ვინ არის და როგორ უნდა ამოვიცნოთ ტროლი

ბლოგი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინტერნეტი - ვირტუალური სამყარო გვაძლევს საშუალებას, ნებისმიერ დროსა და  მომენტში, გავარცელოთ და მივიღოთ სხვადასხვა ინფორმაცია. დროთა განმავლობაში, სოციალურ ქსელს „ფეისბუქი“ უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს. შესაბამისად იზრდება არასწორი, გადაუწმებელი ინფორმაციის გავრცელების საფრთხე, რასაც შესანიშნავად ახერხებენ ამ ბოლო პერიოდში მომრავლებული ტროლები.

ტროლი - აღნიშნავს ადამიანს, რომელიც ინტერნეტის საშუალებით, სოციალურ ქსელებში, ყალბ საიტებზე, ფორუმებსა და ბლოგებზე ავრცელებს პროვოკაციულ ინფორმაციას. ისინი ხშირ შემთხვევაში არა პირად, არამედ დამქირავებლის შეკვეთილ მოსაზრებებს ავრეცელებენ. აქტუალობიდან გამომდინარე, მიხვდნენ თუ რამხელა ზეგავლენა აქვს ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას ადამიანებზე, ამიტომ ტროლების პოტენციალიც კარგად გამოიკვეთა და მათი „გამოყენებაც“ აქტიურად დაიწყეს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ტროლების ორგანიზაციები და „ქარხნებიც“ კი მოქმედებს.

ტროლები შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ: 1) ადამიანები, რომლებსაც სავარაუდოდ ფსიქოლოგიური პრობლემა ან რაიმე კონკრეტული მიზანი აქვთ და თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე ყალბ გვერდებს ქმნიან. 2) დაქირავებული ტროლები ანუ ისინი, ვინც სხვებს ემსახურებიან. ისინი ძირითადად პოლიტიკური, ნაციონალური და რელიგიური იდეების გარშემო მართავენ დისკუსიებს და ხალხს ერთმანეთს უპირისპირებენ. საქართველოში ტროლების მეორე კატეგორიაა გავრცელებული, თუ დააკვირდებით ისინი ძირითადად პოლიტიკურად ანგაჟირებულნი არიან. სავარაუდოდ, ჩვენ ქვეყანაში, ყველაზე მასშტაბური ტროლების შემოტევა, ჩვენი მეზობელი ჩრდილოეთის დაკვეთით ხდება. ისინი ამ გზით ცდილობენ გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე და ანტიდასავლური შეხედულებები გაავრცელონ.

2019 წელს „ფეისბუქის“ დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი საჯაროდ გამოვიდა და განცხადა, რომ ფეისბუქმა რუსეთიდან მართული ასობით გვერდი და ყალბი ანგარიში გააუქმა. ტროლების კომენტარები ძირითადად, აბსურდული, ნაკლებად არგუმენტი¬რებული, არაკომპეტენტური ან შეურაცხმყოფელია. ისინი ისეთ ტექსტებს წერენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიწვიონ და აგრესია გააღვივონ. თუ ტროლი სხვისი დაკვეთით მუშაობს და ამაში ანაზღაურებას იღებს, ის ორმაგად აქტიურია, ვიდრე სხვა კატეგორიის ტროლები. ის განუწყვეტლივ ავრცელებს მისი ხელმძღვანელის მიერ დავალებულ მესიჯებს, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს მისი გზავნილები და, ასე ვთქვათ, შექება დაიმსახუროს. ტროლები სხვების დისკრედიტაციას ზოგჯერ იუმორითაც ცდილობენ, მათ სურთ, ისე გაუფასურდეს რაიმე საკითხსა თუ ადამიანზე მსჯელობა, რომ ისინი დაცინვის საგანი გახადოს. ამ დროს იყენებნ ე.წ. მიმებს, ქოუბებსა და ციტატებს. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ეს ციტატა ვინ გაავრცელა, ჭორია, სიმართლე თუ ნახევრად სიმართლე, ისინი ამ ყველაფერს თავიანთ სასარგებლოდ და საკმაოდ მოხერხებულად იყენებენ.


ტროლები ზოგჯერ არ არიან არც პოლიტიკურად და არც რაიმე სხვა იდეებით ანგაჟირებულნი. ამ კატეგორიაში მოისაზრება ისინი ვინც ხალხის მოტყუებით ცდილობს ფულის გამომუშავებას. სოციალურ ქსელში ბევრ ყალბ რეკლამას ნახავთ, სადაც შეიძლება ერთი დაკლიკებით თქვენი პირადი-ქონებრივი ინფორმაცია მოიპოვონ, მოახდინონ თქვენ საბანკო ბარათებზე წვდომა და მათი მსხვერპლი წამებში გახდეთ. ფულის გამომმუშავებელ ტროლთა მეორე კატეგორია, ყალბი ანგარიშებით ავრცელებნ მოწოდებებს, რომ ძალიან უჭირთ მატერიალურად და ესაჭიროებათ ხალხის დახმარება. ისინი ძირითადად ბავშვებით ან მოხუცებით მანიპულირებენ. ბევრი ამ ყველაფერს იჯერებს და მას თანხას ურიცხავს. სინამდვილეში კი მათი ისტორია შეიძლება უბრალოდ შეთხზულია და ის თაღლითური გზით ცდილობს ფულის შოვნას.


