რატომ გაძვირდა ზეთი - იმპორტიორთა საბოტაჟი თუ „დამპლური თამაშები“

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ვერსიის“ ექსპერიმენტი - რა ღირს 1 ლიტრი ზეთი ევროპასა და აშშ-ში

რამდენიმე კვირაა, საქართველოში 1 ლიტრი რაფინირებული (მზესუმზირის) ზეთი 7-8 ლარამდე გაძვირდა. იმპორტიორები ამ პროდუქტის გაძვირების ორ მიზეზს ასახელებენ - ნედლი პროდუქტის, მზესუმზირის მარცვლის გაძვირებას და დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის - ლარის გაუფასურებას. მეტიც, იმპორტიორების განცხადებით, ზეთი გაძვირდა იმ ქვეყნებში, საიდანაც საქართველოში შემოაქვთ, ძირითადად, რუსეთსა და უკრაინაში. „ვერსია“ დაინტერესდა, რატომ გაძვირდა ზეთი საქართველოში, ვინ არიან იმპორტიორები და კონკრეტულად, რომელი ქვეყნებიდან შემოდის ეს პროდუქტი საქართველოში?

 

დავიწყოთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, „საქსტატის“ ოფიციალური ინფორმაციით: უწყების ცნობით, 2020 წელს, საქართველოში, 44 555 000 ტონა რაფინირებული ზეთი შემოვიდა. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები რუსეთი, აზერბაიჯანი და უკრაინაა, თუმცა მცირე რაოდენობით შემოდის თურქეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და ბელგიიდანაც კი. 2020 წელს, რუსეთიდან საქართველოში 40 455 000 ტონა ზეთის იმპორტი განხორციელდა, აზერბაიჯანიდან - 2 603 300 ტონა, უკრაინიდან - 1 268 300 ტონა, თურქეთიდან - 196 400 ტონა, იტალიიდან - 21 800 ტონა, საფრანგეთიდან - 1800 ტონა, ბელგიიდან - 3 700 ტონა, ხოლო დანარჩენი ქვეყნებიდან - 4 700 ტონა.

რაც შეეხება 2021 წელს, „საქსტატში“ „ვერსიას“ განუმარტეს, რომ ამჟამად, მხოლოდ იანვარ-თებერვლის მონაცემებია დამუშავებული. შესაბამისად, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოში, მთლიანობაში, 3 821 700 ტონა რაფინირებული ზეთის იმპორტი განხორციელდა. რუსეთიდან 3 329 900 ტონა ზეთი შემოვიდა, აზერბაიჯანიდან - 296 500 ტონა, ურაინიდან - 163 700 ტონა, თურქეთიდან - 24 200 ტონა, იტალიიდან - 4 100 ტონა, საფრანგეთიდან - 300 ტონა. ბელგიიდან და სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან წელს ზეთი არ შემოუტანიათ.

ახლა ვნახოთ, ვინ არიან იმპორტიორები. „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, „ვერსიამ“ გაარკვია, რომ ქვეყანაში 120-მდე იმპორტიორია რეგისტრირებული. თითოეული მათგანის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ იმ ძირითად იმპორტიორებს გაგაცნობთ, რომლებმაც რაფინირებული ზეთი 2020-2021 წლებში შემოიტანეს. ეს კომპანიები არიან: შპს „ჯანო 1“, შპს „ბი ემ ესი“, შპს „ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია“, შპს „ჩირინა“, შპს „მზიური“, შპს „ჯეოსტარი“, შპს „ინტრეიდი“, სს „ნიკორა ტრეიდი“. ამ ჩამონათვალში, ყველაზე საინტერესოა კომპანია „ჩირინა“, რომელსაც საქართველოში ხორპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ბიუ ბიუს“ სახელით იცნობენ. კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით, „ბიუ ბიუ“ 100%-ით ქართული პროდუქციაა, თუმცა „ვერსიამ“ გაარკვია, რომ რაფინირებული ზეთის გარდა, „ჩირინას“ საქართველოში გაყინული ხორცპროდუქტებიც შემოაქვს.

მოკლედ, ესაა კომპანია, რომელიც ერთი მხრივ, ბაზარზე ადგილობრივ პროდუქციას უშვებს - ქათმის ხორცს გვთავაზობთ „ბიუ ბიუს“ სახელით, მეორე მხრივ კი, თვითონვეა ამავე სახის პროდუქციის იმპორტიორიც! ვფიქრობ, ამ კონკრეტული ინფორმაციით კონკურენციის სააგენტო უნდა დაინტერესდეს, თუმცა ამაზე სხვა დროს და სხვა სტატიაში დეტალურად გიამბობთ... 

ისევ რაფინირებულ ზეთს დავუბრუნდეთ და მისი გაძვირების ორივე მიზეზი განვიხილოთ. პირველი მიზეზია ნედლეულის ანუ მზესუმზირის მარცვლის გაძვირება. მსოფლიო სურსათის ორგანიზაცია FAO-მ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლითაც ირკვევა, რომ მზესუმზირის ზეთის ფასი, 2008 წლის შემდგომ, პიკურ დონეზეა. ამ პროდუქტის გაძვირება 2020 წლის სექტემბერიდან დაიწყო, რაც ამ პროდუქტის უმსხვილეს მწარმოებელ რეგიონში - რუსეთსა და უკრაინაში მზესუმზირის დაბალმა მოსავალმა გამოიწვია. ამჟამად, 1 ტონა მზესუმზირის ზეთის საერთაშორისო ფასი 1.653 დოლარია, რაც 2020 წლის სექტემბერში არსებულ ფასთან შედარებით, 465 დოლარით ანუ 39%-ით მეტია!

FAO-ს ანგარიშის მიხედვით, ფასები სხვა მცენარეულ ზეთებზეც გაიზარდა. მაგალითად, 1 ტონა პალმის ზეთი 1.086 დოლარი ღირს, რაც წინა წელთან შედარებით, 46%-ით მეტია; 1 ტონა სიოს ზეთის ღირებულება - 1.136 დოლარია, რაც წინა წელთან შედარებით, 41%-ით მეტია.

FAO-ს ანგარიშზე დაყრდნობით, თითქოს ლოგიკურია, რომ მცენარეული ზეთი ადგილობრივ ბაზარზეც გაძვირდა. მით უმეტეს, თუ „საქსტატის“ მონაცემებსაც გავითვალისწინებთ, რომლის თანახმად, 1 ლიტრი მზესუმზირის ზეთის ფასი 2021 წლის მარტის მდგომარეობით, წლიურად, 62%-ითაა მომატებული.

მზესუმზირის ზეთის გაძვირების მეორე მიზეზი ეროვნული ვალუტის, ლარის გაუფასურებაა. იმპორტიორები ამბობენ, რომ ნედლეულს დოლარში ყიდულობენ და შემდეგ ლარში ჰყიდიან, ლარის გაუფასურება კი პროდუქციის ღირებულებაზეც ახდენს გავლენას ანუ მის გაძვირებას იწვევს.

ზოგადად, ინფლაცია და ქვეყანაში ფასების სტაბილურობა საქართველოს ეროვნული ბანკის უმთავრესი ამოცანაა, რაც კონსტიტუციითაა განსაზღვრული. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რას ფიქრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე მზესუმზირის ზეთის გაძვირებაზე. გვენეტაძის შეფასებით, შეუძლებელია, რომელიმე კონკრეტული პროდუქტის ფასის შენარჩუნება და ამას ცენტრალური ბანკი ვერ უზრუნველყოფს. მისი თქმით, კონკრეტულად მცენარეული ზეთის გაძვირებას თავისი მნიშვნელოვანი მიზეზები აქვს - ინფლაცია, საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდა და პანდემიის ფაქტორი:

„მაგალითად, „ფეისბუქზე“ ხშირად ვხვდებით სურათებს, რომლებშიც ასახულია მცენარეულ ზეთზე ფასის ზრდა, რაც რა თქმა უნდა, კარგი არ არის. ეს არის, როგორც ინფლაციის, ასევე, საგარეო ბაზარზე ამ პროდუქტის გაძვირების შედეგი და ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ხდება პანდემიის პირობებში. შეუძლებელია, კონკრეტული პროდუქტების ფასის თარგეტირება. ინფლაცია ფასების საერთო ზრდის მაჩვენებელია და ვერცერთი ცენტრალური ბანკი ამას ვერ გააკეთებს. ბუნებაში ასეთი რამ არ არსებობს“.

გვენეტაძის განცხადებით, ფასების ზრდა მოსახლეობის ნაწილისთვის სოციალური პრობლემაა, რასაც სახელმწიფომ სოციალური დახმარებების პროგრამებით უნდა უპასუხოს:

„ამ შემთხვევაში, უნდა ჩაერთოს სოციალური დაცვის პროგრამები. შეუძლებელია, რომ მონეტარული პოლიტიკით ეს გადაწყდეს, ამიტომ ეს უკვე ბიუჯეტმა უნდა ითავოს. საქართველოში ასეთი სოციალური დახმარების პროგრამები არსებობს“.

მართალია, საქართველოს კონსტიტუციით, ფასების სტაბილურობა ეროვნული ბანკის ფუნქციაა, მაგრამ უწყების ხელმძღვანელი ამბობს, კონკრეტული პროდუქტის ფასის თარგეტირება შეუძლებელიაო და ხელს მთავრობისკენ იშვერს - კარგად მესმის, რომ ზეთის გაძვირება მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება, მაგრამ სახელმწიფომ სოციალური პროგრამა უნდა აამოქმედოსო. ავი წინასწარმეტყველება არ გვინდა, მაგრამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ასეთი განცხადების შემდეგ, გამორიცხული არ არის, ზეთის გარდა, სხვა პროდუქტებიც გაძვირდეს, მით უმეტეს, მძიმე მარხვა სრულდება და აღდგომის მოახლოებასთან ერთად, სრულიად შესაძლებელია, კვერცხისა და ფქვილის ფასმაც მოიმატოს.

ახლა ვნახოთ, რას აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, თუმცა მანამდე აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ 2020 წლის მარტში, როდესაც მთელი დედამიწა და ცხადია, საქართველოც ჩაიკეტა, რადგან პანდემია გამოცხადდა, მთავრობის გადაწყვეტილებით, პური და სხვა ძირითადი საკვები პროდუქტები არ გაძვირებულა. რაც შეეხება მცენარეულ ზეთს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს, მათ შორის, არც სუბსიდირება იგეგმება. არადა, საქართველოში პური იმიტომ არ ძვირდება, რომ სახელმწიფო ხორბლის ფქვილის შესაძენი ფასის სუბსიდირებას ახორციელებს - ტომარაზე, დაახლოებით, 20 ლარის ოდენობით. მზესუმზირის ზეთთან დაკავშირებით კი მსგავსი არაფერი იგეგმება!

მართალია, რუსეთსა და უკრაინაში მზესუმზირის ცუდი მოსავალის გამო პროდუქცია გაძვირდა, მაგრამ დავინტერესდით, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ევროპის კონტინენტზე და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ინფორმაციის მთავარი წყარო ის ადამიანები არიან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ.

