Top Stories

ბოჭორმის ქუჩა №12-ში, მაღაზია "ბეთლგრაუნდის" ტერიტორიაზე, სადაც 7 აპრილს აფეთქება მოხდა და რომელსაც სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.

ახლა ჯერი ექსპერტებზეა, რომლებმაც უნდა დაადგინონ, რა აფეთქდა სასროლეთში, სადაც ყოველდღიურად არაერთი ადამიანი, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები დადიოდნენ. ეს ადგილი ბევრისთვის განტვირთვის, საცეცხლე მომზადებისა და წვრთნის სივრცე იყო.

რას ამბობს საგამოძიებო უწყება?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ელექტრო - ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ეს განცხადება უწყებამ აფეთქების დღეს, 7 აპრილს გაავრცელა. მას შემდეგ გამოძიებას აღარაფერი დაუმატებია ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ.

უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და დანიშნულია ბევრი ექსპერტიზა.

რას ამბობს „ბეთლგრაუნდი“?

„ბეთლგრაუნდს“ მომხდარზე არაფერი უთქვამს. მათი გვერდი ფეისბუკზე ბოლოს 4 აპრილს არის განახლებული და მომხმარებლებს ატყობინებს, რომ „????????????-ში ?????? ???????-ის შაშხანების განახლებული კოლექცია დახვდებათ.“

„ბეთლგრაუნდის“ ადმინისტრაცია არ პასუხობს არც სატელეფონო ზარებს.

რა არის „ბეთლგრაუნდი“ და ვინაა მისი მფლობელი?

ტაქტიკური მულტიფუნქციური ცენტრის „ბეთლგრაუნდის“ მფლობელია შპს Global Defense Group. კომპანია 2013 წელს დაფუძნდა.

„ბეთლგრაუნდი“ აერთიანებს საერთაშორისო სტანდარტების 25-მეტრიან სასროლეთს, ტაქტიკური ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიასა და იარაღის მაღაზიას.

სასროლეთი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაიაროს საცეცხლე მომზადების 3- და 6-დღიანი კურსი და მონაწილეობა მიიღოს სროლის ტურნირებში.

სამეწარმეო რეესტრის დოკუმენტაციით, შპს Global Defense Group-ის ერთადერთი, 100%-იანი წილის მფლობელია იაკობ ბერიძე. უახლესი, 2024 წლის 11 მარტის დოკუმენტაციის თანახმად, ის თავადაა კომპანიის დირექტორიც.

ვინ დაიღუპა აფეთქებისას?

7 აპრილს, „ბეთლგრაუნდის“ ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა 24 წლის რატი საგანელიძე. ის „გალფ ჯორჯიას“ თანამშრომელი, ლოგისტიკის მენეჯერი იყო და სასროლეთში ხშირად დაიოდა ცოლთან ერთად.

7 აპრილს „ბეთლგრაუნდში“ მეგობრებთან ერთად იყო. რატი საგანელიძესთან ერთად ემსხვერპლა აფეთქებას მისი თანამშრომელი, 39 წლის ლევან ჯეირანაშვილი, სამი შვილის მამა.

ლევან ჯეირანაშვილის ოჯახის ახლობელი, მეგობრები, რომლებიც ლევანთან და რატისთან ერთად უნდა მისულიყვნენ „ბეთლგრაუნდში“, საცობმა შეაყოვნა და ასე გადაურჩნენ აფეთქებას.

დაღუპულთა შორისაა იური ლომიძე. ის სასროლეთის თანამშრომელი, ინსტუქტორი და დარაჯი იყო.

სტრასბურგში მცხოვრები ქართველი გენერალი, გოგი თავთუხაშვილი ამბობს, რომ პოლკოვნიკი იური ლომიძე იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე. მისივე თქმით, იური ლომიძე 2007 წელს, ე.წ. კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

როდის და რატომ ჩატარდა კოდორის სპეცოპერაცია?

საქართველოს უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებული ინგლისურენოვანი დოკუმენტის თანახმად, სადაც ასახულია ინფორმაცია 2004-2007 წლებში, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის, მათ შორის, ტერორისტული თავდასხმებისა და „გრუს“ (რუსეთის მთავარი სამხედრო სადაზვერვო სამმართველოს) სპეცოპერაციების შესახებ, ე.წ. კოდორის სპეცოპერაცია ჩატარდა 2007 წლის 20 სექტემბერს.

ამ დოკუმენტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა კოდორის ხეობაში გაანეიტრალა 10-კაციანი დაჯგუფება. ისინი გეგმავდნენ იმ ახალი გზის აფეთქებას, რომელიც კოდორის სოფლებს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ორმხრივი შეტაკებისას ქართულმა მხარემ მოკლა დაჯგუფების მეთაური და მისი მოადგილე - იგორ მუზავატკინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც აფხაზეთში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბაზირებულ უსაფრთხოების სამმართველოში მსახურობდა და არტურ ზორინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების მაიორი, ე.წ. მშვიდობისმყოფელთა მისიის წევრი.

დაჯგუფების შვიდი წევრი, რომლებიც საკუთარ თავს მოიხსენიებდნენ სასაზღვრო ძალების დივიზიის წევრებად, ქართულმა მხარემ დააკავა, თუმცა, მოგვიანებით, როგორც კეთილი ნების გამომხატველი ჟესტი, ისინი გადასცეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობას.

კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეების „უცნაური“ სიკვდილი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯერ კიდევ 2007 წლიდან მოყოლებული, რუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილე პირების სიის გადაცემას მოითხოვდა.

კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილე პირების ე.წ. უცნაური სიკვდილების შესახებ, მათი ოჯახის წევრების ნაწილი ღიად ლაპარაკობს და მათ სიკვდილს სწორედ კოდორის სპეცოპერაციას და „გრუს“ მიერ მათზე გამოცხადებულ ნადირობას უკავშირებს.

უკანასკნელ 14 წელიწადში, კოდორის სპეცოპერაციის რვა მონაწილე არაორდინალურ ვითარებაში დაიღუპა. მათგან ბოლო, იური ლომიძე, 7 აპრილს, თბილისში, სასროლეთში მომხდარი აფეთქებისას.

გენერალი გოგი თათუხაშვილი, შალვა თათუხაშვილის მამა, რომლის შვილიც კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე იყო და რომელიც 33 წლის ასაკში, 2014 წლის 23 მარტს, სახლში გარდაიცვალა, დარწმუნებულია, რომ როგორც მისი შვილი, ისე კოდორის სპეცოპერაციის სხვა მონაწილეები, მათ შორის, იური ლომიძეც, სწორედ რუსეთის მთავარი სამხედრო სადაზვერვო სამმართველოს დავალებით არიან მოკლულები.

გენერალი გოგი თათუხაშვილი უკვე წლებია სტრასბურგში ცხოვრობს. ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ურჩიეს, ქვეყანა შვილთან ერთად დაეტოვებინა, თუმცა, მისი თქმით, საქართველოს დატოვება შალვამ არ ისურვა.

სასროლეთში აფეთქებამდე 10 დღით ადრე, 29 მარტს, გოგი თათუხაშვილმა და მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ, გენერალურ პროკურატურას მიმართეს და მოითხოვეს, შალვა თათუხაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილების გაუქმება, ანუ გამოძიების განახლება და გოგი თათუხაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა.

შოთა თუთბერიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ოჯახის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მათ ცოტა ხნის წინ მიიღეს, აჩვენებს, რომ შალვა თათუხაშვილის სიკვდილის მიზეზი არა ალკოჰოლით ინტოქსიკაცია, არამედ გარკვეული მედიკამენტისა და მასთან ერთად ალკოჰოლის მიღება გახდა:

„ექსპერტიზამ თქვა, რომ მაიორ თათუხაშვილს მიღებული ჰქონდა რამდენიმე პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ხოლმე დაკითხვის დროს, ე.წ. სიმართლის ელექსირები, სასურველი ინფორმაციის მისაღებად. ასევე მას აღენიშნებოდა სიცოცხლის დროს მიღებული დაზიანებები, რომელიც მიყენებული იყო მკვრივი, ბლაგვი საგნით და რომელიც ემთხვევა თათუხაშვილის მიერ ჩვენებების მიცემისა და პროკურატურაში სიარულის პერიოდს.

10 წლის წინ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ სცადა, რომ თათუხაშვილის გარდაცვალება დაებრალებინა იმისთვის, რომ მას სისხლში აღმოაჩნდა დიდი დოზით ალკოჰოლი. თუმცა, მოწმეთა ჩვენების თანახმად, თათუხაშვილმა მიიღო მხოლოდ ორი ჭიქა ალკოჰოლი. დამოუკიდებელი ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი არის სწორედ ე.წ. სიმართლის ელექსირების, ძლიერმოქმედი პრეპარატების ზემოქმედება, რაც გააძლიერა იმ ორმა ჭიქა ალკოჰოლმა, რაც თათუხაშვილმა მიიღო“.

შალვა თათუხაშვილი 2014 წლის 24 თებერვალს, პროკურატურაში გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით, 2006 წლის 12 იანვარს ჩატარებული ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაიბარეს.

თუმცა, მამამისი, გოგი თათუხაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილის პროკურატურაში დაბარების მოტივი სწორედ კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილეობა იყო:

„გამოკითხვიდან დილის ოთხ საათზე გამოვიდა. როგორც ჩემი შვილები და მისი მეგობრები ყვებიან, რომლებიც იქ ელოდებოდნენ, საკუთარ თავს არ ჰგავდა, გაბრუებული იყო, აშკარად წამლების ზემოქმედების ქვეშ“.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 24 თებერვალს, ჩვენების მიცემის შემდეგ, შალვა თათუხაშვილმა მოითხოვა მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვა, რის საფუძველზეც მას დაენიშნა დაცვა და ის კონსპირაციულ ბინაში გადაიყვანეს. თუმცა, მთავარი პროკურატურის ინფორმაციითვე, ამ ბინაში მან მხოლოდ ერთი ღამე გაატარა. მეორე დღეს, 25 თებერვალს, ის დაცვის წარმომადგენლებს გაექცა.

თუმცა, შვილის თითქმის 20 დღით გაუჩინარების შესახებ სულ სხვა ვერსია აქვს შალვა თათუხაშვილის მამას:

„ის გატაცებული ჰყავდათ, გამოკეტილი და გაბრუებული. 18 მარტის ღამეს გამოაჩინეს, ვითომ ლილოს ტერიტორიაზე დააკავეს, მთვრალი, თითქოს ბარში აწუხებდა ხალხს და ბარის მეპატრონემ შეატყობინა სამართალდამცავებს. 18 მარტს, უკვე საღამოსკენ გამოუშვეს სახლში. თუმცა, პერიოდულად უნდა მისულიყო უწყებაში და დაფიქსირებულიყო.

23 მარტს, საღამოს, დასთან შეიარა, ჭამა. შემდეგ სახლში მივიდა და ახლობლებს სთხოვა, კარგი ხარისხის ვიდეოკამერა მჭირდება, ვიდეოგზავნილის ჩაწერა მინდა, მე რომ რამე მომივიდეს, მამაჩემმა ნახოსო. შემდეგ დაიძინა და ძილში გარდაიცვალა“, - ამბობს გოგი თათუხაშვილი და ამატებს, რომ როგორც კოდორის ოპერაციის სხვა მონაწილეები, 7 აპრილს, სასროლეთში დაღუპული იური ლომიძეც „გრუს“ მსხვერპლი გახდა.

რატომ არაფერს ამბობს გამოძიება?

თეონა აქუბარდია, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, „ბეთლგრაუნდის“ ხშირი სტუმარი იყო: „ჩემთვის, ერთი მხრივ, განტვირთვის ძალიან კარგი საშუალებაა, მეორე მხრივ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ვსწავლობ. თბილისში საუკეთესო ტირი იყო“, - გვეუბნება თეონა აქუბარდია, რომლის თქმითაც, გარდა რიგითი მოქალაქეებისა, სასროლეთში ხშირად დადიოდნენ სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებიც.

თეონა აქუბარდიას ახლა ბევრი კითხვა აქვს. მათ შორის, პირველი - რატომ დუმს გამოძიება? მეორე კითხვა სასროლეთში კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე პირის დაღუპვას ეხება:

„შეთქმულების თეორიებში ვერ შევალ, მაგრამ ფაქტია და ზუსტად ვიცით, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს ჩვენი სამხედროები, რომლებმაც მათ სერიოზული ზიანი მიაყენეს, სამიზნეში ჰყავთ. მათ შორის, პერიოდულად ქვეყნდება ხოლმე რუსეთის განსაკუთრებული მტრების სიებიც. ერთ-ერთ ბოლო სიაში პარლამენტის დეპუტატი, ალეკო ელისაშვილიც იყო შეყვანილი.

ასევე, თუკი შევხედავთ აგვისტოს ომის მონაწილეებს, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმმა მოკლა, მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილი. ასევე ცოტა ხნის წინ, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ კირბალში მომხდარი მკვლელობა... ეს რუსეთის გავრცელებული პრაქტიკაა. ჩვენ სწორედ ამისთვის გვყავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომ ამ კითხვებს გასცეს პასუხი და არა იმისთვის, რომ ოპონენტების პირად ცხოვრებაზე ინადიროს“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

„ის კვამლი, რაც ვნახეთ, არ იყო გაზის აფეთქებით გამოწვეული კვამლი“

უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ ტირში მომხდარი აფეთქების კადრები და იქიდან გამოსული კვამლი სოციალურ ქსელში ნახა.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ კვამლი, რომელიც აფეთქებას მოჰყვა, არ ჰგავდა ბუნებრივი აირით გამოწვეული აფეთქების კვამლს: „მუსიკის მასწავლებელი არ ვარ, ჩემი ერთ-ერთი სპეციალობა უკავშირდება ასაფეთქებელ ნივთიერებებს. იმ გამონაბოლქვს, იმ შავ ღრუბელს, რაც შეიქმნა და გამოვიდა გარეთ, სწორედ ასაფეთქებელი ნივთიერება, მათ შორის, ტროტილი წარმოქმნის. გაზის აფეთქებას აქვს თეთრი კვამლი და გარდა ამისა, გაზი ასეთ დეტონაციას ვერ წარმოშობდა“.

ვანო ნადირაძე ამბობს, რომ ამ ტიპის აფეთქებას ვერ გამოიწვევდა ვერც ტყვია-წამალი:

„ტყვია-წამალი ასე არ ფეთქდება. სასროლეთში ვერ იქნებოდა შენახული საარტილერიო ჭურვები. იქ ძირითადად იქნებოდა შაშხანებისა და პისტოლეტებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა. არ ვიცი, განა რა რაოდენობის ტყვია-მასალა უნდა ჰქონოდათ, რომ ასეთი აფეთქება გამოეწვია. მაშინ გამოდის, რომ მათ იქ ტროტილი ჰქონდათ შენახული, რაც უკანონოა. ეს დაწესებულებები შემოწმებებს გადიან და ასეთ ასაფეთქებელ ნივთიერებებს იქ ვერავინ შეინახავს“.

როგორც ვანო ნადირაძე ამბობს, მისი ინფორმაციით, აფეთქება „ბეთლგრაუნდში“ მაშინ მოხდა, როდესაც იური ლომიძემ სასროლეთის ტერიტორიაზე შუქი აანთო:

„აფეთქების ერთ-ერთ ვერსიად სახელდება ბუნებრივი აირის დაგროვება. ეს რომ ასე ყოფილიყო, იმ დახურულ სივრცეში ისეთი სუნი იქნებოდა, რომ იური ლომიძე, კაცი, რომელსაც ასეთი გამოცდილება აქვს, იქ სინათლეს ნამდვილად არ აანთებდა, ამას ვერავინ დამაჯერებს“.

ვანო ნადირაძე არ გამორიცხავს, რომ თბილისში მომხდარი აფეთქების კვალი კოდორის სპეცოპერაციამდე მიდიოდეს:

„ამ სპეცოპერაციის რამდენიმე მონაწილე დღეს უკრაინაშია. ცხადია, მე მათ ვინაობას არ დავასახელებ და კიდევ კარგი, რომ აქ არიან. იური ლომიძე არ იყო რიგითი ადამიანი. არ ვიცი, რატომ დუმს გამოძიება. ეს არ არის გადასაფარი საქმე და ეს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს. ჩვენ არ ვიცით, რუსეთის მოქალაქეების შემოდინებასთან ერთად, რამდენი აგენტი შემოდის, "გრუს" რამდენი წარმომადგენელია შემოსული“, - ამბობს ვანო ნადირაძე.

7 აპრილს მომხდარი აფეთქებისას, დაშავდა სამი ადამიანი, მათგან ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და ერთი „ბეთლგრაუნდის“ თანამშრომელია. ისინი ჯერ კიდევ კლინიკაში რჩებიან.

ავტორი: ნინო თარხნიშვილი

წყარო: რადიო თავისუფლება

უკრაინის ომში ხალხის გადაბირებისთვის რუსეთის სამხედრო დაზვერვა (გრუ) იყენებს მის მიერვე შექმნილ ფიქტიურ კერძო სამხედრო კომპანია „რედუტს“, რომელიც არანაკლებ 20 გასამხედროებულ ფორმირებას აერთიანებს.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ რადიო თავისუფლების უკრაინული და რუსულენოვანი საგამოძიებო პროექტები „სქემები“ და „სისტემა“ ერთ-ერთი ფორმირების „ვოლკის“ ("მგლები") დოკუმენტაციისა და ტყვედ ჩავარდნილი დაქირავებული მებრძოლების ჩვენებების გაანალიზების შემდეგ.

2022 წლის სექტემბერში, როდესაც უკრაინის ჯარმა ხარკოვის ოლქში უკან დაახევინა რუსეთის ქვედანაყოფებს, გათავისუფლებულ ბალაკლეაში ძირითადი დაჯგუფებისგან მოწყვეტილი რუსი დაქირავებული მებრძოლები ჩარჩნენ. ორ კვირაზე მეტი ისინი ადგილობრივთა მიტოვებულ სახლებში ემალებოდნენ უკრაინელ სამხედროებს და ცდილობდნენ როგორმე ფრონტის ხაზამდე გაეღწიათ. ერთ დღეს, როდესაც იმედი თითქმის გადაეწურათ, მათ ქაღალდის ნაგლეჯზე ასეთი ლოცვა დაწერეს:

"უფალო ღმერთო, დაგვეხმარე, რომ ცოცხალი და უვნებელი დავბრუნდეთ სახლებში, ჩვენ დავიღალეთ მტრის ზურგში 15 დღის განმავლობაში ხეტიალით. რაშიდი, პოკროვი, პრიტოკი, ბუდულაი, მასტიფი“.

მალე ამ ჯგუფის 4 წევრი, რუსლან კოლესნიკოვი („ბულატი“), მიხაილ ივანოვი („პოკროვი“), მაქსიმ ვოლვაკი („ესკადრა“) და ვალენტინ ბიჩი („რაშიდი“), უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა. ისინი ხარკოვის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის წამებაში დაადანაშაულეს, უკრაინის სასამართლომ დაკავებულები დამნაშავედ ცნო ომის წესების დარღვევაში და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ბულატი“, „პოკროვი“, „ესკადრა“ და „რაშიდი“ რაზმ „ვოლკის“ ("მგლები") დაქირავებული მებრძოლები იყვნენ. "ვოლკი" კერძო სამხედრო კომპანია „რედუტის“ ერთ-ერთი შეიარაღებული ჯგუფია.

ხარკოვის ოლქიდან გაქცევის შემდეგ „მგლებმა“ ბაზაზე დოკუმენტების გროვა დატოვე, რომელსაც „სქემების“ჟურნალისტები გაეცვნენ. სწორედ ამ უნიკალური დოკუმენტებისა და დაქირავებულების მობილური ტელეფონების ჩანაწერების წყალობით აეხადა ფარდა „რედუტის“ საიდუმლოს.

საგამოძიებო პროექტების „სქემებისა“ და „სისტემის“ ჟურნალისტებმა შესწავლილი დოკუმენტები შეავსეს მსჯავრდებულთა ინტერვიუებით, რაზმის დაქირავებული მებრძოლებისა და მათი ნათესავების საუბრებით, გაანალიზეს ღია მონაცემები და კერძო სამხედრო კომპანია „რედუტის“ მთელი სისტემის ანატომია და მისი გრუ-სთან კავშირი გამოააშკარავეს.

როგორ უკავშირდება „მგლები“ რუსეთის გრუს?


რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარ სამხედრო დაზვერვასთან (გრუ) კავშირზე დაქირავებულების ლოცვის ბოლოში მათი ხელმოწერაც მიუთითებს: „გ.რ.უ-ს ბატალიონი „მგლები“.

სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ ვალენტინ ბიჩმა და მაქსიმ ვოლკოვმა „სქემებთან“ ინტერვიუში თქვეს, რომ უკრაინაში საომრად გრუ-ს მე-16 სპეცდანიშნულების ბრიგადის შემადგენლობაში წავიდნენ, ხოლო „მგლები“ (ადრე მათ ბატალიონს ეწოდებოდა „ჩიბისი“) სპეცრაზმის მხოლოდ ერთ-ერთ ჯგუფს წარმოადგენს.

მსჯავრდებულმა დაქირავებულებმა „სქემებს“ ისიც უამბეს, რომ მათ ბატალიონს უშუალოდ ხელმძღვანელობდა გრუ-ს ოფიცერი ფსევდონიმით „ამური“, რომელმაც გასცა ადგილობრივების დაკავების ბრძანებაც. სწორედ სამი მათგანის წამებისთვის მიიღეს უკრაინის სასამართლოს სასჯელი მსჯავრდებულებმა.

უკრაინაში დაქირავებულები ტამბოვის ოლქში მდებარე, გრუ-ს სპეცდანიშნულების მე-16 ცალკეული გვარდიული ბრიგადის კუთვნილი, ტრიგულაის საწვრთნელი ბაზის გავლის შემდეგ მოხვედრილან.

„მგლების“ გრუ-სთან კავშირზე მეტყველებს ასევე ჯგუფის სხვა შიდა დოკუმენტები, რომლებსაც გამომძიებელი ჟურნალისტები გაეცვნენ. ამ დოკუმენტებში დანაყოფს პირდაპირ ეწოდება „გრუ-ს სადივერსიო-სადაზვერვო რაზმი „მგლები“.

შიდა დოკუმენტაციის წყალობით ჟურნალისტურმა გამოძიებით „მგლების“ ეგიდით მებრძოლი მრავალი ასეული დაქირავებულიდან 98-ის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი. მათგან 38 „მიროტვორეცის“ [უკრაინის დამოუკიდებელი საგამოძიებო ცენტრი, რომელიც რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ საომარ დანაშაულებს იძიებს.- რედ] მონაცემთა ბაზაში ფიგურირებს, როგორც 2014 წელს „უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის მონაწილეები“.

რაზმის ყოველი მეექვსე წევრი ადრე მსახურობდა კერძო სამხედრო კომპანიის - კსკ „ვაგნერის“ შემადგენლობაში, ხოლო ყოველი მე-10 - სირიაში.

გაჟონილი პერსონალური მონაცემებით ირკვევა, რომ „მგლების“ იდენტიფიცირებულ დაქირავებულთაგან მინიმუ ოთხი მსახურობდა ან ძველებურად მსახურობს გრუ-ში.

სახელწოდება „რედუტი“ ჟურნალისტებს შეხვდათ როგორც შიდა დოკუმენტებში, ასევე ჯგუფ „მგლების“ მსჯავრდებული წევრების ინტერვიუებში.

მიხაილ ივანოვმა („პოკროვი“) „სქემებს“ უამბო, რომ კონტრაქტი კერძო სამხედრო კომპანია „რედუტთან“ გააფორმა. რუსლან კოლესნიკოვმა („ბულატი“) ასევე განაცხადა, რომ „რედუტის“ რიგებში იბრძოდა.

როგორია „რედუტის“ სტრუქტურა?
პროექტ „სისტემის“ ჟურნალისტებმა გამოავლინეს 20 სხვადასხვა სამხედრო ჯგუფი, რომლებიც ე.წ. კსკ „რედუტის“ საშუალებით აწარმოებენ ხალხის გადაბირებას.

მათ შორის არის ზემოხსენებული „მგლები“ და ასევე „ტიგრი“ ("ვეფხვები"), კაზაკთა ფორმირებები „ლისტანი“ და „სკვითი“, „დონბასის მოხალისეთა კავშირი“ („წმინდა გიორგის ბრიგადა“) და ისეთი ცალკეული ფორმირებები, როგორიცაა „ტროა“ და „ვეტერანი“.

გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე „რედუტის“ სისტემის გავლით კომპლექტდებოდა ნეონაცისტური დაჯგუფება „რუსიჩი“.

ამ ქვედანაყოფებს არ აქვთ ერთი სტრუქტურა და იდეოლოგია. საერთოა მხოლოდ დაქირავების სქემა: რეკრუტირების მსურველი ხელს აწერს კონტრაქტს არაარსებულ კომპანიასთან, ხდება მისი მიწერა რეალურ ან „ვირტუალურ“ სამხედრო ნაწილზე, ხოლო ფულს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან იღებს.

უკრაინაში მსჯავრდებულმა დაქირავებულმა მიხაილ ივანოვმა „სქემებს“ უამბო, რომ კონტრაქტი გააფორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „რედუტთან“, რომელსაც „შიროკოვის თუ შიროკიხის“ გვარის მქონე პირი ხელმძღვანელობდა.

გამოძიების ავტორებმა შეისწავლეს ორი კონტრაქტი, რომელსაც ხელს აწერენ „რედუტის“ მიერ უკრაინაში საომრად დაქირავებული რუსეთის მოქალაქეები. ორივე შემთხვევაში კომპანიის დირექტორად იგორ ივანოვიჩ შიროკოვია მითითებული.

კიდევ რამდენიმე ბოევიკის ნათესავებმაც აღიარეს, რომ ეს სახელი სხვა კონტრაქტებშიც ფიგურირებს, თუმცა ამ დოკუმენტების ასლები არ წარმოუდგენიათ.

გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ რუსეთში სახელწოდება „რედუტის“ მატარებელი 160-ზე მეტი ფირმაა დარეგისტრირებული, მაგრამ არც ერთ მათგანის ოფიციალურ თანამშრომლად არ ფიგურირებს იგორ შიროკოვი

დაქირავებულთა კონტაქტებში, რომლებიც გამომძიებელ ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში, აღმოაჩინეს სოციალურ-ფსიქოლოგიური გამოკვლევების რეგიონული ლაბორატორია „რედუტი“ და მაშველთა მომზადების რუსული ცენტრი „რედუტი“. იურიდიულად ასეთი კომპანიები არ არსებობენ.

გამოძიების ავტორებმა ასევე მოიპოვეს დოკუმენტები, რომლებშიც მითითებულია სამხედრო ნაწილების ნომრები. ერთ-ერთი ნაწილის ნომერია 35555. იურიდიული პირების რეესტრში არც ასეთი ნაწილი არ არსებობს, მაგრამ ბევრჯერ შეიძლება წააწყდე იმის ხსენებას, რომ ეს არის გრუ-ს 78-ე სადაზვერვო ცენტრის საიდუმლო ნაწილი, რომელიც დონის როსტოვში მდებარეობს.

ძალიან ხშირად „რედუტის“ წევრებს, კერძოდ „ვოლკებს“, მიაწერენ 54607-ე სამხედრო ნაწილს (გრუ-ს სპეცრაზმის 16-ე ბრიგადა), ან ქაღალდზე არსებულ გრუ-ს 06512-ე ანდა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მილიციის ყოფილ 08818-ე ნაწილებს.

პროექტ „სისტემის“ ჟურნალისტებმა რეკრუტებისთვის განკუთვნილი განცხადებაში მითითებულ ნომრებზე დარეკეს იმის დასადგენად, თუ კერძო სამხედრო კომპანია „რედუტში“ სამსახურის შესახებ რა ინფორმაციის მიღება შეუძლია რუსეთის რიგით მოქალაქეს.

ერთ-ერთმა გადამბირებელმა პირდაპირ თქვა, რომ ნებისმიერი კომპანია, რომლის სახელიც კონტრაქტშია ნახსენები, „ფიქტიურია“. ორმა კი “ვირტუალური“ უწოდა იმ სამხედრო ნაწილებს, რომლებზე დაქირავებულები არიან მიწერილი.

ის, რომ „რედუტის“ სისტემის გამოყენებით გადაბირების მთელი ეს სქემა - ცალკეული ენთუზიასტების კერძო თვითშემოქმედება კი არ არის, არამედ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უშუალოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გრუს-გან იმართება, - „სისტემის“ ჟურნალისტებს სხვადასხვა ჯგუფის 5-მა რეკრუტმა დაუდასტურა. ისინი ამტკიცებენ, რომ ფულს უშუალოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უხდით.


„რაზმების უმრავლესობა, რომლებსაც ჟურნალისტები კერძო სამხედრო კომპანიებს უწოდებენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისგან შედგება“, - ასე უპასუხა „რედუტის“ შესახებ დასმულ შეკითხვას გრუ-სთან დაახლოებულმა წყარომ, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა.

რუსეთის სამხედრო უწყება და თანამდებობის პირები ოფიციალურად არასდროს არ ახსენებენ კსკ „რედუტს“ და მრავალჯერ უსვამენ ხაზს იმას, რომ რუსეთის კანონის თანახმად არავითარ კერძო სამხედრო კომპანია არ არსებობს.

მაგრამ, ჟურნალისტური გამოძიებით მოპოვებული დოკუმენტები ადასტურებენ, რომ კომპანია „რედუტის“ ბოევიკები იღებდნენ სახელმწიფო ჯილდოებს, ხოლო რუსი სამხედროები კარგად არიან ინფორმირებული იმ ანაზღაურების შესახებ, რასაც ამ „კომპანიასთან“ დაკავშირებულ ადამიანებს უხდიან.

ჯგუფ „ვოლკების“ ("მგლების") გარდაცვლილი სნაიპერის, ალექსანდრე კოპილცოვის (ფსევდონიმი "ნემო") ოჯახი თითქმის ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა მიეღო შესაბამისი ფულადი შემწეობა და საბრძოლო ვეტერანის სტატუსი, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში სამხრეთის სამხედრო ოლქის პროკურატურისგან იღებდა ერთი და იმავე შინაარსის შეტყობინებას: ხსენებული მოქალაქე არც რუსეთის ფედერაციის კადრის სამხედრო მოსამსახურეა და არც ე.წ. მოხალისე. არადა 2022 წლის ნოემბერში კოპილცოვს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა „მამაცობის ორდენი“, ხოლო ოჯახს აქვს დოკუმენტები, რომლებშიც მითითებულია, რომ კოპილცოვი უკრაინაში მიღებული საბრძოლო ჭრილობებისგან დაიღუპა.

2023 წლის ივლისში რუსეთის სამხედრო პროკურატურამ კოპილცოვის ოჯახს აცნობა , რომ მათ "კერძო სამხედრო კომპანია რედუტისგან" უკვე მიიღეს საჭირო კომპენსაცია.

ეს არის რუსეთის ხელისუფლების მიერ "რედუტის" ოფიციალურად ხსენების ერთადერთი მაგალითი, რომლის მოპოვებაც გამოძიებისას მოხერხდა.

ღია სივრცეში ხელმისაწვდომი არ არის არც "კომპანიის" ტელეფონები და არც მისამართები, რომლებზეც დაქირავებულთა ნათესავები დაკარგულთა მოძებნისა და ფულადი კომპენსაციის შესახებ მოთხოვნების გაგზავნას შეძლებენ.

ამასობაში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლინახევრის განმავლობაში, „რედუტს“ უკვე ჰყავს არა მხოლოდ ფიქტიური იურიდიული პირები, არამედ არაოფიციალური პოლიტიკური ხელმძღვანელობა თუ კურატორები.

ვინ მართავს „რედუტს“?


2023 წლის თებერვლის დასაწყისში რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის მარიუპოლში გაიმართა "დონბასის მოხალისეთა კავშირის" (დმკ) კონგრესი, რომელზეც მათ გამოაცხადეს "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" შექმნა. ამ ქვედანაყოფს უნდა გაეერთიანებინა რუსეთის შეიარაღებული აგრესიაში მონაწილე ყველა ის მებრძოლი, რომლებიც არ ირიცხებიან რეგულარულ სამხედრო ნაწილებში.

როგორც რამდენიმე რეკრუტერმა განაცხადა" სისტემასთან " საუბარში, ეს ფორმირება სწორედ კომპანია "რედუტს" დაეფუძნა.

პროექტ "სისტემის" განკარგულებაში არის ექსკლუზიური დოკუმენტი, გაცემული "რედუტის" ერთ-ერთ დაქირავებულზე, როგორც უკრაინის ომში მისი მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთი.

დოკუმენტს აზის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბეჭედი და მითითებულია "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" ფორმირების თარიღი – 2023 წლის 27 თებერვალი.

დოკუმენტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, „კორპუსი" შექმნილა, არა "დონბასის მოხალისეთა კავშირის" (დმკ) ხელმძღვანელის ალექსანდრე ბოროდაის პირადი ინიციატივით, არამედ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით.

დოკუმენტზე ხელმოწერა ეკუთვნის ალექსეი კონდრატიევს, თადარიგში მყოფ გრუ-ს პოლკოვნიკს და ტამბოვის ყოფილ მერს, რომელიც მოგვიანებით ფედერაციის საბჭოშიც (რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში) აირჩიეს. კონდრატიევი, ამ დოკუმენტით თუ ვიმსჯელებთ, არის ამ" კორპუსის "საბრძოლო დანაყოფის" მეთაური. ის იყო ერთ-ერთი ოფიცრის სამხრეებიან იმ პირებს შორის, რომლებიც "დონბასის მოხალისეთა კავშირის" (დმკ) კონგრესს ესწრებოდა.

კიდევ ერთი სამხედრო, რომელიც პროექტ „სისტემის“ ჟურნალისტებმა მარიუპოლში გამართული კონგრესში მონაწილე მაღალჩინოსანთა შორის ამოიცნეს, - პოლკოვნიკი სერგეი დროზდოვია. 2023 წელს მას რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბში მთავარი საორგანიზაციო-სამობილიზაციო სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. სწორედ ეს სტრუქტურა აგებს პასუხს რუსეთში სამხედრო გაწვევის ორგანიზებასა და ჯარების დაკომპლექტებაზე.

სისტემა „რედუტის“ მთავარი კურატორი კი გრუ-ს ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი ვლადიმირ ალექსეევია. როგორც „სისტემამ“ დაადგინა, ალექსეევი იყო ყველაზე მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომელიც 2023 წლის დასაწყისში გამართულ "დონბასის მოხალისეთა კავშირის" (დმკ) კონგრესში მონაწილეობდა.

გენერალი ალექსეევი ერთ–ერთი იმათგანია, ვინც მოლაპარაკებას მარტავდა „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინთან 2023 წლის ივნისში კერძო სამხედრო კომპანიის არშემდგარი აჯანყების დროს. მას შემდეგ ვლადიმირ ალექსეევი საჯაროდ არსად უნახავთ.

მაგრამ, როგორც ჟურნალისტური გამოძიების ავტორებმა დაადგინეს, სწორედ გენერალი ალექსეევი იყო იყო ყველა იმ შეიარაღებული ფორმირების ერთ-ერთი მთავარი კურატორი, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "მოხალისეს" უწოდებს, მათ შორის არის მრავალი დანაყოფისგან შემდგარი "რედუტიც".

სწორედ ალექსეევს მოიხსენიებენ „რედუტის“ შემქმნელად „ინსაიდერისა“ და „შპიგელის“ ჟურნალისტები, მათ მიერ ჩატარებულ ერთობლივ გამოძიებაში.

გამოცემათა წყაროების თანახმად, "კომპანიის" შექმნა ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყო.

"რედუტის" ყველაზე ადრეული ხსენება, 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში ფიქსირდება. სწორედ მაშინ, უკრაინაში მსჯავრდებული დაქირავებული მიხაილ ივანოვის თქმით, მან ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელშიც შპს "რედუტის" სახელი ფიგურირებდა.

რუსეთში, როგორც მინიმუმ, არსებობს „რედუტის“ სახელწოდების მქონე ერთი ორგანიზაცია, რომელიც მართლა იყო დაკავშირებული სირიაში მოქმედ მცირე კერძო სამხედრო კომპანიასთან. ეს ორგანიზაცია არის „რედუტ-უსაფრთხოება“, რომელსაც კსკ „სლავიანსკი კორპუსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ევგენი სიდოროვი ედგა სათავეში.

„რედუტ-უსაფრთხოებას“ უკავშირდება კიდევ ერთი კერძო სამხედრო კომპანია „შჩიტი“ (ფარი) . გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ ამ კსკ-ას სავარაუდო ხელმძღვანელებად იმავე ევგენი სიდოროვსა და მის პარტნიორ, კონსტანტინ მირზოიანცს ასახელებს.

კომპანია „რედუტ-უსაფრთხოება“ აშშ-ის სანქციების სიებშიც კი მოხვდა, როგორც სავარაუდოდ პასუხისმგებელია მთელ სისტემა „რედუტზე“, რომლის მრავალრიცხოვანი ჯგუფები ამჟამად უკრაინაში იბრძვიან.

თუმცა, როგორც "სისტემისა" და "სქემების" გამოძიებამ აჩვენა, „რედუტ-უსაფრთხოება“ ნამდვილად არ არის სათავო კომპანია ყველა იმ ფორმირებისთვის, რომლებიც ამჟამად უკრაინაში იბრძვიან რუსეთის მხარეს და საკუთარ თავს "რედუტელებს" უწოდებენ.

გამოძიების ავტორები კომენტარებისთვის დაუკავშირდნენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს, მაგრამ მასალის გამოქვეყნებისთვის შეკითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, შეკითხვები ტელეგრამის საშუალებით წაიკითხა, მაგრამ ასევე არ გასცა პასუხები. "დონბასის მოხალისეთა კავშირის" ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ბოროდაიმ შეკითხვების წაკითხვის შემდეგ ხმოვანი შეტყობინების ჩაწერა დაიწყო, მაგრამ აღარ გამოუგზავნია. ხოლო გრუ-ს ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალმა ვლადიმირ ალექსეევმა შეტყობინება ემოჯის ჩათში გულით მონიშნა და ამით შემოიფარგლა.

წყარო: რადიო თავისუფლება

 

19 ოქტომბერს ხაშურის ერთ-ერთ სოფელში, დაკრძალეს 15 წლის გოგონა, რომელიც უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. 16 ოქტომბერს, საღამოს რვა საათისთვის, ქალაქ ხაშურში, მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში შემზარავი ამბავი გაისმა:

„საღამოს რვა საათი იქნებოდა ყვირილი, რომ ატყდა, ვერავინ მიხვდა თავიდან რა ხდებოდა, ბიჭები იდგნენ ბინის წინ, ხმა გაიგეს, ეგონათ „ხალიჩა“ გადმოვარდა, მივიდნენ და დახვდათ შემზარავი სურათი, 15 წლის ბავშვი მანქანასთან უგონოდ ესვენა“ - გვიამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი,  რომელიც იმ მომენტისთვის იმავე კორპუსთან აღმოჩნდა, სადაც გოგონა დედასთან და ორ დასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

 

 „გარდაცვლილ ბავშვს ჰყავს და - ტყუპისცალი და კიდევ ერთი პატარა და, დედასთან ერთად ცხოვრობდნენ ბინაში, არ იყო აქტიური ბავშვი, დიდად არც ეზოში თამაშობდა თანატოლებთან ერთად, შეიძლება ითქვას ჩაკეტილი ბავშვი იყო. ეს უბედურება რომ დატრიალდა, ყველანი სახლში იყვნენ. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებთ და არ ვიცით, რა და რატომ მოხდა,“ - გვეუბნება გოგონას მეზობელი.

15 წლის თეკლას გარდაცვალების საქმეს ხაშურის პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.

 

რა მოხდა სინამდვილეში?

მოზარდის გარდაცვალების ამბავი, ყველა შემთხვევაში ათასი ვერსიის გავრცელების საბაბი ხდება ხოლმე. თუმცა ამჯერად 16 წლის თეკლას საქმე ისიც ამძიმებს, რომ არასრულწლოვანი გოგო დაახლოებით ორი წლის წინ, სექსუალური ძალადობის საქმეში, დაზარალებულის სტატუსით ფიგურირებდა. ამ საქმეზე თეკლას ბაბუა, მამის მამა, გაუპატიურების მუხლითაა გასამართლებული და მას 16-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ბრალდების თანახმად, ბაბუა წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა შვილიშვილზე. „ვერსია“ მუშაობდა ამ საქმეზე, სადაც ბევრი უპასუხო კითხვა დაგვრჩა იმის გამო, რომ დაზარალებული მხარე, ფაქტობრივად, არ გამოდიოდა არანაირ კონტაქტზე, ხოლო დასკვნების გამოტანა ცალმხრივად თითქმის შეუძლებელია.  არც გოგონა, რაც დედა, არც ბებია და ტყუპისცალი და, ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად, ამ თემაზე არ საუბრობდნენ, ხოლო სასამართლო პროცესი არასრულწლოვანის საქმეზე გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს. რაც შეეხება ადვოკატს, ოჯახის ნებართვის გარეშე ვერც მან გვიპასუხა კითხვებზე.

ამ ეტაპისთვის აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება. სწორედ მან უნდა დაადგინოს, უკავშირდება თუ არა გოგონას უცნაური გარდაცვალება ორი წლის წინანდელ ხმაურიან საქმეს. კითხვა კი კვლავ უპასუხოდ რჩება თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?!

უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა?

დავიწყოთ თავიდან:

  • 2021 წლის 12 ოქტომბერს, შიდა ქართლის ერთ-ერთმა რაიონულმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა გ.მ ანუ გარდაცვლილი გოგონას ბაბუას.
  • 2021 წლის 11 ოქტომბერს, გამოიკითხა არასრულწლოვანი თ.მ-ს ბიოლოგიური დედა, რომელმაც განაცხადა, რომ იგი 10 ოქტომბერს, საღამოს 18:30 საათზე, როდესაც მის სამ ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა სახლში, გადაწყვიტა არასრულწლოვანი ქალიშვილებისათვის გაეცნო თუ რა იყო ძალადობა, ვინ შეიძლება იყოს მსხვერპლი. მოძალადე და ა.შ. როდესაც დაამთავრა მან საუბარი, მისმა 12 წლის ქალიშვილმა, მას მოუთხრო, რომ მასზე 5 წელზე მეტია ძალადობს პაპამისი გ.მ ამ ინფორმაციის მიღების მეორე დღეს, დაახლოებით დღის 14 საათისთვის, დედამ პოლიციაში განაცხადა. დაიწყო გამოძიება.
  • 2021 წლის 11 ოქტომბერს, მოწმის სახით გამოიკითხა თ.მ, რომელმაც გამოძიებას განუცხადა, რომ პაპამისი, გ.მ 8-დან 10 წლის ასაკამდე მასზე ძალადობდა სხვადასხვა ხასიათის სქესობრივად. არასრულწლოვანი გოგონა, გამოიკითხა ბებისა და სოციალური მუშაკის თანდასწრებით.
  • გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს. გამოძიებით დადგინდა, რომ „ბრალდებული მცირეწლოვან შვილიშვილს ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა, ახორციელებდა გარყვნილ და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს“
  • ბაბუას, რომელსაც შვილიშვილის გაუპატიურება ედებოდა ბრალად, 16-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რაც შეეხება ექსპერტიზას, ადვოკატის თქმით,  სამხარაულის ექსპერტიზაში ბავშვს დედის თანდასწრებით ჩაუტარდა კვლევა და დადგინდა, რომ საქალწულე აპკი დარღვეული არ არის:

 „ძალადობასა და გარყვნილ ქმედებას ჰქონდა თუ არა ადგილი, ამას ექსპერტიზა ვერ დაადგენს. ბავშვი ამბობს, გამაუპატიურესო, დედაც ამბობს, გაუპატიურებულიაო და ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. პროკურორმა იცის საექსპერტო კვლევის შესახებ, დედამაც უთხრა, ფაქტობრივად, დასკვნა დევს სამხარაულში, მაგრამ კიდევ არ აქვთ ჩადებული საქმეში.“ - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა.