დაქირავებული ტროლები მხოლოდ ყალბი ანგარიშების შექმნასა და კომენტარების დატოვებას არ სჯერდებიან. ისინი ქმნიან ყალბ მედიაპორტალებს ან ფეისბუქ გვერდებს. აქვეყნებენ ყალბ სტატიებს და წყაროდ ერთმანეთის სახელებს უთითებენ, ანუ ასეთი ყალბი მედია პორტალი რამოდენიმე აქვთ. როგორც წესი, მათი სტატიები გამოირჩევა პროვოკაციული სათაურებით, რომლებიც ადამიანების უმეტესობას აინტერესებს ან შეიძლება სულაც არ აინტერესებს, თუმცა იმდენად სკანდალური სათაური აქვს, რომ ინტერესდება. მსგავსი ყალბი მედიაპორტალების ამოცნობა შეიძლება ითქვას მარტივიცაა. თუ მათ გვერდს გახსნით, ნახავთ, რომ ძირითადად ერთიდაიგივე თემებზე აქვთ აქცენტები, წერენ არაპროფესიონალურად და ქუჩური ტერმინებით. მათი ციტატებისა და ინფორმაციის წყარო სრულიად უცნობი ადამიანები არიან, რომელთა შეთხზული ამბებიც ჭორებთან ასოცირდება.

ტროლები და მათი დამქირავებლები მსოფლიოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ. საქართველოში მათი მსხვერპლი ძირითადად ფეისბუქის მომხმარებლები არიან, რადგან ყველაზე აქტიურად მაინც ეს სოციალური ქსელი გამოიყენება. ქართულ ინტერნეთსივრცეში ტროლინგის უამრავი მაგალითი მოიპოვება. უმეტეს შემთხევაში, პოლიტიკურად ანგაჟურებულები არიან და სამთავრობო ინიციატივებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ცდილობენ. დღის მანძილზე შეიძლება უამრავ ტროლს გადააწყდეთ, რომელიც ჩვეულებრივ პიროვნებად მოგეჩვენოთ და ვერც კი მიხვდეთ მისი შეფარული იდეების შესახებ, ამიტომ აუცილებელია დაახლოებით მაინც ვიცოდეთ როგორ ამოვიცნოთ ისინი.
1.Webmii.com - ინტერნეტში ამა თუ იმ პიროვნებაზე არსებულ ინფორმაციას ეძებს. ეს შეიძლება მოიცავდეს სოციალურ ქსელებში ამ პიროვნების სახელზე დარეგისტრირებულ პროფილებს, ელ-ფოსტის მისამართებს, სტატიებს, თაგებს, დაკავშირებულ პიროვნებებს, ორგანიზაციებს, სფეროებს, ასევე ფოტოებსა და ვიდეომასალას. Webmii გვიჩვენებს ჩვენთვის საინტერესო პირის “ვებ-ცნობადობას”. კერძოდ, გვთავაზობს შეფასების 10 ბალიან სისტემას, რომელიც გვეხმარება, დავადგინოთ ყალბ პროფილთან გვაქვს საქმე თუ რეალურ პიროვნებასთან. როგორც წესი, ყალბ პროფილებს 10 ბალიან სისტემაში ძალიან დაბალი „ვებ-ცნობადობის“ მაჩვენებელი აქვთ.
2. Pipl. com ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებულ მომხმარებლებს სახელის, username-ის, ელ-ფოსტის მისამართის ან ტელეფონის ნომრის მითითებით ეძებს. რესურსი გვაწვდის ინფორმაციას პიროვნებებზე, რომლებიც სხვადასხვა პლატფორმებზე (Facebook, LInkedin, Gmail, Myspace, Scribd.com) არიან დარეგისტრირებულნი. Pipl.com გუგლის საძიებო სისტემაზე უფრო დეტალური ინფორმაციის მოპოვების საშუალებას იძლევა, რადგან ქსელში არსებულ ინფორმაციას უფრო სიღრმისეულად ეძებს. ამისათვის საჭიროა საძიებო ველში სახელის და გვარის, ტელეფონის ნომრის ან ელ-ფოსტის მისამართის მითითება.

ტროლებს ძირითადად ფეისბუქანგარიშები დახურული აქვთ. თუ მათ გვერდზე გადახვალთ, უცნაურ ფოტოებს გადააწყდებით, ყვავილების ან ადამიანის ცუდი ხარისხის გამოსახულებას, სადაც მათი სახე არც ისე კარგად ჩანს. აზიარებენ ერთი და იგივე თემატიკის და შეხედულების სტატიებს. თუ ტროლს მარტივად ამოიცნობთ, ფეისბუკის მეშვეობით შეგიძლიათ მათი დარეპორტებაც. თუ სოციალური ქსელის ადმინისტრაციას ბევრი ადამიანსგან მიუვა ეს მესიჯი, ტროლის ანგარიში აუცილებლად გაუქმდება.

ტროლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დისკუსიაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართონ და ისინი ერთმანეთს დააპიროსპირონ, ამიტომ ასეთ დროს გამოსავალი მხოლოდ ერთია - იგნორი. თუ სადმე ისეთ კომენტარს გადააწყდებით, რომელზეც ეჭვი გაგიჩნდებათ, რომ ტროლის დაწერილია, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი და არ აჰყვეთ პროვოკაციას. დაიმახსოვრეთ, რომ ტროლი ჭეშმარიტებისთვის კი არა, არამედ თქვენ გასაღიზიანებლად და ადამიანების დასაპირისპირებლად კამათობს. არავითარ შემთხვევაში არ გააზიაროთ და გაავრცელოთ ინფორმაცია თუ დარწმუნებული არ ხართ რომ ის სანდო მედიასაშუალებამ ან პიროვნებამ არ გაავრცელა. ამით შევამცირებთ ცრუ ინფრომაციის გავრცელების არეალს და ტროლების მსხვერპლთა რაოდენობას.

 

ავტორი: ია გრიგალაშვილი