„უნდა მოვბილიზდეთ დიდი და პატარა ისე, როგორც ისრაელში მოხდა, რომ ეს თემა დავძლიოთ და გავხდეთ სამაგალითო“- ლადო კახაძე

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსით კი გარდაიცვალა კიდევ 24 ადამიანი. პანდემიის ასეთ გართულებულ ფონზე კი ვაქცინაციის პროცესში მთავრობის წარმომადგენლები ერთვებიან. ქვეყანაში ჩინური ვაქცინით, „სინოფარმით“, აქტიური ვაქცინაცია მიმდინარეობს. მიმდინარე ეპიდვითარებაზე „ვერსიაზე“ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძეს ესაუბრა:

_ ბატონო ლადო, გუშინ თქვით, რომ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი დაფიქსირდა, შემდეგ კი ამირან გამყრელიძემ ეს ინფორმაცია უარყო. საინტერესოა, რაზე დაყრდნობით განაცხადეთ ეს?

_ ამირან გამყრელიძემ თქვა, ლაბორატორიულად კორონავირუსის ინდური შტამი საქართველოში არ დადასტურებულა, თუმცა შესაძლოა, საქართველოში იყოს ინდური შტამის არსებობის ალბათობაო. ეს არის გონიერი, გამოცდილი, განათლებული ექიმის სიტყვები, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამორიცხავს იმ რელობას, რომ თურქეთში არის ინდური შტამი და ინოდეთის მოსახლე მხოლოდ ინდოეთიდან კი არ შემოდის, არამედ სხვა ქვეყნიდანაც შეიძლება, შემოვიდეს. ამიტომ ამის ალბათობის დაშვება სწორია და მეც ზუსტად ამ კონტექსტში ვსაუბრობ, როცა ვამბობთ, რომ უნდა გამკაცრდეს ინდოეთიდან შემომსვლელთა კონტროლი და ორკვირიანი კარანტინი დაწესდეს, ამის გამართლება ზუსტად ესაა, რომ პრევენცია მოვახდინოთ. ყველა ეს შტამი ერთმანეთისგან განსხვავდება გავრცელების სიჩქარით და ინდური შტამი გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ბირტანული.

ვთხოვ, რომ კი არ გავამკაცროთ, არამედ მკაცრად დავიცვათ რეგულაციები - პირბადე, დისტანცია, თავყრილობების აცილება - ამ ყველაფერზე გავაკეთე პრევენციული განცხადება. ჩემს მეგობრებს, რომლებსაც ვენდობი, ვეკითხები ყველაფერს, ლაბორატორია და ლაბორატორიული მონაცემები არ მაქვს, მე მხოლოდ ეს ალბათობა დავუშვი.

_ „სინოფარმი“, რომლის ვაქცინაციაშიც დღეს მთავრობის წარმომადგენლები ჩაერთნენ, მოქმედებს თუ არა ჩინურ, ბრიტანულ და სხვა ახალ შტამებზე?

_ მსოფლიოში 175 ქვეყანაა აქტიურად ჩართული ვაქცინაციის პროცესში და ყველა მეცნიერი ერთსა და იმავეს ამბობს. ენტონი ფაუჩიმ იცით, რა თქვა? - საუკეთესო ვაქცინა ისაა, რომელსაც გაიკეთებო. ნებისმიერი ვაქცინის დედაარსი ისაა, რომ ნებისმიერ შტამს ასუსტებს, რაც ნიშნავს, რომ თუ ვირუსით დასნებოვდები, ჰოსპიტალიზაცია და რეანიმაციაში მოხვედრა არ დაგჭირდეს და რაც ყველაზე მთავარია, ლეტალობა შეამციროს. ხარისხით ერთმანეთისგან ცოტა განსხვავდება, მაგრამ სიცოცხლეს იცავს, რაც საერთო აქვთ.

„ასტრაზენეკა“, რომლითაც მე და ჩემი ოჯახი ავიცერით, ჩემს ასაკს შეეფერება, გვითხრეს, 55 წელს ქვემოთ ნუ გაიკეთებთ ამ ვაქცინასო. ამ დროს, ჩინურ ვაქცინას, „სინოფარმს“, ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს და დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ახალგაზრდებს, რომლებაც წინ გაიხედეს, გონიერი და პრაქტიკული გადაწყვეტილება მიიღეს - საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობის დაცვა გადაწყვიტიეს და ამასთან, პოსტკოვიდურ პერიოდზე ფიქრობენ, მათ აქტიურობას მივესალმები.

მზადდება დოკუმენტი, პრაქტიულად, გამზადებულია, რომელიც სერტიფიკატს ანუ უსაფრთხოების ნებართვას გულისხმობს. თუ აცრილი ხარ და გაქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, უსაფრთხო ხარ, როგორც სტუმარიც და მასპინძელიც. ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულია ტურიზმის სფერო, რომელმაც უდიდეს დარტყმა მიიღო. 2019 წელს 3-ჯერ მეტი სტუმარი გვყავდა, ვიდრე ჩვენ, მოსახლეები ვართ, ეს შესაშური პოტენციალი გვაქვს და ამიტომ იყო შეთავაზება ტურიზმით დაკავებული ადამიანებისთვის. ვნახეთ, როგორ კარგად გამოეხმაურა ეს სექტორი, ერთი სული აქვთ, აიცრან, სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ. ბევრს საზღვარგარეთ აქვს საქმე და მათი მოტივაციაც იზრდება, რადგან საზღვარი გაეხსნებათ და უსაფრთხოდ დახვდებიან. ეს არის კარგი მოტივაცია, რასაც მივესალმები და მადლობა NCDC-ს, რომელმაც მოამზადა დოკუმენტი და განხილვის საფუძველი გახდება ცოტა ხანში.

_ ბატონო ლადო, დღეს 2000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში. ეს ნახტომისებური ზრდა ნიშნავს, რომ საქართველოში პანდემიის მესამე ტალღა უკვე მიმდინარეობს, არა?

_ დედამიწაა მესამე ტალღაში და ჩვენც ვართ.

_ და როგორი ზაფხული გველოდება, თქვენი პროგნოზი როგორია?

_  როგორც ხედავთ, საუბრის დროს პოლიტიკური ვუალი მოცილებული მაქვს, არ მინდა, ვინმეს ოპონირება გავუწიო. მინდა, ყველა დაირაზმოს ამ თემის გარშემო დადებითი შედეგის მისაღებად. ჩვენ გადავიარეთ ტალღა, როცა დღიური მაჩვენებელი იყო 5000 და გვახსოვს, რამდენი კიჟინა იყო, სისტემა ჩამოიშლებაო. ასე არ მოხდა, გაუძლო სისტემამ ამ გამოწვევას და დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ყველა ექიმს, ექთანს, სანიტარს და რაც მთავარია, ორგანიზატორებს. ინდოეთში ჩივიან, ისეთი ტალღაა, ჟანგბადი არ გვყოფნისო. ჩვენ კი დღესაც მობილიზებული გვაქვს ეს, მაგრამ სულ ვამბობ - ნუ გამოვცდით ბედს, ჩვენი მიზანია, გამოცდილება გავიზიაროთ და გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან წარმატებულად. გასულ წელს ცოტა ადრე დავიჯერეთ, რომ კოვიდს ვაჯობეთ და ამან ცოტა გაგვირთულა სიტუაცია. ახლა კი დიდი თხოვნა მაქვს, ერთმანეთს ნუ გავეჯიბრებით და ეს ჯიბრი ვირუსის სასარგებლოდ არ ვაქციოთ. ამიტომ ის რეგულაციები, რომლებიც გვაქვს, კი არ გავამკაცროთ, არამედ მკაცრად დავიცვათ. ჯერ ექიმი ვარ და მერე პოლიტიკოსი, ამიტომ ადამიანებს ვურჩევ... ვიცი, რომ ძალიან დიდი დისკომფორტის შემქმნელია, მაგრამ პირბადე არის უმთავრესი დამცველი, ამასთან სოციალური დისტანცირება, ხელის ჰიგიენა და თავშეყრის ადგილებიდან თავის არიდება. ძნელია ახალგაზრდებისთვის ამის წაკითხვა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს. თუ ამ რეგულაციებს მკაცრად დავიცავთ და ვაქცინაციას ფართო ფრონტით გავშლით, საიმედო ნაბიჯები იქნება და ამის ცოცხალი მაგალითი გვაქვს - ისრაელი. მწვანე დოკუმენტი გახდება საფუძველი, რომ უსაფრთხო იქნები ქვეყნის შიგნით და გარეთ.

ჩვენ ყველანი ვართ ქვეყანა და უნდა მოვბილიზდეთ დიდი პატარა ისე, როგორც ისრაელში მოხდა, რომ ეს თემა დავძლიოთ და გავხდეთ სამაგალითო. ჩვენ ეს შეგვიძლია.