საჯარო მოხელეთა პროფესიულ განვითარებაში დარღვევები გამოვლინდა - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მორიგი დასკვნა

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საჯარო მმართველობით დაინტერესდა. აუდიტი, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, საჯარო მოხელეთა პროფესიულ განვითარებას ეხება. საჯარო მმართველობის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად, მნიშვნელოვანია პროფესიონალი, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანური რესურსების არსებობა და მათი ეფექტიანი მართვა, რაც სტრატეგიული მიზნების მიღწევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად ითვლება. საჯარო სამსახურის ბიურომ, რეფორმის ფარგლებში, დასაქმებულთა პროფესიული განვითარების მიმართულებით, არაერთი აქტივობა განახორციელა, თუმცა სახელმწიფო აუიტორების მტკიცებით, რიგი საკითხები კვლავ აქტუალურია, რისთვისაც სათანადო ღონისძიებების გატარება აუცილებელია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აუდიტი, რომლის მოკლე მიმოხილვასაც ამჯერად გთავაზობთ.

 

ხარვეზები ადამიანური რესურსების განვითარების სტრატეგიებში

ზოგადად, ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვის მნიშვნელოვანი პირობაა, რომ ორგანიზაციებში შემუშავებული იყოს ადამიანური რესურსების განვითარების სტრატეგია, ხოლო საჯარო სამსახურის ბიურო, საკუთარი ფუნქციებიდან გამომდინარე, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით, შეისწავლის, აანალიზებს და მონიტორინგს უწევს საჯარო სამსახურის სფეროში არსებულ მდგომარეობას.

სახელმწიფო აუდიტორების მიერ შერჩეული ოთხი სამინისტროდან, ადამიანური რესურსების განვითარების სტრატეგია არ შეუმუშავებიათ განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ, აუდიტორებისთვის წარდგენილი სტრატეგიები შემუშავებული და დამტკიცებული იყო 2021 წელს. შესაბამისად, გათვალისწინებული აქტივობების უმეტესობას ჰქონდა მიმდინარე სტატუსი.

„აქედან გამომდინარე, პროფესიული განვითარების მიმართულებით, საჯარო სამსახურის ბიურომ ვერ განახორციელა ადამიანური რესურსების სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებისა და მიდგომების მიმოხილვა და შეფასება. მიუხედავად საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების ხელშესაწყობის მიზნით განხორციელებული აქტივობებისა, აღნიშნული მიმართულებით არსებული მდგომარეობა საჭიროებს გაუმჯობესებას“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

გარდა ამისა, საჯარო სამსახურის ბიურო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაციას და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს მოხელეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების განსავითარებლად, აწარმოებს და აანალიზებს საჯარო მოხელეთა შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას, მეთოდურ დახმარებას უწევს საჯარო სექტორს და აღნიშნულ სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე, შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებსაც ამზადებს. ვნახოთ, რა დარღვევები გამოავლინეს აუდიტორებმა ამ ნაწილში:

„საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“, საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობის მიზნით, იქმნება საჯარო სამსახურის საბჭო, რომელიც იკრიბება ექვს თვეში ერთხელ, თუმცა ბიუროს განმარტებით, აუდიტის პერიოდში, საბჭო არ შექმნილა!“

აუდიტის მიმდინარეობისას, ოთხი სამინისტროს მაგალითზე, გაანალიზდა პროფესიული განვითარების საჭიროების დადგენის პროცესი, სასწავლო გეგმებისა და მისი შემდგომი უზრუნველყოფის შესახებ მონაცემები, ასევე, აღნიშნული პროცესის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ბიუროს მიერ გატარებული აქტივობები.

 

ხარვეზები საჯარო სამსახურის ბიუროში

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ იმ ოთხ სამინისტროს, რომლებიც აუდიტისთვის შეარჩიეს, საჯარო სამსახურის ბიუროში არ ჰქონდათ წარდგენილი პროფესიული განვითარების გეგმები, ან წარდგენილი გეგმები არ იყო სრულყოფილი. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ პროფესიული განვითარების გეგმების წარდგენა ფორმალურ ხასიათს ატარებს. შესაბამისად, ბიუროს მხრიდან არ არის უზრუნველყოფილი ინფორმაციის სრულყოფილი ანალიზი და შეფასება:

„პროფესიული განვითარების გეგმების შედგენის პროცესში, არ იკვეთება მკაფიო კავშირი შესწავლილი სამინისტროების მიერ დაგეგმილ ტრენინგებს, ორგანიზაციის პრიორიტეტებსა და ამოცანებს შორის, რადგან დაგეგმილი ტრენინგები ზოგადი ხასიათისაა და ნაკლებადაა ორიენტირებული დარგობრივი მიმართულებით კომპეტენციების ამაღლებასა და განვითარებაზე. შესაბამისად, არ არის უზრუნველყოფილი სპეციალიზებული და პრიორიტეტული მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების განვითარების შესაძლებლობა. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნებისა და რეკომენდაციების მიუხედავად, ზემოაღნიშნული გარემოებები კვლავ გამოწვევად რჩება“.

