აფხაზეთში დეფაქტო მმართველად კრემლი ინალ არძინბას ამზადებს?! - რატომ დაიძაბა ვითარება ჩვენს რეგიონში და რა საფრთხეებზე მიუთითებს მამუკა არეშიძე ქართულ პოლიტელიტას

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ბოლო პერიოდში სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვითარება გამწვავდა. სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება განახლდა; აფხაზეთში უკვე დიდი ხანია, საპროტესტო აქციები იმართება ადგილობრივი დეფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ და სოხუმში პოლიტიკური ვითარება, რბილად რომ ვთქვათ, არამდგრადია. რუსეთსა და უკრაინას შორის ვითარება კვლავ მწვავდება და ამ ფონზე საქართველოში შიდა პოლიტიკური პროცესების სიმწვავე პიკს აღწევს. „ვერსია“ ჩვენს რეგიონში შექმნილ კრიზისზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე ანალიტიკოს მამუკა არეშიძეს ესაუბრა:

  _ ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ ჩვენს რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და ხომ არ ხედავთ ყველაფერ ამაში „უხილავ ხელს“, რომელიც შესაძლოა, ჩრდილოეთიდან მოდიოდეს?

_ ზოგადად, როცა საკუთარ სისუსტეზე ვსაუბრობთ, ყოველთვის აქცენტს ვაკეთებთ ხოლმე „უხილავ ხელზე“, რუსეთზე, დასავლეთზე და ა.შ. არ გვინდა მიზეზის ძებნა საკუთარ თავში. სინამდვილეში კი ბევრი რამ, რაც აქ და მეზობელ ქვეყნებში ხდება, საკუთარი პოლიტიკური შეცდომებიდან გამომდინარეობს, თუმცა, რასაკვირველია, არსებობს მესამე ძალის ფაქტორიც.

ახალი მსოფლიო წესრიგის დალაგების პროცესი მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე ექსცესებიც მოსალოდნელი იყო, რაც უნდა სცოდნოდა პოლიტიკურ ელიტას თავიდანვე არამარტო აქ, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

_ რას გულისმხობთ?

_ ყველა ის ქვეყანა, რომელიც დღეს მსოფლიო პოლიტიკას ქმნის, დიდი გამოწვევიბისა და პრობლემების წინაშე დგას შიდაპოლიტიკის თვალსაზრისით. გლობალიზაციის პროცესმა, რომელიც 90-იან წლებში დაიწყო, ამ შედეგამდე მიგვიყვანა - მსოფლიოს მართვა პოლიტიკური თვალსაზირისით ხომ შეუძლებელი გახდა ერთი-ორი ქვეყნის მიერ და გარდა ამისა, საფინანსო ინსტრუმენტებით და ეკონომიკური მეთოდოლოგიით, მოქმედებამ რომელიც გლობალიზაციის პროცესში დაიწყო, ისეთი შედეგი არ მოიტანა, რასაც აანონსებდნენ ამ იდეის ავტორები. მოკლედ, პრაქტიკულად, მსოფლიო დგას სერიოზული დაპირისპირებების მთელი კასკადის წინაშე.

რომ დავუბრუნდეთ ჩვენს რეგიონს, შავი ზღვის აუზის სივრცეს, რასაკვირველია, ეს დაძაბულობა და ექსცესები განპირობებულია თავად ამ ქვეყნების პოლიტიკოსების შეცდომებით და პლუს იმით, რომ რეგიონ ული მოთამაშეების როლი მსოფლიოში ძალიან გაიზარდა და ისინი ტოლს არ უდებენ ზესახელმწიფოებს. თურქეთი ამის კარგი მაგალითია, რომელიც რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად ეფექტურად თამაშობს. ცდილობს დაბრუნებას არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიურ პოლიტიკურ სივრცეში, არამედ ბალკანეთზე ხმელთაშუაზღვაში, მოკლედ ყველა იმ სივრცეში, რომელიც ადრე ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიას შეადგენდა და იმ სივრცეებშიც, სადაც თურქულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს.

ამის სადემონსტრაციოდ მაგალითს მოვიყვან - რამდენიმე დღის წინ ერდოღანს პარტნიორი პარტიის ლიდერმა საზეიმო შეხვედრაზე აჩუქა მსოფლიო რუკა, სადაც აღნიშნულია ის სივრცეები, სადაც თურქეთმა საკუთარი გავლენა უნდა გააძლიეროს, მათ შორის, რასაკვირველია, არის კავკასია, ცენტრალური აზია და პლუს რუსეთის ის რეგიონები, სადაც თურქულენოვანი ხალხი ცხოვრობს. ასეთი სილის გარტყმა თურქეთისგან რუსეთს არ ახსოვს თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ იმიტომ, რომ ეს პარტია არის კოალიციაში მმართველ პარტიასთან, რომლის ხელმძღვანელმაც ეს გააკეთა და ძალიან სერიოზული დიპლომატიური გამოწვევაა რუსეთის მიმართ თურქეთის მხრიდან. დარწმუნებული ვარ, ერდოღანის ნებართვის გარეშე, ასეთი დემარში არ იქნებოდა. ეს არის მნიშვნელოვანი ეპიზოდი იმისა, რომ თურქეთი ძალიან აქტიურია სამხრეთ კავკასიის რეგიონში და პლუს უკრაინაშიც, ყირიმის არაღიარება რუსეთის ნაწილად ამ პოლიტიკის ნაწილია.

_ და ამ ფონზე რუსეთში რა ვითარებაა?

_ რასაკვირველია, რეგიონზე რუსეთის გავლენა ტრადიციული იყო ბოლო 300 წლის განმავლობაში და ამ გავლენების არც შემცირებას ფიქრობს და არც ამ მიმართულებით აქტივობის შენელებას, მაგრამ რუსეთს აქვს თავისი სერიოზული პრობლემებიც ქვეყანაში, რომელიც დაკავშირებულია დემოგრაფიულ მდგომარეობასა და მიგრანტების მოზღვავებასთან. მიგრანტები შეადგენენ უზარმაზარ პრობლემას რუსეთისთვის და ამას ემატება ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც საკმაოდ მძიმეა რუსეთში რამდენიმე დიდი ქალაქის გამოკლებით.

რაც შეეხება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს, აქ მთავარი ადგილობრივ ხელისუფალთა შეცდომებია, რაც კარგად ჩანს ფაშინიანისა და ალიევის მოქმედების მაგალითზე. დღეს ალიევი უკვე ინერციით მოქმედებს. იცის, რომ იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც აწარმოებს, კონტრპროდუქტიულია და ცდილობს, ჩაჯდეს თურქულ „ტრენდში“, რათა გააგრძელოს აზერბაიჯანის გავლენის გაგრძელება სამხრეთ კავკასიაში, რაც მიუღებელია ოფიციალური მოსკოვისთვის.

_ ბატონო მამუკა, აფხაზეთში რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს?

_ როცა აფხაზეთში საპროტესტო გამოსვლებზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის კლანური დაპირისპირების კლასიკური მაგალითი. როცა ერთი კლანია ე.წ. ხელისუფლებაში, მეორე უწყობს მაგალითს და - პირიქით. დღეს კლანი, რომელიც ოპოზიციაშია კარგად იყენებს ვითარებას, რომელიც შეიქმნა ანუ რუსეთი უკვე დაუფარავად ახდენს ზეწოლას აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებაზე, რათა გადაადგმევინოს ის ნაბიჯები, რომელიც სჭირდება. პირველ რიგში, ეს არის შესაბამისი კანონის მიღება მიწასთან დაკავშირებით. გავლენების გასაძლიერებლად რუსეთმა აიძულა აფხაზეთის დეფაქტო ხელმძღვანელობა, რომ დაენიშნათ ინალ არძინბა საგარეო საქმეთა დეფაქტო მინისტრად. ეს ადამიანი არის სურკოვის კადრი, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პასუხს აგებდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე. სწორედ მისი ინიციატივა იყო, რომ ფინანსური დახმარება პირდაპირ არ ხდებოდა ამ ორ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, არამედ ხდებოდა აფხაზური ბანკების გავლით, თამაშის ფორმა ჰქონდა ამას. ეს არის ახალგაზრდა, 31 წლის კაცი, რუსულ პოლიტიკურ ელიტაში გაზრდილი, კავკასიელი ტიპი, რომელიც კრემლის ერთგულია თავის მენტალობით. ეს ნიშნავს იმას, რომ ნელ-ნელა მოხდება აფხაზური დეფაქტო ხელისუფლების ჩანაცვლება იმიტომ, რომ ინალ არძინბა განიხილება როგორც აფხაზეთის მომავალი ლიდერი, უბრალოდ, ასაკი არ უწყობს ახლა ხელს...

