რა ეტაპზეა მერაბ კობიაშვილის გახმაურებული საქმე - ექსკლუზიური ინტერვიუ ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 სასამართლოში „გუდაურის საქმის“ განხილვა გრძელდება, ბრალდებულია ჯარისკაცი მერაბ კობიაშვილი, რომელსაც ბრალად ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ერთი ადამიანის მკვლელობა და ძალადობა ედება. კობიაშვილი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა, თუმცა სასამართლოში გრძელდება მისი საქმის განხილვა და აღსანიშნავია, რომ საქმეს განიხილავენ ნაფიცი მსაჯულები. გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანის შემთხვევაში, მერაბ კობიაშვილს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. მერაბ კობიაშვილს დაკავების დღიდან იცავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საქართველოს ადვოკატთა გაერთიანების დირექტორი და ქართულ-ამერიკული სამართლის აკადემიის დირექტორი, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, რომელსაც "ვერსია" "გუდაურის საქმის" დეტალებზე ესაუბრა:

- ბატონო ტარიელ, რა ეტაპზეა ამჟამად მერაბ კობიაშვილის საქმე?

- საქმე არის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე. ბრალდების მხარემ გადაწყვიტა, ვიდეო კამერის ჩანაწერები გამოკვლეულიყო მათი ე.წ. „ოქროს მოწმის“, მიხეილ უნდილაშვილის თანდასწრებით. უკვე რამდენიმე დღეა, მოწმე პასუხობს კითხვებს, მაგრამ ყველა მისი პასუხი არის არა სიმართლე, არამედ მცდელობა, რომ შეცდომაში შეიყვანოს ნაფიცი მსაჯულები. მის არაგულწრფელობას ნაფიცი მსაჯულებიც ხედავენ. შემდეგ პროცესზე დავიწყებ ამ მოწმის ჯვარედინ დაკითხვას და კიდევ უფრო ნათელი გახდება ნაფიცი მსაჯულებისთვის, თუ როგორ არასანდო მოწმეს ეყრდნობა ბრალდება. ასევე ნაფიცი მსაჯულები დაინახავენ, რომ სწორედ ამ მოწმის ძალადობრივმა საქციელმა გამოიწვია ის უდიდესი ტრაგედია, სავალალო შედეგი, რაც დადგა.

- საინტერესოა, რომელი ვიდეო ჩანაწერები გამოიკვლიეთ?

- გამოვიკვლიეთ ძალიან ბევრი ვიდეო ჩანაწერი, მათ შორის, ის ჩანაწერები, სადაც მერაბს თავს ესხმიან და სასტიკად უსწორდებიან. მერაბი კი მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობს, რომ მათ გაეცალოს. ბოლო სხდომაზე ნაჩვენებ ვიდეოში ნაფიცებმა ნათლად დაინახეს, რომ მერაბს, სურვილის შემთხვევაში, ჰქონდა სრული შესაძლებლობა, თავიდანვე განეხორციელებინა მომაკვდინებელი გასროლები, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. პროკურატურა კი თავიდანვე ჯიუტად ცდილობს იმ აბსურდის დამტკიცებას, თითქოს, მერაბი ბიჭების დასახოცად გადმოვიდა მანქანიდან.

- აჩვენეთ თუ არა ნაფიც მსაჯულებს უშუალოდ გასროლის კადრები?

- მოგეხსენებათ, მტკიცებულებებს პირველი იკვლევს ბრალდების მხარე, მტკიცებულებათა გამოკვლევაში კი მონაწილეობს დაცვის მხარეც. საოცარია ის ფაქტი, რომ ბრალდების მხარემ უფრო მეტი დრო დახარჯა ისეთი ვიდეო ჩანაწერების გამოსაკვლევად, რაც საერთოდ არ უკავშირდება ბრალდებას. რამდენიმე საათის განმავლობაში ვუყურებდით, ვინ ცეკვავდა დისკო ბარში და ვინ ვის ეხუტებოდა. ჯერჯერობით, კიდევ არ უჩვენებიათ ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეო კადრები - კადრები რომლებიც ასახავენ მერაბის მიერ განხორციელებულ გამაფრთხილებელ გასროლას, იარაღზე ჯაჯგურს, მერაბის დაჭრას და დანარჩენ გასროლებს. თუ ბრალდების მხარე არ გამოიკვლევს ამ მტკიცებულებებს, გამოვიკვლევთ დაცვის მხარე.

