„მეუფე სტეფანე ვერ ხვდება, რას აკეთებს და უგნურია, მაგრამ სად არიან სინოდის წევრები და კათოლიკოს პატრიარქი?!“- ექსკლუზიური ინტერვიუ დედა სოსანა ბოლქვაძესთან

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გუშინ, 1-ელ აპრილს, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) საპატრიარქოს შენობასთან აქციას შეუერთდა და მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთან ერთად პატრიარქთან შეხვედრას ითხოვდა. ეპარქიაში დაბრუნებულ დედა სოსანას მარტვილის მონასტრის კარი დაკეტილი დახვდა. როგორც თავად აცხადებს, ჭყონდიდის ეპისკოპოსმა, სტეფანე კალაიჯიშვილმა, მონასტრის წინაძღვარს უბრძანა, რომ დედა სოსანა და მორჩილი ნინო მონასტერში არ შეეშვათ. დედა სოსანა გვიყვება, რომ ღამით ქუჩაში, წვიმაში დარჩენილს, პოლიციის თანამშრომლები დაეხმარნენ და ღამის გასათენებლად გადაიყვანეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუფე სტეფანემ მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო (გამყრელიძე) გარიცხა და სინანულისთვის ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში მიავლინა. „ვერსია“ დაინტერესდა, სად იმყოფება ახლა ქუჩაში დარჩენილი მონაზონი და რას აპირებს ის სამომავლოდ? ამ კითხვებით დედა სოსანა ბოლქვაძეს მივმართეთ:

დედა სოსანა ყვება, რომ გუშინ დილით კურთხევა აიღო წინამძღვრისგან, რომელიც დანიშნა სტეფანე კალაიჯიშვილმა:

„ვუთხარი, რომ თბილისში მივდიოდით, საღამოს დავბრუნდებოდით და ჭიშკარი არ დაეკეტა. მას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, არც უკითხავს, რატომ მივდიდოდი თბილისში, თორემ ვეტყოდი, რის გამოც მივდიოდი. იქიდან გამომდინარე, რომ მეუფე სტეფანემ არ მიიტანა გულთან, ირონიულად, არაქრისტიანული სიტყვებით დამცინავად, უკანასკნელი ადამიანივით მომექცა და მინდოდა, ჩემი და იმ ხალხის გულისტკივილი, რომელიც ასობით და ათასობით ადამიანს აქვს, მიმეტანა კათოლიკოს პატრიარქთან და სინოდის წევრებთან, რისი საშუალებაც გუშინ არ მომეცა. გამოუშვეს პროვოკატორები და ცდილობდნენ, ჩვენი გულისტკივილი სხვა კუთხით გაჟღერებულიყო და არ მისულიყო პირველ პირამდე. 

 სამწუხარო და სავალალო ის არის, რომ ჩემთვის უკვე ყოფილი მეუფე, სტეფანე კალაიჯიშვილი, რადგანაც ჩემს გულისტკივილზე ასეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მომმართა და არაქრისტიანულად მომექცა, უფრო და უფრო მძიმე ნაბიჯებს დგამს, მონასტრის წინამძღვარს ეუბნება, რომ მონასტერში არ შემიშვას. წვიმაში და სიცივეში უნდა ვმდგარიყავი გარეთ და წინამძღვარმაც არ იცოდა, რის გამო მსჯიდა სტეფანე კალაიჯიშვილი. ღამის 12 საათზე მოვიდა პოლიცია და მითხრა, შემოვიდა მეუფე სტეფანეს ნდობით აღჭურვილი პირებისგან ზარი, რომ თურმე ჩვენ, ორი ადამიანი, მონასტერს ვარბევთ და ტერიტორიიდან უნდა გავეყვანეთ. ამ ადამიანებმა გულთან მიიტანეს ჩვენი გულისტკივილი, სად უნდა წავსულიყავით კომენდანტის საათის დროს? მე არსად ვაპირებდი წასვლას და მინდოდა, გათენებამდე იქ ვმდგარიყავი, მაგრამ პატივი ვეცი ჩემს გვერდით მდგომ მოხუც, უძლურებაში მყოფ მორჩილს და ამიტომ დავთანხმდი პოლიციას, თუკი ვინმე გამოიჩენდა ქრისტეს მცნებას და სიყვარულს, ღამეს გამათენებინებდა. პოლიციას ვთხოვე, ეშუამდგომლათ სტეფანე კალაიჯიშვილთან, რომ ჩვენი პირადი ნივთების გამოტანის უფლება მოეცა, რადგან წვიმისგან სულ სველი ვიყავით, რაზეც პოლიციას უთხრეს, ახლა მეუფე სტეფანეს სძინავს და ამ თხოვნას არ შეგისრულებთო“.

დედა სოსანა ყვება, რომ პოლიციისა და ჟურნალისტებისგან შეიტყოს ღამის 12 საათზე, რომ მეუფე სტეფანეს მიერ ის გარიცხული იყო:

 „რაღაც განცხადება გამოუქვეყნებია, რომ გამწესებული ვარ სინანსულისთვის თავისსავე ეპარქიაში, სადღაც ისეთ მონასტერში, რომელის არც სახელი ვიცი, არც მდებარეობა. არც ის ვიცი, დედათა მონასტერში მიშვებდა თუ მამათა მონასტერში. თუკი, თავის ეპარქიაში მტოვებდა  სინანსულისთვის, არ მქონდა უფლება, რომ ქუჩაში არ გამეთენებინა ღამე და მონასტერში შევეყვანე? უკიდურეს შემთხვევაში, 5 წუთით შევსულიყავი მონასტერში და პირადი ნივთები გამომეტანა? რაზეა, ხალხო, საუბარი? ეს ჩემი მონასტრის კარი ყოველთვის, მთელი 14 წლის განმავლობაში, ღია მქონდა. მონასტერში პატარა სასტუმრო სახლია, ფინანსებს არ ვიღებდით და ისე ვაპურებდით მშიერ ადამიანებს, ყოველდღე 80 ადამიანს ვაპურებდით და მე ჩემს მონასტერში იმიტომ არ შემიშვეს, რომ გული მტკივა და ვსაუბრობ ეკლესიაში არსებულ მძიმე პრობლემებზე, მსჯიან სიმართლის თქმის გამო“.

მონაზონი „ვერსიასთან“ იმ პრობლემებზეც საუბრობს, რასაც ჭყონდიდის ეპარქიაში ხედავს:

„ჭყონდიდის ეპარქიას აწუხებს მისი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას მდგომარეობა. რა ბრალდებაც წაუყენა მან საქართველოს პატრიარქს, წელიწადნახევარია, ითხოვს, მომეცით საშუალება, ეს ბრალდება დავამტკიცოო და ამის საშუალებას კათოლიკოს პატრიარქი არ აძლევს. ერთი წლის განმავლობაში, ჰქონდა უფლება, დაემტკიცებინა, რომ მართალია ღვთისა და ერის წინაშე, რომ ის მართალია და მეუფე პეტრე არის ცილისმწამებელი, მაგრამ რადგანაც ეს არ გააკეთა, გამოდის, რომ ეს ყველაფერი არის სიმართლე, რასაც მეუფე პეტრე აჟღერებს. გვინდოდა, ჩატარებულიყო სინოდის გაფართოებული კრება და დასმულიყო ეს და ყველა სხვა დანარჩენი პრობლემური საკითხი, რაც ეკლესიაში დგას, კანონიკური სამართლის ფარგლებში, დიდ რჯულზე დაყრდნობით, გადაწყვეტილიყო ეს პრობლემები. დასასჯელი დასჯილიყო და მართალი გამართლებულიყო - ეს გვინდოდა მშვიდობიანი გზით. ვთხოვე მეუფე სტეფანეს, მიეტანა წმინდა სინოდამდე ეს ჩვენი გულისტკივილი. ჩემს უკან ასობით და ათასობით ადამიანი დგას, დაბრკოლებული არიან და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრებულიყო ასეთი დამცინავი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ.

