120 ახალი სტატია

რა სკანდალში გაეხვა ფრიდონ ინჯია და რა პრეტენზიები აქვს კახა ბექაურის უწყებას დეპუტატთან

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფრიდონ ინჯია: „კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ხელისუფლება შეცდომაში შეჰყავს!“

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია პარლამენტარ ფრიდონ ინჯიას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. კახა ბექაურის უწყება ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ინჯია საპარლამენტო ტრიბუნას საკუთარი ბიზნესინტერესების სასარგებლოდ იყენებს. თავის მხრივ, ევროპელი სოციალისტების ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფრიდონ ინჯია „ვერსიასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მარეგულირებელი კომისიის ბრალდებები აბსურდულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. „ვერსია“ შეეცადა, გაერკვია, რატომ დაუპირისპირდა მარეგულირებელი კომისია პარლამენტის დეპუტატს და რა პრეტენზიები აქვს ფრიდონ ინჯიას კახა ბექაურის უწყების მიმართ?  

 

დეპუტატისა და მარეგულირებელი კომისიის დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ მარეგულირებელი კომისიის მუშაობის თემატური მოკვლევა მოითხოვა. ეს საკითხი ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დასვა.

არსებობს სერიოზული, არგუმენტირებული შეკითხვები მარეგულირებელი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. დარღვევები იმდენად დიდია, რომ არ გამოვრიცხავ, საჭირო გახდეს სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა. მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ სანამ მარეგულირებელი კომისია მუშაობის შესახებ პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს, მისი საქმიანობის თემატური მოკვლევა უნდა ჩატარდეს, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ევროპელი სოციალისტების ლიდერი თვლის, რომ აუცილებელია საპარლამენტო კომიტეტების სტატუსის უფრო მაღალ დონეზე აყვანა, მით უფრო, ამას ისედაც ითვალისწინებს, როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ასევე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

ვინაიდან, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობა გახლავთ საპარლამენტო რესპუბლიკა, მიზანშეწონილამიმაჩნია, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან, კანონების შესრულებასთან მიმართებაში უნდა იყოს გაძლიერებული საპარლამენტო კონტროლი. ვისურვებდი, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის 2021 წლის სამოქმედო გეგმაში და საერთოდ, პარლამენტის საქმიანობაში ეს ხაზი უფრო მეტად იყოს გამოკვეთილი, - მიაჩნია ინჯიას.

დეპუტატი ამბობს, რომ „კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას საზოგადოება და ხელისუფლება შეცდომაში შეჰყავს და ამ გზით აგრძელებს იმ კანონდარღვევებს, რის გამოც, სახელმწიფო ბიუჯეტს 6 მილიონ ლარამდე ზარალი მიადგა!“ ფრიდონ ინჯია განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მარეგულირებელ კომისიას არ მიუღია უფლება, საკუთარ ბიუჯეტში მიმართოს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური. ინჯიას თქმით, ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტს ეკუთვნის და შესაბამისად, საკომუნიკაციო კომპანიებმა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადონ.

2018 წლიდან, ავტორიზებული პირები, მარეგულირებელი კომისიის ბიუჯეტში, ყოველწლიურად რიცხავენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს და წარმოადგენს მარეგულირებელი კომისიის მხრიდან უფლებამოსილების უხეშ დარღვევას“, - აღნიშნავს ინჯია.

ფრიდონ ინჯიას სწორედ ამ განცხადებებს მოჰყვა მარეგულირებელი კომისიის საპასუხო წერილი, რომელიც უწყების ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ პირიქით, საზოგადოება შეცდომაში, სწორედ ინჯიას შეჰყავს, რითაც არღვევს საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსს:

„ამასთან, მას აქვს პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან ფრიდონ ინჯია და მისი ახლო ნათესავები ფლობენ წილს და უკავიათ მმართველობითი თანამდებობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ რამდენიმე იურიდიულ კომპანიაში, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის რეგულირებად სუბიექტებს. აღნიშნული დეპუტატი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნას საკუთარი ბიზნესინტერესების სასარგებლოდ იყენებს, რასაც მას პარლამენტის ეთიკის კოდექსი უკრძალავს. ამასთან, დეპუტატ ინჯიას განცხადებები არის კომუნიკაციების კომისიის კონსტიტუციით გარანტირებული დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა, რაც კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია“, - ვკითხულობთ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის განცხადებაში.  

კომისია საზოგადოებას ახსენებს, რომ ფრიდონ ინჯია შპს „სისტემ ნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ამის გამო, დეპუტატი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტს არღვევს, რომლითაც „საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოების წევრი“.

