ვისგან გადაედო კორონავირუსი „ციანიდის სკანდალის“ მთავარ ფიგურანტს - მიხეილ რამიშვილის განცხადებები

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

რატომ არ უშვებენ კოვიდკლინიკაში გადაყვანილ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ადვოკატებს

 თათია გოჩაძე

 დეკანოზ გიორგი მამალაძეს საპატიმროში კორონავირუსი დაუდასტურდა. სასულიერო პირის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ვერსიასთან აცხადებს, რომ დეკანოზი კლინიკა ვივამედშია გადაყვანილი, თუმცა მისი მონახულების საშუალებას უფლებადამცველებს არ აძლევენ. საგულისხმოა, რომ დეკანოზ მამალაძეს, ადვოკატებისა და ოჯახის წევრების ინფორმაციით, საპატიმროში ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონამდეც გართულებული ჰქონდა ანუ ხელ-ფეხი პარალიზებული აქვს. ამიტომ, შესაძლოა, კოვიდინფექცია მისთვის განსაკუთრებით საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, გიორგი მამალაძეს 9-წლიანი სასჯელი 2017 წელს გამოუტანეს და მისი შეწყალების თხოვნით, ოჯახმა ჯერ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, შემდეგ კი სალომე ზურაბიშვილს არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

ციანიდის სკანდალის მთავარი გმირის შეწყალება ერთმა პრეზიდენტმაც ვერ გარისკა...

ვერსია მიხეილ რამიშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ:

 - გიორგი მამალაძე კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი. ეს ინფორმაცია რომ შევიტყვეთ, 14 ნოემბერსვე, ძალიან ბევრს ვეცადეთ, მაგრამ ერთი ადვოკატიც კი ვერ შევედით მის სანახავად. ბადრაგი ითხოვდა, რომ მიგვეტანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობა, რაც ჩემთვის გაურკვეველია, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც წავედით და დავწერეთ განცხადება, მაგრამ ამ წუთამდე არ მიგვიღია თანხმობა, რომ ადვოკატებმა დეკანოზი მოვინახულოთ.

გარდა ამისა, 14 ნოემბერს, ჩვენი მოთხოვნით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო შესული და თქვა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა სხვა მხრივ, ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა და დეტალებს ვერ გეტყვით, სანამ დეკანოზს უშუალოდ არ ვნახავ.

- რატომ არ გაძლევენ ადვოკატებს დეკანოზის ნახვის უფლებას?

- ამის მიზეზი, შეიძლება, ბევრი იყოს...

- მაინც?

- ვერ გეტყვით... როდესაც  დეკანოზი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში იყო გადაყვანილი, არც მაშინ დამჭირვებია მსგავსი ნებართვა და ზოგადად, არც ერთი მსჯავრდებულის ნახვის შემთხვევაში არ დამჭირვებია დეპარტამენტის ნებართვა.

საბადრაგოს სამსახურის უფროსს წარვუდგენთ ხოლმე დოკუმენტაციას, რის საფუძველზეც ვითხოვთ შეშვებას. ახლა კი ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს და პატიმართან იძულების წესით ვერ შევიჭრები.

- დეკანოზის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან რაიმე სიახლე ხომ არაა?

- დიახ, სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი ეს საქმე და ამის თაობაზე, დავით ჯანდიერს აქვს დეტალური ინფორმაცია.

როგორც ცნობილია, 21 სექტემბრამდე, შესაბამისი ფორმით, სახელმწიფოს მხრიდან უნდა ყოფილიყო გარკვეულ კითხვებზე პასუხი გაცემული.

- სახელმწიფოს პასუხები რა კითხვებზე უნდა გაეცა?

- ყველა დარღვევის თაობაზე, შესაბამისი კონტრარგუმენტაცია ხომ უნდა ჰქონდეს საქართველოს მხარეს გაგზავნილი? ამის შესახებ დეტალებს დავით ჯანდიერი ფლობს.

- ბატონო მიხეილ, სტრასბურგის სასამართლოს გარდა, დაცვის მხარეს დეკანოზის გასათავისუფლებლად რა ბერკეტი გაქვთ? ორივე პრეზიდენტს მიმართეთ შესაწყალებლად, მაგრამ უშედეგოდ...

- დიახ, არ მიიღეს შეწყალების გადაწყვეტილება იმიტომ, რომ მაშინაც ვამბობდი, ეს გარკვეული ჯგუფის პირადი ინტერესია-მეთქი და დღესაც ასეა, რომ დეკანოზს არ მიეცეს საშუალება, ცოცხალი და ჯანმრთელი იყოს, რადგან ასეთ მდგომარეიბაში ადამიანის ყოფნა იყო საფუძველი, რომ სასჯელისგან გათავისუფლებულიყო ან სასჯელი გადავადებოდა, მაგრამ სასამართლომ არ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და საჯარო სასამართლო პროცესის ნაცვლად, პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაატარეს საქმის განხილვა.

- დიახ, მახსოვს, რომ სასამართლოში არ მიყვანეს მაშინ დეკანოზი...

- დიახ, არ მიიყვანეს, არადა, ადამიანი აზროვნებს, თუმცა არ უნდოდათ ხალხში გამოეწვიათ დამატებით პროტესტი, რაც არსებობს დეკანოზის უკანონო პატიმრობის გამო.

ყველაფერი ეს იმაზე მიუთითებს, რომ არც ერთი ჩვენი მოთხოვნა პრეზიდენტების მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. დასაბუთებული ვარაუდი იყო და არის, რომ საპატრიარქოში გარკვეული ჯგუფი, არა მხოლოდ მაღალი რანგის სასულიერო პირები, არამედ, მაღალი თანამდებობის პირებიც იყვნენ ჩართულნი ამაში და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია.

ეს დიდი ჯგუფია, რადგან დეკანოზმა ძალიან ბევრ რაღაცას ნათელი მოჰფინა და საზოგადოებისთვის არაერთი ინფორმაცია გახდა ცნობილი.

- თუ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას გავითვალისწინებთ, შესაძლოა, რომ კოვიდინფექციის საფრთხის მასშტაბი დიდი იყოს. ამიტომ, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, წესით, მუდმივად უნდა იღებდეთ, არა?

- რა თქმა უნდა, ამაზეა საუბარი, რომ კორონავირუსმა შეიძლება პროვოცირება მოახდინოს და დაამძიმოს მისი მდგონარეობა.

ადამიანი, სამი წელია, ასეთ მდგომარეობაშია, ექსპერტების დასკვნებით, ახალგაზრდა კაცს ხელ-ფეხი აქვს წართმეული და ამას დამატებული ეს კატასტროფული ვირუსი. ცხადია, პროვოცირებას მოახდენს და არ გვაძლევენ ინფორმაციას. ვისგან გადაედო ეს ვირუსი და როგორ დაინფიცირდა, ესეც უცნობია.