„ეს ეროვნული ტრაგედიაა... სათამაშო ბიზნესი უნდა აიკრძალოს!“

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რომელი პოლიტიკოსი ლობირებს სათამაშო ბიზნესს და როგორ მოუგო სასამართლო „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ „სათამაშო ბიზნესის ასოციაციას“

„სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“ სააპელაციო სასამართლოში დამარცხდა. თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე მეორე ინსტანციის სასამართლომაც გაამართლა. მოკლედ, ორიოდ წლის წინ, გიორგი ბახტურიძემ სათამაშო ბიზნესს კრიმინალური უწოდა, ასოციაციამ სასამართლოში უჩივლა - ბიზნესს ზიანი მიადგა, ამიტომ ბახტურიძემ პრესკონფერენცია გამართოს და თავისი განცხადება უარყოსო, თუმცა ზარალის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერც პირველ და ვერც მეორე ინსტანციის სასამართლოში ვერ წარადგინა. ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

მოპასუხის მიერ გამოთქმული ფრაზებით, მოსარჩელის - „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის პატივ, ღირსების და საქმიან რეპუტაციის შელახვა ვერ დადასტურდა. ამასთან, მოპასუხეს სიტყვისა და აზრის თავისუფლად გამოხატვიუფლება გარანტირებული აქვს, როგორც კონსტიტუციით, ისე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონით, - განაცხადა მოსამართლე მაია გიგაურმა და მოსარჩელის ანუ „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ასოციაცია-ალიანსის კონფლიქტის დეტალებზე „ვერსიას“ თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე ესაუბრა.

 

- ყველაფერი ასე დაიწყო: 2017 წლის მაისში, ორწლიანი ომისა და ბრძოლის შემდეგ, მთავრობის მაშინდელი ეკონომიკური გუნდის წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა მტკიცე ნება გამოხატა და „თამბაქოს კონტროლის კანონში“ ცვლილებებს დაუჭირა მხარი, რომლის თანახმადაც, შენობებში, საჯარო უწყებებში, კაფეებში, რესტორნებში, სასტუმროებსა და სათამაშო ბიზნესის დაწესებულებებში მოწევა უნდა აკრძალულიყო. ცვლილებები ძალაში 2018 წლის 1 მაისიდან უნდა შესულიყო ანუ ფაქტობრივად, ერთწლიანი ვადა მიეცა ყველა სუბიექტს, რათა ამ ცვლილებებისა და კანონის აღსასრულებლად მომზადებულიყვნენ. 2018 წლის აპრილში, „სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შეიტანა და მოითხოვა, რომ სათამაშო ბიზნესის ყველა დაწესებულებაში დაეშვათ მოწევა. 2017 წლის ვერსიით, მოწევა სამორინეებში შესაძლებელი იყო, ამიტომ ასოციაციამ სათამაშო ბიზნესის ყველა დაწესებულებაში მოითხოვა მოწევის დაშვება.

იმ პერიოდში, „სათამაშო ბიზნესის ასოციაციას“ ავთანდილ წერეთლის მიერ დაფუძნებული თამბაქოს ქარხანა „პირველის“ გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობდა. მოკლედ, პარლამენტში ასოციაციის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაიწყო. რა თქმა უნდა, მტკიცე და პრინციპული პოზიცია გამოვხატე და ვთქვი, თავისი ბუნებით, სათამაშო ბიზნესი კრიმინალურია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ძარცვავს ჩვენს მოქალაქეებს, თვითმკვლელობამდე მიჰყავს საზოგადოების დიდი ნაწილი, ფულის გათეთრების დიდი რისკებია და ვინც ასოციაციის წინადადებას დაუჭერს მხარს პარლამენტში, ისინიც იმდაგვარი მოქმედების ადამიანები იქნებიან-მეთქი. სამწუხაროდ, პარლამენტმა ნაწილობრივ გაითვალისწინა მათი მოსაზრებები და სათამაშო დაწესებულებების ნაწილში მოწევა. ფაქტობრივად, ეს საკითხი პოლიტიკურ დონეზე გადაწყდა, რაც კონკრეტული ბიზნესინტერესების ლობირებას ისახავდა მიზნად. სათამაშო აპარატების სალონების იმ ნაწილში დაუშვეს მოწევა, რომელიც ყოველწლიურად იხდიდა 200 000 ლარსა და მეტს, სადაც იდგა ორი აპარატი და მეტი. ეს ნიშნავს, რომ კანონი კონკრეტულ ბიზნესსუბიექტებს მოარგეს. ჩემი საჯარო განცხადების შემდგომ, ასოციაციამ სასამართლოში მიჩივლა. სხვათა შორის, მის შემადგენლობაში შედიან სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები და იმ ადამიანის ბიზნესიც, რომელიც პარლამენტის წევრი იყო და ახლაც დეპუტატია...