„„ვერსიის“  გადამოწმებული ინფორმაციით, თეკლას მშობლები გაცილებულები არიან. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვები მამას კვირაში ერთხელ მიჰყავდა ოჯახში და, შესაბამისად, უქმე დღეებს პაპასთან ატარებდნენ. ბრალდებული კაცი ინვალიდია და ტაქსის მძღოლად მუშაობდა. გოგონას მშობლებს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მამას სხვა ოჯახი ჰყავს და, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მამა ბავშვებს ალიმენტს არ უხდიდა იმ მიზეზით, რომ აგროვებდა და ბინის ყიდვას აპირებდა მათთვის.

დაზარალებული გოგონას და უკვე გარდაცვლილი ბავშვი მამა ჩვენთან ინტერვიუს დროს ამბობს:

ბავშვები ძალიან იშვიათად მოდიოდნენ ჩემთანაც და მამაჩემთანაც, მამაჩემთან მითუმეტეს. სულ თითზე ჩამოსათვლელად შეიძლება დარჩენილიყვნენ მამაჩემთან მარტო. თუ იყვნენ სოფელში, ჩემთან და ჩემს მეუღლეს ერთად. შემიძლია, გავიხსენო, ბოლოს რომ ერთად ვიყავით, ეზოში მწვადს ვწვავდით, მამაჩემი მაღაზიაში მიდიოდა და კამათი მოუვიდათ დებს, მანქანაში წინ დაჯდომაზე. პაპიკოს ეძახდნენ და არანაირი დაძაბულობა ან შიში არ შემიმჩნევია. ასეთი რამ რომ ყოფილიყო, ვერც ერთმა როგორ ვერ შევამჩნიეთ?..-გარდაცვლილი გოგონას მამა, რომელიც აცხადებდა, რომ მამამისი უდანაშაულოა, ხოლო რა მოტივი ჰქონდა მის ყოფილ მეუღლეს ასეთი მძიმე ბრალდება წაეყენებინა მისთვის, აბსოლუტურად გაუგებარია.

ბრალდებულის ადვოკატი, ზურაბ თოდუა, ჩვენთან არაერთხელ აცხადებდა, რომ ითხოვდა ფსიქოლოგის კვალიფიკაციის გადახედვას, იგი ეჭვქვეშ აყენებდა გამოძიების მიმდინარეობასაც და ფსქიოლოგსაც, რომელიც დაზარალებულ ბავშვთან მუშაობდა.

„მოვითხოვეთ ამ საკითხის მოკვლევა, მივმართეთ ზრუნვის სააგენტოს, პროკურატურას, მოვითხოვე, რომ შეესწავლათ ამ ფსიქოლოგის განათლებისა და კვალიფიკაციის საკითხი. გენერალურმა პროკურატურამ ჩემი განცხადება შიდა ქართლის პროკურატურას გადაუგზავნა, სადაც მითხრეს, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობდა.“- ამბობს ბრალდებულის ადვოკატი.

„ახლა, გოგონას გარდაცვალების შემდეგაც, 16 ოქტომბერს, მამამ გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ და პირდაპირ დაასახელა, რომ შესაძლოა, მისი შვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არასწორმა სარეაბილიტაციო კურსმა გაართულა და კვლავ მოითხოვა, რომ ჩატარდეს სპეციალური კვლევები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულ კაცს შვილიშვილი არ გაუუპატიურებია, ამას მოწმობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო დასკვნაც. ეს ფსიქოლოგი კი ბავშვს, როგორც გაუპატიურების მსხვერპლს, ასე მკურნალობდა თვეების განმავლობაში“, - ამბობს ზურაბ თოდუა, რომელსაც ხაშურის რაიონული სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი გაუპატიურების მუხლით იქნა მსჯავრდებული, ამჯერად უზენაეს სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

2022 წლის 11 ივლის, ზურაბ თოდუა, ჩვენთან საუბრისას აცხადებს

„ვაპირებთ, გავასაჩივროთ ეს განაჩენი არამარტო სააპელაციო სასამართლოში, არამედ ამ მოსამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხიც უნდა დადგეს. მოსამართლე ვერ ერკვევა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ბრალდებულს არ აქვს სექსუალური პოტენცია წლების მანძილზე. ვერ ერკვევა იმაში, რომ საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევა შესაძლებელია მხოლოდდამხოლოდ ჯანმრთელი სექსუალური პოტენციის მქონე მამაკაცისგან. მოსამართლე უნდა დაისაჯოს იმისთვის, რომ ასეთი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. ბრალდებული არაფერს ამბობს, ჯერჯერობით, არ ელოდა მსგავს განაჩენს.“

ამ ყველაფრის მერე, დაზარალებული გოგონას ფსიქო-ემოციური მდგომარეობა მარტივი წარმოსადგენია როგორი რთულიც იქნებოდა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, იგი გადიოდა რაღაც დროით ფსიქოლოგის დახმარებას, ასევე ცნობილია, რომ ბოლო პერიოდის განმალობაში, მისი დედა წუხდა გოგონას მდგომარეობაზე, ამბობდა, რომ დღემდე აწუხებდა ბავშვს ეს ამბავი ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ბავშვი ჩაკეტილი იყო, დეპრესიული, ფიქრობდა, რომ ყველა მასზე საუბრობდა, დედამისი წუხდა ამ ამბავზე და გამოსავალს ეძებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას დედა და თავად გოგონებიც იაჰოვას მოწმეები იყვნენ. ცნობილია, რომ ბავშვები მოზრდილ ასაკში გახდნენ მათი წევრები, რასაც მამა ეწინააღმდეგებოდა, თუმცა უშედეგოდ. გარდაცვლილი გოგონას მამა ფიქრობდა, რომ მათი ამ „სექტაში“ შესვლა ზეწოლით მოხდა და არ სურდა მათი შვილები იაჰოვას მოწმეები გამხდარიყვნენ.

თეკლას უცნაური გარდაცვალების საქმეზე ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება - ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა 15 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ერთი რამ სავსებით ცხადია - ორი წლის წინანდელი ხმაურიანი საქმე არასრულქლოვანის ფსიქიკაში გარკვეულ მძიმე კვალს დატოვებდა, ბავშვს დახმარება სჭირდებოდა და იქნებ დაკრძალვის შემდეგ მაინც გაეცეს ყველა კითხვას პასუხი - ვინ არ შეასრულა საკუთარი მოვალეობა სახელმწიფომ, ოჯახმა, ფსიქოლოგებმა, სად დაუშვა შეცდომა გამოძიებამ და სასამართლომ?

15 წლის გოგონას დღეს 19 ოქტომბერს დაკრძალეს... ალბათ, ხვალ ეს ფაქტი, ისევე როგორც სხვა უამრავი, საზოგადოებას გადაავიწყდება მორიგი ტრაგედიამდე...

„ვერსია“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და შეეცდება დამატებითი დეტალები უახლოს დღეებში შემოგთავაზოთ.

ავტორი-სალომე ნოზაძე

რა წერია ადვოკატის მიერ ომბუდსმენთან გაგზავნილ ანგარიშში - ექსკლუზივი შიდა ქართლში მომხდარ გაუპატიურების საქმეზე

 

ვაიკულემ წელს იურმალაში მიიწვია ძირითადად უკრაინელი არტისტები, ასევე ის რუსი შემსრულებლები, რომლებიც ღიად აპროტესტებენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

ევგენია კოტლიარმა ლაიმა ვაიკულეს რამდენიმე კითხვა დაუსვა

- რუსეთში ბევრი ხელოვანი უგულებელყოფს პოლიტიკას და ომს, ან ცდილობს არ შეიმჩნიოს ომი, რომელიც მიმდინარეობს. ამ ფესტივალზე კი, როგორც ვნახეთ, არტისტები არა მხოლოდ გამოდიან სცენაზე, ახარებენ მაყურებელს სიმღერითა და ცეკვით, არამედ მკვეთრ პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებენ. რატომ არის ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი და რატომ არის ეს შესაძლებელი ლაიმა ვაიკულეს ფესტივალზე?

- ერთხელ როგორღაც ერთმა ადამიანმა, რომელსაც ვეუბნებოდი, „ოჰ, მე საბჭოთა პერიოდის ბავშვი ვარ, პოლიტიკაში არაფერი მესმის, არსად მიმიღია მონაწილეობაო“, მითხრა: „იცი, საიდან მოდის სიტყვა „იდიოტი“? საბერძნეთიდან. ასე უწოდებდნენ ადამიანს, ვისაც პოლიტიკა არ აინტერესებდა.“ ვაღიარებ, დიახ, მე ვიყავი სრული იდიოტი. ასე რომ იცოდეთ, ყველა, ვისაც პოლიტიკა არ აინტერესებს, იდიოტია. და ეს არ არის ჩემი ნათქვამი, ეს არის ძველი ბერძნული სიტყვა, რომელიც მონიშნავს ადამიანებს, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი პოლიტიკით. რომ არ გვაინტერესებდა, იმიტომაც მივედით აქამდე, რაც ძალიან სამწუხაროა.

- თქვენ ჩემზე უკეთ იცით, როგორ ჩამოაშორეს, პირდაპირ მოწყვიტეს რუსი მაყურებელი არაერთ გამოჩენილ არტისტს, რომლებსაც, გასაგები მიზეზების გამო, დღეს არ შეუძლიათ რუსეთში გამოსვლა. როგორ ფიქრობთ, თქვენს მაყურებელს, მსმენელს რუსეთიდან, ესმის რომ ესეც დიდი ომის შედეგია, რომ ისინი ვერ მივლენ ვერკა სერდუჩკას ან ლაიმა ვაიკულეს კონცერტზე?

- ვისი ტვინიც არ გამოურეცხავთ სათანადოდ, ვისაც ესმის, რომ არსებობს თეთრი და არსებობს შავი, მათთან მგონი ყველაფერი კარგადაა, მშვენივრად ხვდებიან რაშიცაა საქმე. მაგრამ რაც შეეხება იმათ, ვისაც გაგება არ შეუძლიათ, რა უნდა უთხრა? ისინი ზომბებივით უყურებენ პუტინს და უსმენენ მას, რომელიც ამბობს, რუსეთი რომ არ შეჭრილიყო უკრაინაში, მაშინ უკრაინა დაესხმებოდა რუსეთსო. როგორ შეიძლება ასეთი სისულელეების მოსმენა და ამ სისულელის დაჯერება? ამიტომ, როგორც ვიღაცამ ძალიან კარგად შენიშნა: „კულტურა არ არის რუსეთში, კულტურა არის იქ, სადაც მაქსიმ გალკინია, სადაც ალა პუგაჩოვაა". ასე რომ, კულტურა გადაადგილდა. სხვაგან გადაინაცვლეს რეჟისორებმაც, მსახიობებმაც... სწორედ მათთან არის რუსული კულტურა.

- ლაიმა, თქვენი დაკვირვებით, თქვენი წრის ხალხი, მაყურებელი, აუდიტორია - რამდენად დაიღალა ჩვეულებრივი ხალხი ომთან დაკავშირებული ინფორმაციით?

- ძვირფასო მეგობრებო, გასაგებია რომ ვიღლებით, რადგან ომი მიდის, რადგან ომი არ დასრულებულა. მაგრამ თუ უკრაინაში ხალხი უძლებს, თუ იქაური არტისტები გამოდიან სცენაზე და ლაპარაკობენ იმაზე, რომ ისინი არსებობენ და აღწერენ იმას, რაც მათ თავს ხდება, როგორღაც დანარჩენებმა, თბილ ლოგინებში ჩაწოლილებმა, უნდა მოითმინონ. მეტიც, უკვე დროა დაიწყონ აქეთ-იქით ყურება, დროა მოუსმინონ სხვადასხვა მხარეს და გაიაზრონ, თუ რა ხდება.

- რა ვითარებაში იმღერებს რუსეთში ლაიმა ვაიკულე?

– დღეს მინდა ვთქვა, რომ არასდროს. მაგრამ, როგორც ამბობენ, „არასოდეს თქვა არასოდეს". ყველაფერი მკვეთრად უნდა შეიცვალოს; უნდა მოხდეს ის, რაც იყო 90-იან წლებში: უნდა გაჩნდეს გარდაქმნის, უკეთესი ცხოვრების, სიმართლის იმედი და რწმენა. მინდა ამის მჯეროდეს. მაგრამ ალბათ ვერ მოვესწრები ამ დროს. ამიტომ ჩემთვის გადავწყვიტე, რომ არასდროს.

- გვიამბეთ, პირადად თქვენ როგორ ადევნებთ თვალყურს ახალ ამბებს ფრონტიდან, ომიდან, თუკი ადევნებთ თვალს.

- რა თქმა უნდა, არ ვუსმენ რუსულ ტელევიზიას. რა თქმა უნდა, არა. იმიტომ რომ იქიდან მხოლოდ ისტერია და სრული სიცრუე მოდის, თავხედური, მახინჯი სიცრუე. ჩემთვის არსებობენ შესანიშნავი პოლიტიკური ანალიტიკოსები, მაგალითად, ბატონი პასტუხოვი. ვუყურებ არესტოვიჩს, ფეიგინს, ვუყურებ Freedom-ს - უკრაინულ არხს. უბრალოდ ყველაფერი შემიძლია ვნახო, დავათვალიერო, რათა შევიტყო, რა მოხდა, რა სიახლეებია. ყველაფერი მაინტერესებს, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა პროპაგანდა და წმინდა წყლის ტყუილები.

- გვიამბეთ, ბოლოს როდის იყავით უკრაინაში?

