკავებს ღირსეულ ადგილს პოლიტიკური ოპოზიციის ავანგარდში და ეს პერიოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.
დღეს, როდესაც მე საბოლოოდ მივდივარ პოლიტიკიდან და ვტოვებ საჯარო სივრცეს, მინდა ქედი მოვიხარო ქართველი ხალხის წინაშე. მე ისინი არასოდეს დამიყვია ჩემს მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, რადგან მჯერა, რომ ჩვენი სამშობლო გაცილებით დიდი ღირებულებაა, ვიდრე თუნდაც დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. 
მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში.
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ყველა ჩემს თანამოაზრესა და თანამებრძოლს, ვინც მენდო, ბრძოლაში გამომყვა და დღემდე ერთგულად ემსახურება საქართველოს. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის ქვეყნებს, უკლებლივ ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს, ვინც ურყევად მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს.
დაბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გაუგონარი შეურაცხყოფა და ცილისწამება აიტანა, სალი კლდესავით მედგა გვერდში და ერთი წუთითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ ჩემი არჩევანის სისწორე. 
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას.
ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო - საქართველო!

 შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, უწყების 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10 პროცენტით:

„რაც შეეხება 2020 წლის დანაშაულის სტატისტიკას, ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. მივყვეთ მონაცემებს და ვნახავთ, რომ ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10 პროცენტით. რა თქმა უნდა, გვაქვს მატება გარკვეულ დანაშაულებზე, რაზეც ინფორმაციას საზოგადოებას ყოველთვიურად ვაწვდით, მაგალითისთვის: კიბერდანაშაულმა მოიმატა 24 პროცენტით, ოჯახში ძალადობამ 8,5 პროცენტით, მკვლელობამ 11 პროცენტით იმატა, რაც 7 - ერთეულით მეტია. იცით რომ კიბერდანაშაული არის 21-ე საუკუნის გამოწვევა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ოჯახში ძალადობის მატების ტენდენცია კი განპირობებულია მზარდი მომართვიანობით, რაც წლების განმავლობაში გამოწვევას წარმოადგენდა. აუცილებელია შევეხოთ იმ პოზიტიურ ტენდენციებს, რაც გვაქვს ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ: ყაჩაღობა 42%, გამოძალვა -34%, ძარცვა -25% , ქურდობა -12% , შემცირდა ბინების გაქურდვის ფაქტები -22%, მკვლელობის მცდელობა 5%. თქვენ გაეცანით ამ რეალურ ციფრებს, რაც ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომაროებას დანაშაულთან მიმართებაში. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მედია საშუალებებით მცირე ინციდენტებიც კი ინტენსიურად შუქდება, რაც ქმნის განცდას რომ დანაშაულმა იმატა... ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია, რომ მედია თავისუფალია, ერთი კაბინეტიდან არ კონტროლდება და ნებისმიერი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია.“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კრიმინალური პოლიციის რეფორმების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენების დროს ვრცლად ისაუბრა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, კრიმინალურ პოლიციაში დასრულდება ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების მკაფიოდ გამიჯვნა.

„საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, კრიმინალურ პოლიციაში დასრულდება ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების მკაფიოდ გამიჯვნა. გაძლიერდება პრევენციული მიმართულება, განვითარდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობა. გაგრძელდება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარება, რომლის უმთავრესი ამოცანა დანაშაულის პრევენციაზე მუშაობაა. გაიზრდება მართლწესრიგის ოფიცრების რაოდენობა და სრულად მოიცავს თბილისსა და საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქს. განხორციელდება საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების საფუძველზე. რეფორმა გამომძიებლების დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას და, საბოლოო ჯამში, გამოძიების ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, უკვე მომზადებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტი და მიმდინარეობს ევროკავშირის პროექტის ჩართულობით სამოქმედო გეგმის შემუშავება. კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება გამოძიების ხარისხის მონიტორინგის სისტემა და ამ მიზნით გაძლიერდება ადამიანის დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის შესაძლებლობები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

10-12-2020

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის შეჯამება

შინაგან საქმეთა სამინისტრო 25 ნოემბერს შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად იმართება და სიმბოლურად ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს - 10 დეკემბერს სრულდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ადამიანის უფლებების დაცვა და სისტემაში, ეფექტიანი მექანიზმების არსებობა. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპარლამენტმა, საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით 2020 წელს მიღებულ რეზოლუციაში, დადებითად შეაფასა სამინისტროს საქმიანობა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და ხაზგასმით აღინიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების მონიტორინგის დეპარტამენტის როლი ამ მიმართულებით.

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აქტიური მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უწყებების და ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ თემატურ ღონისძიებებში და, აგრეთვე, საზოგადოებას თავადაც წარუდგინეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშები.

  • 2020 წლის 25 ნოემბერს, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მაკა ფერაძემ, მონაწილეობა მიიღო პროექტის „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში“ ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის, ფონდ Humandoc-ის (პოლონეთი) და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ და ევროკავშირის მხარდაჭერილ ონლაინ კონფერენციაში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დევნილი/კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა, გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები.
  • 2020 წლის 28-29 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მაკა ფერაძემ ასევე მონაწილეობა მიიღო აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული კონკურსის მონაწილეთა შეფასების დასკვნით ღონისძიებაში.

ეროვნული კონკურსი ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო სამართლებრივ და ეროვნულ მექანიზმებს ეძღვნებოდა და მასში საქართველოს 13 უნივერსიტეტის 34 გუნდი მონაწილეობდა.

  • 2020 წლის 27 ნოემბერს, ილიაუნის სამართლის სკოლის, აღმოსავლეთ -დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა დისტანციური პანელურ დისკუსია თემაზე: „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა COVID-19-ის კონტექსტში“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მაკა ფერაძემ, რომელმაც ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე, მიღწეულ პროგრესზე და არსებულ გამოწვევებზე.
  • 2020 წლის 30 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების შესახებ ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება, რომელსაც სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა გახსნა.

პრეზენტაციისას წარმოდგენილი იქნა ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების სტატისტიკური მონაცემები და ამ მონაცემების სიღრმისეული ანალიზი, საქმეთა მონიტორინგის შედეგად დაიდენტიფიცირებული ტენდენციები და არსებული გამოწვევები.

პრეზენტაციის მიმდინარეობისას ხაზი გაესვა სამინისტროსთვის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის პრიორიტეტულობას, ასევე, ბავშვთან ქორწინების მიზნით ჩადენილი დანაშაულების პროაქტიურად გამოვლენისა და ეფექტიანი გამოძიებისთვის საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას და რელევანტურ უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობას.

  • 2020 წლის 2 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მაკა ფერაძემ მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერის (USAID/PROLoG) პროექტის ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაში - „სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების განხორციელება, მიღწეული შედეგები და გამოწვევები“.

კონფერენცია მიზნად ისახავდა სექსუალური შევიწროების რეგულირების პროცესში მიღწეული შედეგებისა და გამოწვევების განხილვას, ასევე, არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა მიერ. მინისტრის მოადგილის მხრიდან, შეხვედრაზე ყურადღება იქნა გამახვილებული სექსუალური შევიწროების მუხლის პრაქტიკაში იმპლემენტაციის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს როლზე. ასევე, ხაზი გაესვა აღნიშნულ საკითხზე სამართალდამცველთა კვალიფიკაციისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას.

  • 2020 წლის 4 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ ადამიანის უფლებათა დღისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო, ონლაინ კონფერენციაში: „ქალთა უფლებები და არსებული გამოწვევები საქართველოში“.

მინისტრის მოადგილემ, შეხვედრის მიმდინარეობისას ისაუბრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებულ სამართლებრივ მექანიზმებზე, პანდემიის პერიოდში ამ ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსა და ამ კუთხით, სამინისტროს მხრიდან გადადგმულ ეფექტიან ნაბიჯებზე.

  • 2020 წლის 3-4 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მართლწესრიგის ოფიცრებისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებისათვის, სექსუალური შევიწროების თემაზე ონლაინ ტრენინგები ჩაატარეს.

ტრენინგის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ სექსუალური შევიწროების სამართლებრივი რეგულირებისა და სამართალდარღვევაზე პოლიციის მიერ განსახორციელებელი რეაგირების თაობაზე. ტრენინგებზე განხილულ იქნა სექსუალური შევიწროების კუთხით არსებული გამოწვევები, სამართალდარღვევებზე სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, ასევე, რეაგირების პროცესში მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენების არსი და მნიშვნელობა. ონლაინ ტრენინგებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების მართლწესრიგის 20 ოფიცერი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 20 პატრულ-ინსპექტორი ესწრებოდა.

  • 2020 წლის 7 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ოსაძემ გახსნა.

