ექსკლუზივი: მიხეილ რამიშვილს ქონების წართმევით ემუქრებიან! - რა სიახლეებია „ციანიდის საქმეში“ 5 წლის შემდეგ - სკანდალური ინტერვიუ სკანდალურ ადვოკატთან

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 ავტორი: თათია გოჩაძე

ციანიდის სკანდალიდან, რომელსაც შეგვიძლია,საუკუნის საქმეც“ ვუწოდოთ, 5 წელი გავიდა. ყველას, ალბათ, მეხის გავარდნასავით ახსოვს დილა, როცა ცნობილი გახდა, რომ მაღალი სასულიერო პირის ციანიდით მოკვლას მღვდელი ცდილობდა, თუმცა მოგვიანებით, სასამართლოზე გაირკვა, რომ მოწამვლის ობიექტი პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი იყო. დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 2017 წლის 10 თებერვალს, მაშინ დააკავა, როცა ბერლინში გამგზავრებას ცდილობდა. იმხანად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაციას სწორედ გერმანიაში უკეთებდნენ, სადაც იმყოფებოდა მისი მთარგმნელ-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილიც. პროკურატურამ გაავრცელა ცნობა, რომ დეკანოზის ბარგში მომწამვლელი ნივთიერება - „ნატრიუმის ციანიდი“ იპოვეს. მალევე, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის ჩვენებაზე დაყრდნობით, საგამოძიებო ორგანო თქვა, რომ დეკანოზმა ჟურნალისტს ციანიდის შოვნაში დახმარება სთხოვა. ირაკლი მამალაძე ჩვენებაში აცხადებდა, რომ დეკანოზის მიზანი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა იყო. მოგვიანებით, პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა. საგულისხმოა, რომ ამ დრომდე არ არის გარკვეული, ვისგან, სად და რა ვითარებაში შეიძინა გიორგი მამალაძემ ციანიდი.

2017 წლის სექტემბერში, სასამართლომ გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ სცნო და ცხრაწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, მოსამართლემ ბრალდების კვალიფიკაცია შეცვალა და დეკანოზს ანგარებით მკვლელობის მუხლი მოუხსნა. დეკანოზი, ასევე, დამნაშავედ სცნეს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში. თავად ბრალდებული განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.

განაჩენის თანახმად, გიორგი მამალაძე ამზადებდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. ამ ბრალდებასა და სასამართლო გადაწყვეტილებას კატეგორიულად უარყოფენ გიორგი მამალაძის ადვოკატები და რადგან საქართველოში სამართალს ვერ მიაღწიეს, ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნეს.

ვერსია ციანიდის სკანდალზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ გახმაურებულ საქმეებში ჩართულობის გამო, უძრავი ქონების ჩამორთმევით ემუქრებიან.

 

- ბატონო მიხელ, ციანიდის სკანდალი საუკუნის საქმედ მიგაჩნიათ?

- რა თქმა უნდა, ეს საუკუნის საქმეა, რადგან იმ ფონზე, როცა დეკანოზს უკანონოდ წაუყენეს ბრალი, ჩვენ, ადვოკატები ვსაუბრობდით, თუ რა ხდებოდა, რა სივრცესა და გარემოშია დღეს ჩვენი ეკლესია და ამის გამო, ჩვენს მიმართ ყოველთვის წინააღმდეგობა იქმნებოდა, თუმცა ამ ფაქტებს ნათელი მოეფინა, როცა სუს-იდან გამოჟონა ჩანაწერებმა. მაშინ გამოჩნდა, რომ დიახ, ეს საუკუნის საქმეა, რომელიც იყო საწყისი იმ უბედურებისა და უზნეობებისა, რაც ჩვენდა საუბედუროდ, დიდი დოზით არსებობს ეკლესიასა და საპატრიარქოში.

