სახელმწიფო აუდიტის სამსახურიფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებებით დაინტერესდა. აუდიტის ანგარიში, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, 2018-დან 2022 წლამდე პერიოდს მოიცავს და სახელმწიფოს მიერ, ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებების პროდუქტიულობა-ეფექტიანობას ასახავს. სახელმწიფო მაკონტროლებლებმა, აუდიტის ფარგლებში,შეისწავლეს პოლიტიკა და მისი აღსრულების მექანიზმები; სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მომსახურების ხელმისაწვდომობა; ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა.
ვიდრე სახელმწიფო აუდიტორების მიერ გამოვლენილ ხარვეზებს გაგაცნობთ, აღვნიშნავთ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიხედვით, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს აქვს დამანგრეველი ეფექტი, როგორც ინდივიდსა და ოჯახზე, ისე მთელ საზოგადოებაზე. ამასთან, ორიდანერთ ადამიანს, სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც ექმნება მსგავსი პრობლემა.საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, აღიარებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ადამიანის ჯანმრთელობის ფუნდამენტური ნაწილი და საზოგადოების კეთილდღეობის აუცილებელი პირობა, ხოლო ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა. ფსიქიკური ჯანმრთელობის გაძლიერების ეროვნულ კონტექსტში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თითოეული მოქალაქის მენტალური კეთილდღეობის დაცვა და ხელშეწყობა, არამედ, ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილება.
ხარვეზები ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკაში
სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ძირითად პრიორიტეტებსა და მიმართულებებს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარებისათვის. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სწორედ ეს დოკუმენტი უზრუნველჰყოფს მომსახურების დაფინანსებას.
„მიუხედავად ამისა, გამოწვევად რჩება პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესრულება, სანდო ინფორმაციის არსებობა და ხარჯების ეფექტიანად და პროდუქტიულად განკარგვის მიზნით დაფინანსების მექანიზმის შემუშავება.სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიულ გეგმასა და მექანიზმებს და ახორციელებს მის მონიტორინგსა და შეფასებას.თუმცა, მიუხედავად ამისა:აღსანიშნავია, რომ 2015-2020 და 2022-2030 წლების სტრატეგიებში, ერთი და იგივე მიმართულებები რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად, როგორიცაა ადამიანური რესურსის ნაკლებობა, ამბულატორიული მომსახურების გაძლიერება და შესაბამისი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა, მომსახურების ხარისხის ამაღლება, მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და სხვა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის ფარგლებში, 2022 წლისთვის დაგეგმილი 8 აქტივობიდან, 2023 წლის მდგომარეობით, შეუსრულებელია 5 აქტივობა, ნაწილობრივ განხორციელდა - 2. მაგალითად, ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში, პაციენტთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასების მიზნით არ შექმნილა მონიტორინგის ჯგუფი და არ გაუმჯობესებულა მედიკამენტების შესყიდვის მექანიზმი.
ხარვეზები დაფინანსების მოდელში
სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ სათემო ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლებისთვის მომსახურების დაფინანსების გლობალური ბიუჯეტის პრინციპი წარმოშობს არაერთგვაროვანი მიდგომის რისკებს. კერძოდ, პაციენტების რაოდენობის მიხედვით მიმწოდებლისთვის ხარჯი განსხვავებულია - მეტი პაციენტი გულისხმობს მეტ დანახარჯს, დაფინანსება კი უცვლელია. მაგალითად, სერვისის მიმწოდებლების მიხედვით, 2019 წელს, ერთ პაციენტზე წლის განმავლობაში, საშუალოდ, დახარჯული თანხა მერყეობდა 106-დან 465 ლარამდე.
„დაწესებულებების მიხედვით, განსხვავებულია წარმოდგენილი ხარჯების სტრუქტურა და თითოეული შემადგენელი კომპონენტის პროცენტული წილი მთლიან ხარჯთან მიმართებით, რაც გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთ სერვისში არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებებისთვის განსაზღვრული ხარჯების თანაფარდობის დასაშვები ზღვარი. მედიკამენტების შესყიდვა/გაცემის მექანიზმების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ დაწესებულებებს არ აქვთ ერთნაირი მიდგომა და სახელმწიფოს წილით შექმნილი დაწესებულებები მედიკამენტებს ყიდულობენ კონსოლიდირებული შესყიდვით, იმ შემთხვევაში, თუ კერძო დაწესებულებისთვის წამლების შეძენა მოხდებოდა იმავე პრინციპით, წამლებზე გაწეული ხარჯი 35%-ით შემცირდებოდა“.
დარღვევები დოკუმენტაციის ზედამხედველობის მექანიზმში
აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი ნოზოლოგიები განსაზღვრულია დადგენილებით. კრიზისული ინტერვენციის კომპონენტის შესრულების მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული დიაგნოზების მიხედვით აღმოჩნდა, რომ 2018-2022 წლებში, 43 ბენეფიციარს 335 შემთხვევაში მინიჭებული აქვს ისეთი ნოზოლოგია, რომელიც პროგრამით არ არის განსაზღვრული. ასევე, მოზრდილთა სტაციონარის 2018-2022 წლების მომსახურების შესრულების ბაზების ანალიზით გამოვლინდა, რომ 49 ბენეფიციარს 303 შემთხვევაში უფიქსირდება და გლობალური ბიუჯეტის დაფინანსების მოდელის ფარგლებში უნაზღაურდება ისეთი ნოზოლოგია, რომელიც არ არის განსაზღვრული პროგრამით.
„მოზრდილთა სტაციონარის 902 ბენეფიციარი (ამ კომპონენტის უნიკალური ბენეფიციარების 5.9%), სტაციონარში ყოფნის პერიოდში, ასევე ფიქსირდება სათემო ამბულატორიის, კრიზისული ინტერვენციის, ან მობილური გუნდების კომპონენტების ფარგლებში წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტებში.
სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლებიც მნიშვნელოვანი წინაპირობაა პოლიტიკის შესამუშავებლად, არასრულია. პროგრამაში ჩართული სათემო მომსახურების მიმწოდებელ ზოგიერთ დაწესებულებას (ყოველწლიურად, საშუალოდ, 5 დაწესებულება ანუ 23%) ცენტრისათვის არ წარუდგენია სტატისტიკური ინფორმაცია“.
სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა, როგორიცაა დეპრესია, ცენტრის მონაცემებით, უფრო იშვიათად ფიქსირდება, ვიდრე შიზოფრენია, რაც მიუთითებს არსებული მონაცემების სისწორის რისკებზე.
„ჯანმოს მიხედვით, მოსახლეობის 3.8%-ს უფიქსირდება დეპრესია, როცა 2022 წლის მონაცემებით, შესაძლოა, 222 ადამიანიდან ერთს (0.45%) ჰქონდეს შიზოფრენია. ცენტრის 2021 წლის მონაცემის მიხედვით, საქართველოში დაფიქსირდა 895 ახალი შემთხვევა შიზოფრენიის, შიზოტიპური და ბოდვითი აშლილობების, როცა გუნება-განწყობის (აფექტური) აშლილობები, მათ შორის, დეპრესიის შემთხვევა მხოლოდ 392-ია, რაც თითქმის ორჯერ ნაკლები მაჩვენებელია“.
ხარვეზები დაფინანსებული მომსახურების ხელმისაწვდომობაში
აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ 2018-2022 წლებში, საქართველოს მასშტაბით, 39 მიმწოდებელი დაწესებულება ემსახურებოდა პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტების ბენეფიციარებს. მიუხედავად ამისა, კვლავ გამოწვევად რჩება საცხოვრებელთან ახლოს სხვადასხვა სერვისის, როგორც ფიზიკური, ისე ინფორმაციული ხელმისაწვდომობა.