პრეზენტაციისას წარმოდგენილი იქნა 2019 წლის 10 მაისიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სექსუალური შევიწროების მუხლი ამოქმედდა, 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელებული სექსუალური შევიწროების გამოვლენილი ფაქტების სტატისტიკური მონაცემები, სამართალდამრღვევებთან და სექსუალური შევიწროების მსხვერპლებთან დაკავშირებული რელევანტური ინფორმაციების სიღრმისეული ანალიზი, სასამართლოს პრაქტიკა ამ მიმართულებით, სამართალდარღვევების მონიტორინგისას გამოვლენილი ტენდენციები, დაიდენტიფიცირებული გამოწვევები.

მოწვეულ პირებს მიეწოდათ ინფორმაცია სამინისტროს მიერ სექსუალური შევიწროების პრევენციისა თუ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, მუხლის ამოქმედებიდან დღემდე განხორციელებული აქტივობების შესახებ.

  • 2020 წლის 8 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახალხო დამცველისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ ონლაინ კონფერენციაში ,,ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში“.

კონფერენციისას წარმოდგენილი ანგარიში ეხებოდა საქართველოში, სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი პროცედურების სტამბოლის კონვენციის და ადამიანის უფლებათა სტანდარტების ჭრილში შეფასებას. კონფერენციისას, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ამ კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომებზე, არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე.

  • 2020 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებისთვის ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებზე ონლაინ ტრენინგები ჩაატარეს. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში მოქმედი ძირითადი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, მათ შორის, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების პროცედურაზე. შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება იქნა გამახვილებული სამართალწარმოების პროცესში მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენების მნიშვნელობაზე. ონლაინ ტრენინგებს ქვემო ქართლისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების 40-ამდე თანამშრომელი ესწრებოდა.
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის №71 და №155, №212 საჯარო სკოლების, ასევე, სკოლა ,,ლომისის“ მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან გამართულ ონლაინ ღონისძიებებში, სადაც ისაუბრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომებზე ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ამ კუთხით ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებზე, არსებულ სტატისტიკურ მონაცემებსა და გამოწვევებზე.
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, კამპანიის ფარგლებში, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ რელევანტურ საკითხებზე ისაუბრეს როგორც სატელევიზიო გადაცემებში, ასევე საინფორმაციო სააგენტოებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადამიანის უფლებების დაცვის, მათ შორის ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით აქტიურად გააგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას შესაბამის უწყებებთან, როგორც პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, ისე ეფექტიანი რეაგირების მიმართულებით.

 

წმინდა ჩრდილოეთური მკვლელობის უცნობი დეტალები _ რა ინფორმაცია მიაწოდა მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე შოთა კვირაიამ და რა უთხრა ედუარდ შევარდნაძემ ედპ-ს ლიდერს

ხვალ 3 დეკემბერია, დღე, როცა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი, გია ჭანტურია მოკლეს... მაშინ, ბნელ 90-იანებში, მკვლელობა არავის უკვირდა _ თითქმის ყოველდღე ვიღაცას კლავდნენ, ან ბრმა ტყვიას ეწირებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გია ჭანტურიას მკვლელობა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, რადგან ჯერ ერთი, ჭანტურია, როგორც აღვნიშნეთ, გამორჩეული ლიდერი იყო და მეორეც, 1994 წლის 3 დეკემბერს, საქართველოში პოლიტიკური მკვლელობების ერთგვარი სერიალი დაიწყო. დიახ, მას მერე, კიდევ არაერთ ცნობილ ადამიანს მოკლავენ, თუმცა ყველა ეს მკვლელობა ან თაროზე შემოიდება, ან მკვლელობის მიზეზი არ დადგინდება. ჭანტურიას მკვლელობის საქმეშიც, 16 წელია, არაერთი ბუნდოვანება არსებობს.

* * * 

„1994 წ. 3 დეკემბერს, თბილისის ცენტრში, საკუთარი სადარბაზოს წინ გამომავალ გია ჭანტურიას და მის ავტომობილს უცნობმა პირებმა გაუხსნეს ცეცხლი. ჭანტურია ადგილზევე გარდაიცვალა, მისი მეუღლე, ირინა სარიშვილი კი მძიმედ დაიჭრა. საბოლოოდ, მკვლელობა გამოუძიებელი დარჩა, თუმცა მისი პოლიტიკური ხასიათი ეჭვს არ იწვევდა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირის მიერ თავდასხმა ბრალდებოდა უშოშროების ყოფილ მინისტრებს _ შოთა კვირაიასა და იგორ გიორგაძეს. ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ, ედპ-ის ლიდერი მისი ქვრივი გახდა, მაგრამ პარტიის პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყა. გიორგი ჭანტურია ქაშუეთის ეკლესიის ეზოშია დაკრძალული“, _ ვკითხულობთ ქართულ ვიკიპედიაში. 

... სტატია, რომელსაც დღეს გთავაზობთ, 12 წლის წინ დავწერე. ისე, ფატალური დამთხვევაა, რომ ადამიანი, რომელმაც მაშინ გია ჭანტურიასა და მის მკვლელობაზე საინტერესო ვერსიები მიამბო, ჩვენი საუბრიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ეს ადამიანი, ასევე, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი, ედპ-ს ყოფილი წევრი, ყოფილი დეპუტატი დავით ჭეიშვილი გახლდათ. დათო ჩემი მეგობარი იყო.... 

* * * 

1959 წლის 19 აგვისტო... ფერისცვალება... ბიჭის დაბადება ჭანტურიების ოჯახის ნათესავებისა და მეზობლების მეტს არავის გაუგია, თუმცა მოვა დრო და ამ ბიჭზე მთელი ქვეყანა ილაპარაკებს. 

მანამდე? 

მანამდე კი... 

ბავშვის ჩვეულებრივი ცხოვრება _ სწავლა, თამაში, გართობა... განსაკურებით დათოსთან მეგობრობს, ჭეიშვილთან. მათი მშობლებიც მეგობრები არიან... ბიჭების საყვარელი თამაში „ომობანაა“ _ წყალქვეშა ჯარისკაცებს „აკეთებენ“, ერთმანეთის პირისპირ აწყობენ და „ხოცავენ“... 

წარჩინებული და ჭკიანი მოწაფე ყოფილა, მაგრამ უმაღლეს სასწავლებელში სკოლის დამთავრების პირველსავე წელს ვერ ჩაუბარებია და აი, რატომ: 

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, თავისუფალი თემა _ „ვინ მინდა გამოვიდე“ შეხვედრია. დაუწერია, არქეოლოგობა მინდაო. ნაშრომში შლიმანიც მოუხსენიებია, „ტროას ცხენის“ აღმომჩენი. თავიდან „ორიანი“ დაუწერიათ, მერე რომ გაუპროტესტებია, „ოთხიანად“ გადაუკეთებიათ, აქაოდა, ფაქტობრივი შეცდომები გაქვსო. 

ისე, გამომცდელებს უთქვამთ, უმაღლესი შეფასება რომ დაგიწეროთ, სამსახურიდან დაგვითხოვენო. შეიძლება, მართლა ასე მომხდარიყო, რადგან იმ დროს, გია ჭანტურია უკვე ეროვნული მოძრაობის წევრი გახლდათ... 

მეორე კურსზე რომ გადავიდა, დააპატიმრეს. დათო ჭეიშვილიც დაიჭირეს, მაშინ დათო პირველ კურსზე სწავლობდა... 

მას შემდეგ წითელ იდეოლოგებს ბიჭებისთვის თვალი არ მოუცილებიათ... მეტიც, გიას მეგობრებს დღემდე სჯერათ, რომ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ლიდერი, სწორედ წითელი ინტერვენციის მსხვერპლი გახდა. 

მართალია, გია ჭანტურიას მკვლელობისთვის, თავის დროზე, რამდენიმე ადამიანი გაასამართლეს, მაგრამ საზოგადოებაში დღემდე არსებობს ეჭვი, რომ ისინი ნამდვილი დამნაშავეები არ იყვნენ, უფრო სწორად, შემსრულებლები დაისაჯნენ, მკვლელობის შემკვეთები _ არა. 

და მაინც, რა მოხდა 1994 წლის 3 დეკემბერს, ხილიანზე? იყო თუ არა გია ჭანტურიასთვის 1991-92 წლების მოვლენების ანუ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულ ედუარდ შევარდნაძის გვერდით დადგომა საბედისწერო შეცდომა? 

ჭანტურიას მკვლელობის საქმეში მხოლოდ ეს კი არა, სხვა, მეტ-ნაკლებად უპასუხო კითხვებიც არსებობს... 

* * * 

ყველა, ვინც გია ჭანტურიას პირადად იცნობდა, ამბობს, რომ ედპ-ს 35 წლის ასაკში მოკლული ლიდერი დასავლური ყაიდის პოლიტიკოსი იყო, პოლიტიკაში „ბინძურ თამაშებს“ ეწინააღმდეგებოდა და პირდაპირობას არჩევდა. 

ეს შეფასება, შესაძლოა, გადაჭარბებულია, მაგრამ გია ჭანტურია რომ ქართულ პოლიტიკაში თავისი თამაშის წესების დამკვიდრებას ცდილობდა, ამას რამდენიმე ისტორიაც მოწმობს: 

მეოცე საუკუნის 80-იანი წლების მიჯნაზე ანუ მას შემდეგ, როცა საბჭოთა სპეცსამსახურებმა „ცისფერ ეკრანებზე“ ზვიად გამსახურდიას ე.წ. მონანიება გაავრცელეს, ედპ-ს ჯგუფი, რომელიც იმხანად მხოლოდ ახალგაზრდების იატაკქვეშა, ასე ვთქვათ, კლუბი იყო, ნუცუბიძის ქუჩაზე, ლიზიკო ქავთარაძის სახლში შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ ზვიად გამსახურდიასთან ურთიერთობა გაეწყვიტათ. 

სხვათა შორის, ძველი „ედეპელები“ ლიზიკო ქავთარაძეს დღემდე თავიანთ პედაგოგად თვლიან... 

ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, 80-იან წლებში ანუ მაშინ, როცა ეროვნულმა მოძრაობამ პიკს მიაღწია და ზვიად გამსახურდია, პრინციპში, უპირობო ლიდერი გახდა, გია ჭანტურია მას შეურიგდა. ჭანტურიას ზოგიერთი მეგობარი, მათ შორის, დათო ჭეიშვილიც მიიჩნევს, რომ ეს შეცდომა იყო, თუმცა პოლიტიკას თავისი წესები აქვს. ეს, როგორც ჩანს, ჭანტურიამაც კარგად იცოდა და ხვდებოდა, რომ ზვიად გამსახურდიასთან დაპირისპირების გამო, ხალხი ზურგს შეაქცევდა. 

საბოლოოდ, ჭანტურიასა და გამსახურდიას გზები მაინც გაიაყარა. მეტიც, 1991 წელს, როცა თბილისის ომისა და გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის კონტურები უკვე გამოკვეთილი იყო, თბილისის აეროპორტში, იმჟამინდელი ხელისუფლების ბრძანებით, თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვში მიფრინავდა, „ჰაერიდან მოხსნეს“. 

თვითმფრინავში გია ჭანტურია და მისი მეუღლე, ირინა სარიშვილი ისხდნენ. იმხანად ითქვა, რომ ისინი საბჭოთა კავშირის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედუარდ შევარდნაძესთან შესახვედრად მიდიოდნენ, თუმცა დათო ჭეიშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს:

„მაშინ ყველა თვითმფრინავი ევროპაში მოსკოვის გავლით მიფრინავდა, თან გიას გარდა, თვითმფრინავში 150 კაცი იჯდა, მათ შორის, გოგა ხაინდრავაც. დანამდვილებით ვიცი, რომ გია შევარდნაძეს არ უნდა შეხვედროდა!“ 

კარგი, დავუშვათ, რომ ჭანტურია იმხანად მართლა არ აპირებდა შევარდნაძესთან შეხვედრას, მაგრამ მათი გზები მაინც გადაიკვეთა, თან ისე, რომ გია ჭანტურიას მკვლელობასთან ექსპრეზიდენტს, პირდაპირ თუ ირიბად, აკავშირებენ. ყოველ შემთხვევაში, ჭანტურიას დაკრძალვაზე მისულ შევარდნაძეს, ედპ-ს აქტივისტებმა სიტყვა არ მისცეს და მას მკვლელობის თანამონაწილე უწოდეს. ამ ბრალდებამდე კი მოვლენები ასე ვითარდებოდა: 

1992 წლის 7 მარტს, საქართველოში დაბრუნებულმა ედუარდ შევარდნაძემ კარგად იცის, რომ ჯაბა იოსელიანის „მხედრიონითა“ და თენგიზ კიტოვანის გვარდიით, თავისი პოლიტიკური კარიერა, შესაძლოა, სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენოს ანუ მას პოლიტიკური დასაყრდენი სჭირდება, რითაც ცივილიზებულ დასავლეთს თვალს აუხვევს და დაუმტკიცებს, რომ „კანონიერ ქურდად“ მონათლული ჯაბა იოსელიანი ზვიადისტების დასაშოშმინებლად სჭირდება, თორემ მისი საყრდენი, სინამდვილეში, დასავლური ორიენტაციის ძალაა. იმჟამინდელი პოლიტიკური სპექტრი ასეთი და, საერთოდ, პოლიტიკური ძალების სერიოზულ დეფიციტს განიცდიდა და ამ ფონზე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, უფრო ზუსტად, გია ჭანტურია შევარდნაძეს შეუმჩნეველი არ დარჩენია. 