- ომის წინ ვიყავი. როგორღაც ისე მოხდა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ზედიზედ მქონდა გასტროლები მთელ უკრაინაში. ამიტომ ძალიან განვიცდი, როცა ვუყურებ რა დაიბომბა, რა განადგურდა... ხარკოვი საერთოდ გაქრა, უბრალოდ ქალაქი აღარ არის, ქალაქი მოჩვენებაა. როგორც „1+1“ არხის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, ისინი ხარკოვში სულ ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ, ყველა სახლი თითქმის სანახევროდაა დანგრეული, ცენტრში კი უბრალოდ ხვრელადაა ქცეული. სხვა რაიონები აღარ არსებობენ, მხოლოდ სახლების ნარჩენებია. უეცრად ერთი ასეთი საშინელი სახლიდან გამოსულა ქალი. ჟურნალისტი მეუბნება, ძალიან შეგვეშინდა, რადგან მოჩვენებასავით იყოო. კითხვაზე, აქ რას აკეთებთო, ქალს უთქვამს, „აქ მარტო არ ვარ, ორი შვილი მყავს. წასასვლელი არსად მაქვსო".

ასე „გადაარჩინეს“ რუსებმა რუსულენოვანი ქალაქი ხარკოვი. ვის უნდა ასეთი "გადარჩენა"? ვინმეს უნდა ასეთების მათთან მისვლა? ყვირილი მინდება. მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს ყურები ცვილით აქვთ დახშული და არაფერი ესმით. არ ვიცი, რა გავაკეთო. ვცდილობ ვილაპარაკო, მაგრამ არ ესმით.

- თუ არსებულ ვითარებაზე ხელოვანების გავლენის შესახებ ვისაუბრებთ, როგორ ფიქრობთ, ხელოვანებს, მათ შორის მათ იმ განცხადებებს, რომლებსაც ლაიმა ვაიკულეს ფესტივალზე ვისმენთ, რეალურად შეუძლიათ გავლენა მოახდინონ პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე?

- თუ ყველა ასე მოიქცევა, მგონია, რომ კი. როდესაც ჰოლივუდი ვინმეს წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამს, მისი ხმა ყველგან ისმის. გაიხსენეთ ვიეტნამი, როცა ჰიპები, მუსიკოსები, „ბიტლზი“ - ყველა აპროტესტებდა ვიეტნამის ომს. მათ უსმენდნენ, აჩვენებდნენ ტელევიზორებში, ჩვენც კი ვიცოდით მათ შესახებ, თუმცა მაშინ „რკინის ფარდა“ გვყოფდა. ამიტომ, მგონია, რომ ყველამ უნდა ილაპარაკოს. უბრალოდ მიკვირს, როგორ შეიძლება არ ილაპარაკონ.

გულწრფელად გეტყვით, ახლა ვიწყებ გააზრებას, შიშის შემჩნევას რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებში. მათ ეშინიათ. ჩვენ უფრო თავისუფლები, უფრო გახსნილები ვართ. ვამბობთ იმას, რასაც ვფიქრობთ, მაგრამ ვხედავ, რომ მათ იმავეს გაკეთება არ შეუძლიათ. ეს შიში უკვე მათ შიგნითაა. ღმერთმა ნუ ქნას ამის დაბრუნება. უბრალოდ მახსოვს საბჭოთა კავშირი. ისინი იქითკენ მიდიან. Ძალიან სამწუხაროა, ძალიან.

ამდენი სიმდიდრე და ამდენი ფულია რუსეთში. იმის ნაცვლად, რომ თავიანთ ქვეყანას, თავიანთ ხალხს მოახმარონ, ხარჯავენ შეიარაღებაში, უკრაინის დაბომბვაში. რამდენი უბედური ადამიანია რუსეთში. არ იცით სად წაიღოთ ფული? მიეცით მათ! ახლა აფრიკა მოუნდათ - ვალებს აპატიებენ, მარცვლეულს აძლევენ, ყველაფერი ემეტებათ მათთვის. რატომ არ გინდათ თქვენი ქვეყნის, მაგალითად უკიდურესი ჩრდილოეთის გამოკვება? იქნებ მათთვისაც მიგეცათ ფული? კამჩატკაში ვარ ნამყოფი, ყველგან ვარ ნამყოფი. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი უბედურება ტრიალებს იქ.

რამდენს ჩივიან, რამდენს ლაპარაკობენ... ტუალეტები ქუჩებში აქვთ. რუსეთი გაზის ქვეყანაა, მაგრამ მოსკოვის გარეუბანში გაზი არ არის. მიდით, მიეცით თქვენს ხალხს ბედნიერი ცხოვრება! რუსეთი შეიძლებოდა ყოფილიყო დისნეილენდივით მშვენიერი. არა მხოლოდ მოსკოვი და პეტერბურგი, არამედ მთელი რუსეთი. მაგრამ არა, თავიანთი ქვეყნის კეთილმოწყობას, სხვებისთვის მიმზიდველ ქვეყნად ქცევას, ისინი ამჯობინებენ უკრაინის დასამარებას. ეს ის პარადოქსია, რომლის გაგებაც არ შემიძლია.

 წყარო: რადიო თავისუფლება

 

„ვერსია“ 2022 წლის პოლიტიკური მოვლენების შეჯამებას გთავაზობთ. მართალია, ახალ წლამდე ჯერ სამი კვირაა დარჩენილი, მაგრამ ერთად გადავავლოთ თვალი იმ პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკვანძო საკითხებს, რაც საქართველოს ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში, უპირველესად, ევროკავშირის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საკითხი უნდა ვახსენოთ, როცა ევროპულმა ოჯახმა მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი გადასცა, საქართველოს კი 12- პუნქტიანი გეგმა შეუდგინა შესასრულებლად, რომლისთვისაც „დედლაინი“ თავდაპირველად - 2022 წლის ბოლო, შემდეგ კი 2023 წლის დეკემბერი დასახელდა. დათქმა ასეთია - თუ საქართველოს ხელისუფლება ამ გეგმას პირნათლად შეასრულებს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. მეორე მხრივ, შიდაპოლიტიკური პროცესები ქვეყნის ყველაზე მრავალამომრჩევლიანი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ ვითარდება. პარტიაში თავმჯდომარეობისთვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი იბრძვიან, რისთვისაც მალე შიდაპარტიულ არჩევნებს გამართავენ. როგორც კულუარებში ამბობენ, ხაბეიშვილის უკან ახლა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პარტიული ძალა დგას. ასე რომ, როგორც ჩანს, ეს არჩევნები ბევრ რამეს არა მხოლოდ პარტიის, არამედ, ქვეყნის პოლიტიკურ ჭადრაკშიც დიდ როლს შეასრულებს.

რა თქმა უნდა, წლის მთავარი მოვლენებიდან უკრაინის ომი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. უკრაინაზე რუსეთის სამხედრო თავდასხმამ მსოფლიო პოლიტიკურ კონფიგურაციაში ბევრი რამ შეცვალა და ყველაფერი ეს, საქართველოზეც პირდაპირ თუ ირიბად აისახება...

წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენების ანალიზისთვის „ვერსიამ“ ვახტანგ ძაბირაძეს მიმართა:

 - ეს წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, მსოფლიოსთვის, რადგან ამ წელს დაიწყო... არ მინდა, მსოფლიო ომი ვთქვა, მაგრამ არც შორს ვართ იმისგან, რაც დღეს უკრაინაში ხდება.

ქართულ პოლიტიკას რაც შეეხება, ისევ და ისევ გრძელდება დაპირისპირება. შარლ მიშელის დოკუმენტის მიღება და შემდეგ მასზე უარის თქმა... შემდეგ ყველაფერი გადაერთო იმ ჭრილში, რასაც უკრაინის მოვლენები და სააკაშვილის პრობლემა ჰქვია. ეს თემები მუსირებდა, ძირითადად, ქართულ პოლიტიკურ და მედიასივრცეში და დღესაც იგივე რჩება, რადგან ქართული პოლიტიკური სპექტრი ვერ ახერხებს ან არ უნდა, რომ გამოვიდეს იმ მოჯადოებული წრიდან, რომელზეც მუდმივად ვტრიალებთ. იმედი მაქვს, სააკაშვილთან დაკავშირებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული და ეს ერთი თემა მაინც მოიხსნება ქართულ ოპოზიციურ სპექტრსა და ხელისუფლებას შორის მომავალი წლისთვის, თუმცა ალბათ, ახალი თემები მოიძებნება, რომ დაპირისპირება გაგრძელდეს. არ ველოდები დეპოლარიზაციას, რადგან გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ პოლარიზაცია მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრს ეხება. ორივე მხარემ ხატზეც რომ დაიფიციოს პოლარიზაცია დასრულდებაო, ასე მაინც არ მოხდება, რადგან პოლარიზაცია თან სდევს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას, ბოლო 30 წელი და უფრო მეტიც.

- ბატონო ვახტანგ, მოჯადოებულ წრეზე სიარულში რას გულისხმობთ?... მნიშვნელოვანია ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებიც, სადაც შიდაპარტიულ არჩევნებს გეგმავენ. შეცვლის პოლიტიკურ სიტუაციას ენმ-ში დაწყებული ეს პროცესი?

- მოჯადოებულ წრეზე როცა ვსაუბრობ, ვგულისხმობ ხელისუფლებათა ცვლილებებს, რომელსაც არაფერი მოაქვს და ისევ იმ ჭაობში ვრჩებით, სადაც ვიყავით. ენმ და „ქართული ოცნება“ ბევრი არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ჩემი შეფასებით, ენმ-ს აგრესიული ავტორიტარიზმი ჰქონდა, „ოცნებას“ კი პასიური აქვს. ორივე ერთსა და იმავე სივრცეში რჩება, რასაც ხატოვნად გამოხატავს სასამართლოს მიმართ დამოკიდებულება, სხვა პრობლემებთან ერთად.

რაც შეეხება ენმ-ში მიმდინარე პროცესებს, თუ ჯანსაღი პროცესი წავა, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით. ვერ ჩავთვლი, რომ წინა არჩევნები ასეთი იყო, როცა მელია და ვარშალომიძე უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ახლა კი საკმაოდ რეალური დაპირისპირებაა, რადგან ახლა მელიასა და ხაბეიშვილის უკან არ დგას მხოლოდ ერთი კაცი. მაშინ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ მელიას გაემარჯვა. დღეს პარტიაში გუნდებია გამოკვეთილი და თუ არჩევნები რეალური კონკურენციის ფარგლებში ჩატარდება, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი პარტიული პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით.

- ლევან ხაბეიშვილის უკან სააკაშვილის მხარდამჭერ ძალას მოიაზრებენ. როგორ ფიქრობთ, არჩევნებში მისი გამარჯვება უფრო გაამწვავებს პოლარიზაციას? ქუჩის აქციები, მწვავე პოლიტიკური პროცესები გველოდება?

- მელიამ განაცხადა, თუ სასამართლო სააკაშვილის მიმართ იმ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რისი იმედიც ენმ-ში აქვთ, ყველაფერი ძველებურად ვერ იქნებაო ანუ ფაქტობრივად, ქვეტექსტი იგივეა, რომ ქუჩის პროტესტი იქნება და ა.შ. ამ მიმართებაში, ვერ ვიტყვი, რომ ხაბეიშვილი მელიაზე უფრო აქტიური იქნება ქუჩის პროტესტში. ზოგადად, საინტერესოა, რატომ დაიწყო დაჩქარებული პროცესი არჩევნებისთვის და რატომ ცდილობს ხაბეიშვილის მხარე, რომ არჩევნები სწრაფად ჩაატაროს. მელიას მხარე კი პირიქით - ცდილობს, არჩევნებამდე დრო გააჭიანუროს. თუ გავითვალისწინებთ არა მხოლოდ სააკაშვილის მომხრეთა პოზიციას, არამედ, კლინიკა „ვივამედის“ მედპერსონალის განცხადებებსაც, რომ სააკაშვილი წონაში იკლებს, ამასთან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების განცხადებებს და პოზიციას, არ გამოვრიცხავ, ძალიან მალე გადაწყდეს სააკაშვილის სამკურნალოდ წაყვანა საზღვარგარეთ.

- ეს პოლიტიკურად რას შეცვლის?

- ეს შეცვლის ენმ-ის არჩევნების შედეგს. თუ არჩევნებამდე მოესწრება ეს, მაშინ ხაბეიშვილის გუნდს ხელიდან გამოეცლება მთავარი კოზირი, რომ მელიამ არაფერი გააკეთა სააკაშვილის დასახსნელად. თუ ეს მოხდა, გამოდის, რომ მელია და მისი გუნდი სწორად აფასებდნენ სიტუაციას და შედეგიც მიიღეს სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, რაც ხაბეიშვილის გუნდს მთავარ კოზირს გამოაცლის. თუ იმ თეზისს დავუბრუნდებით, რომ წესიერად ჩატარდება არჩევნები, მაშინ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის გათვალისწინებით, ერთი თვე მაინც ექნებათ საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. ასე რომ, იანვრის ბოლომდე, არჩევნების ჩატარება ფორმალობა იქნება.

- ბატონო ვახტანგ, ამ წლის მთავარ მოვლენად ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის გარშემო მიმდინარე პროცესიც უნდა დავასახელოთ. როგორ ფიქრობთ, ევროკავშირის დიდი ოჯახის კანდიდატი წევრის სტატუსს მომავალ წელს მივიღებთ?

- მგონია, რომ დასავლეთი აჩქარდა და შეცდა, რადგან ვფიქრობ, ჩვენთვისაც უნდა მოეცა ეს სტატუსი, მაგრამ დაგვიტოვეს სავალდებულო 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შეესრულებინა ხელისუფლებას. როდესაც ნახეს, რომ ვერ წარიმართა ყველაფერი ისე, როგორც წარმოედგინათ, კიდევ ერთი წელი დაგვიმატეს, რათა ჭკუაზე მოვიდეთ ჩვენ, ან რაღაც შეიცვალოს უკრაინაში, რომ შემდეგ უფრო ადვილად მიიღონ გადაწყვეტილება. მგონია, ოპოზიცია შეცდა, როცა თქვა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას ხელისუფლების მიერ შექმნილ კომისიებში. ხელისუფლება რასაც ახლა აკეთებს, ძალიან ჰგავს ქართულ ჟურნალისტიკას - სათაური გიზიდავს, მაგრამ ტექსტში ისეთი არაფერი წერია. დაახლოებით, ამ თამაშს თამაშობს „ქართული ოცნება“.

