სი ძინპინმა ვლადიმირ პუტინის იმედი არ გაამართლა - ISW

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურ სი ძინპინისგან გაცილებით მეტს ელოდა, ვიდრე ეს აჩვენა მოსკოვში გამართულმა არაფორმალურმა შეხვედრამ და ვიზიტის წინ სი ძინპინის მიერ გამოქვეყნებულმა სტატიამ. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) წერს.

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მოსკოვში 20 მარტს ჩავიდა და იმავე დღეს არაფორმალური შეხვედრა გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ოფიციალური მოლაპარაკება დღეს, 21 მარტს, გაიმართება

ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, ჩინეთ-რუსეთის მომავალი ურთიერთობების შესახებ სი ძინპინის ხედვა გაცილებით უფრო თავშეკავებულია, ვიდრე ამას ვლადიმირ პუტინი ელოდა. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ყურადღებას ამახვილებს პუტინის და სი ძინპინის სტატიებზე, რომლებიც ჩინეთის და რუსეთის სახელმწიფო გამოცემებში გამოქვეყნდა მოსკოვში სი ძინპინის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე.

პუტინის თანახმად, რუსეთის და ჩინეთის პარტნიორობა მიმართულია მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ფორმირებისკენ იმ ფონზე, როცა დასავლეთი დომინირებას ცდილობს და აშშ აწარმოებს ჩინეთის და რუსეთის შეკავების პოლიტიკას. ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, სი ძინპინის რიტორიკა ნაკლებად აგრესიული იყო. ჩინეთის ლიდერის თანახმად, რუსეთი და ჩინეთი მიისწრაფვიან მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგისკენ, თუმცა, არა კონკრეტულად დასავლეთის წინააღმდეგ.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, სი ძინპინის რიტორიკა ცხადყოფს, რომ ჩინეთი არ არის განწყობილი პოლიტიკურად და ეკონომიკურად რუსეთის სრული მხარდაჭერისთვის, რაც მას სჭირდება უკრაინაში წარუმატებლობის დასაძლევად.

ამერიკელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოსკოვში ვიზიტისას ჩინეთის ლიდერი წარმოადგენს უფრო კონკრეტულ წინადადებებს მოლაპარაკების გზით უკრაინაში ომის დასასრულებლად, თუმცა, გაურკვეველია, რა რეაქცია ექნება კრემლს პეკინის წინადადებაზე. ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გაურკვეველია ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების პერსპექტივაც.

ჩინეთმა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, 2023 წლის 24 თებერვალს გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი პოზიცია „უკრაინის კრიზისის“ პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ.