გალელი ქართველების კოშმარული ცხოვრება - ინტერვიუ გალელთან

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რამდენიმე დღის წინ, მდინარე ენგურში 4 ადამიანი დაიხრჩო. ისინი გალიდან გადმოსვლას, სავარაუდოდ, მდინარის საშუალებით ცდილობდნენ. საქმე ისაა, რომ პანდემიიდან გამომდინარე, ენგურის ხიდზე გადმოსული გალელები 5 დღეს კარანტინში ატარებენ, რაც მათი თქმით, ძალიან დიდი პრობლემაა და ამიტომ ხიდზე გადმოსვლას თავს არიდებენ და ცდილობენ, მდინარის საშუალებით ანუ ურთულესი გზით გადმოვიდნენ. გალელმა ახლაგზარდებმა მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციაც დაგეგმეს ლოზუნგით - „კარანტინი გვახრჩობს!“. ისინი ითხოვენ, რომ საქართველოს მთავრობამ გააუქმოს 5-დღიანი კარანტინი და გალის მოსახლეობას თავისუფლად შეეძლოს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა. რა პრობლემებს აწყდებიან გალელები პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით? - „ვერსია“ გალელ ახლაგზარდას ესაუბრა, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს:

„ახლა გალში არ ვცხოვრობ, მაგრამ იქ ჩემი უახლოესი ნათესავები ცხოვრობენ და ამიტომ გალის პრობლემებს კარგად ვიცნობ. რაც პანდემია დაიწყო, ბიძაჩემი არ მინახავს, მხოლოდ ბებია გადმოდის ხოლმე, პენსიონერია და ამის გამო შეღავათი დაუშვეს. რომ გადმოვიდა, 5 დღე იყო კარანტინში და უკან რომ დაბრუნებულიყო, რუსებს ჩაბარდა და ისე გაუშვეს. ხალხი წყლით გადმოდის, მოსდევენ რუსები ძაღლებით, ახლა რომ ტრაგედია დატრიალდა, არ იცოდა ხალხმა, გაფრთხილებულები არ იყვნენ, რომ წყალს გაუშვებდნენ და რა შედეგიც მივიღეთ, კი ნახეთ. ვფიქრობ, უნდა გაუქმდეს ეს 5-დღიანი კარანტინი, ჩვენმა მთავრობამ მაინც შეუმსუბუქოს იქაურ ხალხს რამენაირიად ისედაც მძიმე მდგომარეობა... მძიმე პირობებში ცხოვრობენ“.

რესპონდენტის თქმით, ყველას 5- დღიან კარანტინში უშვებენ, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნით გადმოდის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე:

„ერთ ამბავს მოგიყვებით - ჩემს მეგობარს 3 შვილი ჰყავს, ერთი ბავშვი ძალიან ცუდად გახდა და იქაურმა ე.წ. მთავრობამ მისცა რაღაც საბუთი, რომ ავად იყო ბავშვი და უნდა გადმოეყვანათ აქეთ. აღმოჩნდა, რომ მცირეწლოვნებს არ უშვებენ კარანტინში და ვერ მივხვდით, რა უნდა გაგვეკეთებინა, ეს 2 ბავშვი სად წაგვეყვანა. ერთი ბავშვი საავადმყოფოში უნდა წაეყვანათ, დედა კარანტინში გაუშვეს, დანარჩენი ორი კი დედის გარეშე, არ ჩერდებოდნენ. ბოლოს, დედამ შვილი ბიძაშვილს დაუტოვა, მაგრამ ძალიან გაუჭირდათ ბავშვებს ეს პერიოდი. ასეთ სიტუაციებს უნდა ითვალისწინებდეს მთავრობა, იქნებ, შეამსუბუქონ ეს კარანტინის პირობები და გაითვალისწინონ იქ მცხოვრები ხალხის პრობლემები...

ხომ არსებობს კორონავირუსის სწრაფი ტესტები, რომ გადმოვლენ, იქვე გაუკეთონ ეს ტესტი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, შეძლოს მოსახლეობამ ნორმალურად გადმოსვლა. ჩემი ნათესავი სწავლობს თბილისში, მაგრამ ამჟამად იქ იმყოფება. ახალი წლის დღეებში გადავიდა, 2 კვირა გაატარა კარანტინში. რომ უნდა დაბრუნებულიყო სწავლის გასაგრძელებლად, კორონავირუსით დაინფიცირდა და ახლა ეუბნებიან, რომ გადმოხვალ, ისევ კარანტინში უნდა წაგიყვანოთო. არადა, აქვს საბუთი, რომ გადატანილი აქვს ეს ვირუსი. ასეთ სიტუაციაებს ხომ უნდა ითვალისწინებდეს მთავრობა?! თუ გვინდა, რომ იქაურმა ბავშვებმა ისწავლონ ჩვენთან, ზღვარი არ უნდა არსებობდეს აქეთ და იქით მყოფებს შორის. ყველა ქართველი ვართ და რატომ უნდა უწევდეთ მათ ასე კარანტინში ყოფნა? იქნებ სწრაფი ტესტირება შემოიღონ, ან რამენაირად გაამარტივონ ეს წესი“.