ვინ ითავა გია ჭანტურიასა და ედუარდ შევარდნაძეს შორის შუამავლის ფუნქცია? ეს გარდაცვლილი პოლიტიკოსის უახლოესმა მეგობრებმაც არ იციან, თუმცა აღიარებენ, როცა გიამ გვითხრა, შევარდნაძესთან გარკვეულ ურთიერთობას ვიწყებთო, გაგვიკვირდა. 

* * * 

დათო ჭეიშვილი, გია ჭანტურიას მეგობარი: „_ გია პოლიტიკოსი იყო და ლავირება შეეძლო. მაგალითად, მონანიების შემდეგ, სპეცსამსახურებმა ისეთი სიტუაცია შექმნეს, რომ გამსახურდია ციხიდან გმირის სტატუსით დაბრუნდა და გია მიხვდა, რომ მასთან ბრძოლა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. 

_ ანუ, ედუარდ შევარდნაძის გვერდითაც იმიტომ დადგა, რომ „პოლიტიკური თვითმკვლელობა“ არ უნდოდა? 

_ შევარდნაძე გიას იყენებდა. 

_ რაში? 

_ შევარდნაძე ცდილობდა, რომ გია, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ეროვნულობის თვალსაზრისით გამოეყენებინა და ეს მოახერხა კიდეც“. 

* * * 

აი, ასე: შეიძლება ითქვას, რომ ჭანტურიასა და შევარდნაძის ურთიერთობა, თავდაპირველად, ურთიერთგამოყენებაზე იყო აწყობილი ანუ თუ შევარდნაძე ჭანტურიას ე.წ. ეროვნულ პოტენციალს იყენებდა, ჭანტურია, თავის მხრივ, ცდილობდა, შევარდნაძესთან ურთიერთობით, სახელმწიფო გადაწყვეტილებებზე გარკვეული პოლიტიკური გავლენა მოეხდინა. 

ალბათ, სწორედ ამიტომ დასთანხმდა, რომ ირინა სარიშვილი პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო. შევარდნაძის მთავრობაში, ედპ-ს კიდევ ორი წევრი იყო _ მიხეილ ჯიბუტი და ბესო ჯუღელი. ირაკლი ქადაგიშვილი კი საბაჟოს ხელმძღვანელობდა. 

დათო ჭეიშვილი: „_ გიამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ როგორც პოლიტიკოსი, მოვლენებს ვერ მიუშვებდა. შევარდნაძესთან ურთიერთობით, გიამ გარისკა!“ 

გია ჭანტურიას ეს გარისკვა სიცოცხლის ფასად დაუჯდა... 

* * * 

ედუარდ შევარდნაძისა და ედპ-ს ლიდერის ურთიერთობა, შეიძლება, ეტაპობრივად იძაბებოდა, მაგრამ დაპირისპირებამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა შევარდნაძემ საქართველოს დსთ-ში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ედპ-ს სიით გასულმა დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვეს. 

მეტიც, გია ჭანტურიას გადაწყვეტილებით, ედპ-ს ყველა წევრმა მთავრობა დატოვა. ეს დემარში ედუარდ შევარდნაძისთვის, როგორც ჩანს, შოკისმომგვრელი იყო. ყოველ შემთხვევაში, უთქვამს, ასეთი დისციპლინა, როგორიც ედპ-შია, კომუნისტებსაც არ ჰქონიათო... 

ცდილობდა თუ არა გია ჭანტურია, ედუარდ შევარდნაძესთან ურთიერთობით, ხელისუფლებაში მოსვლას? 

ყველა პოლიტიკოსის მიზანი, ცხადია, ხელისუფლებაში მოსვლაა. ეს მიზანი, ბუნებრივია, გია ჭანტურიასაც ექნებოდა, მით უმეტეს, დასავლეთი მასზე გარკვეულ „სტავკას“ აკეთებდა: 

1990 წელს პრაღაში, ვაცლავ ჰაველის ინიციატივით, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დისიდენტთა შეკრება ტარდება, რომელსაც საქართველოდან გია ჭანტურია, ედუარდ და თენგიზ გუდავები და დათო ჭეიშვილი ესწრებიან. 

პრაღის შემდეგ, გია ჭანტურია და ედპ-ს დელეგაცია ბრიუსელში ჩადის და შეხვედრებს ნატო-ში მართავს. ნატო-ს შტაბ-ბინაში, ეს ქართველების პირველი ვიზიტია... 