მოკლედ, ერთი მეგობარი ვარშავაში ცხოვრობს, მეორე - ლონდონში, მესამე - პარიზში, მეოთხე - რეჯიო დი კალაბრიაში, მეხუთე - ნიუ იორკში. ჰოდა, სწორედ მათ შევეხმიანე და ვთხოვე, ჩვეულებრივ მარკეტში, რომელშიც ყოველდღიურად დადიან, ფოტო გადაეღოთ ისე, რომ ზეთის ფასი გამოჩენილიყო. ამ ფოტოებს სტატიასთან ერთად გთავაზობთ, თუმცა გეტყვით, რომ „ექსპერიმენტის“ შედეგი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა - არც პოლონეთში, არც იტალიასა და საფრანგეთში, არც დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაშიც კი, ზეთი ისე ძვირი არაა, როგორც საქართველოში! მაგალითად, ლონდონში 1 ლიტრი მზესუმზირის ზეთი 85 პენსი ღირს, რაც ზუსტად 3.00 ლარია; იტალიაში - 1.49 ევრო, რაც 3.00-4.00 ლარია; პოლონეთში -  5.00 ზლოტი ანუ ზუსტად 3.00 ლარი, ხოლო საფრანგეთში - 1.49 ევრო ანუ 3.00-4.00 ლარი. ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის სხვა ქვეყანაშიც ანუ საშუალოდ, 1 ლიტრი ზეთი 3.00-4.00 ლარის ფარგლებში მერყეობს, აშშ-ში კი 2.00 დოლარი ღირს.

აქედან გამომდინარე, გვიჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ იმპორტიორები არცთუ კეთილსინდისიერად იქცევიან, თუმცა შესაძლოა, სულაც ცამდე მართლები არიან და მართლაც უკრაინასა და რუსეთში მზესუმზირის მარცვლის ცუდი მოსავლის ბრალია ყველაფერი, თუმცა თუ ეს ასეა, მაშინ უკრაინის მეზობელ პოლონეთს რატომ არ შეეხო ეს ამბავი? მეტიც, დასავლეთ უკრაინული დიალექტი იმდენად ჰგავს პოლონურს, რომ თავისუფლად ესმით ერთმანეთის, ჰოდა, ვარშავაში ზეთი 5 ზლოტი ღირდა პანდემიამდეც, პანდემიის დროსაც და ახლაც. სხვათა შორის, პანდემიის დროს ზეთი და სხვა საკვები პროდუქტები, პოლონეთის გარდა, არ გაძვირებულა იტალიაში, საფრანგეთსა და ლონდონში.

რა ხდება საქართველოში? როგორც უკვე გითხარით, პანდემიის პირველი ტალღის დროს ანუ შარშან, მარტში, როდესაც ქვეყანა ჩაიკეტა და კორონავირუსზე ბევრი არაფერი ვიცოდით, იმპორტიორებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს - სხვა გამოსავალი არ გვაქვს და ამიტომ, შაქარი, ზეთი, მაკარონი, წიწიბურა და ასე შემდეგ, უნდა გაძვირდესო. გახარიას მთავრობამ მაშინ იყოჩაღა და იმპორტიორებს დაპირდა, ოღონდ ძირითადი საკვები პროდუქტები არ გააძვიროთ და ოთხი თვით, ვიდრე პანდემიაა, სახელმწიფო დაასუბსიდირებსო. მაისის ბოლოს, პანდემია დასრულდა, ივნისში ყველა რეგულაცია თუ შეზღუდვა ნელ-ნელა მოიხსნა, ჰოდა, იმპორტიორებმაც „აიწყვიტეს“ და ერთმანეთის მიყოლებით გაძვირდა ყველა ის პროდუქტი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იგივე ხდება ახლაც ანუ რა გარანტია გვაქვს, რომ მზესუმზირის ზეთის გაძვირებაც ჩვეულებრივი საბოტაჟი არ არის მთავრობის წინააღმდეგ?! სინამდვილეში, იმპორტიორებისა და ხელისუფლების ჭიდილში ჩვენ, რიგითი მოქალაქეები ვზარალდებით, რადგან ცხოვრება გვიძვირდება.

„ვერსია“ არაფერს ამტკიცებს, სხვადასხვა ინფორმაციაზე დაყრდნობითა და ფაქტის ანალიზის საფუძველზე, ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეს მართლაც საბოტაჟია. თუ ასეა, შეგახსენებთ, რომ საბოტაჟი სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ ფაქტით შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ. ისევ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას მოვიშველიებ მზესუმზირის ზეთის გაძვირებასთან დაკავშირებით, რომელიც იმდენად უსუსურია, რომ სამწუხაროდ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ზეთის გაძვირების თემით არცერთი სტრუქტურა არ დაინტერესდება!