120 ახალი სტატია

ვინ არის გიორგი მენაბდე, მფარველობდნენ თუ არა სასულიერო პირები და რატომ დაიჭირეს ხორავას ტრაგედიიდან 4 წლის შემდეგ? - ექსკლუზიური დეტალები

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 15 აპრილს სამართალდამცავებმა დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ხორავას ქუჩის დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე გიორგი მენაბდე დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების დაპირისპირებას დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე შეეწირა - ტრაგედია 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მოხდა. სარალიძის მკვლელობის ბრალდებით სასჯელი შეეფარდათ გიორგი ჯანაშიასა და გარკვეული პერიოდის შემდეგ მიხეილ კალანდიასაც, ხოლო ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის - გუგა ბარბაქაძეს. გახმაურებული ტრაგედიის სასამართლო მსვლელობისას არ გამოიკვეთა მტკიცებულება, რაც გიორგი მენაბდის დაკავების მიზეზი გახდებოდა. თუმცა, მედიის წარმომადგენლებს, ვინც ხორავას საქმეს ვაშუქებდით, კარგად გვახსოვს, რომ გიორგი მენაბდე ხორავას დაპირისპირების დროს ზურგის არეში დაიჭრა, მაგრამ სასამართლოს მეშვებით ვერც ის ადამიანი დადგინდა, ვინც მას ეს ჭრილობა მიაყენა. გიორგი მენაბდე სასულიერო პირის შვილია და იმ პერიოდისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, მენაბდეს არ წაუყენეს ბრალი იმის გამო, რომ მას მფარველობდნენ მაღალი იერარქიის საულიერო პირები და პოლიციიის მაღალჩინოსნები. თუმცა, საგამოძიებო მოქმედეებშიც და სასამართლოზე პროცესზეც მოწმის სახით ის არაერთხელ დაიკითხა. ჯერჯერობით, უცნობია, რა შეიცვალა მას შემდეგ, ვინ ითანამშრომლა გამოძიებასთან და ვინ მისცა მენაბდის წინააღმდეგ ჩვენება. აღნიშნული კითხვით გიორგი მენაბდის ადვოკატს, დავით დადიანს ვესაუბრეთ, რომელიც გვპასუხობს, რომ, ჯერჯერობით, არანაირ ინფორმაციას არ ფლობს არც თავად და არც გიორგი მენაბდის ოჯახი. ადვოკატი დღეს აპირებს თავის დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრას და გასაუბრებას. ადვოკატის თქმითვე, მენაბდეს დღეს ბრალს ოფიციალურად გააცნობენ.

საქმეში უკეთ გასარკვევად, ზაზა სარალიძის ადვოკატ ნესტან ლონდარიძესაც დავუკავშირდით:

 _ ქალბატონო ნესტან მაშინ, სასამართლოში საქმის მსვლელობისას, გიორგი მენაბდის მიმართ არ გამოიკვეთა მტკიცებულება დავით სარალიძის მკვლელობასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, ახლა, ამდენი წლის შემდეგ, რა შეიცვალა და რა გახდა მისი დაკავების მიზეზი?

_  უშუალოდ რა მტკიცებულებებია საქმეში, ჯერჯერობით, დაზარალებული მხარე არ არის გაცნობილი და ამაზე საუბარი გაგვიჭირდება. ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ ამ პირის მონაწილეობას ზაზა სარალიძე საქმის დასაწყისშივე აყენებდა, ითხოვდა, შესწავლილიყო. მის ქმედებაში კითხვის ნიშნები არსებობდა და მნიშვნელოვანია ის გარემოებაც რომ მენაბდის ტანისამოსზე იყო ამოსული დავით სარალიძის დნმ-ის კვალი სისხლის სახით. ეს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს სვამდა ამ საქმეში. რა შეიცვალა და დამატებით რა იქნა მოპოვებული, ამაზე, ვიმეორებ, ვერ გაგცემთ პასუხს, თუმცა მიმაჩნია, რომ საჭიროებდა ეს საქმე ამ კუთხით შესწავლას.

_ ხორავას ქუჩის დაპირისპირების დროს თავად მენაბდე ზურგის არეში დაიჭრა, ხომ ასეა?

_  დიახ, ზურგის არეში იყო დაჭრილი და იმედი მაქვს, ამ კუთხითაც მოხდება მისი მხრიდან უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება საგამოძიებო ორგანოებისთვის, რომ თუნდაც ეს დეტალი დადგინდეს, თუმცა საქმეში არსებობს გარკვეული მითითება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ეცვა იმ მონაწილეს, რომელმაც შესაძლოა, მას მიაყენა ეს დაზიანება.

_ ანუ, იმის დადგენაც შესაძლებელია, ვინც მენაბდე ზურგის არეში დაჭრა?

_  საჭიროა, რომ ეს დადგინდეს, თუმცა ეს მოწმის ჩვენებით არის მითითებული ტანისამოსზე. უშუალო პიროვნება, ჯერჯერობით, არაა გამოკვეთილი და არსებობს ვარაუდი, ვინ შეიძლება, ეს ყოფილიყო. თავად დაკავებულის თანამშრომლობაცაა საჭირო, რომ ეს დეტალი დაზუსტდეს.

_ ქალბატონო ნესტან, ვარაუდობთ თუ არა, რომ გიორგი მენაბდის დაკავება ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამო რომელიმე დაკავებულის ჩვენების სააფუძველზე მოხდა?

_ ეს მხოლოდ ვარაუდებია, ვერაფერს გეტყვით, სანამ არ მეცოდინება საქმის მასალები.