- სანამ მაშინდელ მოვლენებს გავიხსენებთ, მითხარით, მსჯავრდებული დეკანოზი  თავს როგორ გრძნობს?

- ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. წევს და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, თუმცა რა მიზანიც ჰქონდათ, რომ ფატალური შედეგი დამდგარიყო, არ ასრულდა, რადგან ღმერთი არავის გასწირავს იმიტომ, რომ სამართლიანობისთვის იბრძოდა და სამართლიანობის საწყისზე მოხდა ყველაფერი ეს. დღევანდელი მდგომარეობა, ადრე თუ გვიან, დასრულდება, როცა გონს მოეგება პრეზიდენტი, რომელმაც არაფრით შეიწყალა დეკანოზი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს იყო დავალება, არ შეეწყალებინა. მოგეხსენებათ, რა კატეგორიის ადამიანებს იწყალებენ და ამ ფონზე მამაო არ შეიწყალეს. საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდანაც არ არის დაინტერესება, რომ თავიანთი სულიერი ძმის მდგომარეობა გაიგონ და ნახონ, როგორ არის...

- რა სიახლეა სტრასბურგის სასამართლოდან, სადაც გასაჩივრებული გაქვთ დეკანოზის საქმე?

- დავით ჯანდიერმა გაასაჩივრა სტრასბურგში ყველა იმ მასალაზე დაყრდნობით, რაც ჩვენს მიერ იყო მოპოვებული. სექტემბერში მოითხოვეს, რომ კითხვებზე პასუხი გაეცა სახელმწიფოს. შესაბამისად, ეს პროცედურა მიმდინარეობს და დადგება საქართველოს ხელისუფლება იმ ფაქტის წინაშე, რომ ვერასდროს გასცემს პასუხს იმ კითხვებს, რასაც კანონიერებას უწოდებს. გარდა იმისა, რომ უკანონობას სჩადიოდა, ამ უკანონობის შემოქმედები ახლა მოსამართლეები არიან, რაც აბსურდია!

- საინტერესოა, სასულიერო პირები ნახულობენ თუ არა დეკანოზს საპყრობილეში? - მაგალითად, ვნახეთ, რომ მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მიხეილ სააკაშვილი არაერთხელ მოინახულა ციხეში და მისი მონასტერში გადაყვანის იდეაც კი გააჟღერა...

- არ ვიცი, შეიძლება, შედიოდნენ, ვთქვათ, 6 თვეში ერთხელ, მაგრამ ამას მონახულებას არ ვეძახი. პირდაპირ დავალებაა, რომ რაღაცნაირად, დეკანოზის საქმე მიჩუმათდეს და აღარავის ახსოვდეს...

- დავალება ვისგანაა?

- სახელმწიფოსა და გარკვეული სასულიერო პირებისგან, რომლებიც ერთად იყვნენ და დღესაც არიან. ამას ადასტურების სუს-დან გამოჟონილი ფაილებიც, სასულიერო პირებს ერთმანეთთან რაზე და რა საუბრები აქვთ! ნათელია: ესაა დიდი ჯგუფი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო დაანგრიოს!

- ბატონო მიხეილ, გიორგი მამალაძე ადრე მედიასთან კონტაქტობდა და მეც მქონდა ექსკლუზიური ინტერვიუ. ჟურნალისტებთან ურთიერთობა რატომ გაწყვიტა?

- არ ვიცი, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა.

- თვენ რით ხსნით? ხომ არ ფიქრობთ, რომ საპყრობილის ვადაზე ადრე დატოვებ იმედი დაკარგა?

- იმის ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, შეიძლება, ეს ყველამ დაუშვას. არ გამოვრიცხავ და მაქსიმალურად ვცდილობ, ბევრ თემაზე აღარ ვილაპარაკო, რადგან დეკანოზმა მთხოვა, რომ ძალიან არ გავამწვავო საუბარი იმ ფაქტებზე, როცა მივუთითებდი სასულიერო, თუ საჯარო პირების ქმედებებზე...

