დიდი სენსაცია - ბუნებრივს მალე ლაბორატორიული საკვები შეცვლის

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კაცობრიობა საკვების წარმოებაში რევოლუციური ცვლილებების სათავეშია, რაც იმას ნიშნავს, რომ სინჯარაში გაზრდილი საკვები მალე ჩვეულებრივი მოვლენა გახდება. ეს ხელს შეუწყობს გარემოზე ზეწოლის შემცირებას, ეკოსისტემების, გადაშენების პირას მყოფ სახეობების გადარჩენას და დედამიწის მზარდი მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფას.
Guardian- ის მიმომხილველი ჯორჯ მონბიოტი ეწვია კერძო ლაბორატორიას ჰელსინკის გარეუბანში, სადაც შეესწრო, თუ როგორ აქცევდნენ მეცნიერები წყალს საკვებად.

ნიადაგიდან აღებული ბაქტერიებისგან წვნიანი დაამზადეს და გაამრავლეს ლაბორატორიაში წყლისგან გამოყოფილი წყალბადის გამოყენებით. შემდეგ მილების ლაბირინთში გაატარეს, სადაც ქაფი სქელ ყვითელ ფქვილად გადაიქცა.

მეცნიერებმა, რომლებიც კომპანია Solar Foods-ში მუშაობდნენ, ჟურნალისტს საშუალება მისცეს, ამ ფქვილისგან დამზადებული ბლინი გაესინჯა. როგორც აღმოჩნდა, ის საკმაოდ გემრიელია!

ამ ფქვილისგან მხოლოდ ბლინების დამზადება არაა შესაძლებელი. ასეთი ბაზა, სავარაუდოდ, მალე ნედლეული გახდება თითქმის ყველაფრისთვის. ფქვილს შეუძლია შეცვალოს შემავსებლები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება ათასობით საკვებში.

როდესაც ბაქტერია შეიცვლება, ის შექმნის სპეციფიკურ ცილებს, რომლებიც საჭიროა ლაბორატორიაში ხორცის, რძის და კვერცხის შესაქმნელად.

სხვა ცვლილებები საშუალებას მისცემს, შექმნან კარაქი და ზეთი. ამის შემდეგ კი საყოველთაოდ ცნობილი პალმის ხის ცხიმი საბოლოოდ დატოვებს დედამიწელთა დიეტას.

ნახშირწყლებს, რომლებიც ცილებისა და ცხიმების მოპოვების შედეგად დარჩება, შეუძლია, შეცვალოს ყველაფერი, დაწყებული მაკარონის ფქვილიდან, დამთავრებული კარტოფილის ჩიფსებით. Solar Foods-ის მიერ აშენებულმა პირველმა კომერციულმა ქარხანამ წელს უნდა დაიწყოს მუშაობა.

Solar Food-ის წყალბადის გზა, დაახლოებით, 10-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ფოტოსინთეზი. მიწის გამოყენების ეფექტურობა 20 000-ჯერ მეტია! დედამიწაზე ყველა გულუხვად გამოიკვებება და ამისათვის პლანეტის ზედაპირის მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება გამოყენებული. მეტიც, ამ ქარხნების ასაშენებლად საუკეთესო ადგილი იქნება უდაბნოები.

ჯორჯ მონბიოტის აზრით, ჩვენ 200 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ტრანსფორმაციის ზღვარზე ვართ. მალე ჩვენი საჭმლის უმეტესი ნაწილი ცხოველებისა და მცენარეებისგან კი არა, არამედ, ერთუჯრედიანი ორგანიზმებიდან დამზადდება. ყველა ფერმა, გარდა ხილის და ბოსტნეულის საწარმოებისა, ჩანაცვლდება ფერმენტაციის ქარხნებით.

და ეს სასწაული ბოლო მომენტში მოხდება. კაცობრიობა გადარჩება. კლიმატის ცვლილებები საფრთხეს უქმნის ჩვეულებრივი საკვების წარმოებას. გარდა ამისა, მოგვარდება წყლის უკმარისობის პრობლემა, რომელიც უკვე ძალიან გამწვავდა.

გლობალური ნიადაგის კრიზისი საფრთხეს უქმნის ჩვენი არსებობის საფუძველს, რადგან სახნავი მიწის დიდი ნაწილი კარგავს ნაყოფიერებას, ეროზიის, დატკეპნისა და დაბინძურების შედეგად. სოფლის მეურნეობისთვის კრიტიკული ფოსფატის მარაგები სწრაფად იკლებს. მწერები იღუპებიან. ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ტრადიციული სოფლის მეურნეობა ყველას აჭმევდეს 2050 წელსაც, მით უმეტეს, საუკუნის ბოლოს და მის შემდეგ.

ამჟამინდელი საკვების წარმოება ანგრევს ცოცხალ სამყაროს. თევზაობა და მიწათმოქმედება ემუქრება ველური ბუნების მრავალფეროვნებას და ცხოველთა სახეობების გადაშენების ძირითადი მიზეზია. სოფლის მეურნეობა კლიმატის განადგურებისა და მდინარეების დაბინძურების ძირითადი მიზეზია, ასევე, ჰაერის დაბინძურების მნიშვნელოვანი წყარო. სამრეწველო თევზაობა იწვევს კასკადურ ეკოლოგიურ პროცესებს მთელ მსოფლიოში. საკვების წარმოებას უზარმაზარი ეკოლოგიური (და მორალური) ხარჯები აქვს.

ამასთან, ახალი ტექნოლოგიები საოცარ შესაძლებლობებს იძლევა როგორც ხალხის, ასევე, პლანეტის გადასარჩენად. პირუტყვის რაოდენობის შემცირება მკვეთრად შეამცირებს ატმოსფეროში სათბურის გაზების გამოყოფას. ეს ნიშნავს ცხოველების ექსპლუატაციის დასრულებას, ტყეების გაჩეხვათა უმეტესობის დასრულებას, პესტიციდების და სასუქების მოხმარების მასიურ შემცირებას, ზღვის სიცოცხლის ბარბაროსული მოპოვების დასრულებას. ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ის, რასაც ზოგი "მეექვსე დიდ გადაშენებას" უწოდებს.

RethinkX კვლევითი ცენტრის კვლევამ აჩვენა, რომ 2035 წლისთვის ფერმენტაციის მეთოდით მოპოვებული ცილები, დაახლოებით, 10-ჯერ უფრო იაფი იქნება, ვიდრე ცხოველური ცილები. შედეგი იქნება მეცხოველეობის წარმოების სრული კოლაფსი.

არაეფექტური სისტემა, რომელიც მოითხოვს უზარმაზარ რესურსებს და წარმოქმნის უზარმაზარ რაოდენობის ნარჩენებს, წარსულს ჩაბარდება. პატარა მიწის ნაკვეთების გამოყენებით, წყლისა და საკვები ნივთიერებების საჭიროების უზარმაზარი შემცირებით, კაცობრიობას შეუძლია თავი სრულიად გამოკვებოს.

საკვები არა მხოლოდ იაფი, არამედ ჯანმრთელიც იქნება. ხორცი კვლავაც იქნება ხორცი, თუმცა იგი კოლაგენის ტყეების ქარხნებში გაიზრდება და არა მოწამლულ გარემოში საეჭვო საკვები დანამატების გამოყენებით. სახამებელი მაინც სახამებელი იქნება, ცხიმები ისევ ცხიმები იქნება. მაგრამ საკვები, სავარაუდოდ, უკეთესი, იაფი და ბევრად ნაკლებად საზიანოა ცოცხალი პლანეტისთვის.

მეურნეობა ფერმების გარეშე გვპირდება საკვების ბევრად უფრო სტაბილურ და საიმედო მარაგს, რომლის მოყვანა შეიძლება ყველგან, თუნდაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გარეშე. ეს შეიძლება იყოს კრიტიკული ფაქტორი მთელ მსოფლიოში შიმშილის დასასრულებლად.
რამდენად მალე მოხდება ეს? Solar Foods თვლის, რომ მის პროდუქტებს ხუთი წლის განმავლობაში შეუძლიათ მიაღწიონ ღირებულების თანაფარდობას მსოფლიოში ყველაზე იაფი ცილის ფორმასთან (სამხრეთ ამერიკულ სოიასთან). სავარაუდოდ, სტატიის ავტორის მიერ შედგენილი სურათი თხუთმეტიდან ოც წელიწადში რეალობად იქცევა.

ყველაფერი კარგადაა, მაგრამ არსებობს დილემა: ინტერესთა შეჯახება მომხმარებლებსა და მწარმოებლებს შორის. საბოლოოდ, მილიონობით ადამიანი სოფლის მეურნეობაში და საკვების გადამამუშავებელ სამუშაოებში დაკარგავს სამსახურს.

ეს ნიშნავს, რომ წინასწარ უნდა ვიფიქროთ მილიონობით ადამიანის გადამზადებასა და ახალ დასაქმებაზე, მაგრამ მალე ჩვენ შეგვეძლება, მივაღწიოთ კეთილდღეობას და დავძლიოთ შიმშილი დედამიწის რესურსების შთანთქმის გარეშე.