დათო ჭეიშვილი: „_ ნატო-ში მიწვევით, გიამ საქართველოს ევროპისკენ პირველი ფანჯარა გახსნა. მას უყურებდნენ, როგორც დასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსს“. 

იმხანად, ედპ ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული ინტერნაციონალის წევრი გახდა. ეს ორგანიზაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინამორბედად ითვლება... 

საქართველოში დაბრუნებული ედუარდ შევარდნაძეც ევროპულ ფასეულობებს მხარს ღიად უჭერს ანუ ამ ფონზე, ძნელი სათქმელია, რომ გია ჭანტურიას ლიკვიდაცია სახელისუფლებო ელიტის ინტერესებში შედიოდეს, თუმცა დათო ჭეიშვილი, გია ჭანტურიას მკვლელობიდან 14 წლის შემდეგ, აცხადებს: 

„გიას სიკვდილი სახელისუფლებო ელიტის იმ ნაწილის ინტერესში შედიოდა, რომლისთვისაც დასავლური ღირებულებები მიუღებელი იყო!“ 

ჭეიშვილის თქმითვე, სახელისუფლებო ელიტის ამ ნაწილისა და კრემლის ინტერესები ერთმანეთს რომ არ დამთხვეოდა, დღის წესრიგში ჭანტურიას ლიკვიდაცია, შესაძლოა, არ დამდგარიყო. 

* * * 

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: სწორედ მაშინ, როცა გია ჭანტურია ედუარდ შევარდნაძეს გაემიჯნა და საჯაროდ ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა, პოლიტიკურ არენაზე უკვე გამოსული იყო მწვანეთა პარტიის იმჟამინდელი ლიდერი, ზურაბ ჟვანია, რომელზეც 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში, შევარდნაძემ ფსონი დადო. 

ჭანტურიას მსგავსად, ჟვანიაც მკვეთრად დასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსი იყო და, ჭანტურიას მსგავსადვე, მანაც სიცოცხლე და კარიერა ფატალურად დაასრულა, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა... 

მკვლელობის მიზეზი _ პირადი ანგარიშსწორება? 

ამ ვერსიას არსებობის უფლება, რასაკვირველია, აქვს და აი, რატომ: გია ჭანტურია საჯაროდ მოღალატეს მხოლოდ ედუარდ შევარდნაძეს კი არა, ჯაბა იოსელიანსა და თენგიზ კიტოვანსაც ეძახდა ანუ თუ გავითვალისწინებთ, რომ იმხანად საქართველოში სრული განუკითხაობა იყო, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ჭანტურიას ლიკვიდაციას საფუძვლად, სწორედ პირადი ანგარიშსწორება დაედო, თუმცა დათო ჭეიშვილი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ედპ-ს ლიდერის მკვლელობა, პოსტსაბჭოთა საქართველოში, პირველი პოლიტიკური მკვლელობა იყო. 

* * * 

გია ჭანტურია 1994 წლის 3 დეკემბერს, ედპ-ს ყრილობის მესამე დღეს მოკლეს. იმხანად ითქვა, რომ ყრილობაზე ჭანტურია რაღაცის თქმას აპირებდა. 

რა იყო ეს „რაღაც“? _ არავინ იცის... 

ისე, თუ ჭანტურიამ „რაღაც ისეთი“ იცოდა, მაგალითად, ის, თუ ვინ და რით აიძულა ედუარდ შევარდნაძე, საქართველო დსთ-ში შეეყვანა, მის გასაჩუმებლად მაინცდამაინც სიკვდილი იყო საჭირო? 

„გაჩუმების“ სხვა მეთოდებიც არსებობს, მაგალითად, ციხე. 

დათო ჭეიშვილი: „გიას ვერ დაიჭერდნენ, ან როგორ უნდა დაეჭირათ? უსუფთავესი პიროვნება იყო... 

_ კი, მაგრამ ამბობენ, პოლიტიკა ბინძურიაო... 

_ „პოლიტიკა ბინძური არ არის, პოლიტიკა ბინძური მაშინ ხდება, როცა მას ბინძური ხალხი აკეთებს“, _ ამ ფრაზას გია ხშირად ამბობდა“. 

* * * 

ასე იყო თუ ისე, გია ჭანტურია ბინძური პოლიტიკის მსხვერპლი გახდა და ამას მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს. 

