56 ახალი სტატია

საბავშვო ბაღებში დარღვევებია აღმოჩენილი

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა მოქმედ სტანდარტებს არ შეესაბამება!

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სკოლამდელი აღზრდით დაინტერესდა. ვრცელი ანგარიში, რომელიც უწყებამ გამოაქვეყნა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანობას ეხება. აუდიტი საქართველოს ოთხ თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ფოთში არსებულ საბავშვო ბაღებში განხორციელდა. ეს ქალაქები მათი სიდიდის, სერვისით მოსარგებლე ადამიანების რაოდენობისა და დაფინანსების მოცულობის გათვალისწინებით შეარჩიეს. ანგარიშში სრულადაა ასახული, თუ როგორ უზრუნველყოფენ შერჩეული ქალაქების სააღმზრდელო დაწესებულებები ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებულ პროცესებს, როგორ პასუხობს თითოეული მათგანი ბავშვის ინტერესებსა და საჭიროებებს და რამდენად უზრუნველყოფს უსაფრთხო ან ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნას. როგორც მოსალოდნელი იყო, სახელმწიფო აუდიტორებმა საკმაოდ სერიოზული დარღვევები გამოავლინეს, თუმცა მათი გამოსასწორებელი რეკომენდაციებიც გასცეს.

 

დავიწყოთ იმით, რომ სკოლამდელი განათლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის შემდგომი განვითარებისა და მისი პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ადრეული განათლება უმნიშვნელოვანესი ინვესტიციაა ბავშვის მომავალი აკადემიური, პიროვნული და სოციალური განვითარებისთვის, ასევე, მთლიანად საზოგადოების განვითარებისთვის. საქართველოში, საბავშვო ბაღების საქმიანობის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2014-2019 წლებში, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა სკოლამდელი აღზრდის სისტემის ძირეული ცვლილებისთვის. ახალი რეფორმების მიზანია, რომ მოვლის ნაცვლად, საბავშვო ბაღებმა აღზრდის ფუნქცია შეითავსონ.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა, სწორედ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეფორმის მიმდინარეობის პროცესი და რაც მთავარია, კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან - ბაღების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, თვითმმართველ ქალაქებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა შეისწავლეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, საბავშვო ბაღების ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და აქვს შემდეგი ნაკლოვანებები: თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად, არ გაუტარებიათ სათანადო ღონისძიებები, რათა ბაღების საქმიანობა დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისი ყოფილიყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არ არსებობს ერთიანი ხედვა, თუ როდის უნდა უზრუნველყონ მერიებმა საბავშვო ბაღების სტანდარტებთან შესაბამისობა. პასუხისმგებელი ორგანოების საქმიანობა ბაღების განახლებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, არ არის თანმიმდევრული. მენეჯმენტი ძირითადად მიმართულია ყოველდღიური ოპერატიული ამოცანების გადაჭრისკენ და არ მოიცავს ისეთ აქტივობებს, რომლებიც გრძელვადიანად არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.  

გარდა ამისა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე საზოგადოების მხრიდან მზარდი მოთხოვნების გათვალისწინებით, ამ პრობლემების აქტუალობა მომავალშიც გაიზრდება. აუდიტორების მტკიცებით, სათანადო ღონისძიებების განუხორციელებლობის გამო, წინსვლა არ არის ბაღების ავტორიზაციის კუთხითაც. ავტორიზაციის პროცესი, რომელიც 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, 2020 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდო, თუმცა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს და ვადა კიდევ ერთხელ - 2021 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.

თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტებში არსებული ინფრასტრუქტურული რესურსი ვერ აკმაყოფილებს სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გასაზრდელად, 2014-2019 წლებში, ახალი ბაღების მშენებლობაზე - 43 999 400 ლარი, ხოლო არსებული ბაღების რეაბილიტაციაზე - 5 591 200 ლარი დაიხარჯა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება მოქმედ სტანდარტებს! გამოვლენილი გარემოება მიუთითებს მენეჯმენტის მხრიდან, სტანდარტების მიმართ არასათანადო დამოკიდებულებაზე, რადგან შესაძლებელი იყო ახლადაშენებული ბაღების მოქმედ სტანდარტებთან სრულად შესაბამისობაში მოყვანა. საჯარო ბაღებში არსებული ინფრასტრუქტურის მოცულობა ვერც სერვისზე არსებული მოთხოვნის სათანადოდ დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ბაღების შენობები სრულად არ არის აღჭურვილი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების შესაბამისი სახანძრო უსაფრთხოების სისტემით. შესაბამისად, 2014-2019 წლებში, მუნიციპალიტეტების მხრიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე განხორციელებული ღონისძიებები, მიწოდებული სერვისის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას.

სახელმწიფო აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს არ გააჩნიათ საკმარისი ადამიანური რესურსი, რათა საბავშვო ბაღების საქმიანობა მოქმედ სტანდარტებს შეუსაბამონ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღმზრდელთა არასაკმარისი რაოდენობა აისახება სწავლების მეთოდოლოგიურ მხარეზე, რაც შესაძლებელია აღსაზრდელთა სათანადო ხარისხით სასკოლოდ მზაობისთვის მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორი გახდეს. ასევე, პედაგოგების ნაკლებობა ხელს უშლის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის სათანადოდ წარმართვას.

აუდიტორების მტკიცებით, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, შესაბამის პასუხისმგებელ პირებს არ გაუტარებიათ სათანადო ღონისძიებები ამ პრობლემის გადასაჭრელად. არ არსებობს დროში გაწერილი გეგმა, რომლის მიხედვით, პედაგოგებისა და აღსაზრდელების რაოდენობა კანონთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი. არადა, ამ პრობლემის მოგვარება მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდის სერვისის გასაუმჯობესებლად.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს არ გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაციის მქონე საკმარისი ადამიანური რესურსი, რათა საბავშვო ბაღების საქმიანობა შეუსაბამონ მოქმედ სტანდარტებს. ეს აისახება სწავლების მეთოდოლოგიურ მხარეზე, რადგან პედაგოგთა კვალიფიკაცია არსებითი კომპონენტია ბავშვთა სასკოლო მზაობისათვის. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს არ აქვთ შემუშავებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს იმ პედაგოგების გადამზადებას, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. ბაღებში დაცული არ არის პედაგოგების უწყვეტი განათლების ორგანიზების პრინციპი, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს სერვისის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობებს.

დარღვევები გამოვლინდა საბავშვო ბაღებისთვის აუცილებელი ინვენტარის შეძენის ნაწილშიც. კერძოდ, თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის საბავშვო ბაღების დანახარჯების სტრუქტურის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ბავშვების ინტელექტუალური განვითარებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას. აღნიშნული ინვენტარის შესაძენად გაწეული ხარჯები, ბაღების მთლიან გადასახდელებში აუდიტის ობიექტების მიხედვით, 0.04%-დან 0.7%-მდე მერყეობს. არადა, საბავშვო წიგნების, დამხმარე ინვენტარისა და სათამაშოების შესყიდვა უმნიშვნელოვანესია სააღმზრდელო საქმიანობის ნორმალურად წარმართვისა და ბავშვის სკოლამდელი მზაობის უზრუნველყოფისთვის. ამის მიუხედავად, საბავშვო ბაღებში, სწორედ ამ ინვენტარის შეძენას ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ.

დარღვევებთან ერთად, სახელმწიფო აუდიტორებმა რამდენიმე რეკომენდაციაც შეიმუშავეს, რომელიც შესაბამისმა უწყებებმა, ამ შემთხვევაში, ბაღების სააგენტოებმა უნდა გაითვალისწინონ:

„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა, მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან კონსულტაციების საფუძველზე, დროში გაწერილი ერთიანი სტრატეგია უნდა შექმნან, რათა იცოდნენ, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საბავშვო ბაღების სტანდარტების დაკმაყოფილების პროცესში. აუცილებელია, სამოქმედო გეგმა იყოს თანმიმდევრული და ითვალისწინებდეს ეტაპობრივად განსახორციელებელ კონკრეტულ ქმედებებს, რათა შესაძლებელი იყოს მისი შესრულების შეფასება. ეს ხელს შეუწყობს ავტორიზაციის პროცესის სათანადოდ წარმართვასა და საბავშვო ბაღების მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა, შესაბამის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებთან კონსულტაციის საფუძველზე, უნდა შეიმუშაონ საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგია. დოკუმენტში იმ აქტივობებისა და ღონისძიებების გრძელვადიანი გეგმა უნდა აისახოს, რომლითაც უზრუნველყოფენ, როგორც არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას, ასევე, საჯარო ბაღებზე მოსახლეობის მხრიდან მზარდ მოთხოვნასთან შესაბამისობას. ამასთან, პასუხისმგებელმა პირებმა შეისწავლონ საბავშვო ბაღებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მდგომარეობა და მის მოსაწესრიგებლად გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები. ეს ხელს შეუწყობს საბავშვო ბაღების რეფორმირების პროცესის წარმართვას ისე, რომ მაქსიმალურად სწრაფად იქნეს დაკმაყოფილებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირების სტანდარტები.

პოზიტიური სააღმზრდელო და საგანმანათლებლო გარემოს შექმნისა და სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მიზანშეწონილია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა მოიძიონ დამატებითი ფინანსური რესურსები და საბავშვო ბაღები უზრუნველყონ საკმარისი ადამიანური რესურსით. უმნიშვნელოვანესია, რომ სასკოლო მზაობის პროცესის სრულფასოვნად წარმართვისთვის, ბაღებმა შეისყიდონ საჭირო ინვენტარი და დამხმარე მასალა. შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა უნდა შეიმუშაონ აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სტრატეგია და მაქსიმალურად მოკლე დროში უზრუნველყონ კანონით განსაზღვრული კვალიფიკაციის მქონე პერსონალის ფორმირება. დაგეგმილი რეფორმების საპასუხოდ მნიშვნელოვანია, ბაღებმა შეიმუშაონ აღმზრდელ-პედაგოგების უწყვეტი განათლების უზრუნველყოფის სისტემა“.