56 ახალი სტატია

„რუსეთი, ეკლესია და ეს ბრბო არწმუნებს ამ უწიგნურ ველურებს, რომ ასეთი ქცევით, თითქოს, ქრისტიანობას ვიცავთ“ - ექსკლუზიური ინტერვიუ თეოლოგთან

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

5ივლისს თბილისში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. აგრესიულად განწყობილი პირები ჟურნალისტებს თბილისის ქუჩებში დევნიდნენ და თავს ჯგუფურად ესხმოდნენ. 6 ივლისს კი პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთაველზე აქცია ძალადობის წინააღმდეგ გამართეს, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფები მათზე თავდასხმას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს და აქცია გვიან ღამით მშვიდობიანად დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ძალადობრივი ჯგუფები ადამიანებს თავს ესხმიან ქრისტეს და ქრისტიანობის სახელით და ჩნდება კითხვა - რა კავშირი აქვს ქრისტიანობას ძალადობასთან? - აღნიშნულ საკითხზე თეოლოგ ვლადი ნარსიას ვესაუბრეთ:

_ ბატონო ვლადი, რადიკალი ჯგუფები ამბობენ, რომ ამ ყველაფერს ქრისტეს სახელით აკეთებენ. სინამდვილეში რას გვეუბნება ქრისტე?

_ სახარება ვისაც წაუკითხავს, არასდროს გაუჩნდება ძალადობის სურვილი ქრისტეს სახელით. ეს არის ძალიან მარტივი იმის გასაგებად, რომ ქრისტიანობა არის მოძღვრება, რომელიც რა თქმა უნდა, შესაძლებელია, არ იზიარებდეს დროისა და ყველა ეპოქის გარკვეულ წილ იდეოლოგიას, გამოწვევებს, მაგრამ ის არასდროს პასუხობს ასეთ მიუღებლობას, თუნდაც იდეოლოგიურს ძალადობით, ხომ?- ეს არის ქრისტიანობაში, სახარებაში თუ შემდეგ განვითარებულ ტექსტებში, რომელიც დღემდე სარგებლობს ისეთი ავტორიტეტით, როგორიც სახარებაა, წერია, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი, ეს განმტკიცებულია ქრისტიანულ შეგნებაში სხვადასხვა ტიპის ავტორიტეტული წყაროებით. მათ შორის, კანონები დაიწერა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მიუღებელია და ეს კანონები, თავისთავად, იმოწმებს სახარების უამრავ ასეთ ეპიზოდს, სადაც შეუძლებელია სახარების მიხედვითაც, ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ძალადობა იყოს რაიმე ფორმით გამართლებული. რა თქმა უნდა, პროტესტი იქნება გამართლებული და ეს არ ხდება მარტო ჩვენთან, ხდება დასავლეთის ქვეყნებშიც, ეკლესიები არ ეთანხმებიან სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ ახალ მოდელებს, მაგრამ ასე არ ხდება, რომ გამოვიდნენ და ადამიანებს ქუჩაში ურტყამდნენ, ეს არის საშინელება.

_ რა ხიფათს ხედავთ ამ მოვლენებთან დაკავშირებით და როგორ ფიქრობთ, ვინ დგას ამის უკან?

_ ამ მოვლენებს თუ დროულად არ მივახმარეთ მართალი, სწორი ხედვა და თუ არ მივაშუქეთ ისეთი სინათლე, რომელიც გამოააშკარავებს ამ ადამიანების არაქრისტიანულ საქციელს, მანამდე ვფიქრობ, ეს პროცესები შესაძლებელია, გახდეს დასაბამი მთავარი სახელმწიფოებრივი თუ საზოგადოებრივი სურვილებისა და სწრაფვის მიმართ, როგორიც არის მაგალითად, დასავლურ კულტურებთან, ორგანიზაციებთან თუ ოჯახში გაერთიანებასთან. ჩვენ ვართ საბჭოთა საზოგადოება ჯერ კიდევ, შეიძლება ის, რაც დღეს ქუჩაში ხდება, ასეთი სიცხადით არ ესმოდეს ახალგაზრდა თაობას, მაპატიოს და მადლობა ღმერთს, რომ ეს ასე არის, მაგრამ ჩვენ ხომ ის თაობა ვართ, რომელსაც შეგვიძლია, ამოვიკითხოთ ამ მოვლენებისა და პროცესების მიღმა თუ რა საშიშროებასთან გვაქვს საქმე?! ეს არის მოვლენები, რომელმაც შესაძლებელია, გამოიწვიოს საზოგადოების პოლარიზება და ისევ გააცოცხლოს ის იდეალები, რომელიც თავისი არსით არის კრიმინალური და არის რუსული, საშინელი საბჭოთა იდეებისაგან. პრაქტიკულად, საქართველოში ჯერ კიდევ საშიშროება არსებობს, ძალიან დაუახლოვდეს წინანდელ ეპოქას რუსეთის ინტერესებისა და იმპერიული ზრახვების მსახური გახდეს. რუსეთის ამოცანაა და გაჟღერებულია პუტინის მიერ და სხვადასხვა დიდ ფორუმებზე, სადაც ჟღერდება ყველაზე მთავარი განზრახვები და მიზნები სახელმწიფო ლიდერების მიერ. იქ ნათქვამია, რომ პუტინი ყველაზე მეტად განიცდის საბჭოთა კავშირის დანგრევას და რა არის ეს საბჭოთა კავშირი? ეს არის წარმოდგენა იმაზე, რომ ის არ თმობს ლიდერობას და ის უტოლდება თავისი განზრახვით, იმ ზონებს, რომელიც შემოხაზული ქონდა საბჭოთა პერიოდში და ამ ზონების ისევ გაკონტროლებას ცდილობს. რა აინტერესებთ მათ ჩვენგან? - არის ერთადერთი რამ, რომ რელიგიური ნაზავით ადამიანები დაარწმუნოს, რომ არსებობს რაღაც ერთი ცენტრი სამყაროში და სხვა დანარჩენი ცივილიზაცია არის მის წინააღმდეგ. ამაში გვიყენებს ახლა ჩვენ და ეს ხალხი და ეკლესია, ეს ბრბო, რომელიც არის თავისი არსით საბჭოური და საშინელება, არწმუნებს ამ უწიგნურ ადამიანებს, ამ ველურებს, რომ ასეთი ქცევით, ასეთი ქმედებებით ჩვენ, თითქოს, ვიცავთ ქრისტიანობას და მართლმადიდებლობას. ამის უკან დგას რუსული განზრახვა, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს რუსული იმპერია. ეს მოახდენს საზოგადოების საშინელ პოლარიზებას.

_რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მამათმავლობა არის ცოდვა. რასაც ორი დღის განმავლობაში ვხედავთ, ეს ძალადობა ცოდვა არაა?

_იცით, რა არის? ცოდვა არის სხვა კატეგორიის ღირებულება, სხვა არის მორალი... ეს სულ სხვადასხვა კატეგორიებია, თუ გვაინტერესებს საუბარი ცოდვაზე, ეკლესიას შეიძლება, ჰქონდეს მისი დამოკიდებულება მათ შორის, მოძღვრება იმასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს ცოდვა. მიუღებელი და სიყალბეა ამ ადამიანების სრულიად არაგულწრფელობა. მაპატიეთ, მაგრამ ამდენი მამათმავალია ეკლესიაში, არც მალავს ეს ხალხი ამას, ხომ? იქიდან დაიწყოს ეს გამოსწორება, რომ დასდევს ხუთ კაცს და წიხლს ურტყამს თავში. ეპისკოპოსები არ მალავენ და გაწმინდონ ეკლესია, თუ ესე უნდათ. ყველა ღონეს და საშუალებას იყენებს ეკლესია, ბრმა მრევლის, მაპატიეთ და „დასაბოლებლად“, თუ გაწმენდა უნდათ, გაწმინდონ ეკლესია შიგნიდან.

_ბატონო ვლადი, ბოლო დროს გახშირებულ პედოფილიის ფაქტებზე რომ ხმას არ იღებენ ეს ადამიანები და მათ შორის, საპატრიარქოც და ლგბტქ+ საზოგადოებას ქვებით დასდევენ, ეს ნორმალურია?

_რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ამას ნორმალური უწოდო?! მაგრამ ჩვენს საზოგადოებას რატომღაც მიაჩნია, რომ ეს პროცესები, რომელიც ეკლესიის შიგნით ხდება, არ უნდა გამოვიდეს გარეთ ან არ არის მათი პირდაპირი ინტერესის სფერო. ვხედავთ, რომ ნებისმიერი პროცესი, რომელიც ეკლესიაში მიმდინარეობს, პირდაპირ ან ირიბად არის გავლენა საზოგადოებაზე, ამიტომ ყველამ უნდა ამოიღოს თავისი წილი ხმა. საზოგადოება მაქსიმალურად მიმართული უნდა იყოს, რომ ასეთი ქმედებები გამოსტაცოს ეკლესიის სივრცეს და გამოიტანოს სამოქალაქო სივრცეში და თუ საჭირო იქნება, გადაიტანოს სამოქალაქო განსჯის სფეროში, სასამართლოში. სანამ ეს არ მოხდება, მანამდე მათი თავხედობა იქნება მზარდი. ქრისტიანული იდეა ვისაც მოსწონს, მივესალმები, მაგრამ ვინც ქრისტიანულ იდეას არ ცნობს და ღმერთზე და ეკლესიაზე სხვასაც აცდუნებს, უნდა გამოიფხიკოს ყურები. ჩვენ შეიძლება, ძალიან მალე ისევ აღმოვჩნდეთ რუსულ იმპერიაში და საერთოდ დავკარგოთ ყველა იდენტობა, რელიგიური უკვე დაკარგულია!

ავტორი - გვანცა პეტრიაშვილი