საინტერესო დეტალი: იმჟამინდელი ორი ძალოვანი მინისტრი, როგორც დრომ აჩვენა, კრემლის კადრი იყო _ შოთა კვირაია, რომელსაც შს და უშიშროების მინისტრის პოსტები ეკავა, საქართველოს ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, დსთ-ს ქვეყნების უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა. იგორ გიორგაძე კი დღემდე, საქართველოს წინააღმდეგ, კრემლის მთავარი კოზირია. 

ამ ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ გია ჭანტურია რუსული ინტერვენციის მსხვერპლი გახდა... 

* * * 

მოკლედ, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, შს იმჟამინდელი მინისტრი, კვირაია გია ჭანტურიას ატყობინებს, რომ ედპ-ს ოფისში მოსასმენი აპარატურაა დამონტაჟებული. ასევე, კეთდება მინიშნება, რომ „ჟუჩოკი“ იგორ გიორგაძემ დაამონტაჟა. 

ჭანტურია საგანგებო ბრიფინგს იწვევს და ჟურნალისტებს უცხადებს, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმება. ასეთი განცხადებები, როგორც წესი, ლიკვიდაციის პრევენციაა, მაგრამ ჭანტურიას მაინც კლავენ... 

მკვლელობამდე ორი-სამი დღით ადრე, ედუარდ შევარდნაძე ჭანტურიას ხვდება და ეუბნება, თურქმენეთში მივდივარ და იქიდან რომ დავბრუნდები, ქვეყანა შენ უნდა გადმოგაბაროო. 

თურქმენეთიდან დაბრუნებულ შევარდნაძეს, ჭანტურია მოკლული ხვდება... 

* * * 

კიდევ ერთი, საინტერესო დეტალი: მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ განცხადების გაკეთების პარალელურად, ედპ ითხოვს, რომ ჭანტურიას სახელმწიფო დაცვა დაენიშნოს, მაგრამ მოთხოვნა არ კმაყოფილდება. მოტივი _ ლიკვიდაციაზე ლაპარაკი გაზვიადებულია... 

* * * 

ვინ და რა სარგებელი მიიღო ჭანტურიას მკვლელობით? 

დათო ჭეიშვილი: „_ საერთოდ, მკვლელობით რამის მიღება არ შეიძლება, მაგრამ გიას მოკვლით იმას მიაღწიეს, რომ კარგა ხნით გადაიდო საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში. ჭანტურიას მოკვლა საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის 15-წლიანი პაუზად, ტერიტოროების დაკარგვად და დღევანდელ მოვლენებად დაუჯდა“. 

* * * 

ერთი სიტყვით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და დასავლური ღირებულებების პოლიტიკოსი, გია ჭანტურია რუსული ინტერვენციის მსხვერპლი გახდა. 

რუსული ინტერვენცია დღესაც გრძელდება... 

სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ გია ჭანტურიას მკვლელობიდან ზუსტად 14 წლის შემდეგ, საქართველომ დსთ დატოვა... 

* * * 

ცნობისთვის: გია ჭანტურიას, როგორც გამოძიებით დადგინდა, რამდენიმე სნაიპერი ესროდა. 300 ტყვიიდან ჭანტურიას, მინიმუმ, 150 მოხვდა. ძაფებად ქცეულ ტანსაცმელს გიას დედა, ქალბატონი ლილი მარჯანიშვილი გარდაცვალებამდე ინახავდა... 

P.S. ხვალ გია ჭანტურიას მოკვლის დღეა...

ვანო პავლიაშვილი

ლევან მეხუზლა: „წელს, ჩაუბარებელი ერთი კილოგრამი ყურძენიც არ დარჩება!“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი სექსუალური შევიწროების საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმების თემაზე ტრენინგის გახსნას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ნაციონალების კულუარულ მტრობაზე ხმა არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა ყველაფერი საზოგადოებას, როგორც წესი, მითი ეგონა. ახლა, პირდაპირ შეიძლება, არც ყოფილი პრეზიდენტის დაცვის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ ყოფილ მმართველ პარტიაში ყველა ერთმანეთს ექიშპებოდა, მაგრამ ის, რასაც გოგი თათუხაშვილი ექსკლუზიურად ,,ვერსიას'' უყვება, ჩვეულებრივი სკანდალია. დიახ, გენერალი, რომელიც წლებია, სტრასბურგში ცხოვრობს, რამდენიმეწლიან დუმილს არღვევს და ყველაფერ იმაზე, რაც ნაცმოძრაობაში ხდებოდა, საჯაროდ ლაპარაკობს. მოკლედ, გთავაზობთ გოგი თათუხაშვილთან არა-ჩვეულებრივი ინტერვიუს მეოთხე ნაწილს.