„მიუხედავად ცენტრისა და სააგენტოს მიერ განხორცილებული ღონისძიებებისა, მოსახლეობის ინფორმირების მიმართულებით, 150 გამოკითხულიდან 113 რესპონდენტს არ ჰქონდა ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ. ამავე გამოკითხული ერთობლიობიდან, არ იყო ინფორმირებული 117 მოქალაქე, რომ სამედიცინო სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
ინფორმირებულობის დაბალ მაჩვენებელზე, სხვა მიზეზებთან ერთად, მიუთითებს ჯანმრთელობის დაცვის სტატისტიკური მონაცემებიც, რომელთა თანახმად, ყოველწლიურად მზარდია ფსიქიკური და ქცევითი აშლილობით დაავადებული პირების რიცხვი, ხოლო სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების რაოდენობა ყოველწლიურად სტაბილურია“.
ხარვეზები ფიზიკურ ხელმისაწვდომობაში
2018-2022 წლებში, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპონენტისთვისმიმწოდებელი მხოლოდ თბილისშია წარმოდგენილი მაშინ, როცა ამავე პერიოდში, ბენეფიციარები წარმოდგენილნი იყვნენ სხვადასხვა რეგიონიდან. ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტისთვის, 2018-2022 წლებში მიმწოდებელი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ სამ რეგიონში: თბილისში, კახეთსა და იმერეთში.
„ამ წლებში რეგისტრირებული ბენეფიციარების 88%-ის საცხოვრებელი რეგიონი ემთხვევა სწორედ ამ რეგიონებს. შესაბამისად, სხვა რეგიონებში მცხოვრები პოტენციური ბენეფიციარებისათვის ეს სერვისი არ არის გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი. 2018-2022 წლებში, ბენეფიციარების 99%-ის საცხოვრებელ ქალაქში ფუნქციონირებდა ავტორიზებული აფთიაქი, საიდანაც მოსარგებლეს შეეძლო მისთვის გამოწერილი მედიკამენტის მიღება, თუმცა მათ 34%-ს მედიკამენტების მიღება უხდებოდათ საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულ ქალაქში მდებარე დაწესებულებაში ან/და აფთიაქში, რითაც იზღუდება მედიკამენტებზე ფიზიკურ ხელმისაწვდომობა“.
მობილური გუნდის მომსახურება გულისხმობს რეგულარულ ვიზიტებს პაციენტის საცხოვრებელ ადგილას. აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ დაწესებულებები ემსახურებიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს, რომლებიც მნიშვნელოვნად დაშორებულნი არიან საწყისი პუნქტიდან. 22 დაწესებულებიდან, რომლებიც ახორციელებდნენ მობილური გუნდის მომსახურებას 2022 წელს, მხოლოდ 12 დაწესებულებას ჰყავდა ავტომანქანა.
„ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სახელმწიფო მართვის მექანიზმია სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი, რასაც სამინისტრო ახორციელებს სამედიცინო მომსახურების მიწოდების წესების, პირობებისა და ნორმატივების შემუშავების და მათი შესრულების კონტროლის გზით. საკანონმდებლო რეგულაციებში არსებული სხვადასხვა ჩანაწერის მიუხედავად, სამინისტროსა და პასუხისმგებელი ორგანოების მიერ სრულყოფილი ზედამხედველობა არ ხორციელდება. ამასთან, სამედიცინო დაწესებულებების მიერ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების გაწევის შესაძლებლობასსჭირდებაგაუმჯობესება“.
ხარვეზები სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობაში
„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ბენეფიციარებმა მომსახურება უნდა მიიღონ ლიცენზირებულ ამბულატორიულ დაწესებულებებში, თუმცა კანონში „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაზე ლიცენზიის ფლობის მოთხოვნა განსაზღვრული არ არის.
„ამ კანონში მითითებული ჩანაწერის შესაბამისად, სამინისტროს მიერ, 2020 წლის 1 სექტემბრისთვის, იგეგმებოდა მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ჯგუფი აუდიტის პერიოდისათვის არ იყო შექმნილი.
2018-2022 წლებში, რეგულირების სააგენტოს მიერ სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო პირობები შემოწმდა მხოლოდ 2018 და 2019 წლებში, 6 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. აღსანიშნავია, 2020-2022 წლებში,COVID-19-ის პანდემიის გამო, სანებართვო პირობების კონტროლი არ განხორციელებულა“.
სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი 12 სტაციონარული დაწესებულებიდან მონიტორინგი ხორციელდებოდა მხოლოდ 3 დაწესებულებაში. დანარჩენი 9 დაწესებულების შეუმოწმებელი შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 83%-დან 98%-მდე.
2019-2021 წლებში, ბავშვთა და მოზრდილთა სტაციონარების საწოლების დატვირთვა 5 სამედიცინო დაწესებულებაში აჭარბებდა 100%-ს, მათ შორის, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც დატვირთვა სამჯერ აღემატებოდა ზღვრულ შესაძლებლობებს.
ხარვეზები მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სამედიცინო მომსახურებაში
აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 58 მდგომარეობიდან, რომელსაც ფარავს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა, გაიდლაინი - კლინიკური მდგომარეობის მართვის რეკომენდაცია, შექმნილია მხოლოდ 15 შემთხვევაში.
„სამინისტროს შემუშავებული აქვს მომსახურების უზრუნველყოფის პროტოკოლები - დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტი, ოღონდ პროექტის სახით, რომელიც აუდიტის პერიოდში არ იყო დამტკიცებული. ამასთან, პროგრამაში ჩართული დაწესებულებიდან, მხოლოდ 6 დაწესებულებას აქვს შემუშავებული პროტოკოლები, საიდანაც ერთი დაწესებულების შემთხვევაში,ეს პროტოკოლი ზოგადი სახის დოკუმენტია“.
განსხვავებული სურათია დაწესებულებების მიხედვითაც, თუ რამდენ ბენეფიციარს ემსახურება მულტიდისციპლინური გუნდის ერთი წარმომადგენელი. მაგალითად, არსებული პრაქტიკის მიხედვით, ერთი ფსიქოლოგი - ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, შესაძლოა, ემსახურებოდეს მინიმუმ - 199, მაქსიმუმ - 9 303 პაციენტს.
რეკომენდაციები
მას შემდეგ, რაც ხარვეზები გამოავლინეს, სახელმწიფო აუდიტორებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ ცენტრს“, სსიპ „ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსა“ და სსიპ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ ცენტრს“ გარკვეული რეკომენდაციებიც გაუწერეს, რომლებიც ხარვეზების გამოსასწორებლად, ამ უწყებებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.
„ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, ეროვნული სტრატეგიის შესრულებისთვის, მუდმივი მონიტორინგის მიზნით,უნდა შემუშავდეს მისი ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმი.
საბიუჯეტო სახსრების პროდუქტიულად განკარგვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მიზნის სათანადოდ შესრულებისთვის, შეფასდეს არსებული და შეირჩეს პროგრამის დაფინანსების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც ორიენტირებული იქნება სერვისის ხელმისაწვდომობის ზრდაზე.
ბენეფიციარებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მომსახურებებზე ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, სამედიცინო სერვისების მიმწოდებლების შერჩევის მექანიზმი შემუშავდეს იმგვარად, რომ გაიზარდოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა/დაფარვა, როგორც მომსახურებაზე, ასევე მედიკამენტებზე“.
გარდა ამისა, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სანდო ინფორმაციის უზრუნველყოფისათვის, უწყებებმა უნდა დანერგონ სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების გადამოწმების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც გააუმჯობესებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სერვისების ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობის შეფასებასა და რესურსების შესაბისად დაგეგმვას.
„ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სერვისებისხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, უნდა დაინერგოს ქმედითი მექანიზმი, რომელიც მოსახლეობას აუმაღლებს ცნობიერებას ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ და ასევე შესაბამის სამიზნე ჯგუფებს - ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რითაც გაიზრდება სერვისებზე მიმართვიანობა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში, სათანადო ხარისხის მომსახურების მიწოდების მიზნით, შემუშავდეს შესაბამისი პროტოკოლები და გაიდლაინები და დაინერგოს ზედამხედველობის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებების მიერ პაციენტზე ორიენტირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების მიწოდებას“.
ავტორი-მაკა რუხაძე
რა დარღვევები გამოვლინდა ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებში
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი