ხაშურის მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო სახსრების ფლანგვაშია მხილებული

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დარღვევები ფინანსურ რესურსებში, წყალმომარაგებასა და სახელმწიფო შესყიდვებში - აუდიტის მორიგი სკანდალური დასკვნა

 

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხაშურის მუნიციპალიტეტი შეამოწმა. ესაა 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი, სადაც სხვადასხვა სახის დარღვევები და ხარვეზები გამოვლინდა. ვიდრე ამ დარღვევებს განვიხილავთ, შეგახსენებთ, რომ  ხაშურის მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სსიპ-ია, რომელსაც აქვს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, განკარგავს საკუთარ ქონებასა და ბიუჯეტს. მუნიციპალიტეტი მოიცავს 13 ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც აერთიანებს ერთ დაბას, 82 სოფელსა და ადმინისტრაციულ ცენტრს - ქალაქ ხაშურს. მუნიციპალიტეტის ფართობია 585.0 კვადრატული კილომეტრი, ხოლო მოსახლეობის რიცხოვნობა 2018 წლის მდგომარეობით, 51 900 კაცს შეადგენს.

 

ხარვეზები ფინანსურ რესურსებში

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, 2018-2019 წლების შემოსულობები - 39 435 500 ლარი, ხოლო გადასახდელები - 39 116 000 ლარი იყო. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ორივე საანგარიშო წელს, შემოსულობები დაბალი მაჩვენებლით შესრულდა და დაგეგმილი ძირითადი აქტივების რეალიზაციაც ვერ განხორციელდა. ეს იმიტომ, რომ 2018 წელს, ყოფილი „აზნეფტის“ ქონების (არასასოფლო-სამეურნეო მიწა) გასხვისებაზე, ხაშურის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა მხოლოდ ერთხელ, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა. 2019 წელს, შემოსავლები დაგეგმილი იყო სახელმწიფოს მიერ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქონების პრივატიზებიდან, რაც 2020 წელს გაიყიდა.

გადასახდელებში მუნიციპალიტეტმა არასათანადოდ შეასრულა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი. კერძოდ, მერიამ, წლის ბოლომდე ვერ აითვისა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები. შესაბამისად, ვერ დასრულდა და დაგვიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის, ქუჩების, გზების, მინი-სტადიონებისა და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.

„საანგარიშო პერიოდში, ხაშურის მუნიციპალიტეტი ფლობდა მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო ნაშთებს, კერძოდ, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ბალანსზე, ნაშთის სახით, 1 920 200 ლარი ირიცხებოდა. 2018 წლისთვის, დაიგეგმა 1 618 700 ლარის ათვისება, თუმცა დაგეგმილი ნაშთიდან, მხოლოდ 82 100 ლარი გამოიყენეს. შესაბამისად, საბოლოოდ, დაფიქსირდა 1 838 100 ლარის ნაშთი, საიდანაც 104 600 ლარი თავისუფალი ნაშთია. 2019 წელს, მუნიციპალიტეტმა დაგეგმა 1 662 400 ლარის ათვისება, თუმცა დააგროვა 401 600 ლარი. საბოლოოდ, წლის ბოლოსთვის, საბიუჯეტო ნაშთმა 2 239 700 ლარი შეადგინა, საიდანაც 787 900 ლარი თავისუფალი ნაშთია“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2018-2019 წლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტმა, ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად ვერ განახორციელა და არსებითი მოცულობის ნაშთი (მათ შორის, თავისუფალი ნაშთი) დააგროვა. აუდიტორების მტკიცებით, ეს ნიშნავს, რომ მის მფლობელობაში არსებულ ფინანსურ რესურსებს, ხაშურის მუნიციპალიტეტი არაეფექტიანად მართავს.

 

დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2018-2019 წლებში, ხაშურის  მუნიციპალიტეტმა, 106 ხელშეკრულების საფუძველზე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, რომელთა საერთო ღირებულება 21 321 600 ლარი (20 000 ლარის და მეტი ღირებულების პროექტები) იყო. მუნიციპალიტეტმა უხარისხო სამუშაოები, მხოლოდ  9 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე გამოავლინა, რომელთა ღირებულება 6 266 900 ლარია. კერძოდ, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის, სპორტული და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები.