_ ესე იგი, რუსეთი პირდაპირ იღებს აფხაზეთის მართვის სადავეებს აფხაზეთში?

_ დიახ, უნდა, რომ აქეთ წაიყვანოს საქმე. რუსეთს აღიზიანებს აფხაზური საზოგადოების მუდმივად პოზაში დგომა და ის მოარული ნათქვამი, რომელიც ძალიან პოპულარულია. აფხაზები ხშირად სოციალურ ქსელშიც წერენ: „რუსეთმა ჩვენ უნდა შეგვინახოს, რადგან რუსეთს შევუნარჩუნეთ ნატო-ს საწინააღმდეგოდ ბაზა სამხრეთ კავკასიაში“. ზოგადად, ეს აფხაზებს ახასიათებთ, ისინი ცდილობდნენ, სარგებელი ენახათ თავისი გეოგრაფიული მდგომარეობით. სარგებელი არა საკუთარი შრომის შედეგით, არამედ სხვის ხარჯზე ცხოვრებით. ახლაც ამის დემონსტრირებას ახდენენ, მოსკოვში კი ეს ძალიან აღიზიანებთ და ისე მობეზრდათ, რომ თუ ანექსია არა, ხელისუფლების ისე დაკომპლექტება მოახდინონ, რომელიც უსიტყვოდ დაემორჩილება ოფიციალურ მოსკოვს.

_ და აფხაზური მოსახლეობა რამდენად შეეგუება ყველაფერ ამას?

_ ეს საპროტესტო განწყობა მხოლოდ რამდენიმე ათასს მოიცავს, რაც ოფიციალური მოსკოვისთვის არაფერია. მარტივად შეუძლიათ, ეს განწყობა ჩაახშონ, მაგრამ ეს არ უნდათ, რადგან მსოფლიოს თვალში დამატებითი უარყოფითი იმიჯი არ შეიძინონ.

_ ბატონო მამუკა, ჩენს რეგიონში განვითარებულ პროცესებში დასავლეთმა რა როლი უნდა ითამაშოს?

_ როცა ყველაფერ ამაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ ძალიან სერიოზული შიდაგამოწვევების წინაშე დგას. ეს გამოწვევა დაკავშირებულია სერიოზულ დაპირისპირებასთან კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის იმ ფასეულობების რღვევასთან დაკავშირებით, რომელიც ტრადიციული იყო ამერიკისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ესაა ფინანსური უმძიმესი მდგომარეობა. დღეს აშშ-ს ისეთი სერიოზული პრობლემები აქვს, რომ მსოფლიო ჰეგემონიისთვის არ სცალია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი სამხრეთ კავკასიის პოლიტიკიდან ასე მარტივად გავლენ ან თავის ერთადერთ სერიოზულ მოკავშირეს გასაჭირში მიატოვებენ, მაგრამ რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს ამერიკის მტრებმა გადასარევად იციან და იყენებენ კიდეც. რუსეთის ამერიკის შიდაპოლიტიკაში ჩართულობაზე არაერთხელ გვსმენია, არჩევნები იქნება ეს თუ სხვა რამ და საბოლოო ჯამში, იმის თქმა მსურს, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტას მართებს რისკებისა და გამოწვევების გათვალისწინება და შესაბამისი ინიციატივების პაკეტის შემ უშავება. არ შეიძლება, მუდმივად ვაშინგტონის ან ბრიუსელისკენ ვიყურებოდეთ. ეს არის ქართული პოლიტიკური ელიტის უზარმაზარი შეცდომა და როცა ასეთი სერიოზული გამოწვევები არსებობს, ქართული პოლიტელიტა რითი არის დაკავებული, კარგად ხედავთ...