სკანდალი: მედიკამენტების მაფია - ვინ მფარველობს „ფეიკწამლების“ ბიზნესს

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ცნობილი ექიმი, დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში პერიოდულად აქვეყნებს მედიკამენტების დასახელებას, რომელთაც მისი მტკიცებით, სამეცნიერო დასკვნა არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ აფთიაქებში იყიდება ე.წ. ფეიკწამლები, რომელთაც მეცნიერეულად დადასტურებული მტკიცებულება არ აქვთ და გამოდის, რომ რაში ვიხდით ფულს და რა მედიკამენტს ვსვამთ ამა თუ იმ დიაგნოზის დროს, ბუნდოვანია. არადა, საქმე ყველაზე მნიშვნელოვანს - ადამიანის ჯანმრთელობას ეხება. ზაზა თელია განგაშს სწორედ იმიტომ ტეხს, რომ საქართველოში ეს „შარლატანიზმი“ მალე დასრულდეს. „ვერსია“ ზაზა თელიას ესაუბრა:

- ბევრია ასეთი მედიკამენტი, გაჯერებულია ქართული ბაზარი „ფეიკწამლებით“ და სამწუხაროდ, ამის რეგულაცია არ არსებობს. ეს არის პრეპარატები და დანამატები, რომლებზეც სამეცნიერო მტკიცებულება არაა ანუ კონკრეტულ დაავადებაზე მუშაობს თუ არა რაიმე მედიკამენტი, ამის დამადასტურებელი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ მაინც იყიდება აფთიაქში და პაციენტები ტყუვდებიან. ძალიან დიდი სიაა ასეთი „პრეპარატების“, მაგალითად, პოლიცისტურ საკვერცხის სინდრომზე რომ ინიშნება და მოქმედებს „ინოზიტოლი“, ამის სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს. შესაბამისად, ამ დანამატის გამოყენება აღნიშნული დიაგნოზის დროს, რა თქმა უნდა, არ არის გამართლებული, არ გააჩნია სამეცნიერო მტკიცებულება და ეს არის პაციენტის მოტყუება.

- თქვენი ინფორმაციით, ექიმები განგებ ნიშნავენ ასეთ ფეიკწამლებს?

- ორი საგანგაშო უკიდურესობაა - რა თქმა უნდა, აქ არის ფარმაკოლოგიური, ფინანსური დაინტერესება ექიმის მხრიდან ან საქმე გვაქვს განათლების დეფიციტთან, სამედიცინო განათლების არქონასთან. თუ ფინანსური დაინტერესება არ აქვს ექიმს და ასეთ ფეიკწამალს ნიშნავს, ე.ი. მას სჯერა, რომ ეს წამალი ეფექტურია, რაც ნიშნავს, რომ განათლება არ აქვს. არ ვუწოდებ მათ ჩემს კოლეგებს, ისინი არიან შარლატანები იმიტომ, რომ ძალიან შორს დგანან მედიცინისგან. აქ საუბარი არა ზაზა თელიას, ზურაბ გურულის, გიორგი კანდელაკის ან სხვა რომელიმე ექიმის მოსაზრებაზეა, მედიცინაში რომელიმე ექიმის ან პაციენტის პირადი შედეგი კი არა, ყველაფერს განსაზღვრას სამეცნიერო მტკიცებულება, რომელშიც ყველა ექიმი უნდა ერკვეოდეს. განვითარებულ ქვეყნებში ვალდებულებაა, რომ ექიმი ამაში უნდა ერკვეოდეს, ჩენთან კი ყველაფერი უკუღმაა. ექიმების დიდი უმრავლესობა ვერ ერკვევა ამ საკითხში.

- ბატონო ზაზა, მომხმარებლებმა როგორ უნდა გავარკვიოთ, „ფეიკწამალს“ ვყიდულობთ თუ არა?

- ერთ-ერთი ასეთი თავდაცვის მექანიზმი შემდეგია - ნებისმიერ პოტენიცურ დაავადებაზე წამლის დამოწმება ხდება სხვადასხვა სამედიცინო ორგანიზაციის მხრიდან. მაგალითად, აშშ-ში კონკრეტულ დაავადებაზე წამლის დამოწმებას ახდენს FDA ანუ აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაცია. თუ რომელიმე წამალს ან დანამატს FDA-ს დამოწმება არ აქვს, პაციენტი უნდა მიხვდეს, რომ „ფეიკწამალია“, მეცნიერულად დამოწმებული არაა. ასეთივე ორგანიზაციაა ევროპაში EMA, ანუ ევროპის მედიკამენტების სააგენტო, რომელიც ასევე ამოწმებს მედიკამენტს.

-საქართველოში წარმოებულ წამალს ეს ევროპული ორგანიზაცია არ ამოწმებს?

- საქართველოში შექმნილ არც ერთ ფარმაკოლოგიურ მედიკამენტს თუ ქიმიურ ნივთიერაბას, რა თქმა უნდა, არ გააჩნია არც ერთი ამ ორგანიზაციის დამოწმება. ეს არის ნონსენსი. ვერც ექნება იმიტომ, რომ საქართველო, მეცნიერული თვალსაზრისით, არაა ის ქვეყანა, რომელმაც შეიძლება აწარმოოს ნოუ-ჰაუ, ახალი პრეპარატი. არ ვგულისხმობ ისეთ მედიკამენტებს, რომლის პატენტირება უკვე მოხდა. მაგალითად, გვაქვს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდი „იბუპროფენი“ და შეიძლება ნებისმიერმა ფარმაცევტულმა კომპანიამ გამოუშვას და დაარქვას თავის სახელი. საქართველოში ასეთ მედიკამენტებს, გულის წამლებს და ა.შ. რა თქმა უნდა, აწარმოებენ. ამაზე კი არა, საუბარი მაქვს ისეთ მედიკამენტებზე, რომლებზეც საქართველოში ირწმუნებიან, რომ ეს არის ერთადერთი ეფექტური საშუალება, ახალი ფორმულა კონკრეტული დააავდების სამკურნალოდ, ასეთი რამ კი არ არსებობს, რა თქმა უნდა.

- კი, მაგრამ საქართველოში, ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებს არ აკონტროლებს?

- არსებობს ჯანდაცვის სამინისტროს წამლის და ლიცენზირების რეგულაციის სტრუქტურა, მაგრამ ისეთ რაღაცებზე აქვს დამოწმება გაცემული, რომ მართლაც, სამარცხვინოა. „ფეისბუქში“ ვწერ ხოლმე ასეთ მედიკამენტებზე, რომლებმაც უცებ მიიღეს „ქართული დამოწმება“. ბევრი საკვები დანამატი საქართველოში რეგისტრირებულია მედიკამენტად, რაც არასწორია.

როდესაც ამ საკითხზე სოციალურ ქსელში საუბარი დავიწყე, თავდასხმის ობიექტი გავხდი. ეს ან ფარმაცევტული კომპანიების მიერ მოხდა იმიტომ, რომ ვისგანაც შეურაცხყოფები წამოვიდა, ყველას „ექაუნთი“ ე.წ. ტროლი და ბოტი იყო. ან ეს მოხდა ჩემი ე.წ. კოლეგების მხრიდან, რომლებიც ამ მედიკამენტებით მუშაობენ.

- იმედი ვიქონიოთ, რომ ეს განგაშის ზარი იმ უწყებისთვის ყურადსაღები იქნება, ვინც ეს საკითხი მკაცრად უნდა გააკონტროლოს...

- დიახ, ეს საკითხი ყველა იმ ადამიანმა იცის, ვინც სამეცნიერო მტკიცებულებებში ერკვევა. შესაბამისად, ამაზე თვალის დახუჭვა წყლის ნაყვაა, ოდესმე უნდა მოგვარდეს ეს ამბავი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ეს შარლატანიზმია.
- დიახ, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანზეა საუბარი.

- რა თქმა უნდა და ასევე, მნიშვნელოვანია ფინანსური საკითხიც. საქართველო ძალიან ღარიბი ქვეყანაა და წარმოიდგინეთ, ადამიანები ასეთ „ფეიკწამლებში“ ყრიან ფულს. აქ სხვა ფაქტორებიცაა, ვთქვათ, ჰიპერდიაგნოსტიკა, რომლის ბევრი მაგალითი არსებობს და ამაში კარგად ვერკვევი იმიტომ, რომ 8 წლის განმავლობაში რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის სამედიცინო ექსპერტი ვიყავი და ჩემს ხელში გაიარა ბევრმა სამედიცინო დოკუმენტაციამ. ყველა დარგში კატასტროფა ხდება არამარტო მედიკამენტების და დანიშნულებების მხრივ, არამედ, დიაგნოსტიკის მხრივაც. არაფერში საჭირო, ჰიპერდიაგნოსტიკაში ახარჯვინებენ ფულს ადამიანებს.

აქვე, მინდა დავამატო, რომ კატასტროფა ხდება ამ პანდემიის პირობებში, თუ დაინტერესდებით და სტატისტიკას ამოიღებთ, საქართველოში მდებარე კლინიკების მაჩვენებელს, ვისაც აქვს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, ნახავთ, დღეში რამდენი კომპიუტერული ტომოგრაფია კეთდება პანდემიის პირობებში. ერთ პაციენტს ერთი თვის განმავლობაში უკეთებენ 4-5 კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რაც უდრის 100 წლის დასხივებას. ეს არის უდიდესი რისკი სიმსივნის განვითარებისა და ამ პაციენტს დიდი ალბათობით, განუვითარდება სიმსივნე. ეს ყველაფერი კი უკონტროლოა.