რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა ექსპრემიერის პანდემიურ ბიუჯეტში

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2020 წელს მიღწეული შედეგების 23%-ში სისტემური ხასიათის ხარვეზებია!

 

„საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის მთავარი წყარო არის საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული გარემოს შექმნა, რაც საშუალებას მისცემს თითოეულ მოქალაქეს, ჩაერთოს სახელმწიფოს მშენებლობი ს პროცესში, მოახდინოს საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია მისი და მისი ოჯახის ღირსეული მომავლისთვის... სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი როლი და პასუხისმგებლობა გვაქვს და ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს. ძლიერი ქართული სახელმწიფო ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ავაშენოთ! ვერთიანდებით საქართველოსთვის“, - ესაა ამონარიდი ექსპრემიერის, გიორგი გახარიას ახლადშექმნილი პარტია „საქართველოსთვის“ მანიფესტიდან.

იქიდან გამომდინარე, რომ „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან“, ხოლო პოლიტიკურ წიწილებს - შემოდგომის მიწურულს, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში უნდა გაიმართოს, ორიოდე დღის წინ შექმნილი პარტიის ცხელ-ცხელ მანიფესტს, ცხელ გულზე არ განვიხილავ. აუცილებლად დაველოდები გახარიას ახალი პარტიის პროგრამის პრეზენტაციას, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ასპექტები. წინასწარ ვაღიარებ, რომ ამ პროგრამის ეკონომიკური ნაწილი უფრო მეტად მაინტერესებს, თუმცა მთლიანობაში, ექსპრემიერის პროგრამაც არ იქნება ინტერესმოკლებული. ოღონდ, როგორც გითხარით, ამგვარი განხილვა სამომავლოდ გადავდოთ, ახლა კი იმას გთავაზობთ, რაც თითოეულმა ჩვენგანმა ისედაც კარგად ვიცით - გასული წლის ბიუჯეტის განხილვას. უფრო ზუსტად, ეს არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ. შეფასებით ნაწილს თავიდან ბოლომდე ვეთანხმები და ვიზიარებ - შენიშვნაც კი არ მაქვს, რადგან შარშანდელი, პანდემიური ბიუჯეტი პროფესიონალმა აუდიტორებმა განიხილეს და გამოგიტყდებით, არც ისე სახარბიელო დასკვნა დადეს. ჰოდა, ვიდრე ახლადგაოპოზიციონერებული ექსპრემიერი სატელევიზიო თოქ-შუების წამყვანებთან „კეკლუცობს“ და თვალს მხოლოდ ტელე-ჟურნალისტებს უკრავს, ვურჩევ, შიგა და შიგ, გაზეთებიც გადაიკითხოს და თვალი პრესის, იგივე, ბეჭდური მედიის წარმომადგენლებსაც გაგვისწოროს ხოლმე, ხანდახან! და კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ყოფილ პრემიერს უნდა შევახსენო: ბატონო გიორგი, იცით, რა საერთო აქვთ, ბუზსა და პოლიტიკოსს? - ორივეს გაზეთი კლავს!

 

ახლა კი დაპირებული ანგარიში, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, 2020 წლის ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ წარადგინა. ანგარიშის მიხეწდვით, 2020 წელს, ეკონომიკურმა კლებამ -6.2% შეადგინა, რაც 2.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ საპროგნოზო მაჩვენებელზე (-4.0%). ნომინალური მშპ-ს მოცულობა 49.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა და 0.3 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა პროგნოზს; საშუალო წლიურმა ინფლაციამ 5.2% შეადგინა; მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ს 12.3% შეადგინა (-1.9 მილიარდი აშშ დოლარი), რაც 3.5 პროცენტული პუნქტით აღემატება საპროგნოზო მაჩვენებელს (8.8%).

„მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდა, ძირითადად, პანდემიის პირობებში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანმა შემცირებამ გამოიწვია  _ 83.4%-ით. 2020 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული შემოსულობების მოცულობამ 18 მილიარდი ლარი ანუ გეგმის 97.9% შეადგინა და 2.1%-ით ჩამორჩა გეგმურ მაჩვენებელს. ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელები 16.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა - გეგმის 101.6% და 1.6%-ით გადააჭარბა გეგმას. ბიუჯეტის კანონში, სხვადასხვა დაშვებების საფუძველზე შემუშავებულ საბაზო, ოპტიმისტურ და პესიმისტურ სცენარებში მოცემული მაკროეკონომიკური აგრეგატების ფაქტობრივ მაჩვენებლებთან შესაბამისობის ანალიზი მიუთითებს, რომ 2020 წელს, ეკონომიკური მოვლენები, ძირითადად, პესიმისტური სცენარის მიმართულებით განვითარდა“, - ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

ამის შემდეგ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში ის სისტემური ხასიათის საკითხებია განხილული, რომელთა გათვალისწინება მიზანშეწონილია სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა/შესრულების პროცესში. ვნახოთ, რა სისტემური ხასიათის საკითხები, უფრო ზუსტად, რა ხარვეზები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა.

პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შოკიდან გამომდინარე, ახალი ეკონომიკური რეალობა შეიქმნა, მაგრამ ამის მიუხედავად, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში განხორციელებული ცვლილებისას, „ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტი“ არ განახლებულა. ამასთან, ბიუჯეტის შესრულების ანგარიში არ შეიცავს ინფორმაციას ფისკალური რისკების მატერიალიზაციისა და მათ საპასუხოდ განხორციელებული პოლიტიკის პასუხების შესახებ! ვფიქრობ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინდელ პრემიერთან ერთად, ამ ხარვეზზე პასუხისმგებლობა ფინანსთა ექსმინისტრსაც ეკისრება.

„2020 წელს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და რეცესიის ფონზე, ამოქმედდა „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული კანონით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევა, რის გამოც ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი დადგენილი ზღვრის ანუ 3%-ის მიღმა დაიგეგმა. საყურადღებოა, რომ წლის ბოლოს, კანონმდებლობით დაწესებულ ლიმიტს გადააჭარბა, როგორც ბიუჯეტის დეფიციტის, ასევე, ვალის წესის მაჩვენებელმა. კერძოდ, ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტმა 9% - 4.5 მილიარდი ლარი შეადგინა და პროგნოზირებულ მაჩვენებელს 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო ორგანული კანონით დადგენილ ლიმიტს 6.0 პროცენტული პუნქტით გადააჭარბა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში პირველად, სწორედ 2020 წელს დაფიქსირდა უარყოფითი საოპერაციო სალდო, -328 მილიონი ლარის ოდენობით; ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციით, ვალის წესის მაჩვენებელმა 60.8% - 30 მილიარდი ლარი შეადგინა და 0.8 პროცენტული პუნქტით გადააჭარბა ორგანული კანონით დადგენილ 60%-იან ნიშნულს! საყურადღებოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი არ მოიცავს ყველა PPP პროექტიდან მომდინარე და სამთავრობო სექტორად დაკლასიფიცირებული საწარმოების ვალდებულებებს. ამ კომპონენტების გათვალისწინებით, ვალის წესის მაჩვენებელი 62%-მდე იზრდება“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ვალის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა მნიშვნელოვანია მისი მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2020 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, მთავრობის ვალის ნაშთის 79.1% საგარეო ვალი იყო. პანდემიისა და არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ვალის მოცულობა განსაკუთრებით მოწყვლადია ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების მიმართ. საყურადღებოა ისიც, რომ მთავრობის ვალის მოცულობა 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 48.9%-ით ანუ 9.7 მილიარდი ლარით გაიზარდა. ვალის ზრდის დინამიკა გამოწვეულია, როგორც დამატებითი სესხების აღებით, ასევე, ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებით. კერძოდ, ვალის ზრდაში ეროვნული ვალუტის გაუფასურების ეფექტი 41% - 4 მილიარდი ლარი, ახალი სესხების აღების ეფექტი კი - 59% - 5.7 მილიარდი ლარია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, არსებული ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს თან ახლდეს დეტალური ანალიზი და ხედვა, თუ რა ღონისძიებების/მიდგომების საშუალებით მოხდება საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტისა და ვალის წესის მაჩვენებლების ორგანული კანონით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში დაბრუნება, სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში.

ახლა ვნახოთ, რა ხარვეზები გამოკვეთეს აუდიტორებმა ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილში. ანგარიშის მიხედვით, გასული წლების მსგავსად, 2020 წლის ბოლოს, ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, მხოლოდ დეკემბერში დახარჯული თანხის ოდენობამ 2.3 მილიარდი ლარი და მთლიანი გადასახდელების 13.9% შეადგინა. შედეგად, დეკემბერში ათვისებულმა ასიგნებებმა, 11 თვის გადასახდელების საშუალოთვიურ მაჩვენებელს 78.2%-ით გადააჭარბა.

„პანდემიამ, წლის განმავლობაში, პროგრამებს/ქვეპროგრამებს შორის თანხების გადანაწილების საჭიროება გამოიწვია და გარკვეულწილად, ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების განხორციელება შეაფერხა, რაც მათზე გამოყოფილი ასიგნებების ათვისების დაბალ მაჩვენებლებში გამოიხატა. თუმცა საბიუჯეტო ორგანიზაციების ჭრილში, გამოვლინდა ბიუჯეტის დაგეგმვასა და შესრულებასთან დაკავშირებული ისეთი შემთხვევებიც, რომლებიც საბიუჯეტო რესურსების მართვის არაეფექტიანობითაა გამოწვეული, რაც საბოლოოდ, ხარჯთაღრიცხვის ცვლილების საჭიროებაში ან/და დაბალი ათვისების მქონე პროგრამების/ქვეპროგრამების არსებობაში გამოიხატა“.

რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, ესაა განმახორციელებელი უწყებების მიერ, საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის პროცესში არსებული ნაკლოვანებები. სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ასეთი ხარვეზები იწვევენ პროექტის გეგმების არსებით ცვლილებებსაც. დაგეგმვის ეტაპზე არსებული ნაკლოვანებები კი, თავის მხრივ, პროექტების განხორციელების პროცესზე ახდენს გავლენას, რაც პროექტების ფარგლებში, აუთვისებელი რესურსის ან ფაქტობრივი ხარჯის გეგმაზე მნიშვნელოვანი გადაჭარბებით გამოიხატება!

„აუთვისებელი თანხები განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი საინვესტიციო პროექტებისთვის, რომლებიც ფინანსდება საგარეო საკრედიტო რესურსით და ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადის გადახდას სესხის აუთვისებელ ნაწილზე. 2020 წელს, საგარეო წყაროებიდან მოზიდული საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში, ჯამურად გადახდილმა ვალდებულების გადასახადმა 9.6 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან, 70%-ზე დაბალი ათვისების 9 საინვესტიციო პროექტის შემთხვევაში, გადახდილია 3.3 მილიონი ლარი. 2020 წელს, პანდემიის პრევენციისა და მისი შედეგების სალიკვიდაციოდ, ბიუჯეტის კანონში შესული ცვლილებით, დამატებით 5.6 მილიარდი ლარის მობილიზება დაიგეგმა. ფაქტობრივად მიღებულმა თანხამ 5.1 მილიარდი ლარი შეადგინა (ჩამორჩენა გამოწვეულია საგარეო კრედიტების გეგმურზე ნაკლები მობილიზებით). პანდემიის საპასუხოდ გასატარებელი კონკრეტული ღონისძიებების პაკეტის მოცულობა 3.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, ფაქტობრივად დახარჯულმა თანხამ კი 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა“.