- ისკო დასენს გულისხმობთ, ბატონო გიორგი?

- დიახ, მას - „კრისტალბეთი“ ამ ასოციაციის წევრია, მისი დამფუძნებელი კი ისკო დასენია. როგორც გითხარით, ასოციაციამ სასამართლოში გვიჩივლა და ჩემი განცხადების უარყოფა მოითხოვა, ჩვენს ბიზნესს ზარალი მიადგაო, თუმცა ვერც საქალაქო და ვერც სააპელაციო სასამართლოში ასოციაციამ ვერ დაადასტურა კონკრეტულად, რა ოდენობის ზარალი მიადგა სათამაშო ბიზნესს. პრინციპში, ამას ვერც დაადასტურებდა, რადგან 2017 წელს, სათამაშო ბიზნესის წლიური ბრუნვა 5 მილიარდ ლარამდე იყო, 2018 წელს - 5.9 მილიარდი ლარი, ხოლო 2019 წელს, წლიური ბრუნვა 15 მილიარდ ლარამდეა. ამის შემდეგ, რა ზარალზეა საუბარი? გარდა ამისა, ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებს ჩემი განცხადების უარყოფას და ეს სასამართლოშიც ვთქვი. პირდაპირ განვაცხადე, დედამიწის ზურგზე ვერავინ მაიძულებს ვთქვა, რომ სათამაშო ბიზნესი დამნაშავე და კრიმინალი არ არის, რომლებიც არ აღატაკებენ და არ გვიხოცავენ მოსახლეობას-მეთქი.

- ამიტომ ითხოვთ სათამაშო ბიზნესის სრულად აკრძალვას, თუმცა თუ არ აკრძალავენ, მაშინ დასახლებული პუნქტებიდან სამორინეებისა და სლოტ-კლუბების გადატანას უკაცრიელ ადგილზე?

- დიახ! ჩვენი ინიციატივაა, რომ სათამაშო ბიზნესი დასახლებული პუნქტებისგან მოშორებით, ცალკე იყოს. ვისაც ფული აქვს და მართლა გართობის მიზნით სურს კაზინოში შესვლა, შევიდეს, ოღონდ გარკვეული ლიმიტი მაინც უნდა არსებობდეს. ზოგადად, რაც ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში ხდება, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ასე არაა, ჩვენთან სრული განუკითხაობა და უკონტროლობაა. წაგების არანაირი ლიმიტი არ არსებობს, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარი კლიენტების შემოსავლები არ აინტერესებთ. ფაქტობრივად, სათამაშო ბიზნესი ხელდასმულია სახელმწიფოსგან, რათა ოფიციალურად გაძარცვოს ჩვენი მოსახლეობა!

ორიოდე წლის წინ, ფინანსთა სამინისტროში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელმაც სამორინეების დასახლებული პუნქტებიდან გადატანის საკითხზე იმუშავა და ყველა ძირითადი პრინციპი შეათანხმა კიდეც. ამ ჯუფში საპატრიარქოც იყო ჩართული. მაშინ ძირითად საკითხებზე შევთანხმდით და ველოდებოდით პარლამენტში განხილვის დაწყებას, მაგრამ სამწუხაროდ, უშედეგოდ. ვფიქრობ, სერიოზული ლობი ჰყავს ამ ბიზნესს, რადგან ფაქტია, რომ ეს საკითხი დაკონსერვდა. არადა, როგორც გითხარით, ამ ბიზნესის წლიური ბრუნბა 15 მილიარდი ლარია და არ გაინტერესებთ, რა ოდენობის თანხა შედის სახელმწიფო ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან?

- ცხადია, მაინტერესებს. მაინც, რამდენი შედის?

- როცა 15-მილიარდიანი ბრუნვა გაქვს, სულ მცირე, 5 მილიარდი ხომ მაინც უნდა შესულიყო ბიუჯეტში? ამის ნაცვლად, 200 მილიონი ლარი შევიდა, რაც ნიშნავს, რომ გადასახადის თვალსაზრისითაც კი, სახელმწიფო სათამაშო ბიზნესს არ არეგულირებს. გარდა ამისა, თითქმის ყოველდღიურად, ათასობით ოჯახი კოტრდება და ადამიანები თვითმკვლელობამდეც კი მიდიან. რა არის სახელმწიფოს როლი, ამ შემთხვევაში? - დაიცვას ადამიანის უზენაესი უფლება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესახებ. როდესაც წლების განმავლობაში, სახელმწიფო კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს არ არეგულირებს, იმას ნიშნავს, რომ ის ამ კრიმინალურ ბიზნესთან თანამშრომლობს.

- კონკრეტულად რას ითხოვთ პარლამენტისგან?

- პირველ რიგში, სათამაშო ბიზნესის რეკლამის, სპონსორობისა და პოპულარიზაციის სრულ აკრძალვას, რასაც დიდი დრო არ სჭირდება. ამაზე შევთანხმდით ფინანსთა სამინისტროში შექმნილ ჯგუფთან, მაგრამ როგორც გითხარით, გაჩერდა ეს პროცესი; მეორე - ონლაინ-თამაშების სრულ აკრძალვას ვითხოვთ და ამის ტექნიკური შესაძლებლობები არსებობს. სხვათა შორის, ამ საკითხის გადაჭრა პრობლემის 90%-ს მოაგვარებს, რადგან მოზარდები და ახალგაზრდები, ძირითადად, ონლაინ-თამაშებს თამაშობენ; მესამე - თუ ვინმეს მართლა აქვს იმის ფუფუნება, რომ გაერთოს ამ თამაშებით, კი ბატონო, მათთვის სასაზღვრო ზოლში, თურქეთთან იქნება ეს თუ აზერბაიჯანთან, გამოიყოს უკაცრიელ ადგილზე ტერიტორია და იქ გადაიტანონ ეს ეშმაკის მანქანები! ვისაც უნდა, წავიდეს და ითამაშოს, ოღონდ ერთი პირობით - საქართველოს მოქალაქეებისთვის ასაკობრივი ზღვარი 25 წელი უნდა დაწესდეს. თუ საქართველოს მოქალაქე 25 წლისა და მეტისაა, მას თამაში უფლენა უნდა ჯქონდეს, ოღონც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი წლიური შემოსავალი 100 000 ლარზე მეტია და ისიც წაგების მარჟის კონტროლით, რათა არ გაკოტრდნენ და სიცოცხლე არ მოისწრაფონ.

- რეკლამისა და სპონსორობის აკრძალვას როგორ აპირებთ იმ პირობებში, როდესაც მეინსტრიმ-მედიის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების სპორტულ ბლოკებს სათამაშო ბიზნესი წარადგენს, აღარაფერს ვამბობ ეროვნული ჩემპიონატების სპონსორობასა და საერთაშორისო შეხვედრების სატელევიზიო ტრანსლირების წარდგენაზე?  

- ვინც ამ პრობლემას აცნობიერებს, არ მგონია, არ დაგვეთანხმოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სპორტსმენებიც განიცდიან ამ პრობლემას, შესაძლოა, მათი ახლობლები, ნაცნობები და მეგობრებიც კი იღუპებიან სათამაშო ბიზნესის გამო. საზოგადოების თითოეულმა წარმომადგენელმა უნდა გავაცნობიეროთ, რა ეროვნულ ტრაგედიასთან გვაქვს საქმე და მოსახლეობის დაკვეთაც ესაა - ვისაც არ უნდა ჰკითხოთ საქართველოში, ყველა გეტყვით, რომ სათამაშო ბიზნესი უნდა აიკრძალოს, მაგრამ თუ სრულად არ აიკრძალება, აუცილებლად უნდა დარეგულირდეს. ეს არის ეროვნული ტრაგედია, რადგან სათამაშო ბიზნესის გამო, ადამიანები რეალურად კარგავენ ცხოვრების ინტერესს, ქონებას და სამწუხაროდ, სიცოცხლესაც კი, ამაზეა საუბარი! დარწმუნებული ვარ, სამშობლოზე შეყვარებული სპორტსმენებიც გვყავს ქვეყანაში.