ირაკლი წერეთელი საარჩევნოდ „ანტირუსული კოალიცია _ ეროვნული ალიანსის“ შექმნას გეგმავს!

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„საქართველოში კაცები ცოტანი დარჩნენ და სულ ფეხზე მკიდია, ჩემი ნათქვამი ვის მოეწონება და ვის _ არა, რადგან ჩემთვის მთავარი სიმართლეა!“

რამდენიმე ათეული წელია, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერი, ირაკლი წერეთელი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ილაშქრებს. დღეს კი ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გამოდის ინიციატივით, რომ წინასაარჩევნოდ ძლიერი კოალიცია შეიქმნას, რომელსაც „ანტირუსული კოალიცია _ ეროვნული ალიანსი“ ერქმევა და რომელშიც ყველა პროდასავლური ღირებულებების ადამიანი თუ პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს. სხვათა შორის, დასავლურ ღირებულებებზე საუბრისას, ირაკლი წერეთელი სახალხო პოეტს, აწ გარდაცვლილ ჯანსუღ ჩარკვიანს იხსენებს და ამბობს, რომ „ჰიმნი თავისუფლების“ ავტორი, პრაქტიკულად, ერთადერთი ქართველი მწერალი იყო, რომელიც ეროვნულ მოძრაობას იმთავითვე გვერდით ედგა.

ირაკლი წერეთელი: _ ეს ადამიანები ეროვნულ მოძრაობასთან, საერთოდ, ვინ ჩემი ფეხები არიან, ვის დაჰკარგვიან? ამ ადამიანებიდან, ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან რომელი ძმაკაცობდა?! ყველაფერს, რასაც გეტყვით, ხომ სიტყვა-სიტყვით დაწერთ? 

_ რა თქმა უნდა. 

_ ამ ხალხიდან, არ მგონია, ყველა ჭკუიდან ისე გადადგეს, რომ ლაპარაკი ჯანსუღ ჩარკვიანზე დაიწყოს! ისე, ზოგს თავი ისე მოაქვს, როგორც „ზვიადისტს“ და როცა მწერალთა კავშირში ზვიად გამსახურდიას საკითხი განიხილებოდა, მაგათმა მოწონებულმა ანა კალანდაძემ თუ მუხრან მაჭავარიანმა ზვიადი ვერ დაიცვეს. ერთადერთი კაცი, ვინც ზვიად გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვის წინააღმდეგი წავიდა, ჯანსუღ ჩარკვიანი იყო! 

სხვათა შორის, 9 აპრილის შემდეგ, ეროვნული მოძრაობის ოთხი ლიდერი _ მერაბ 

კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია და მე დაგვაპატიმრეს, მაშინაც მთელი მწერლობიდან ერთადერთი კაცი, ვინც თავდებში ჩადგომა გაბედა, ჯანსუღ ჩარკვიანი იყო და თუ დღეს ჯანსუღზე რამეს ამბობენ, ეტყობა, აგენტები არიან, მაგათი დედები ვატირე! 

საერთოდ, მიმაჩნია, რომ ჯანსუღი ქართულ სინამდვილეში უფრო მეტი მოვლენაა, ვიდრე ანა კალანდაძე და არავისზე ნაკლები არაა, მეტი თუ არა! სხვათა შორის, ჯანსუღს სიცოცხლეშივე ვეხუმრებოდი ხოლმე, ერთი ათი წელი არ „დაიბრიდო“, ათ წელიწადში, საქართველოს პრეზიდენტი გავხდები და მთაწმინდაზე დასაფლავება გარანტირებული გექნება-მეთქი! 

მოკლედ, თუ ჯანსუღზე საუბარს თავს არ დაანებებენ, სუყველა მაგათ საფლავებიდან ამოვთხრი! 

_ ბატონო ირაკლი, მოდით, მიამბეთ, ჯანსუღ ჩარკვიანს თქვენთან და, საერთოდ, ეროვნულ მოძრაობასთან რა ურთიერთობა ჰქონდა? 

_ ჯანსუღი მამაჩემის ძმაკაცი იყო და ძალიან ხშირად გვსტუმრობდა. იცით, როგორი სიტუაცია იყო? _ ჯანსუღი, მუხრან მაჭავარიანი, შოთა ნიშნიანიძე, ოთარ ჭილაძე და სხვები რომ იკრიბებოდნენ, ჯანსუღი ლიდერი იყო. 

რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, ამის მოყოლას მთელი გაზეთი არ ეყოფა, თუმცა ერთს მაინც ვიტყვი: ჩემს ანტისაბჭოურ, ასე ვთქვათ, გატაცებებს თავიდანვე მხარს უჭერდა და რამდენჯერაც კომუნისტებთან პრობლემები შემექმნა, იმდენჯერ ეცადა, რომ არ დავეჭირე. მაშინ კი, როცა დამიჭირეს, ყურადღებას მაქცევდა. ვერ გავიგე, სკლეროზი ხომ არ აქვთ? _ ჯანსუღი ნოემბრის აქციებზეც იყო და 9 აპრილისაც. მურმან ლებანიძემ შესანიშნავი ლექსი დაწერა, უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი, არადაღვრილის დასაღვრელის, ალბათ, მაცნეაო, მაგრამ როცა საქართველოში, სამშობლოს თავისუფლების ზარმა ჩამოჰკრა, მურმან ლებანიძე იმ ტერიტორიას, სადაც სისხლი უნდა დაღვრილიყო, ერთხელ არ გაჰკარებია. ჯანსუღ ჩარკვიანი კი იმ ადგილს ვერ მოვაცილეთ და სულ ჩვენთან იყო. 

იცით, საქმე რაშია? 

_ რაში? 

_ საქართველოში ადამიანებს, განსაკუთრებით არჩევნების დროს, სხვაზე კარგის ლაპარაკი ცუდი ჰგონიათ. 

ბოლო დროს, საქართველოში კაცები ხომ ცოტანი დარჩნენ! პირადად მე, როცა რამეს ვამბობ, სულ ფეხზე მკიდია, ეს ვის მოეწონება და ვის _ არა, რადგან ჩემთვის მთავარი სიმართლეა! 

ეროვნულ მოძრაობაში მიტინგი არ ყოფილა, გინდა 1988 წლის ნოემბერში და გინდა მერე, ჯანსუღი იქ რომ არ ყოფილიყო. კაცო, ჯანსუღი ეროვნული კონგრესის წევრი იყო. რაღაც მინუსები ყველას გვაქვს, მათ შორის, მეც, მაგრამ ახლა ჯანსუღზე ლაპარაკი ვიღაცებს, ალბათ, იმიტომ უნდათ, რომ თაკო ჩარკვიანმა პარტია შექმნა და ყველაფერი ეს ნერვებზე თამაშია, მეტი კი არაფერი! 

ეს ნაგვები, აღარავის აღარ დავინდობ! მაგათ ჯანსუღ ჩარკვიანი უპატრონო ხომ არ ჰგონიათ! 

საერთოდ, რამდენიმე უზარმაზარი თარიღი ახლოვდება. 

_ რას გულისხმობთ? 

_ აი, მაგალითად, 1921 წლის რუსული იმპერიულ-ბოლშევიკური ოკუპაციის 100 წლისთავის, მთელ ცივილურ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ ქართველი ერი რუსულ აგრესიულ-იმპერიულ ოკუპაციას, რომელიც დღემდე გრძელდება, აპროტესტებს! ძალიან დიდი შეცდომაა, რომ რუსეთთან საოკუპაციო ანგარიშსწორებას 2008 წლის აგვისტოდან ვიწყებთ. ბოლშევიკური რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დაიწყო და 21 წელი რომ არ ყოფილიყო, არც 1924 წლის სისხლიანი აჯანყება იქნებოდა, არც _ 70-წლიანი კომუნისტური მმართველობა და არც _ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტრაგედიები! 

მოკლედ, 1921 წლის ოკუპაცია აქედანვე უნდა გავაპროტესტოთ. 

_ როგორ? 

_ როგორ და, _ ხელისუფლებაში ანტირუსული ძალები უნდა მოვიდნენ! 

სხვათა შორის, მინდა, თაკო ჩარკვიანს საარჩევნოდ ძალიან ძლიერი კოალიცია შევთავაზო, რომელსაც „ანტირუსული კოალიცია _ ეროვნული ალიანსი“ ერქმევა. აი, ის, ვინც ამ ალიანსში შემოვა, ნამდვილი ქართველი იქნება! 

დღეს ნამდვილი ქართველობა ანტირუსულ დაპირისპირებაზე გადის! ის, ვისაც რუსეთის იმპერიის განადგურება არ უნდა, არც ქართველია და არც _ ეროვნული! 

_ ისე, ბატონო ირაკლი, თქვენი დაკვირვებით, ანტიდასავლური განწყობების პოლიტიკოსები ოპოზიციაშიც ხომ არ არიან? 

_ როგორ არ არიან, კაცო! 

საერთოდ, საკითხი ასე დგას _ ყველა, ვისაც საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზები არ უნდა, ანტიდასავლელია, თორემ ყველამ კარგად იცის, რომ ნატო-ში გაწევრიანება გრძელი გზაა. საამისოდ, 30 სახელმწიფოს თანხმობა გჭირდება. აშშ-სთან პირდაპირი ხელშეკრულება და ამერიკული ბაზების გახსნა კი უმოკლესი გზაა, მაგრამ ამაზე ჩვენს გარდა, ვინმე ლაპარაკობს? 

_ ყველაფერ აქედან გამომდინარე, ოპოზიციის შეცდომა ხომ არ იყო, როცა ე.წ. ლეიბორისტულ მაგიდასთან მოლაპარაკებებზე, პრორუსული განწყობების პოლიტიკოსებთან ერთად რომ დაჯდა? 

_ რა თქმა უნდა, შეცდომა იყო. 

სხვათა შორის, ნაციონალური მოძრაობის შუაზე გაყოფაც ძალიან საეჭვოა. 

_ რატომ? 

_ იმას კი არ ვამბობ, რომ ყველაფერი ცუდი, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, უნდა დავივიწყოთ, მაგრამ რვა წელია, ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში აღარაა და ამიტომ, დღეს ლაპარაკი „ოცნების“ დასრულებაზე უნდა იყოს! 

მე ირაკლი ვარ, წერეთელი, სააკაშვილმა მამაჩემის დატოვებული ბაზრობა წამართვა, მაგრამ ამაზე ლაპარაკს მე არ ვკადრულობ, რადგან დღეს საქართველოში, რუსეთის წინააღმდეგ, დიდი გაერთიანებაა საჭირო! ქვეყანას ისეთი ხელისუფლება მართავს, რომელსაც ფულის მეტი არაფერი უნდა და მზადაა, საქართველო რუსეთს ჩააბაროს! ჰოდა, „ნაცებისა“ და „ოცნების“ _ ამ გაქსუებული ფულის მკეთებლების ერთ სიბრტყეზე დაყენება, როგორ შეიძლება?! 

_ ბატონო ირაკლი, თქვენი აზრით, თუნდაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოში პრორუსულ განწყობებს წერტილი საბოლოოდ დაესმება? 

_ ამ ოქტომბერში არ მოხერხდება და შემდეგ ოქტომბერში მოხერხდება! საერთოდ, ისეთი პროპაგანდის მომხრე არ ვარ, აი, გინდა თუ არა, ყველაფერი წელს უნდა გადაწყდეს-მეთქი. მთელი ცხოვრება, ნახევარი საქართველო, ბოდიში მომითხოვია და, დედიმისისას მიირთმევს და თუ პრორუსული განწყობებისთვის წერტილის დასმა 2020-ში არ მოხერხდება, მაშინ 2022 წელს მოხერხდება! ისე, 2024 წელს, 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავი, შესაძლოა, მართლაც, ახალი ანტირუსული აჯანყებით აღვნიშნოთ! 

_ კი ბატონო, მაგრამ ამასობაში, რუსული პროპაგანდა ხომ უფრო გაძლიერდება? 

_ რატომ გაძლიერდება? აშშ-მაც, მაგ ჩემის გადანგრეულმა, კეთილი ინებოს და თავის მოკავშირეებს მიხედოს! ასე ხომ არ შეიძლება, კაცო?! 

_ ზოგი ამბობს, რომ აშშ არ გვხედავს. 

_ როგორ არ გვხედავს! 

_ ეს „მოხედვა“ რაში გამოიხატება? 

_ რუსეთი თბილისში შემოსვლას იმიტომ ვერ ბედავს, რომ აშშ-ს ეშინია. ამიტომაც, აშშ-სთან ჩვენი ურთიერთობა უნდა გააქტიურდეს და გაძლიერდეს, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, საქართველო რუსეთს, რა თქმა უნდა, ვერ მოერევა! 

_ ისე, გამორიცხავთ, რომ არჩევნების მოახლოების პარალელურად, პრორუსული განწყობები გაძლიერდეს? სხვათა შორის, ამერიკელები უკვე ღიად ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ გავლენებს ემსახურება. 

_ ამერიკელები ამას სენატორების დონეზე ამბობენ თუ პრეზიდენტ ტრამპის? 

_ მსგავსი განცხადება რამდენიმე სენატორმა თუ კონგრესმენმა გააკეთა. 

_ აი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ანუ რამდენიმე კონგრესმენის განცხადება აშშ-ს პოზიციას არ ნიშნავს! 

ასეა თუ ისე, არ მგონია, რომ საქართველოში რუსულმა ძალებმა გაიმარჯვონ! 

_ ამას რის საფუძველზე ამბობთ, ბატონო ირაკლი? 

_ აი, თუნდაც შალიკოც უკვე ამერიკულ ჯარებზე საუბრობს. სხვათა შორის, ნატო-ს წინააღმდეგ, ოფიციალურად, არც ივანიშვილი გამოდის! 

მოკლედ, მადლობა ღმერთს, აშშ-ს სახით, საქართველოს კარგი პატრონი და მეგობარი გამოუჩნდა! ყველაზე საშიში და გასანადგურებელი ის ძალაა, რომელიც ამბობს, არც რუსეთი გვინდა და არც _ აშშ-იო. აი, აგენტები ესენი არიან!

ნინო დოლიძე