სახელმწიფო აუდიტორებმა ეს პროექტები დაათვალიერეს, შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები საკმაოდ სუსტი იყო. ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი შესრულებულია უხარისხოდ, ობიექტები დაზიანდა და საჭირო გახდა დამატებითი რეაბილიტაცია.

„2017-2019 წლებში, შპს „ოპტიმალ გრუპ +“-ს, გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურებაზე, რომელთა საერთო ღირებულება 849 300 ლარი იყო. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მიმწოდებელი პასუხისმგებელი იყო შესრულებული სამუშაოების ხარისხზე. ხაშურის მუნიციპალიტეტმა ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რა სახის სანქციები გაატარა მიმწოდებლის მიმართ, რომელმაც უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ჩააბარა“.

სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის სათანადო პროცედურები და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ არ მიეღო უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები. კერძოდ, ხაშურის მერიამ ჩაიბარა 6 266 800 ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც დაზიანდა და დამატებითი რეაბილიტაცია სჭირდება.

 

ხარვეზები წყალმომარაგებაში

ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ, 2018-2019 წლებში მიღებული პრიორიტეტების დოკუმენტებით, სასმელი წყლის სისტემები უნდა დაფინანსებულიყო. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2018 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, მხოლოდ 240 300 ლარი დაიხარჯა.

2019 წელს, ბიუჯეტიდან დახარჯული 824 600 ლარიდან, 173 300 ლარი - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეულ პროექტებს მოხმარდა. კერძოდ, ჭების მოწყობას, ავზების, წყლის მილებისა და სხვა მასალების შეძენას, ხოლო 575 000 ლარი - სოფელ ბიჯნისის წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოებისთვის, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხაა.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ხაშურის მუნიციპალიტეტი არ აწარმოებს სასმელი წყლის ლაბორატორიულ კვლევას. ჭები და სათავე ნაგებობები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი წყლის დაქლორვის საშუალებებით. პასუხისმგებელი პირების განმარტებით, სოფლის მოსახლეობისთვის მიწოდებული წყლის ხარისხი არ მოწმდება. 2018-2019 წლებში, წყლის მომხმარებელი აბონენტების გამრიცხველიანების სამუშაოები არ დაფინანსებულა, რაც ხელს შეუწყობდა წყლის ეკონომიას და თანაბარ განაწილებას.

შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის წყალმომარაგებაში, მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს: მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება, ან მიეწოდება შეფერხებით; მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება. აუდიტორებისვე მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა სისტემურ ხასიათს ატარებს, საკითხის მოსაგვარებლად, მუნიციპალიტეტის მიერ გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია.

 

ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვებში

რა თქმა, სახელმწიფო აუდიტორებმა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო შესყიდვებშიც. 2018 წელს, მუნიციპალიტეტმა, ქალაქ ხაშურის №7 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის გამოაცხადა ტენდერი, რომლის ღირებულება 100 600 ლარი იყო. ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი დაფიქსირდა 82 000 ლარის ოდენობით, თუმცა სატენდერო კომისიამ პრეტენდენტს - შპს „ემ ემ მშენს“ დისკვალიფიკაცია მიანიჭა, რადგან მიიჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა სატენდერო პირობებს.

აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ პრეტენდენტის სამუშაო გამოცდილება დათვალა არა მის მიერვე შედგენილი ტექნიკური პირობის მიხედვით (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2), არამედ, საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, რის გამოც პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია მიანიჭა. სამაგიეროდ, ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა მომდევნო პრეტენდენტი, რომელთანაც ხელშეკრულება 87 500 ლარზე გააფორმეს. შედეგად, ხაშურის მუნიციპალიტეტმა 5 500 ლარის სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაკარგა.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ სატენდერო კომისიამ, დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია განახორციელა კანონმდებლობის დარღვევით. სამუშაოები კი შეისყიდა უფრო მაღალი ღირებულებით და ბიუჯეტიდან გასწია არაეკონომიური ხარჯი - 5 500 ლარის ოდენობით.