- გავრცელდა პროკურორის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ მერაბ კობიაშვილმა როგორც კი დაინახა გორთამაშვილი და სეთურიძე, შორიდანვე განახორციელა მათი მიმართულებით გასროლა. არსებობს ამის დამადასტურებელი კადრები?

- ეს არის სრული სიცრუე. ნაფიცი მსაჯულები ნახავენ კადრებს, სადაც ზუსტად ჩანს, რომ მერაბ კობიაშვილი შორიდან არ ესვრის. ის იღებს იარაღს, ჩერდება და როდესაც ხედავს, რომ თავდასხმა გარდაუვალია, იარაღს ქვემოთ წევს და გამაფრთხილებელ გასროლას ახორციელებს. ნამდვილად არ ვიცი, რაში სჭირდება პროკურორს ისეთი ინფორმაციის გაჟღერება, რომლის სიცრუესაც მარტივად დავამტკიცებთ.

- ასევე საინტერესოა, რატომ დააყენეს პროკურორებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა?

- პროკურორები შუამდგომლობაში ორ საკითხზე საუბრობდნენ: პირველი - რომ მოსამართლემ თავიდანვე გამოთქვა აზრი, ბრალდება უსაფუძვლო იყო. მეორე- მოსამართლე უსაფუძვლო შენიშვნებს აძლევდა ბრალდების მხარეს.

მინდა, აღვნიშნო, რომ პროკურორების მიერ დაყენებული შუამდგომლობა იყო დაუსაბუთებელი. მოსამართლე ვალდებულიც კი იყო, შენიშვნა მიეცა პროკურორებისთვის, რადგან ჩემი შესავალი სიტყვის დროს, პრაქტიკულად, ყველა პროკურორი ცდილობდა, გაეკეთებინა რეპლიკები, განცხადებები, რასაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. გაღიზიანებული პროკურორები, ასევე შესავალი სიტყვის დროს ყვიროდნენ და ამბობდნენ სხვადასხვა ფრაზებს, რაც დაუშვებელია.

- და რამ გამოიწვია პროკურორების ასე გაღიზიანება?

- ბრალდების მხარის შესავალი სიტყვისგან განსხვავებით, ჩვენი შესავალი სიტყვა ეფუძნებოდა უტყუარ მტკიცებულებებს, იყო დამაჯერებელი და ნაფიც მსაჯულებსაც შესაბამისი რეაქცია ჰქონდათ. ამის დანახვამ ბრალდების მხარეში აგრესია გამოიწვია. სხვათაშორის, საკმაოდ უპრეცედენტოა პროკურორების მხრიდან მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენება.

- ბატონო ტარიელ, როგორც ჩანს, საზოგადოების უმრავლესობა კობიაშვილის მხარესაა. ზოგადად, იშვიათია მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ საზოგადოების ასეთი მხარდაჭერა. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

- მერაბი არის ადამიანი, რომელსაც არასდროს კანონი არ დაურღვევია, არასდროს არავისთან არანაირი კონფლიქტი არ მოსვლია და მთელი ცხოვრება ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას, როგორც ჯარისკაცი. თუმცა ამ საქმეში უტყუარი მტკიცებულებები ამტკიცებს მის უდანაშაულობას, რაც საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა.

- თქვენ, როგორც მის ადვოკატს, რა მოლოდინი გაქვთ?

- სწორედ ჩვენი, დაცვის მხარის, გადაწყვეტილება იყო, რომ ნაფიც მსაჯულებს გადაეწყვიტათ მერაბის ბედი. შერჩეული ნაფიცი მსაჯულები გულისყურით აკვირდებიან საქმეს და აქტიურად არიან ჩართული მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში. გვჯერა, რომ საზოგადოების ღირსეული წევრები უდანაშაულო ადამიანს არ გაწირავენ.