სტეფანე კალაიჯიშვილი მესაუბრა არაქსრისტიანულად, აგდებულად და ეს სასულიერო პირი თვითონ სდებს ბრალს მეუფე პეტრეს, რომ ის არის მრუში. მე კი ვეუბნები, რომ მან თუ ეს არ დაამტკიცა, და ყველა მტკიცებულება თუ არ წარმოადგინა, მაშინ ის გამოდის ცილისმწამებელი, მატყუარა და ეპარქიასა და ეკლესიაში შფოთისა და არეულობის შემომტანი. მეუბნება, ამას არ დავამტკიცებ იმიტომ, რომ ეს ისე ვთქვიო. მაშინ გამოდის ჭორიკანა, ცილისმწამებელი, ცრუ ეპისკოპოსი და სახარება მეუბნება, რომ მე ასეთ ეპისკოპოსს არ დავემორჩილო“

მონაზონი ცოტა ხნის წინ გავრცელებულ იმ სკანდალურ კადრებზეც საუბრობს, სადაც მეუფე სტეფანე მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს:

„დედების კრებაზე ვისხედით, ჩემს პრობლემებს ვუყვებოდი და დედებს დაავალა, გადაეღოთ კრება. თვითონვე ატვირთა და გაავრცელა ჭყონდიდელის გვერდზე ასეთი ინფორმაცია და ვერ ხვდება, რამხელა უზნეობას ავრცელებს და ჩირქს სცხებს ამით ეკლესიას და მთელ მონაზონთა დასს. არც ვიცოდი, მეორე დღეს მირეკავდა ხალხი, ეს რა გაკადრაო და მივხვდი, რომ, ალბათ, თვითონ გაასაჯაროვა. ყველაზე უცნაური და გულსატკენი იცით, რა არის? კარგი, ის ვერ ხვდება, რას აკეთებს და უგნურია, მაგრამ სად არიან სინოდის სხვა წევრები და კათოლიკოს პატრიარქი? რატომ არ განიხილავს მის ზნეობრივ მდგომარეობას და რატომ არ მოუწოდებს სინანულისკენ? გამოდის, რომ მოაზროვნე, ჯანმრთელი ეპისკოპოსი არ გვყავს საპატრიარქოში? რა ხდება, ხალხო, თუ ასე ეუბნება კათოლიკოს პატრიარქი თავის მიტროპოლიტებს, რომ ყველა ზღვარსგადასული ქმედებით დასაჯეთ და განდევნეთ ეკლესიიდან ის ადამიანები, რომლებსაც ეს მდგომარეობა სტკივა? წინამძღვარს (იგულისხმება მეუფე სტეფანე.რედ) ვეუბნები, მე რომ შევცოდო, თქვენ არ მამხელთ-მეთქი?- არაო, არ გამხელო. ანუ მე რომ ვიმრუშო, ამაში პრობლემას ვერ ხედავს. მათთვის მთავარია, არ ვისაუბრო პრობლემებზე, ხოლო თუ ვისაუბრებ, გადამივლიან და გამდევნიან, სიმართლის თქმისთვის ვიდევნები დღეს ეკლესიიდან.“

დედა სოსანა აპირებს, რომ დღესაც მივიდეს მარტვილის მონასტერში:

„ახლა ქუჩაში ვიმყოფები, ვაპირებ, ისევ ავიდე მონასტერში კიდევ ერთხელ, რომ შემდეგ არ თქვას, ემოციურ ფონზე მიიღო ეს გადაწყვეტილება. მოვუწოდო პატრიარქს და სინოდის წევრებს, რომ გამოფხიზლდნენ და უშველონ ამ ეპისკოპოსს, ან დაისაჯოს, ან განიკვეთოს. ასეთ ეპისკოპოსს ადამიანი სულს არ უნდა ანდობდეს, არ მიიყვანს ქრისტემდე მრევლს. დაველოდები პასუხს, თუ შენდობას მაინც  ითხოვენ, რა თქმა უნდა, უნდა დამტოვონ მონასტერში, რადგან ღვთისა და ერის წინაშე არც ერთი მცნება და კანონი არ დამირღვევია.“