პაატა დავითაია: „აფხაზეთის მთავრობის 24-მილიონიანი ბიუჯეტის 80% ხელფასებზე იხარჯება“ - რატომ ვერ გვარდება დევნილების 30-წლიანი პრობლემა

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მძიმე ჯვარი

 ავტორი: თათია გოჩაძე

რამდენიმე დღის წინ თბილისის ზღვის უბანში ტრაგედია მოხდა. ყოფილ სანატორიუმქართლშიმცხოვრები დევნილი, 52 წლის მამაკაცი, 7-სართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტა. მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული... დევნილების პროტესტი კი ყოფილ სანატორიუმში არსებულ გაუსაძლის პირობებს მოჰყვა და მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად, სახელმწიფო დევნილებს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს, 30 წლის შემდეგაც ეს პრობლემა ბოლომდე არ აღმოფხვრილა. რა პრობლემების წინაშე დგანან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულნი? - „ვერსია“ ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაიას ესაუბრა:

 - დევნილების პრობლემები მინდა, ცოტა სხვა კუთხით დაგანახოთ. ის, რაც სანატორიუმ „ქართლში“ მოხდა, თვითმკვლელობა კი არა, თვითმკვლელობამდე მიყვანაა და ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ. უბრალოდ, ეს მასმედიამ გაიგო და გაავრცელა. წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი 20 წლის იყო, აქ რომ ჩამოვიდა და 30 წელი ასეთ გაჭირვებაში გაატარა, ბოლოს კი ნერვებმა უმტყუნა, რაც სახელმწიფოს ბრალია იმიტომ, რომ დევნილების მიმართ ერთიანი მიდგომა არ არის.

„ვარდების რევოლუციამდე“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას რეალური ძალაუფლება ჰქონდა - თავისი შემოსავლებითა და საგადასახადო სისტემით, რაც დევნილების პრინციპზე იყო აგებული. მაშინ იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ჩემი ნოტარიუსები მყავდა და დევნილებს ემსახურებოდნენ. ამიტომ ხელმძღვანელ პირებს უშუალო შეხება ჰქონდათ დევნილებთან. მით უმეტეს, ისეთ გაჭირვებულ პერიოდში, როგორიც იყო 1993-2003 წლები, როცა შევარდნაძე თავს დამნაშავედ გრძნობდა დევნილების წინაშე და მაქსიმალურად უწყობდა ხელს. მე რომ აფხაზეთის იუსტიიცის მინისტრი ვიყავი, დიდი ძალაუფლება მქონდა და ვიყენებდი კიდეც, ასევე იყო აფხაზეთის ყველა მინისტრი. 2003 წელს კი, როცა ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ხელისუფლებაში, ეს სტრუქტურა (აფხაზეთის მთავრობა, - რედ.) ბუტაფორიად აქციეს. წაართვეს უფლებამოსილებები და გადასცეს ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა ამ სიმბოლური ორგანოს ბიუჯეტი ახლა 24 მილიონი ლარია. ჩემს დროს კი, როცა მინისტრის რეალური ძალაუფლება მქონდა, ბიუჯეტი 5-6 მილიონ ლარს არ სცილდებოდა. სააკაშვილის შემდეგ და დღესაც, 24-მილიონიანი ბიუჯეტის დაახლოებით 80% - ხელფასებზე იხარჯება. უმაღლესი საბჭოს დეპუტატები კი მუდმივმოქმედნი არიან და ხელფასებსაც თავად ინიშნავენ - საქართველოს პარლამენტის წევრებზე მეტი ხელფასი აქვთ, თითო დეპუტატს თითო მანქანა ემსახურება. მოკლედ, ყველაფერი მარაზმამდე მივიდა! აფხაზეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტი ბუტაფორიად დარჩა, რომელსაც მხოლოდ ხელფასი ენიშნება და უფლებსამოსილება არ გააჩნია. მაგალითად, როცა ახლა პასუხს დევნილთა და განსახლების მინისტრ დავით ფაცაციას სთხოვენ, სინამდვილეში, ის არაფერს წყვეტს, რადგან რეალური ძალაუფლება არ აქვს და, მაქსიმუმ, ის შეუძლია, რომ მისწეროს დევნილთა და განსახლების სამინისტროს გარკვეული პრობლემის შესახებ.

დევნილებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ინტეგრაცია მოხდა, მაგრამ სტრუქტურული ინტეგრაცია არ მომხდარა, რადგან ვინც ნამდვილად იცოდა დევნილების პრობლემა, ის სტრუქტურები აქციეს ბუტაფორიად, ქმედუუნაროდ და ის, ვისაც დევნილთან შეხება აქვს, დევნილი არაა, ამიტომ ვერ უღრმავდება პრობლემას. ზოგს ჰგონია, რომ დევნილებს ბინა მისცეს და ამით ყველაფერი დამთავრდა, რაც ასე არაა.

- ბატონო პაატა, კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას დევნილების პრობლემების მოსაგვარებლად?

- სამ პრობლემას დავასახელებ, რომელთა მოგვარებაც შეიძლება, რათა ცოტა შევუმსუბუქოთ ყოფა. გაეროს დებულების მიხედვით, დევნილი თუ ხარ, ან უნდა დაგაბრუნონ სახლში, ან დევნილობის საპირწონე უნდა გაგიკეთონ. ვიტყვი, რაც უნდა გაკეთდეს დღეს - მაგალითად, არ უნდა ხდებოდეს დევნილების შემცირება დამსაქმებლის მიერ. დანაშაული თუ ჩაიდინა, ეს სხვა თემაა... ამასთან, თუ დასასაქმებლად კონკურსში მონაწილეობს, დევნილს უნდა ჰქონდეს პრიორიტეტი ისე, როგორც, ვთქვათ, გერმანიაშია... იქ პრიორიტეტი მოქალაქეს ეძლევა და არა - ცხოვრების უფლების მქონე პირს.

ასევე, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის საკითხი - დევნილებს 45 ლარი ეძლევათ დახმარების სახით და მოდით, ვთქვათ სიმართლე, რომ 45 ლარად არავინ ცხოვრობს. მთავრობა სულ უმატებს ამ თანხას, მაგრამ ახლა, პირობითად, 25 ლარზე მეტს ხომ ვერ მოუმატებს? ამიტომ ვამბობ, რომ შემოვიტანოთ საყოველთაო დაზღვევა დევნილებისთვის, მოვუმატოთ 25 ლარი, თუმცა არ მივცეთ და ეს თანხა გადავიტანოთ ჯანდაცვის დაზღვევისთვის. ამით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა დიდწილად მოგვარდება.

მესამე საკითხი განათლების მიღებაა. მაგალითად, დევნილისთვის მაგისტრატურისა და დოტქორანტურის სწავლა იყოს უფასო, ბაკალავრიატის საფასური კი გაუნახევრდეთ. დევნილს ეცოდინება, რომ მისთვის ჯანდაცვა, განათლება და დასაქმება ხელმისაწვდომია და ასეთი მიდგომებით შეუმსუბუქდება პრობლემები. ეს ნაბიჯები რომ გადადგა, პრობლემას უნდა იცნობდე, დღეს კი გადართულნი არიან მხოლოდ ბინების საკითხზე...

სასტუმრო „ქართლში“ მყოფ ყველა დევნილს ბინები რომც მისცენ, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ამით პრობლემა ბოლომდე ხომ არ მოგვარდება?

- მიუხედავად იმისა, რომ დევნილებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემენ, დღემდე მაინც მოუგვარებელია საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. რატომ?

- იმიტომ, რომ მიდგომა სპონტანურია და არა - გეგმაზომიერი. ამ პრობლემის მოგვარება ისე შეიძლება, რომ სახელმწიფოს თანხა საერთოდ არ დაეხარჯოს. მაგალითად, დეველოპერი, რომელიც აშენებს კორპუსს, იყოს ვალდებული, რომ ერთი სადარბაზო დაეთმოს დევნილებს. თუ ყველაფერი ეს, გეგმაზომიერად არ ხდება, კორუფციის ნიშნები ჩნდება...

- მეორე მხრივ, არსებობს მოსაზრება, რომ ზოგი დევნილი თაღლითობს და ერთის ნაცვლად, რამდენიმე საცხოვრებელს იღებს სახელმწიფოსგან. როგორ ფიქრობთ, ამაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო არაა?

- კი, არის ასეთი შემთხვევები, მაგრამ ძალიან მარტივია - ეს სახელმწიფო სტრუქტურამ უნდა გააკონტროლოს! თაღლითობს იმიტომ, რომ გასდის და რადგანაც სამინისტრო აძლევს ერთზე მეტ ბინას, ე.ი. დევნილთან ერთად, სამინისტროც თაღლითობს! მე, როგორც დევნილს, არასდროს, სახელმწიფოსგან არაფრით მისარგებლია, არც მომითხოვია, მაგრამ ხომ მეკუთვნის? - არ ვსარგებლობ, რადგან არ ვაკადრებ ჩემ თავს, საკუთარ თავს უზრუნველვყოფ, მაგრამ სახელმწიფოს ერთხელ ხომ მაინც უნდა მოვეკითხე, როგორც დევნილი?!

- 45-ლარიანი დახმარების შესაძლო დიფერენცირებულად გაცემას როგორ აფასებთ?

