ბირთვული აფეთქება თუ ევროპის გაყინვა - როგორ აშანტაჟებს პუტინი დასავლეთს

ბლოგი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კრემლის დიქტატორი ფსიქიკური შეშლილობის ზღვარზეა. ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა ფსიქიკური შეშლილობაა, აბა, რა ჯანდაბაა?! ზოგადად, იმაზე, რომ პუტინს ფსიქიკური პრობლემები აქვს, ბევრი ანალიტიკოსი მიანიშნებს. ახლა კი ეს მენტალური აშლილობა, როგორც ჩანს, პიკშია - კრემლსა და მსოფლიოში მის მიმდევრებს ეგონათ, რომ ძლევამოსილი რუსული არმია უკრაინას ორ დღეში დააჩოქებდა, მაგრამ ნახევარ წელზე მეტია, რუსები წელში წყდებიან, არაქათი ეცლებათ, უკრიანელები კი ოკუპირებულ ტერიტორიას დღითიდღე ათავისუფლებენ.

 

ომის დამთავრებას ჯერ არ პროგნოზირებენ, მაგრამ თუ იგივე ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ცნობებს დავუჯერებთ, უკრაინელები კონტრშეტევას გააგრძლებენ და რუსული არმიის უძლეველობის მითს საბოლოოდ დაასამარებენ. ამ ფონზე, პუტინი, შესაძლოა, იძულებული გახდეს, რომ საკუთარი ღირსება ბირთვული იარაღით დაიცვას. სხვათა შორის, მედვედევმა თქვა კიდეც, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბარი ბლეფი არ არის. თავად პუტინმა კი „სტრახოვკა“ იმით გაიკეთა, რომ ათეულობით წლის წინ, აშშ-ის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება გაიხსენა.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის დროს, კიდევ ერთხელ გააჟღერა ბირთვული მუქარა და ხაზი გაუსვა, რომ ატომური ბომბის გამოყენების პრეცენდენტი უკვე არსებობს.

სიტყვით გამოსვლის დროს, პუტინმა ისაუბრა დასავლური სახელმწიფოების ათწლეულებისა და ასწლეულების წინანდელ პოლიტიკაზე, მათ შორის, აშშ-ზეც და ახსენა, რომ ამ უკანასკნელმა ბირთვული იარაღი ორჯერ გამოიყენა იაპონიის წინააღმდეგ - ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის დროს.

„სხვათა შორის, პრეცენდენტი შექმნეს“, - ხაზი გაუსვა პუტინმა.

აქამდე, 21 სექტემბერს, როდესაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მან თქვა, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში, არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ეს ბლეფი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობს, „უნდა იცოდნენ, რომ ქარმა, შესაძლოა, მათი მიმართულებით იცვალოს პირი“.

ამას გარდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ“, - ვკითხულობთ ქართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ მოკლე ინფორმაციაში.

ყოველივე ზემოთქმული აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პუტინი საბოლოოდ შეიშლება და შესაძლოა, ბირთვული იარაღის გამოყენების ღილაკს თითი დააჭიროს, თუმცა მანამდე ევროპას გაზი გადაუკეტა ანუ ცდილობს, დასავლეთი ამით დააშანტაჟოს და უკრაინის დახმარებაზე უარი ათქმევინოს.

ამ თემაზე, ევროპული გავლენიანი გამოცემები ბევრს წერენ. Foreign Policy-ის მიხედვით:

„ევროპა, გათბობის სეზონის დაწყების წინ, ყველაზე სერიოზული ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მართალია, ევროკომისიამ ევროპის ახალი ენერგეტიკული პროგრამა შეიმუშავა (რომელიც მოიცავს, როგორც ფასების მატების შეზღუდვას, ასევე, სუბსიდიებს მომხმარებლებისთვის და ელექტროენერგიის ეკონომიას), მაგრამ ეს ზომები მაინცდამაინც ძალიან არ განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რის გამოც კონტინენტი ამ ენერგეტიკული ქაოსის ეპიცენტრში აღმოჩნდა“.

ისე,  ევროპაში, გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასების მკვეთრი რყევა წინა წლებშიც იყო. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ, ევროპელმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ კურსი არ შეცვალონ.

ჯერ კიდევ, 2022 წლის 7 სექტემბერს, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რუსეთი მზადაა, სრულად შეასრულოს თავისი სახელშეკრულებო ვალდებულებებიო, თუმცა იქვე დაამატა, რომ არ დაემორჩილება ზეწოლას და მისთვის არახელსაყრელ პირობებს.

„ზეწოლის შემთხვევაში, რუსეთი უარს იტყვის ენერგორესურსების მიწოდებაზე, - განაცხადა პუტინმა, - არაფერს არ მივაწვდით: არც ნავთობს, არც ნახშირს, არც მაზუთს და არც არაფერს. ერთი რუსული ზღაპარი გამახსენდა, სადაც მელია მგელს ურჩევს, რომ ზამთარში კუდით მდინარეში თევზი დაიჭიროს. თვითონ კი გვერდზე მიუჯდება და იმეორებს: „გაიყინე, გაიყინე მგლის კუდო“. თუ ევროპელები ამ გზით წავლენ, ისინი საკუთარ თავს, სწორედ ასე იგრძნობენ“, - წერს Foreign Policy-ი.

