საგანგაშო სტატისტიკა განათლების სისტემაში

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რატომ დაინტერესდნენ სახელმწიფო აუდიტორები პედაგოგთა პროფესიული განვითარებით

სახელმწიფო აუდიტის სამსახურo მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობით დაინტერესდა. აუდიტი, რომელიც უწყებამ გამოაქვეყნა, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლისთვის განხორციელებული ღონისძიებების პროდუქტიულობასა და ეფექტიანობას ეხება. საქართველოს მთავრობის ხედვა განათლებასთან მიმართებაში, ისეთი სისტემის განვითარებას გულისხმობს, რომელიც ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, კომპეტენტური და კონკურენტუნარიანი მოქალაქეების აღზრდას გულისხმობს. სწორედ მათ უნდა შეიტანონ საკუთარი წვლილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში. აქედან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის ამაღლება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და მათ კვალიფიკაციაზე ზრუნვა - სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პირდაპირპროპორციულია. ამ მიზნის მისაღწევად, 2015 წელს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა დაიგეგმა, რომელსაც სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ მართავს.

 

აუდიტის მიზანი

ერთი შეხედვით, აუდიტის მიზანი ნათელია და შესაბამისად, კითხვის ნიშნებიც არ ჩნდება, თუ რატომ დაინტერესდნენ სახელმწიფო აუდიტორები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობით. ზოგადად, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების სისტემის უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა, ხოლო განათლების რეფორმის ერთ-ერთ მიზანს მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობის შეთავაზება წარმოადგენს.

სკოლებში სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, 2015 წელს, სახელმწიფომ მასწავლებლის პროფესიის მართვის მექანიზმი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა შეიმუშავა. ეს სქემა გულისხმობს მასწავლებლების კვალიფიკაცის უწყვეტ განვითარებაზე ზრუნვას, ხოლო მათი გადამზადებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით კი, შესაბამისი ტრენინგების შეთავაზებას.

„მიუხედავად ცვლილებებისა, მთელი რიგი საკითხები მაინც გამოწვევად რჩება. ასე მაგალითად, სქემის ფარგლებში, 2015 წლიდან 2020 წლამდე, მასწავლებელთა 21%-ს სტატუსი არ შეუცვლია და განსაზღვრული საბაზისო საფეხურის შესაბამისად - პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მატარებელია. 2017-2019 წლების მონაცემების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, წამყვანი მასწავლებელი, საშუალოდ, მხოლოდ 2%-ია, რომლებიც დასაქმებულნი არიან არსებული სკოლების 25%-ში! რაც შეეხება უმაღლეს საფეხურს - მენტორს, ასეთი სტატუსის მქონე მასწავლებელი განათლების სისტემაში მხოლოდ 0.4%-ია“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ამ არც ისე სახარბიელო სტატისტიკის პარალელურად, 2017-2019 წლებში, კომპეტენციის დამადასტურებელი პროფესიული გამოცდა მასწავლებლების დიდმა ნაწილმა მინიმალური ბარიერით გადალახა. მასწავლებლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად წელიწადში, საშუალოდ, 11 000 000 ლარი იხარჯება.

აუდიტის მიზანია, შეაფასოს სამინისტროსა და ცენტრის მიერ, სწორედ სქემის ფარგლებში, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერიული წინსვლისთვის განხორციელებული აქტივობების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა.

 

ძირითადი დარღვევები

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მინიმალური საგამოცდო ბარიერი, პედაგოგთა მხოლოდ 30%-მა გადალახა. ეს კი მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საერთაშორისო პრაქტიკას, რომლითაც, ეს მაჩვენებელი, საშუალოდ, 70%-ია. 2017-2019 წლებში, საგნობრივი მიმართულების გამოცდაზე, მინიმალური შედეგი აჩვენა მასწავლებლების 25%-მა, ხოლო პროფესიული უნარების მიმართულებით - 27%-მა. აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ სქემით განსაზღვრული მაქსიმალური შედეგი (60% და უფრო მაღალი), ერთდროულად, როგორც საგნობრივი, ასევე, პროფესიული უნარების გამოცდაში, მასწავლებლების მხოლოდ 1.5%-მა დააფიქსირა. 2020 წლიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, საგნობრივი გამოცდის შემთხვევაში, 50%-მდე გაიზარდა.

„სქემის ფარგლებში, 2020 წლიდან, პროფესიული უნარების დამადასტურებელ გამოცდაში გადასალახი მინიმალური ზღვარი განსაზღვრული არაა. ამასთან, მიუხედავად მასწავლებლების მიერ გამოცდაზე მიღებული დაბალი შედეგებისა, გაიზარდა იმ მასწავლებლების რიცხვი, რომლებმაც მომდევნო კარიერულ საფეხურზე გადაინაცვლეს“.

2020 წლიდან, უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის, ტრენინგების გასავლელად სავალდებულო საათების რაოდენობა განისაზღვრა, თუმცა სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, იდენტიფიცირებული არ ყოფილა დარგებისა და კარიერული საფეხურების მიხედვით სავალდებულო და არჩევითი ტრენინგ-მოდულები. გარდა ამისა, მასწავლებელთა გადამზადების ეტაპობრივი და თანმიმდევრული გეგმა არ შეუმუშავებიათ.

„2017-2019 წლებში, ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული მასწავლებლების 1/3-ს. არსებული რესურსის პირობებში, შესაძლებელი იყო, რომ ხუთი წლის განმავლობაში, ორი პრიორიტეტული მიმართულებით, მასწავლებელთა სრული კონტინგენტი გადაემზადებინათ, რაც ფინანსური რესურსის პროდუქტიულ ხარჯვას შეუწყობდა ხელს. სქემით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, არ შეუმუშავებიათ სისტემატიზებული დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც, დეტალურად გაიწერებოდა კონკრეტული ღონისძიებები, მისაღწევი შედეგები, ვადები და საჭირო რესურსები. არსებული ინდიკატორები სრულად ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნების შესრულების შეფასებას“.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს, რომლებმაც 2019 წელს, შესაბამისი აქტივობების განხორციელების გზით, კომდევნო კარიერულ საფეხურზე ვერ გადაინაცვლეს, რის გამოც პედაგოგიური საქმიანობა უნდა შეეწყვიტათ, მთავრობის დადგენილებით, საშუალება მიეცათ, სახელმწიფო ფულადი ჯილდო მიეღოთ იმ შემთხვევაში, თუ სისტემიდან გავიდოდნენ. ამ მიზნით, 2019-2020 სასწავლო წლებში, სამინისტრომ 75 500 000 ლარი გახარჯა.

„აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ორწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ კატეგორიის მასწავლებლებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა, განაგრძონ პედაგოგიური საქმიანობა, დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. სამინისტროსა და ცენტრს არ აქვთ შემუშავებული სამოქმედო გეგმა სისტემიდან გასული მასწავლებლების ახალი კვალიფიციური კადრებით ჩასანაცვლებლად, რაც არსებული მექანიზმების პირობებში, პროცესის არაეფექტიანად წარმართვის რისკებს ზრდის“.

მეტიც, აუდიტის პერიოდში, ცენტრმა სათანადოდ არ შეისწავლა და არ შეაფასა პროფესიული განვითარების მიზნით, მასწავლებელთა მხრიდან განხორციელებული აქტივობების შესრულების შედეგები. შესაბამისად, მასწავლებლების უმრავლესობა ვერ ასრულებდა სქემით განსაზღვრულ, როგორც სავალდებულო, ასევე, დამატებითი სამუშაოების 40%-ს.

აუდიტის შედეგად გამოვლენილ გარემოებებსა და ნაკლოვანებებზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შესაბამისი რეკომენდაციები გასცა, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, შესაძლებელია, სისტემის ფუნქციონირება გაუმჯობესდეს:

„მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და ტრენინგებზე მიმართული ფინანსური რესურსის პროდუქტიულად ხარჯვის მიზნით, მასწავლებლის სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით, ტრენინგების გასავლელად, სქემით დადგენილი წლიური სავალდებულო საათების ფარგლებში, უნდა შეფასდეს და შესაბამისად გაიწეროს ცალკეული დარგისა და კარიერული საფეხურის მიხედვით სავალდებულო და არჩევითი ტრენინგ-მოდულები; განისაზღვროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს თანამიმდევრულად, პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, მასწავლებელთა სრული კონტინგენტის გადამზადებას კონკრეტულ ვადებში; მიზანშეწონილია, შემუშავდეს სისტემატიზებული დოკუმენტი, სადაც განისაზღვრება მათი მიღწევის კონკრეტული მექანიზმები, საჭირო რესურსები და შესაბამისი შეფასების ინდიკატორები; ცვლილების საფუძველზე, ახალი მექანიზმების დანერგვისას, უზრუნველყოფილ იქნეს მათი სქემის მიზნებთან შესაბამისობა; სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ფინანსური სახსრების ეფექტიანი და პროდუქტიული ხარჯვის პრინციპების გათვალისწინებით, შემუშავდეს ისეთი მექანიზმები, რომლითაც სისტემაში მხოლოდ იმ კადრებს შეინარჩუნებენ, რომლებიც დადგენილ მოთხოვნებსაც აკმაყოფილებენ და კვალიფიციური კადრების მოზიდვასაც უწყობენ ხელს“.