სახელმწიფო აუდიტორებმა შესწავლილი სამინისტროებიდან მიწოდებული ინფორმაცია გააანალიზეს და გამოკვეთეს, რომ პროფესიული განვითარების დამატებითი პროგრამების ჯამური შესრულების მაჩვენებელი მცირე იყო - საშუალოდ, 14% შეადგინა. დაბალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა ფაქტობრივად ჩატარებულ ტრენინგებში დარგობრივი თემატიკის ტრენინგების წილი, რომელმაც ჯამურად ჩატარებული დამატებითი ტრენინგების 17% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დარგობრივი მიმართულებით ჩატარებული ტრენინგები არ იყო გათვალისწინებული პროფესიული განვითარების გეგმებში, რაც აუდიტორების მტკიცებით, მიუთითებს ორგანიზაციული მიზნებისა და სტრატეგიული ამოცანების სათანადოდ შესრულების რისკებისა და დაგეგმვის პროცესის ნაკლოვანებაზე.

„ოთხი სამინისტროს შემთხვევაში, რეალურად ჩატარებული ტრენინგებისა და მონაწილე თანამშრომლების რაოდენობა ნაკლები იყო გეგმით გათვალისწინებულზე, რაც მიუთითებს პროფესიული განვითარების პროცესის დაგეგმვისა და მისი შემდგომი უზრუნველყოფის ხარვეზებზე. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნებისა და რეკომენდაციების მიუხედავად, აღნიშნული გარემოებები კვლავ გამოწვევად რჩება. შესწავლილ ორგანიზაციებს არ აქვთ შემუშავებული პროფესიული საჭიროების დადგენის მეთოდოლოგიები. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ზოგადი ხასიათის „მოხელის პროფესიული განვითარების სახელმძღვანელო“, არ მოიაზრებს პროფესიული განვითარების მიმართულებით კონკრეტული ორგანიზაციების საჭიროებებს“.

აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ტრენინგების ჩატარება, ძირითადად, უზრუნველყოფილია დონორებისგან მიღებული დაფინანსებით, რადგან სამინისტროების ბიუჯეტი არ არის საკმარისი პროფესიული საჭიროებების სათანადოდ უზრუნველსაყოფად. მიუხედავად იმისა, რომ დონორები აქტიურად არიან ჩართულები სწავლების პროცესის მხარდასაჭერად, ხშირ შემთხვევებში, სამინისტროებისთვის რთულია, წინასწარ, მეტი სიზუსტითა და საჭიროებების გათვალისწინებით განსაზღვრონ პროფესიული განვითარების გეგმები.

 

ხარვეზები პროგრამების ხარისხის კონტროლში

საჯარო მოსამსახურეების პროფესიული გადამზადების ნაწილში, აკრედიტაციას ექვემდებარება მხოლოდ საბაზისო პროგრამები, დამატებითი პროგრამები კი, შესაძლებელია დაექვემდებაროს აკრედიტაციას, თუმცა საჯარო დაწესებულებების მოთხოვნის საფუძველზე. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ მსგავსი მოთხოვნით, აუდიტის პერიოდში, ბიუროსთვის არ მიუმართავთ.

„ცხრა სამინისტროდან მოწოდებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ დამატებითი სასწავლო პროგრამებისა და მასში მონაწილეთა წილი გეგმაში, საშუალოდ, 90%-ია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საბაზისო პროგრამების მაჩვენებლებს. დამატებითი სასწავლო პროგრამების სტანდარტისა და ხარისხის კონტროლის პროცედურები არ არის დადგენილი, ხოლო საჯარო დაწესებულებების უმეტესი ნაწილისთვის შეფასება შემოიფარგლება სწავლების შემდგომ პროგრამაში მონაწილეთა მიერ შევსებული „კმაყოფილების“ კითხვარით, რაც კარგი პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად. შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიუროსთვის საჯარო სამსახურში არსებული კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების დონის შესწავლა გამოწვევად რჩება და არსებობს რისკები, რომ დამატებითი სასწავლო პროგრამების მიზნები ვერ შესრულდეს“.

გაირკვა ისიც, რომ აუდიტის პერიოდში, ცხრა სამინისტროდან, ექვსის შემთხვევაში, არ იყო მოწოდებული სრულყოფილი ინფორმაცია დაგეგმილი სწავლებების შესახებ ადამიანური რესურსების მართვის - eHRMS სისტემაში, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ენიჭება HR-ის მიმართულებით, ეფექტიანი მართვის განხორციელების მხარდასაჭერად. იმავდროულად, შესრულების ნაწილში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, სწავლებაში მონაწილე თანამშრომელთა რაოდენობა ასახულია ჯამურად, რაც ართულებს საჯარო სამსახურის ბიუროს შესაძლებლობას, გააკეთოს სრულყოფილი ანალიზი, შეფასებები და გასცეს სათანადო რეკომენდაციები.

„აღსანიშნავია ისიც, რომ პროფესიული განვითარების გეგმები არ გამომდინარეობს პროფესიული განვითარების საჭიროებების დადგენის პროცესის შედეგებიდან, ვინაიდან ორგანიზაციებში აღნიშნულ პროცესს სრულყოფილად ფორმალიზებული ხასიათი არ აქვს. სისტემის გაუმჯობესების მიზნით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელებული გარკვეული ქმედებების მიუხედავად, ამ პროცესთან დაკავშირებული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება“.

საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს პანდემიით გამოწვეული ეფექტები, რამაც, აუდიტორების მტკიცებით, უარყოფითი გავლენა იქონია პროფესიული განვითარების პროცესზე.