ამავე გამოცემის ვრცელ სტატიაში ნათქვამია:

„ევროკავშირი გაზის მწვავე დეფიციტს განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ მის ირგვლივ ბუნებრივი გაზის უდიდესი ექსპორტიორები არიან და მათ შორის არა მარტო რუსეთია, არამედ, ჩრდილოეთ აფრიკა, ცენტრალური აზია და სხვა რეგიონები. ევროკავშირს შეეძლო, საიმედოდ ეგრძნო თავი გაზით უზრუნველყოფის საკითხში, ნორმალური ფასებით, მაგრამ ახლა ის გაზის საბაზრო ფასებზეა დამოკიდებული. დღესაც კი, როცა ევროკავშირის ემისრები მსოფლიოში გაზის საძებრად დადიან, ისინი მაინც უარს ამბობენ გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებაზე. აი, სულ ახალი ფაქტი: ამას წინათ, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაზის საყიდლად იმყოფებოდა, მაგრამ ბერლინში მხოლოდ ერთადერთი, თხევად გაზმზიდი ტანკერის კონტრაქტით დაბრუნდა. არადა, მას შეეძლო, საკუთარი ქვეყანა გაზით ხანგრძლივად უზრუნველეყო. გამოდის, რომ ევროპა თავისივე პოლიტიკის მძევლად იქცა.

„ჩრდილოეთის ნაკადი“ - რუსეთიდან ევროპისკენ მიმავალი მთავარი გაზსადენი, რომელიც ევროკავშირის წინააღმდეგ, კრემლის ენერგეტიკული ომის მთავარი იარაღი იყო, მწყობრიდან გამოიყვანეს ძალიან დიდი ხნით (თუ სამუდამოდ არა). სამი გაჟონვა, ორი - დანიის ზონაში და ერთი - შვედეთის ზონაში აღმოაჩინეს ამ კვირის დასაწყისში, ორ მთავარ წყალქვეშა გაზსადენში, რომლებიც ბუნებრივი აირის ევროპისთვის მისაწოდებლად გაიყვანეს. სავარაუდო აფეთქებების დროს, არცერთი მილსადენი არ მოქმედებდა, მაგრამ ისინი სავსე იყო გაზით, რომელიც 26 სექტემბრის ავარიის შემდეგ, ზღვაში ჩაედინებოდა. ნატომ და ევროკავშირმა გაჟონვა საბოტაჟად შეაფასეს.

გაზსადენები, რომელთა მშენებლობაზეც რუსეთმა მილიარდები დახარჯა, ბალტიის ზღვაში 100 მეტრამდე სიღრმეშია გაყვანილი. ამ წყალქვეშა არტერიებით რუსეთს გაზი ევროპისთვის უნდა მიეცა. „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ ექსპლუატაციაში 2011 წელს შევიდა, მაგრამ დივერსიის მომენტში ტრანსპორტირება შეჩერებული იყო“.

„… ეს ინციდენტები შემთხვევითობა არ არის. ის ინფორმაცია, რომელიც ამ დრომდე გვაქვს, მიუთითებს, რომ ეს წინასწარგანზრახული დივერსიაა, წინასწარი განზრახვით მიყენებული ზიანი“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა, 28 სექტემბერს.

ნავთობისა და გაზის ანალიტიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე მიხაილ კრუტიხინი ამბობს, რომ რუსეთს ევროპის გაზით მომარაგებისთვის, „ჩრდილოეთის ნაკადისა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გარდა, ასევე, აქვს სხვა მილსადენები, რომელთა ექსპლუატაციის რეჟიმი თვალსაჩინოს ხდის რუსეთის ენერგეტიკული ომის ტაქტიკასა და სტრატეგიას.

ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ პუტინის მოლოდინის მიუხედავად, არ გაიყინებიან, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბევრი რამ გაკეთდა რუსეთზე ენერგოდამოკიდუბულების დასაძლევად. კერძოდ:

ნორვეგია, მთავარი იმედი - ნორვეგია ევროპასა და, მათ შორის, გერმანიას აწვდის ნავთობისა და გაზის რეკორდულ მოცულობებს. გერმანიისთვის ნორვეგია, ამჟამად, გაზის სიდიდით პირველი მიმწოდებელია. მასზე მოდის გერმანიის ბუნებრივ აირზე მოთხოვნილების 30%-ზე მეტი. ნორვეგიამ მნიშვნელოვნად გაზარდა გაზის ექსპორტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და ამით ჩაანაცვალა გაზის იმპორტის ნაწილი რუსეთიდან.

ასევე, წელს, იტალიამ, საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ალჟირთან, 25 წლის ვადით ნახშირწყალბადების ერთობლივ მოპოვებაზე. ალჟირი იტალიას 4 მილიარდი კუბური მეტრით მეტ გაზს მიაწვდის (ჯამში, 21 მილიარდ კუბურ მეტრს წელიწადში). იტალიამ, ასევე, წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები ანგოლასა და კონგოს რესპუბლიკასთან თხევადი გაზის შესყიდვაზე.

იმავდროულად, პოლონეთი სრულად გათავისუფლდა რუსული გაზისგან - პოლონეთი, რომელსაც რუსეთმა შეუწყვიტა გაზის მიწოდება, მის ნაცვლად, საჭირო 10 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს Baltic Pipe-ის გაზსადენით, ნორვეგიიდან, დანიის გავლით. ამ გაზსადენის ყველაზე რთული - ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვების ფსკერზე გამავალი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა 2021 წელს...

 

ნინო დოლიძე