- ეს რატომ გთხოვათ?

- თავად უკეთ იცის...

- მოდით, ციანიდის სკანდალის დასაწყისი გავიხსენოთ: დეკანოზის დაკავებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქი გადაარჩინეს...

- როგორც კი დააკავეს დეკანოზი, მაღალი თანამდებობის პირებმა ჩაატარეს ბრიფინგები, გადავარჩინეთ პატრიარქი, რადგან მისი მკვლელობა იგეგმებოდაო. არადა, 10 თებერვალს, როგორც კი დააკავეს, უკვე ჰქონდა წაყენებული ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის.

- ანუ, ეს მაღალჩინოსნებმა იცოდნენ, მაგრამ მაინც პატრიარქის საფრთხეზე საუბრობდნენ?

- დიახ, რა თქმა უნდა. წარმოიდგინეთ, დაკავებიდან სამი დღის შემდეგ, უკვე როგორ ატყუებდნენ მთელ საზოგადოებას, რომ თურმე, ქვეყანა გადაარჩინეს... საკუთარი ავტორიტეტის ასაწევად ტყუილს ამბობდნენ, რადგან სასულიერო კი არა, საჯარო პირის მკვლელობის მცდელობა ჰქონდა ბრალად წაყენებული.

- ადვოკატი ხართ და გასაგებია, რომ თავიდანვე ცდილობდით დეკანოზის უდანაშაულობის დამტკიცებას, თუმცა რას იტყვით იმ კადრებზე, რომლებიც საზოგადოებას, ალბათ, კარგად ახსოვს და რომლებშიც გიორგი მამალაძე ციანიდსა და მის მოპოვების გზებზე საუბრობს?

- საერთოდ, ნებისმიერი ისტორია, ფაქტი, ვიდეოჩანაწერის სახით სრულად თუ არ ნახე, რომელსაც ირაკლი მამალაძე, გარკვეულწილად, დავალებებით ახორციელებდა, მანამდე ვერ დარწმუნდები. ამას კი ცოტა სხვანაირი ინტელექტი და აზროვნება სჭირდება - სხეულის ენის ცოდნა, ჟესტიკულაციის და ა.შ.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მაშინ, რაც საზოგადოებას ანახეს, ყველაფერი იყო დაჩეხილ-დამონტაჟებული. იმის ფონზე, რომ დეკანოზის დაკავებიდან 3 დღეში, უკვე სიცრუეს საუბრობდნენ, თუ ვინმეს კიდევ კითხვა გაუჩნდება დეკანოზის დანაშაულზე, ეს მის ინტელექტზეა დამოკიდებული.

- რა მიგაჩნიათ ხელჩასაჭიდად იმისთვის, რომ სტარსბურგის სასამართლოში საქმე მოიგოთ?

- დავით ჯანდიერმა, ჩვენს მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები დეკანოზის უდანაშაულობის თაობაზე, სრულყოფილად წარადგინა სტრასბურგში და ამ მტკიცებულებების საფუძველზე, სტრასბურგის გადაწყვეტილებით გამოჩნდება განაჩენის უკანონობა. ძალიან დიდი ბრძოლა გავწიეთ, როცა ბრალდების მხარეს სასულიერო პირებთან ერთად ჰქონდა აღებული სტრატეგია, რომ მოეტყუებინა საზოგადოება და არარსებულში დაერწმუნებინა, ამ ფონზე, ჩვენ - ადვოკატებმა ყველაფერი გავაკეთეთ და ამიტომ სტრასბურგის სასამართლომ მოითხოვა კითხვებზე პასუხები სახელმწიფოსგან.

- ბატონო მიხეილ, რამდენად რთული იყო ეს საქმე თქვენთვის და დაცვის მხარემ მაქსიმუმი გააკეთეთ დეკანოზის გასათავისუფლებლად?