მეტიც, მარეგულირებელი კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფრიდონ ინჯია სხვა ავტორიზებული პირის - შპს „ახალი ქსელების“ წილის (46.238%) მფლობელიცაა. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული იურიდიულ პირებში წილებს ფლობენ ფრიდონ ინჯიას ოჯახის წევრი - მეუღლე და ახლო ნათესავები - შვილი.

არადა, საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის დადგენილებით, „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი“ დამტკიცდა. ამ კოდექსის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარლამენტის წევრის სტატუსი თავისი, ოჯახის წევრის, ან ახლო ნათესავის ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს.

„აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ პარლამენტის წევრს გააჩნია, როგორც თანამდებობრივი შეუთავსებლობა, ასევე, მის მიერ დარღვეულია საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი“, - აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.

ამის შემდეგ, კახა ბექაურის უწყება საკუთარ განცხადებაში განმარტავს, რომ მარეგულირებელი კომისია ინსტიტუციურად და ფინანსურად დამოუკიდებელია, ხოლო ამ დამოუკიდებლობის გარანტი საქართველოს კონსტიტუციაა. უფრო კონკრეტულად, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გარანტირებულია მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობა ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისაგან, სახელმწიფო ორგანოთა, თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევისაგან, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა ქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ხელჰყოს მათი დამოუკიდებლობა.

ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა, ამ საქმიანობის კონტროლი და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგულირებლის დამოუკიდებლობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიმართ ნებისმიერი სახის კონტროლის დაუშვებლობა; ანგარიშის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტისთვის, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის წარდგენა, შესაბამისი კანონით დადგენილი წესით“. ეს წესი განსაზღვრულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით, რომლითაც „კომისია, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს“.

მარეგულირებელი კომისია განმარტავს, რომ ეს საკანონმდებლო ჩარჩო განსაზღვრავს კომუნიკაციების კომისიის, როგორც კონსტიტუციური ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ანგარიშვალდებულებას.

რაც შეეხება ფრიდონ ინჯიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ირიცხებოდეს და არა კომისიის ბიუჯეტში, კახა ბექაურის უწყებაში მიაჩნიათ, რომ ეს მოსაზრება დასაბუთებულ არგუმენტსაა მოკლებული.

მარეგულირებელი კომისიის საპასუხო წერილს, ევროპელი სოციალისტების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გამოეხმაურა. „პასუხის პასუხში“ აღნიშნულია, რომ კახა ბექაურის უწყების ბრალდებები აბსურდულია, რადგან ფრიდონ ინჯია კომპანია „სისტემ ნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი აღარაა. მეტიც, ინჯია ამ თანამდებობიდან კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ანუ კომპანიის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით გადააყენეს. შესაბამისად, ინჯიას საკუთრებაში არსებული ყველა წილი, კანონით დადგენილი წესით იქნა გადაცემული.

„აქედან გამომდინარე, პარლამენტის წევრს არ დაურღვევია არც ერთი კანონი და არ გაუვრცელებია მცდარი ინფორმაცია, როგორც ეს აღნიშნულია ეროვნული მარეგულირებელი კომისიისანცხადებაში. პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, იცავს საქართველოს კონსტიტუციას, მოქმედ კანონმდებლობას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. პარლამენტის წევრი იცავს და აძლიერებს საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და რეპუტაციას; იგი კანონით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს მთავრობისდა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ყველა უწყების ზედამხედველობას.

სწორედ, პარლამენტის წევრის პირდაპირი ვალდებულებაა, მის წინაშე ანგარიშვალდებულ პირებს, მათ შორის ფინანსთა მინისტრს, დაუსვას კითხვა და მოსთხოვოს რეაგირება ქვეყნის ბიუჯეტის მიმართ ანგარიშვალდებულ პირთა მიერ კანონის მოთხოვნების შესრულებაზე, ხოლო დარღვევებზე მოახდინოს რეაგირება. ისევე, როგორც საქართველოს კომუნიკაციების კომისიის მიერ განხორციელებული ქმედებების კანონიერების შემოწმება, რომელიც თავის მხრივ, კანონით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. პარლამენტის წევრის მიერ, საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშვალდებული პირისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტისსასარგებლოდდასმული კითხვა, ვერანაირად ვერ იქნება მიჩნეული საკუთარი ან მისი ოჯახის წევრების ინტერესების სასარგებლოდ. მეტიც, პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მიხედვით, „პარლამენტის წევრის მიერ ეთიკური ნორმების დაცვა კარგი მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია და ემსახურება საზოგადოების წინაშე დეპუტატების ანგარიშვალდებულების ამაღლებას. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებაში და არა მის ხელშეშლაში“, - ვკითხულობთ ევროპელი სოციალისტების წერილში.

 

მაია მიშელაძე