- ისე, სათაური უდიდეს როლს ასრულებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში და როგორც ჩანს, „ოცნებამ“ სწორი თამაში აირჩია...

- თუ ქვეყნის შიგნითაა საუბარი, სწორად თამაშობს, მაგრამ ვინც დაინტერესებულია და წერა-კითხვა იცის, კითხულობს კიდეც, რა დაწერეს 12-პუნქტიან გეგმაში. იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც „ოცნება“ აწარმოებს, ეს სწორი ნაბიჯია, რადგან დროის გაწელვას ცდილობენ. „ოცნებაც“ და ჩვენი პარტნიორებიც შეთანხმებულები არიან, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს მომავალი წლის დეკემბრამდე. როგორი იქნება შედეგი, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში.

- უკრაინის ომზე რა მოლოდინი გაქვთ?

- რამდენადაც ომის დასრულება უნდათ მხარეებს, ეს არც ისე ადვილია. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ომი გაგრძელდება, ვნახოთ, როგორ გადაიტანს ამ ზამთარს უკრაინა. ალბათ, გახსოვთ, ჩვენ უარეს დღეში ვიყავით, არც შუქი გვქონდა, არც - გაზი, არც - პური, მაგრამ გავუძელით, გადავიტანეთ. უკრაინა ამას გადაიტანს, მაგრამ მნიშვნელობა იმას აქვს, თუ როგორი იქნება დასავლეთის პოზიცია. დასავლეთში სერიოზულად აცნობიერებენ, რომ ახლა უკან დახევა და პუტინისთვის დათმობა ნიშნავს, ახალი ომის წამოწყებას. გათვლა იმაზე, რომ პუტინის ხელისუფლება შეიცვლება, ვერ იქნება შედეგის მომტანი, რადგან თუ ხელისუფლების ცვლილება იმავე რეჟიმში განხორციელდა, მნიშვნელობა არ აქვს, პუტინი იქნება თუ სხვა ვინმე. იმპერიული რუსეთი უნდა დამარცხდეს და ამას დასავლეთი ხედავს. თუ გავითვალისწინებთ, რა მასშტაბითაც ეხმარება დასავლეთი უკრაინას, ვფიქრობ, ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც უნდა დასრულდეს. ომი დამთავრდება არა მარტო უკრაინის გამარჯვებით, არამედ, რუსული იმპერიალიზმის დასრულებით.

 

თათია გოჩაძე

ნარკომანია რომ ჩვენი დროის და თაობის ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, ალბათ, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ნარკომანია არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს გადაუჭრელად პრობლემად იქცა და ნარკომომხმარებლების რიცხვი საგანგაშოდ იზრდება.

„ვერსია“ დაინტერესდა, ძირითადად რა ტიპის ნარკოტიკებს მოიხმარენ ადამიანები საქართველოში? რატომ ჭირს ნარკომომხმარებლებისთვის თავის დანებება? იკურნება თუ არა ნარკომანია? მარიხუანას მოხმარება ნიშმავს თუ არა ნარკოდამოკიდებულებას? 

 ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ნარკოლოგი მანანა კეჟევაძე:

_ქალბატონო მანანა, რასთან არის დაკავშირებული ნარკომომხმარებელთა რიცხვის გავრცელება საქართველოში  და რა სახის ნარკოტიკს მოიხმარენ ძირითადად?

_ნარკომანიის ასეთი გავრცელება ძალიან ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული. ყველა სახის ნარკოტიკს მოიხმარენ საქართველოში, სააფთიაქოსაც და მძიმე ჯგუფის ნარკოტიკებსაც.

_რატომ უჭირთ ნარკოტიკზე თავის დანებება და არის თუ არა შესაძლებელი სრულიად განკურნება?

_ნარკომანიის მკურნალობა არის აბსოლუტურად დამოკიდებული პაციენტის ნება-სურვილზე. რთული და ძნელი „გადასაგდებია“ იმიტომ, რომ ნარკოდამოკიდებულებას ახასიათბს არამარტო ფიზიკური ლტოლვა, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური ლტოლვაც. ამდენად, ამ დაავადების განკურნება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია და აბსოლუტურად არის დამოკიდებული პაციენტის ნება-სურვილზე. თუკი პაციენტს აქვს სურვილი, ერთხელ და სამუდამოდ დაანებოს თავი ნარკოტიკს, ამისთვის საჭიროა, ჩარიოს ექიმი და საჭიროა მისი ძალიან დიდი სურვილი.

_საინტერესოა, მარიხუანას მოხმარებაც ნარკომანიად ითვლება?

_მე როგორც ნარკოლოგი, ვთვლი, რომ მარიხუნას მოხმარებაც ნარკომანიაა და არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მარიხუანას მოხმარება გახდეს ლეგალიზებული.

ავტორი:სალომე ნოზაძე

ფემიციდი წარმოადგენს ძალადობის ერთ-ერთ ექსტრემალურ ფორმას, რომელიც არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ ქალის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულები განსხვავდებიან ცალკეულ სოციალურ და კულტურულ რეალობაში, ფემიციდი გლობალური მოვლენაა, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საგანგაშო ნიშნულს მიაღწია.

საგანგაშო მდგომარეობაა ფემიციდის კუთხით საქართველოში, თითქმის ყოველ კვირას ვიგებთ, რომ კლავენ ცოლებს, დებს, დედებს, ძალადობენ შვილებზე და მეგობარ ქალებზე.

2022 წლის 11 თვის განმავლობაში, საქართველოში 19 ქალი მოკლეს.2022 წლის 11 თვეში მოკლულ 19 ქალს შორის, ოჯახში დანაშაულისა და გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით 10 ქალი მოკლეს. არა ოჯახური ნიშნით - 9 ქალი.

2018-2022 წლებში საქართველოში მოკლეს ან სცადეს მოეკლათ 56 ქალი მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქალია და მისიღირსება დასაცავია“.

საზოგადოებაში ქალზე ძალადობა ტაბუდადებული თემაა და ამაზე საჯაროდ საუბარს ხშირ შემთხვევაში ერიდებიან. ამ თემაზე არ საუბრობს არც მსხვერპლი, არც მოძალადე და არც ძალადობას შემსწრე პირი. 

საზოგადოების ერთი ნაწილი ყურადღების მიღმა ტოვებს და არ რეაგირებს ძალადობაზე. ამას განაპირობებს ის შეხედულება, რომ "ოჯახური პრობლემები მხოლოდ ოჯახში უნდა მოგვარდეს და არ უნდა გავიდეს მის გარეთ". სწორედ ამგვარი მოსაზრებებით განმსჭვალული საზოგადოებაა მიზეზი იმისა, თუ რატომ იტანენ ქალები ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ თუ სექსუალურ ძალადობას მამაკაცისგან. ქალები თავიანთი "დუმილით" იცავენ ოჯახის სახელს, ღირსებას. ამ დროს მათ ორმაგი როლის შესრულება უხდებათ. პირველი ის, რომ მათ უნდა დაიცვან ოჯახის სახელი, მეორე ის, რომ უნდა აიტანონ ნებისმიერი სახის შეურაცხყოფა, ისინი ხომ "დამთმობი და ყველაფრის ამტანი არსებები არიან".

მიუხედავად ამგვარი სტერეოტიპული შეხედულებებისა, საზოგადოების მეორე ნაწილი პრობლემის სიმწვავეს მკვეთრად აღიქვმს და ძალადობას დაუსჯელს და შეუმჩნელს არ ტოვებს. ასევე , თანდათან იზრდება იმ მსხვერპლთა რიცხვი, რომლებიც აღარ ერიდებიან ამ პრობლემის გასაჯაროებას.

პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია ინფორმირებულობის, ცნობიერების დონის ამაღლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რათა ხალხმა გააცნობიეროს პრობლემის არსი. ძალადობის ფაქტების გასაჯაროება დაცინვისა და განსჯის თემა კი არ უნდა გახდეს, არამედ თითოეული მოქალაქე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს რომ პრობლემა არსებობს საზოგადოებაში და ამის მსხვერპლი დღეს თუ ხვალ შეიძლება თვითონ გახდეს.

 

* ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 116 006.


ავტორი-სალომე ნოზაძე

პრესბლოგი

 

 „რა გითხრათ, რით გაგახაროთ“ ანუ მოკლედ ყველაფერ იმაზე, რაც მოხდა

 

2022 ბოლოში გავიდა და, როგორც წესი, ამ დროს წლის მოვლენებს აჯამეენ ხოლმე. წელს ბევრი რამ მოხდა, შესაბამისად, 2022 მხოლოდ საქართველოსთვის კი არა, მსოფლიოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო - ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რუსეთი უკრაინაში შეჭრა ანუ წელს პუტინში სისხლის წყურვილი გაასმაგდა და კრემლის დიქტატორის ბინძურმა ვნებებმა უკრაინაში უამრავი უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც შეიწირა. ამ ფონზე, ცოტა ცინკურია ლავროვის ეჭვი, აი, აშშ პუტინის ლიკვიდაციას გეგმავსო. ზოგადად, ლავრს და, შესაბამისად, პუტინსაც ბევრი ეჭვი აქვთ და ალბათ, იმასაც ვარაუდობენ, რომ წევანდელმა წელმა რუსული არმიის უძლეველბის მითი მიწასთან გაასწორა, მაგრამ კრემლი ამას ხმამაღლა არასოდეს აღიარებს და „თავის დაძვრენას“ შეეცდება. თავის დასაძვრენად კი ათასგვარ ხრიკს გამოიყენებს, მათ შორის,ატომური იარაღის გამოყენებაზე მინიშნებასაც.

 

დიახ, ატიმური იარაღი პუტინის ბოლო იმედია, მაგრამ ყველა, ვინც ომის კანონებში კარგად ერკვევა, ერთხმად ამბობს, რომ ვლადიმერ ვლადიმერის ძე „პნოპკას“ თითს არ დააჭერს. რატომ? - ეს სხვა საუბრის თემაა. ფაქტი კი ისაა, რომ 2022-მა მსოფლიო პოლიტიკაში გარდამტეხი როლი შეასრულა ანუ ნათლად გამოჩნდა, რომ დედამიწა ახალი ჰიტლერის დაბადებას არ შეეგუება და ყველა ერთისთვის ისე იქნება, როგორც ერთი - ყველასთვის.

ამ ფონზე, ბუნებრივია, რომ ვოლმირ ზელენსკი მსოფლიოს გავლენიანმა გამოცემებმა წლის ადამიანად დაასახელეს. ასევე, ბაიდენმა აშშ-ში ჩასულ ზელენსკის უთხრა, რომ ის აშშ-ის წლის ადამიანიაცაა. უკრაინაც რომ წლის ქვეყანა გახდა, ცხადია, არც ეს არის გასაკვირი.

ასევე, ისიც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უპრობლემოდ მიიღო.

მართალია, ამ თემაზე განაცხადი საქართველომაც გააკეთა, მაგრამ ამჯერად, ბედმა არ გაგვიღიმა - ევროპამ გვითხრა, ჯერ პატარები ხართ, ცოტა წამოიზარდეთ, მოქცევის წესები ისწავლეთ და ჩემს კარზე მერე დააკაკუნეთო.

ხატოვანი საუბარი იქით იყოს და, გულწრფელები თუ ვიქნებით, კანდიდატობაზე უარის თქმაში ჩვენი წილი ბრალიც უნდა ვაღიაროთ, თუმცა აქ მხოლოდ რომელიმე ერთი მხარე - ხელისუფლება ან ოპოზიცია კი არა, მთლიანად პოლიტიკური ე.წ. ლიტაა დამნაშავე.

საერთოდ, ბოლო სამი ათეული წელია, ჩვენი პოლიტიკური ელიტა ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს.

დიახ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პოლიტელიტა გამოსაცვლელია ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, ხალხს ერთი და გივეადაიანების ყურება და მათგან ჭკუის სწავლება მობეზრდა. აი, ავიღოთ, თუნდაც ენმ-ს ე.წ. ლიდერები, მათ ხელში თაობები გაიზარდნენ. ისინი კი ხან ხელისუფებაში არიან („მოქკავშირიდან“ მოყოლებული), ხან - ოპოზიციაში და ორივე შემთხვევაში, თავი ისე უჭირავთ, თითქოს, ყველაზე ბრძენნი არიან და მათ გარეშე, ცაში ჩიტი შეწყვეტს ფრენას, მიწაზე კი ჭიანჭველაც აღარ ივლის.

არადა, ესეც, რუსეთის არმიის უძლეველობისა არ იყოს, მითია და მეტი არაფერი.

დიახ, ისიც მითი გახლდათ, ვენებს რომ იხსნიდნენ ვიღაცები, აი, ენმ-ზე შეკრული და იდეის გარშემო გაერთიანებული პარტია არ არსებობსო, თუმცა ბოლო მოვლენებმა ნათელყო, რომ ენმ დაშლის პირასაა.

ზოგადად, ბოლო ათ წელში, ერთ დროს მმართველი პარტია რდენჯ დაიშალა მარტივ მამრავლებად - ბოკერია წავიდა, გიორგი ვაშაძე წავიდა, ზურა ჯაფარიძე წავიდა...  

ახლა ენმ თავმჯდომარის არჩევნებისთვის ემზადება. ზოგი ამბობს, რომ ე.წ. პარტიული ბუნტი და მიხეილ სააკაშვილის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ერთმანეთან კავშირშია.

ამასთან, საუბარი იმაზეც მიდის, რომ სააკაშვილის საქართველოში „შემოპარვა“ ერთგვარი პოლიტიკური სპეცოპერაცია იყო, რომელსაც ბევრი მიზანი ჰქონდა, თუმცა ახლა, ასეთ მითქმა-მოთქმაზე აქცენტგაკეთება არ ღირს, თ ჩვენ 2022 წლის მოვლენებს ვაჯამებთ და არა - ენმ-ს შიდაპარტიულ ინტრიგებს.

ამასობაში კი, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი სასიკეთო ძვრებია.

ჩვენი გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს, ქვეყანაში გვაქვს არა თუ მშვიდობა და სტაბილურობა, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მაშინ, როცა კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროპაში არის ძალიან რთული ვითარება, მთელ მსოფლიოში არის ეკონომიკის შემცირება, რეცესია და რეალურად,ძალიან არაპროგნოზირებადი გარემოა შექმნილი დღეს მსოფლიოში. ამ ვითარებაში, ჩვენი პატარა, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო ინარჩუნებს მშვიდობას, კეთილდღეობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ერთი სიტყვით, როგორც იტყვიან, ორი სიტყვით,ასეთი იყო 2022 საქართველოსა და მსოფლიოსთვის და ისე, რაოდენ გასაკვირადაც უნდა მოგეჩვენოთ, ახლაც აქტუალურია ილიას უკვდავი - რა გითხრათ, რით გაგახაროთ“.

ჰო, ვერაფრით გაგახარებთ და ამიტომაც, მოდით, თვალი ისევ ილიას ამ უკვდავი ნააზრევიდან ამონარიდს გადაავლეთ:

„აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი… რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ, ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!“ წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: „მოვიდინ, დღეო სიხარულისაო!“ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?

ნუთუ, ისევე ძველებურადვე თავი უნდა დაგიკრათ და მოგახსენოთ: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა, ერთხელ ჩვენ თვითონაც თითი გავძრათ. ერთხელ ჩვენ თითონაც მივდგეთ-მოვდგეთ. წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ქმნას მარტო წყალობამ, თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თითონ ადამიანი არა ჰრწყავს, არა სხლავს, არა ჰფურჩქნის, არ უვლის, არ ჰპატრონობს. ღმერთმა, რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე. დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო. რა კაცობა გამოვიჩინეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ჩვენთვის ღმერთს არა დაუშავებია რა, არა დაუზოგვია რა, არა დაუკლია რა; თუ ქვეყანაზე ერთი-ორი კუთხეა იმისთანა, რომ კაცს ეთქმოდეს -ქრისტე ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქდაიბერტყაო, იმათში უკანასკნელი საქართველო არ არის. რაც ღვთის შემძლეობით არის და არა კაცისათი, ის ყველაფერი უკვე მოგვმადლა ღმერთმა. ხელთ გვიჭირავს ეს მშვენიერი ქვეყანა, რომლის მნახავთ შეუძლიათ, სამართლიანად სთქვან: „სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა“. ამ სამოთხე ქვეყანაში მარტო ქართველს უგუბდება სული, გული ელევა, ხორცი ადნებ... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

... არ ვიცით - რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ -რანი ვართ, ვერ გამოგვისახია - რანი ვიქნებით. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან - და შინ გადავიჩეხებით დედა-ბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოდა ვბზუით - „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“ და ამ ბზუილიდან არა გამოდისრა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის. ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, ფუტკრისგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცო ზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარა სთქვს: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

1897 წ. 31დეკემბერი

ავტორი-ნინო დოლიძე

 

ავტორი: ია გრიგალაშვილი

 

თურქეთში შოპინგი ბოლო რამდენიმე წელია საკმაოდ აქტუალური გახდა, მიუხედავად იმისა, რომ წლებია სტამბულიდან და სხვადასხვა ქალაქებიდან ქართველ ბიზნესმენებს, კერძოდ ბუტიკების და სხვადასხვა მაღაზიების მფლობელებს სარეალიზაციოდ ტანსაცმელი, საკვები თუ სხვადასხვა ნივთები ჩამოაქვთ, რიგითი მოქალაქეები თურქეთში, პირად საყიდლებზე საკმაოდ იშვიათად ან საერთოდ არ დადიოდნენ.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში საქართველოში ყველაფერი ძალიან გაძვირდა, მათ შორის ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი თურქეთში საშოპინგოდ დადის ან ონლაინ ვებ-გვერდებიდან იწერს ყველაფერს ესაა. მართლაც, იქ ბევრად იაფი და კარგი ხარისხის ტანსაცმლის შეძენა შეგიძლიათ. გარდა იმისა, რომ უცხო ქვეყნის დათვალიერება საინტერესო და ახალი გამოცდილებაა, როგორც ამბობენ სტამბოლი მართლაც არაჩვეულებრივი ადგილია საშოპინგოდ.  სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე  1 თვის წინ გამგზავრება. 5 დღიანი მოგზაურობიდან 3 დღე საყიდლებზე სიარულს დავუთმე, თითქმის ყველა ლოკაცია მოვიარე და ბევრ რამეში გავერკვიე. თუმცა, სტამბოლი უზარმაზარი ქალაქია, სადაც 15 მილიონამდე ადამიანი ცხოვრებს და საკმაოდ რთულია სწორად შეარჩიო ადგილები, სადაც კარგ ტანსაცმელს სასურველ ფასში შეიძენთ. როგორც ყველა ქვეყანაში, თავისთავად აქაც არის დაბალი, საშუალო და კარგი ხარისხის სამოსი. მთავარია განსაზღვროთ, რისი შეძენა გსურთ, რა ფასში, წინასწარ გაარკვიოთ თქვენი მისამართიდან სასურველ ლოკაციამდე როგორ მიხვიდეთ მარტივად და თუ შესაძლებელი იქნება ინტერნეტში მოიძიოთ სიახლეები ფასდაკლებებზე.

„ვერსია“ პირადი გამოცდილებით გაგიზიარებთ ინფორმაციას, თუ რა სიტუაციაა კონკრეტულ ლოკაციებზე და სად უნდა შეიძინოთ თქვენთვის სასურველი სამოსი სტამბოლში.

ლალელი და აქსარაი / laleli & aksaray

ლალელი-აქსარაი გვერდი-გვერდ მდებარე, თითქმის გაერთიანებული უბანია, აქ როგორც საცალო, ასევე,  საბითუმო(მინიმუმ 3-4 ერთნაირი) ტანსაცმელი იყიდება. მთავარია დრო გქონდეთ და ბევრ მაღაზიას ესტუმროთ, ასევე, გააჩნია კონკრეტულად რისი შეძენა გსურთ, რადგან ხშირად ქუჩების მიხედვითაა დაყოფილი სექციები, ამიტომ პირველად მისვლისას ბევრი იბნევა და წარმოდგენა ექმნებათ რომ აქ მხოლოდ ბითუმი/ ძვირიანი მაღაზიებია.

აღნიშნულ უბანში, თურქული წარმოების  ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარებია თავმოყრილი. ხარისხი საკმაოდ მაღალია და ცნობილი ბრენდებისგან განსხვავებით, სტილიც გამორჩეული. თუ გსურთ, ისეთი ტანსაცმელი შეიძინოთ, რომელიც ბევრ ადამიანს არ აცვია და კარგი ხარისხიცაა, ლალელე/აქსარაიში უნდა იშოპინგოთ. ფასები არც ისე დაბალია, თუმცა, იაფადაც ბევრ რამეს იპოვით. სადა მაისურები და სვიტერები ხარისხთან შედარებით ძვირი სულაც არ არის. რამდენიმე მაღაზიაში, თხლად ნაქსოვი და ნაჭრის ყელიანი სვიტერი 5-8 დოლარი ღირდა. ელასტიკები, საცვლების შეკვრა, საღამური და მსგავსი ჩასაცმელიც 5-10 დოლარამდე მერყეობდა. საკმაოდ მრავალფეროვანი პალტოების არჩევანი იყო, უმაღლესი ხარისხის მოსაცმელები შეგიძლია 80-100 დოლარად შეიძინოთ, რომლის მსგავსებიც საქართველოში 400 ლარიდან იწყება და 1000 ლარამდე ადის.

ბავშვის ტანსაცმელს რაც შეეხება, დაბლითა მხარესაა ანუ სანაპიროსკენ ქვედა ქუჩა მთლიანად ეთმობა ბავშვთა განყოფილებას და არის უამრავი არჩევანი.

საცალოდ რაიმეს შეძენა აქ შედარებით პრობლემურია, თუმცა, რა თქმა უნდა შესაძლებელი. ეს უბანი ძირითადად გათვლილი მათთვის ვისაც ბუტიკი აქვს ან ონლაინ მაღაზია და ამისთვის სურს რამდენიმე წყვილის შეძენა, ამიტომ ვაჭრობა ძირითადად დოლარშია , მაგრამ უმეტეს მაღაზიაში ლირასაც იღებენ.

სავაჭრო ცენტრები/მოლები

სტამბოლში უამრავი სავაჭრო ცენტრი ე.წ მოლია, ზოგი შედარებით პატრა, ზოგი ძალიან დიდი და მრავალფეროვანი, აქაც მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, რომელი ბრენდია თქვენთვის სასურველი და გამგზავრებამდე გადაამოწმოთ  არის თუ არა იმ მოლში, სადაც მიდიხართ, განსაკუთრებით, ეს აუთლეტებს ეხებათ. ზოგჯერ შესაძლოა, აუთლეტშიც კი არ დაგხვდეთ კარგი ფასდაკლება, სეზონს გააჩნია, ამიტომ ყველაფერი დააზუსტეთ ინტერნეტ სირცეში. მათთან ძირითადად წაროდგენილია ისეთი ბრენდები, როგორიცაა  Adidas, Nike, Polo, Levis, guess, peier cardin, ovs, lc Waikiki, penti და ა.შ , ამიტომ როგორც აღვნიშნე, პირველ რიგში, გადაამოწმეთ ბრენდები და არსებული ფასდაკლებები.

გთავაზობთ ცნობილი მოლების არასრულ ჩამონათვალს:

Cevahir Mall; Istanbul Mall; forum Istanbul; mall of Istanbul; akasya mall; Kanyon; Olivium outlet centr; Venezia mega outlet; airoport outlet centr; Viaport Asia outlet centr ; Armonipark Outlet centr; metropol.

თუ  აუთლეთ მოლში შოპინგი არ გსურთ და გინდათ წახვიდეთ ისეთ ბრენდულ მაღაზიებში, როგორიც არის Chanel, Gucci, Dior, Dolce&Gabana, Balenciaga და ა.შ., ესტუმრეთ Zorlu centr-ს და Istinye park-ს.

ტაქსიმი და ნიშანთაში/ Taxim & Nisantasi

თუ ლამაზ ქუჩებში სეირნობა და შოპინგი გიტაცებთ, Taxim - ის მოედანს და Nisantasi - ს უბანს გირჩევთ, აქ ძირითადად ბრენდული მაღაზიებია წარმოდგენილი, რომელთა მცირე ნაწილი საქართველოშიცაა. ფასი არც ისე განსხვავებული, გააჩნია რომელ სეზონს და ფასდაკლებას დაამთხვევთ, ჩვეულებრივ პერიოდში საშუალოდ 15-20 ლარითაა ნაკლები.

ქადიქოი/Kadıköy

Kadıköy-ს უბანში არის ძალიან ბევრი ბუტიკი, ფასებიც ნორმალური, ლალელთან შედარებით აქ სულ საცალო ვაჭრობაა. სვიტერების/მაისურების შეძენას ქართული ფულით 10 ლარიდან 40 ლარამდე შეძლებთ, თუმცა, ხარისხი და სტილი ლალელიში შედარებით უკეთესია. ქადიქოიში ნებსიმიერი ტრანსპორტით შეგიძლიათ მოხვედრა, ბორანით, მარმარას მეტროთი, ავტობუსით და მარშრუტიებიც მიდის ტაქსიმიდან, აუყვებით ტრამვაის გზას, ახვალთ ხარის ძეგლამდე და მიმდებარე რამდენი ქუჩა სულ მაღაზიებია.

სადგური, საიდანაც ბორანით ქადიქოიში გაემგზავრებით :

ქადიქოი/Kadıköy:

 

„მალე დაინახავთ, როგორ დადგება არმია, რომ ამ ქალს თავი მოაწონოს!“ _ გია ბუღაძის სკანდალური ინტერვიუ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი აღმასრულებელ ხელისუფლებაში ბრუნდება _ კულუარული ინფორმაციით, ის შესაძლოა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ახლადშექმნილი სამინისტროს პირველი პირი გახდეს. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორად იყოფა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა უწყება დამოუკიდებელ სამინისტროდ ყალიბდება... კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის შესაძლო დანიშვნას, „ვერსიასთან“ საუბრისას, მხატვარი გია ბუღაძე აფასებს:

_ სიმართლე რომ გითხრათ, ეს ამბავი ნაკლებად მაღელვებს.

_ რატომ?

_ 12 წელია, კულტურის სამინისტროში ფეხი არ შემიდგამს და მინისტრი ვინ იქნება, სულ არ მაინტერესებს...

_ შეიძლება, თუმცა თქვენი, როგორც კულტურის სფეროს წარმომადგენლის აზრი მნიშვნელოვანია. ჰოდა, ბატონო გია, რას ფიქრობთ, წულუკიანი როგორი მინისტრი იქნება?

_ ცუდი და ჩამოქცეული ქვეყნის კულტურის სიმბოლური მინისტრი იქნება.

_ თუ წულუკიანი ცუდი მინისტრი იქნება, თქვენი აზრით, ხელისუფლებამ რატომ გადაწყვიტა, რომ კულტურის მინისტრად სწორედ ის დანიშნოს?

_ კონტროლისთვის... მისთვის მთავრობაში ყოფნა უკეთესია, ვიდრე _ პარლამენტში, რადგან მინისტრობასაა მიჩვეული, თან ცენზურა გაძლიერდება...

_ ცენზურის რა გითხრათ, მაგრამ არ მგონია, წულუკიანი კულტურის სფეროს იცნობდეს _ იურისტია და მისი საქმიანობა აქამდე კულტურისგან შორს იყო...

_ ამასთან დაკავშირებით, ერთ რამეს გეტყვით: ვიცი, რომ თანამედროვე არტში რაღაცები იცის.

_ ეს საიდან იცით?

_ იქ, სადაც მუშაობდა, ჩემი ახლობლებიც მუშაობდნენ, სწავლობდნენ და ვიცი, რომ დადიოდა თანამედროვე ხელოვნების გალერეებში და აქციებს ესწრებოდა. ეს მის ახალგაზრდობაში ხდებოდა. ასე რომ, ეტყობა, გარკვეული ამბიცია აქვს, მაგრამ ეს სრულებითაც არაა საკმარისი, რომ სათავეში კულტურას ჩაუდგეს და პოლიტიკა წარმართოს. მით უმეტეს, რომ ეს სფერო საშინლად მიგდებულია და ათამაშებენ _ როცა სჭირდებათ, დაკეტავენ, შეაერთებენ, გადმოაერთებენ და ა.შ.
ზოგადად, ეს ხელისუფლება კულტურას აგდებულად და ზედაპირულად უყურებს. მოკლედ, ეს თეასთვის გაკეთებული სამინისტროა, მისი ამბიციების დასაკმაყოფილებლად და თუ ცენზურის საშუალებითაც გააკონტროლებენ, ეგეც არ აწყენთ.

_ კულტურის სამინისტროს მიმართ ასეთი დამოკიდებულება ნორმალურია?

_ კარგი იქნება, თუ ეკონომიკის ან თავდაცვის სამინისტროს შეუერთებენ და... არ გამიკვირდება.

_ თეა წულუკიანი საზოგადოებას თავს მკვახე გამონათქვამებით ამახსოვრებს. ასეთი ხისტი იმიჯის მქონე პოლიტიკოსი კულტურის მინისტრად ივარგებს?

_ თავიდანვე გითხარით, შეუფერებელია-მეთქი, ვიმეორებ: პირადად ჩემთვის, გია ბუღაძისთვის, სულერთია, ვინ იქნება კულტურის მინისტრი, ისედაც არ მაინტერესებს, რა იქნება ამ ბიუროკრატიულ სისტემაში იმიტომ, რომ არ ვენდობი, არ მომწონს, ვერ ვიგებ და ვერ ვხედავ, რა ფუნქცია აქვს. ახლა იქ დადგება მლიქვნელთა მთელი არმია, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, გული აგერევა, რომ შეხედავ და სულ მალე დაინახავთ, როგორ დადგება არმია, რომ თავი მოაწონოს ამ ქალს. ის კი ეცდება, რომ თავის ძალაუფლება მაქსიმალურად გამოიყენოს.
გარდა იმისა, რომ ეს სასაცილოა, ამაზრზენიცაა!

_ ისე, ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეუწყვიტა დაფინანსება კულტურის სფეროს ბევრ წარმომადგენელს... ამ ადამიანების პროტესტის „მოთოკვას“ ხომ არ ეცდება წულუკიანი?

_ რითი უნდა მოთოკოს, დაფინანსებას მისცემს, თუ უფრო მეტად აქცევს მონებად? ისინი სჭირდებოდა ბიძინას, თან მწერლებზე, მსახიობებსა და მომღერლებზე ანუ ძირითადად იმ ადამიანებზე იყო საუბარი, რომლებიც ჩანან, თორემ იქ არ ყოფილა არც ერთი მხატვარი, გარდა რუსიკო ფეტვიაშვილისა, როგორც მახსოვს. ისეთი პირები იყვნენ, რომლებიც ჩანან იმიტომ, რომ მას სჭირდებოდა პოლიტიკური დივიდენდები და ემზადებოდა იმ საქმის „შესასრულებლად“, რომელიც „შეასრულა“. ეს იყო ინვესტიცია იმ პოლიტიკური დავალებისთვის, რომელიც მას უნდა შეესრულებინა ჩრდილოელი „ბატონის“ დავალებით.

_ ახლა თუ შეუწყდათ ეს დაფინანსება, მოვლენები როგორ განვითარდება?

_ არც არაფერი, წავიდნენ უკვე ისინი, უმეტესობა ჩემზე უფროსი თაობის ადამიანები იყვნენ. მათ კი არა, როგორც ინფორმაცია მაქვს, რამდენიმე აქტიურ პარლამენტარსაც შეუწყვიტა დაფინანსება, რომელსაც ოფიციალურ ხელფასთან შედარებით, სამჯერ და ოთხჯერ მეტს უხდიდა. მათი ხელფასების ეს დანამატი დააკისრა იმ ბიზნესმენებს, რომლებიც მაჟორიტარული სიით, სამადლოდ შეიყვანა პარლამენტში. რეალურად, კორუფციული აღებ-მიცემობის „ჯიგრულ პონტში“ ვართ, რომელშიც ამ ქვეყანას მომავალი არ ექნება და ვიქნებით მაჩანჩალა!
კულტურაზე ასეთ დამოკიდებულებას მე კი ირონიით ვუყურებ, მაგრამ ეს მწარე ირონიაა!
კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ: 12 წელია, კულტურის სამინისტროსკენ არც გამიხედავს და არც ვაპირებ, გავიხედო, თუმცა ისიც კარგად ვიცი, როგორია ხელოვან ადამიანთა მდგომარეობა და... ნახავთ, როგორ დადგება მლიქვნელთა რიგები...

_ ისე, პეტიცია შეიქმნა და დიდი პროტესტი გამოიწვია ამ საკითხმა. ელოდებით, რომ ამ ფონზე, წულუკიანმა მინისტრობაზე უარი თქვას?

_ არაა გამორიცხული, მაგრამ უკან ამათ გამო კი არ დაიხევს, არამედ, იმ ევროპელი, საქართველოზე მომუშავე ადამიანების რეაქციის გამო, რადგან, ფაქტობრივად, თავი მოიჭრა, შეირცხვინა...

_ ნიკა გვარამიას ნომრის გამოქვეყნებას გულისხმობთ?

_ დიახ, რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელი ზეუკულტურობის გამოვლენაა, რაც მისგან არ გამკვირვებია. პირადად მე, მასთან არაფერი მაინტერესებს, არც არაფერი მიმიღია და არც ვაპირებ, მაგრამ მეცოდება ეს ქვეყანა, მეტი არაფერი.
მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე კანდიდატურას განიხილავდნენ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე. საუბარი იყო გოგა ხაინდრავაზე, ნუკრი ქანთარიასა და ელისო ბოლქვაძეზეც, თუმცა გამოკვეთილი ლიდერი წულუკიანია. თავად განსაზღვრეთ, რომელი, რომელს სჯობს... ეს კიდევ ერთი ნიშანია, რა დღეშია ქვეყანა!

 

 საარჩევნოდ პოლიტიკურ ავანსცენაზე, ახალ სახეებთან ერთად, კარგად ნაცნობი ,,ფეისებიც’‘ ჩნდებიან. ასე, მაგალითად, პატრიოტთა ალიანსის პროპორციული სიის ოცეულში ადა მარშანია ვერა, მაგრამ სამაგიეროდ, ჯემალ სეფიაშვილის ,,ჩემი ცისანა’‘ ანუ ცისანა სეფიაშვილი მოხვდა. პარტიის სიის მე-6 ნომერი კი ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი სახალხო დამცველი, ნანა დევდარიანია. რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება? _ ამას ნანა დევდარიანთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

_ ქალბატონო ნანა, პოლიტიკაში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ, ან არჩევანი პატრიოტთა ალიანსზე რატომ გააკეთეთ? 

_ სიმართლე გითხრათ, პოლიტიკას მოწყვეტილი არასდროს ვიყავი. მართალია, ბოლო წლებში უფრო პოლიტოლოგიური კვლევებით ვარ დაკავებული, მაგრამ ეს საქმიანობა პოლიტიკურ პროცესებთან ახლოსაა. 

რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს, ჩემთვის არათუ სრულიად მისაღებია, არამედ, წლებია, ვწერ და ვლაპარაკობ, რომ საქართველო ვერ გამთლიანდება, თუ აფხაზებთან, ოსებსა და რუსებთან პირდაპირი დიალოგი არ იქნება. ამასთან, ჩემთვის სრულიად მისაღებია საქართველოს ნეიტრალიტეტი. ამდენად, ალიანსის მიერ წინ წამოწეული ეს თემები ჩემთვის ორგანულია. 

ამას გარდა, სოციალური და ეროვნული პლატფორმა, რომელზეც ალიანსი დგას, ჩემ მსოფლმხედველობას მთლიანად ეთანხმება. 

_ ბოლო დროს, პატრიოტთა ალიანსს რამდენიმე სკანდალი დაუკავშირდა, მათ შორის, აფხაზეთში ხატის გადაბრძანება, რუსეთისგან დაფინანსების საკითხი და ა.შ. ყველაფერი ეს, თქვენი პარტიის საარჩევნო შედეგზე როგორ იმოქმედებს? 

_ უკვე იმოქმედა, ოღონდ დადებითი კუთხით. ეს თავდასხმები, როგორც მმართველი ძალისგან, ისე ე.წ. ოპოზიციისგან, შიშითაა განპირობებული. დახურული კვლევები აქვთ და იციან, რომ ,,პატრიოტთა ალიანსის’‘ რეიტინგი ძალიან მაღალია, რასაც პოლიტიკური მოწინააღმდეგის შიში მოჰყვება, მაგრამ ადამიანები ყველაფერს ხედავენ. 

ხომ იცით, ჩვენი მოძმე სომეხი ხალხი, თავისი მენტალიტეტით, როგორია _ რომელიმე სომეხს მსგავსი ნაბიჯი რომ გადაედგა, აფხაზეთში ხატის წაბრძანებას ვგულისხმობ, ამას მთელი სომხეთი აღტაცებით შეხვდებოდა, ჩვენთან კი პირუკუ ეფექტი ჰქონდა. ეს პოლიტიკური შურიანობაა და სხვა არაფერი, თუმცა ასეთი თავდასხმები ჩვენ გარშემო, სულ უფრო მეტი ადამიანის მობილიზებას ახდენს. 

_ შეიძლება, მაგრამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ფარულად გადასვლა ნორმალურად მიგაჩნიათ ანუ სანამ ინფორმაციამ მედიაში არ გაჟონა, ამაზე პატრიოტთა ალიანსმა არაფერი თქვა... 

_ საკითხს ასე უნდა შევხედოთ _ ოკუპაცია დროებითი მოვლენაა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის და პატრიოტთა ალიანსისთვის ასეა. 

გარდა ამისა, ჩვენ კი არ უნდა ვიძახოთ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია, არამედ, ეს იმ ხალხმა უნდა თქვას. 

ისინი ძალიან ბრაზობენ, როცა ეუბნები, უთავმოყვარეო ხარ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობო. დიალოგი ასე არ გამოვა, თორემ თუ საქმეს უშველის, დილას, შუა დღესა და საღამოს, სულ ოკუპაციაზე ვილაპარაკებ. 

როცა ის ადამიანები გაკრიტიკებენ, რომლებსაც ოკუპაციასთან ბრძოლა შარვლის ჩახდა და საჯდომის მიშვერა ჰგონიათ, ვფიქრობ, ეს ფაქტი მათზე ნათლად მეტყველებს. 

რაც შეეხება რუსული ფულის საკითხს, ასეთ ,,ფეიკებს’‘ ის ხალხი ქმნის, რომლებსაც 1995 წლიდან, არჩევნები არ გამოუტოვებიათ, რომ რუსული ფული არ ჰქონოდათ და რუსი პიარტექნოლოგები არ ჰყოლოდათ. 

_ ვის გულისხმობთ? 

_ ყოფილ მოქალაქეთა კავშირს, რომელიც მერე ნაციონალური მოძრაობა გახდა. არსებობს რუსი პოლიტტექნოლოგების ინტერვიუები, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, ჩვენ ვეხმარებოდით ჟვანიასა და ბურჯანაძეს, მაგრამ საბოლოოდ, სააკაშვილმა იმარჯვა და ყველაფერი ეს, მიიწერაო. 

_ კი, მაგრამ რატომ უნდა სჭირდებოდეს ნაციონალურ მოძრაობას, პატრიოტთა ალიანსის მიმართ, ასეთი ,,ფეიკების’‘ გამოგონება? 

- იციან რეალური რეიტინგები და უნდათ, კონკურენტი დააზარალონ, ისეთი რამ მოიგონეს, რაც იუმორის სფეროსაც კი სცდება. 

ერთ ექსკლუზივს გაგიმხელთ ,,საიდუმლოდ’‘ _ პუტინი ფულს კი არ გვაძლევს, უბრალოდ, შესაბამის ქაღალდს გზავნის ფოსტით და მერე, ჩვენ ფერად პრინტერზე ამოგვაქვს დოლარები! მოკლედ, ყველაფერი ეს, სრული იდიოტიზმია! 

შემთხვევით, ეს ის ძალები ხომ არ არიან, რომელთა წარმომადგენლებიც საზღვარზე დააკავეს, მილიონი დოლარი ,,ქეშად’‘ რომ გადმოჰქონდათ? და კიდევ უამრავი რაღაც, რაც არ ჩანს, თორემ ამდენი ტელევიზიის შენახვას ეხუმრებით?! 

_ ისე, რადგან ,,ფეიკებზე’‘ ვსაუბრობთ, როგორ გგონიათ, იმოქმედებს საარჩევნოდ მიღებული ქცევის კოდექსი, რომელსაც ხელი ,,ოცნებამაც’‘ მოაწერა და ოპოზიციამაც? 

_ ქაღალდზე ყველაფრის დაწერა შეიძლება, მაგრამ ყველაფერი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში გამოჩნდება. ბინძურ ტექნოლოგიებზე ნაციონალური მოძრაობა უარს არ იტყვის. ,,ოცნება’‘ ასე არ იქცევა ხოლმე _ ერიდება ნეგატიურ პიარს, მაგრამ იქაც არის ფრთა, მაგალითად, კობახიძე-მდინარაძე, რომელიც, დაახლოებით, ამ ხელწერით მოქმედებს. ისე, დოკუმენტი რომ შეიქმნა, ამაში ცუდი არაფერია. 

_ ქალბატონო ნანა, NDI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59%-მა არ იცის, რომელ პარტიას აძლევს ხმას. ეს როგორ იმოქმედებს ოპოზიციური პარტიების საარჩევნო შედეგზე? 

_ საერთოდ, ადამიანები არჩევანს ბოლო დღეებში აკეთებენ. საუბარი იმაზეა, თუ ვინ შეძლებს ამ ხმების თავისკენ მიზიდვას. სასურველია, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლიდან ყველამ ხმა პატრიოტთა ალიანსს მისცეს, მაგრამ NDI-ს რომელიმე კვლევის შედეგი, რომელიმე არჩევნების შედეგს ერთხელ მაინც დაემთხვა? _ არც ერთხელ! ამ კვლევებს ერთ-ერთ პარტიასთან მკვეთრად აფილირებული ორგანიზაცია ატარებს და როგორ ვენდო? 

_ არჩევნების შემდეგ, რომელ პარტიასთან აპირებთ კოალიციურ რეჟიმში თანამშრომლობას და რომელთან _ არა? 

_ ძალიან მიკვირს, როცა ,,ოცნებისა’‘ და ,,ნაციონალების’‘ ორივე ფრთის წარმომადგენლები კატეგორიულად აცხადებენ, არ ვითანამშრომლებთ პატრიოტთა ალიანსთან და არ შევქმნით კოალიციასო. 

ჯერ არჩევნების შედეგები უნდა დაიდოს, წინასწარ ამაზე ლაპარაკი უაზრობაა. ჯერ გადახტნენ და მერე ,,ჰოპლა’‘ დაიძახონ. 

ერთი რამ შემიძლია გითხრათ: პატრიოტთა ალიანსი არასოდეს ითანამშრომლებს ნაციონალური მოძრაობის ორ დანაყოფთან, დანარჩენს არჩევნები გვაჩვენებს.

თათია გოჩაძე

Ecumenical whip delivered motives expanding involving loyalty. Africa hungry males attending john's sighed reaching. Lucky rigid thrown thursday seized soldier ethical. Morality