- დიახ, მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა მასმედიის წვლილს ამ საქმეში, რომელმაც უდიდესი მხარდაჭერა გვაჩვენა და სამართლიანად აჟღერებდა ინფორმაციას. მაქსიმუმი გავაკეთეთ იმ გარემოში, როდესაც ყველანაირად შეზღუდული ვიყავით. ყველა ადვოკატს, ჩემს გარდა, გაუთქმელობაზე ხელწერილი ჰქონდა ჩამორთმეული, თუმცა ადვოკატები მაინც ახერხებდნენ საზოგადოების ინფორმირებას, შეძლებისდაგვარად. პირადად მეც, რადგან ხელი არ მქონდა მოწერილი გაუთქმელობაზე, მაქსიმალურად ვაწვდიდი საზოგადოებას ინფორმაციას. არ შეიძლება, ტყუილში ამყოფო ხალხი და არწმუნო, რომ არშემდგარი დანაშაულისგან გადაარჩინე! ამის დამადასტურებელი ისიცაა, რომ მოსამართლემ შეძლო და ოქროს შუალედი მოძებნა, რაშიც ბრალი ჰქონდა წაყენებული, იმის დამტკიცება არ ხდებოდა და მუხლის გადაკვალიფიცირება მოახერხა. სხვა გამოსავალი ვერ ნახეს, რადგან პირდაპირ იყო ბრძანება, რომ გამართლება არ მომხდარიყო.

- მართლაც გვახსოვს, როგორ გვაწვდიდით ინფორმაციას საკმაოდ შეზღუდულ პირობებში და ამის გამო, საპატრიარქოსთან ურთიერთობაც დაგეძაბათ, რასაც თქვენსა და მეუფე იაკობთან სასამართლო დავა მოვყვა.  ამ საქმესთან დაკავშირებით რა სიახლეა და ზოგადად, საპატრიარქოსთან ურთიერთობა გაქვთ?

- საპატრიარქოსთან ისეთივე ურთიერთობა მაქვს, დიდად გულზე არ ვეხატები ისევე, როგორც ხელისუფლებას.

რაც შეეხება იაკობთან სასამართლო დავას, სააპელაციოშია საქმე, პირველი ინსტანციის მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რომ იაკობმა უნდა უარყოს ის, რაც ჩემზე თქვა, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ „ციანიდის სკანდალს“ მოჰყვა ბაჩალიაშვილის საქმე და ამის გამო, დღესაც ცდილობენ, ყველანაირად შეზღუდული ვიყო და არ გაგიკვირდეთ, თუ მალე გაიგებთ, რომ ჩემს პირად ქონებასაც მიადგნენ და ცდილობენ, რომ რამენაირად წამგლიჯონ.

- რას გულისხმობთ, ბატონო მიხეილ?

- მალე გაიგებს ყველა, რაზეც ვსაუბრობ. როცა ადამიანს ვერ იყიდი, ვერ შეაშინებ, ყველანაირად უნდა ეცადო, რომ მის კერძო საკუთრებასაც შეეხო, რომელიც კანონიერად გააჩნია... მოვა დრო და, ამაზე ვრცლად ვისაუბრებ, ახლა ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ მოსამართლეებსაც ბევრ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა. წინა ხელისუფლებამ ვერ დამაჩოქა და ვერც ესენი დამაჩოქებენ! ვიმედოვნებ, გონიერება ეყოფათ და ამას ვერ გაბედავენ. ჩემზე კომპრომატი რომ ჰქონოდათ, იმას დამიდებდნენ და ისე გამაჩერებდნენ, მაგრამ ვერასდროს და არასდროს, ჩემს საწინააღმდეგოდ უკანონოს ვერაფერს იპოვნიან. 50 წელი, პატიოსნების მეტი, არაფერი გამიკეთებია.

- დარწმუნებული ვარ, ბატონო მიხეილ, წარმატებას გისურვებთ!