- დიფერენციაცია მარტივი მიზეზის გამო არ შეიძლება - ეს ადამიანები სახელმწიფო პოლიტიკის გამო გახდნენ დევნილები და არა - პირადი მიზეზისა და სახელმწიფო ვალდებულია, დაეხმაროს! მე, მაგალითად, დევნილთა დახმარებაზე ოფიციალურად უარი ვთქვი, რადგან არ მჭირდება. ეს პროტესტის ნიშნად გავაკეთე იმიტომ, რომ 1 200 ლარზე მეტი ხელფასი ვისაც აქვს, 45-ლარიანი დახმარება შეუწყდათ, რაც სისულელე იყო, რადგან მე თუ ვწვალობ და ვშოულობ ფულს, შენ რატომ მიწყვეტ დახმარებას? 1 200 ლარი ხომ არ ნიშნავს ჩემი პრობლემების მოგვარებას?! ამიტომ მაშინ, პროტესტის ნიშნად, განვაცხადე, რომ თუ სახელმწიფოს უჭირს, ამ ფულს არ მივიღებ-მეთქი და ამის გამო, ახლა დევნილის სტატუსიც აღარ მაქვს. მაშინდელ მინისტრებს თითო ლარი დავუნიშნე „დახმარების“ მიზნით და ყოველთვე ვუგზავნიდი... მაშინ, 2015 წელს, დევნილებმა ამ პრობლემაზე ხმა არ ამოიღეს იმიტომ, რომ შეეშინდათ, ბინას არ მომცემენ და ფულს წამართმევენო. ღიად მხარი არავინ დამიჭირა და ახლაც ასეა...

- სიმბოლურადაც მნიშვნელოვანია, რომ სანამ სახლში დაბრუნდებიან, ყველა დევნილს აუცილებლად ერიცხებოდეს კომპენსაცია, არა?

-  რა თქმა უნდა... მნიშვნელოვანია, რომ თანხის ნაწილი გადაირიცხოს დაზღვევაზე, რათა ექიმთან ვიზიტისას, დევნილს ხარჯის 80% აუნაზღაურდეს...

- ბატონო პაატა, როგორ აფასებთ გირჩის „ლიდერის“, იაგო ხვიჩიას ინიციატივას, რომ  დევნილებს ოკუპირებულ ტერიტორებზე დარჩენილი ქონების გასხვისების უფლება მიეცეთ?

- არ მინდა, უშვერი სიტყვები გამოვიყენო... მოწეული ჰქონდა, ალბათ და იმიტომ გააკეთა ეს განცხადება. ამ საკითხს კომენტარსაც კი არ გავუკეთებ!

- ბატონო პაატა, მინდა, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზეც ვისაუბროთ. ინალ არძინბა აფხაზეთში საერთაშორისო პროექტების განხორციელებას კრძალავს და ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ ყველაფერმა შესაძლოა, ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის პირდაპირი დიალოგის გზა გახსნას. ამაზე რას იტყვით?

- ინალ არძინბას შესახებ არაერთხელ მისაუბრია. მოკლედ ვიტყვი, რომ ესაა სურკოვის თანაშემწე, დონბასი-ლუგანსკის პროექტის ავტორი კრემლში. ეს ადამიანი აფხაზეთში კრემლმა დანიშნა დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად იმიტომ, რომ გახადოს დე-ფაქტო პრეზიდენტი. ორი წლის გასვლას ელოდებიან, რომ 35 წლის გახდეს და გააფორმოს ანექსია. ესაა ადამიანი, რომელმაც ხელი უნდა მოაწეროს აფხაზეთის მიერთებას რუსეთთან. ამას ვამბობ მას შემდეგ, რაც ის აფხაზეთში დაინიშნა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ყურს არ იბერტყავს. პირდაპირ ვამბობ: მზადდება ანექსია! ეს განცხადებებიც, სწორედ საერთაშორისო პროექტების მოსპობას ემსახურება აფხაზეთში.

- გასაგებია, მაგრამ ყველაფერ ამას აფხაზი ახალგაზრდობა მარტივად ეგუება?

- ახალგაზრდები იმდენად არა, რამდენადაც უფროსი ასაკის ხალხი... მეომრები უწევენ წინააღმდეგიბას იმიტომ კი არა, რომ საქართველოსთან უნდათ ურთიერთობა, მაგრამ არც რუსეთთან უნდათ, მათ დამოუკიდებლობა სურთ. ახალგაზრდები, ფაქტობრივად, რუსეთისკენ არიან გადახრილნი, რადგან სწავლისა და დასაქმების მხრივ, რუსებმა ეს თემა „დაალაგეს“.