იტალიაში გარდაიცვალა ჟურნალისტი, რომელმაც "ექიმი ჟივაგოს" ხელნაწერი საბჭოთა კავშირიდან გაიტანა

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიაში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა ჟურნალისტი, სერჯო დ'ანჯელო - რომელმაც 1956 წელს საბჭოთა კავშირიდან გაიტანა ბორის პასტერნაკის რომანის, "ექიმი ჟივაგოს" ხელნაწერი. 

დ'ანჯელო მოსკოვში 1956 წელს ჩავიდა, რადიოში სამუშაოდ. მას იტალიის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა და გამომცემელმა ჯანჯაკომო ფელტრინელიმ სთხოვეს ეპოვა რუსი მწერლების ნაწარმოებები, რომლებიც დასავლელი მკითხველისთვის იქნებოდა საინტერესო.

დ'ანჯელო პასტერნაკს შეხვდა და სთხოვა უფლება მისი წიგნის იტალიაში დაბეჭდვაზე. მანამდე, პასტერნაკს საბჭოთა გამომცემლებმა რომანის გამოქვეყნებაზე რამდენჯერმე უთხრეს უარი, და ის დათანხმდა ხელნაწერის იტალიელი ჟურნალისტისთვის გადაცემას. 1957 წლის ნოემბერში რომანი იტალიურ ენაზე დაიბეჭდა - რის გამოც გამომცემელი, ფელტრინელი, კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს.

1958 წელს პასტერნაკს "ექიმი ჟივაგოსთვის" ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში. იმ წელს ამ რომანს ეთერში კითხულობდა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურიც.