რა მასშტაბური პროექტები დააფინანსა ფონდმა „ქართუმ“

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოლო დღეებში მედიის, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაა. დიახ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უკვე მეორედ დატოვა პარტიაცა და პოლიტიკაც, თუმცა როგორც თავად ახსნა, ამჯერად მისი გადაწყვეტილება საბოლოოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ ბიზნესს დაუბრუნდა და პოლიტიკაში აღარ მობრუნდება. ამას მოწმობს უპრეცედენტო ფაქტი - მილიარდერმა ივანიშვილმა საკუთარი აქტივები, უფრო ზუსტად, თავისი ქონების 90% საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუში“ გადაიტანა, თავად კი 200 მილიონი აშშ დოლარიღა დაიტოვა.  

 

ფონდი „ქართუს“ შესახებ  

1995 წელს, ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად, არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირი (ააიპ) საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ დააფუძნა. სამწუხაროდ, ამ ფონდის ვებ-გვერდი უმოქმედოა, ყოველ შემთხვევაში, მთავარ გვერდზე მხოლოდ ფონდის ლოგოა განთავსებული, ამიტომ ქართულ „ვიკიპედიაზე“ დაყრდნობით, ვიგებთ, რომ ფონდ „ქართუს“ ერთადერთი დონორი ივანიშვილის ოჯახია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ფონდი „ქართუ“ რეგისტრაციაში 1999 წლის 31 აგვისტოს გატარდა. ფონდს დამფუძნებელთა საერთო კრება და გამგეობა მართავს. გამგეობის თავმჯდომარეა ნიკოლოზ ჩხეტიანი, რომელიც იმავდროულად, „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა. ფონდი „ქართუს“ წევრები არიან ნატო ხაინდრავა და კახა კობიაშვილი. ნატო ხაინდრავა „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორია. „ქართუ ბანკის“ 100%-იანი წილის მფლობელი კი ააიპ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუა“.

2020 წლის თებერვალში, სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფმა“ საკუთარი აუდიტორული ანგარიში გამოაქვეყნა და საზოგადოებამ ფონდი „ქართუს“ შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. ამ ანგარიშით გაირკვა, რომ 25 წლის განმავლობაში, ფონდმა „ქართუმ“ საქართველოში განხორციელებულ საქველმოქმედო პროექტებში, 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა.

სწორედ ამ ანგარიშით ვიგებთ, რომ ფონდი „ქართუს“ დამფუძნებელია სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფი“ და ფიზიკური პირი, დასავლეთ აფრიკული ქვეყნის, ბენინის (ფრანგულენოვანი რესპუბლიკა, რომელსაც 1975 წლამდე, დაჰომეა ერქვა) მოქალაქე, გბეგო ტოსა აოგნიბო ჟილბერი. 2017 წლის 31 დეკემბერს, ჟილბერმა ეს პოზიცია საკუთარი ნებით დატოვა.

რაც შეეხება სს „ქართუ ჯგუფს“, მისი მესაკუთრეები ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიები არიან, კერძოდ: „კრისტა ინვესტმენტი“ _ 48.324%; „სარგანს ლიმიტედი“ – 45.353%; „ტარპანი“ – 1.092%; შპს „აგროსერვისი“ – 4.243%; შპს „ინტერ ინვესტი – 0.988 %. ჯგუფის საბოლოო ბენეფიციარი და მესაკუთრე, ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი, უტა ივანიშვილია.

ისევ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დავუბრუნდეთ, საჯარო რეესტრის, „ქართუ ჯგუფის“ აუდიტორული ანგარიშისა და ქართული „ვიკიპედიის“ მიხედვით, ფონდის საქმიანობა რამდენიმე ძირითად სფეროს მოიცავს. კერძოდ, განათლებას, კულტურას, მათ შორის, სარესტავრაციო სამუშაოებს, ქართული სპორტის ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და გარემოსდაცვითი ღონისძებების განხოციელებას.

საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით, ამჟამად, ფონდ „ქართუს“ ყველაზე ძვირადღირებულ პროექტად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ითვლება. ამავე უნივერსიტეტში უნდა გაერთიანდეს ადრონული თერაპიის ცენტრიც, რომელიც თავდაპირველი პროექტის მიხედვით, თბილისში უნდა შექმნილიყო. განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ამ ცენტრში ორი ციკლოტრონი განთავსდება. ფონდი „ქართუ“ ამ ტექნოლოგიებს ფრანგული კომპანია IBA-სგან, 40 მილიონ ევროდ შეიძენს. ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა 2024 წელს იგეგმება.

 

„ქართუს“ მასშტაბური პროექტები

სწორედ, ფონდ „ქართუს“ საშუალებით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში მრავალი პროექტი განახორციელა, რისთვისაც 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.

ხელოვნება - კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა თბილისის შოთა რუსთაველის; ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის, კ.მარჯანიშვილის, მ.თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა, ა.გრიბოედოვის, ვ.აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის, ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა და რ.გაბრიაძის სახელობის მარიონეტების თეატრებს, თბილისის საკონცერტო დარბაზსა და ჯ.კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს. გარდა ამისა, ფონდმა განახორციელა ბათუმის, ზუგდიდის, ოზურგეთისა და თბილისის სომხური თეატრების რეაბილიტაცია; აღდგა ს.ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმი, გ.ბააზოვის სახელობის ებრაელთა მუზეუმი; ა.წერეთლის, ი.ჭავჭავაძის, ვ.მაიაკოვსკის სახელობის მუზეუმები. მეტიც, წლების განმავლობაში, ფონდი „ქართუ“ ახორციელებს ამ თეატრებისა და მუზეუმების პერსონალის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამასაც.

საერთაშორისო აუქციონებზე, ფონდმა შეიძინა ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოები და საჩუქრად გადასცა ეროვნულ მუზეუმს. დაარსების დღიდან, ფონდი „ქართუ“ მატერერიალურ დახმარებას უწევს საქართველოს ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - ქვეყნის მასშტაბით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კულტურული მემკვიდრეობის 700-ზე მეტ ძეგლს; ფონდის სახსრებით, თბილისში აშენდა სამების საკათედრო ტაძარი.

სპორტი - ქვეყნის მასშტაბით, ფონდი „ქართუს“ სახსრებით, 13 სარაგბო საწვრთნელი ბაზა და სტადიონი მოეწყო. მრავალი წლის განმავლობაში ფინანსდება სპორტის სხვადასხვა პოპულარული სახეობები: ჭიდაობა, ძიუდო, სამბო, ტაიკვანდო, კარატე, კრივი, ტანვარჯიში, ჭადრაკი, წყალბურთი, ხელბურთი, ჩოგბურთი, ფეხბურთი, ფარიკაობა და სროლა.

ფონდი მატერიალურ დახმარებას უწევს საქართველოს რაგბის კავშირსა და რაგბის ეროვნულ ნაკრებს. შესაბამისად, საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, რაგბის საერთაშორისო საბჭომ _ IRB, ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა კიდეც. ფონდი ფულად დახმარებას უწევს ქართველ ოლიმპიელ ჩემპიონებს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედალოსნებსა და ვეტერან სპორტსმენებს. 2015 წელს, ფონდის საშუალებით დაფინანსდა თბილისში, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები.

სოფლის მეურნეობა - 1992 წელს, ივანიშვილმა საქართველოს საჩუქრად გადასცა 400 ტრაქტორი სრული სახნავ-სათესი აღჭურვილობით. მომდევნო წლებში, „ქართუმ“ განახორციელა მასშტაბური პროექტი ქართული ადგილობრივი ჯიშების გადასარჩენად. ამ მიზნით, სოფლებში – ჯიღაურასა და წილკანში შექმნილმა აგრარულმა მეურნეობებმა, ქართული ვაზის 440 და ხეხილოვანი კულტურების ათეულობით ენდემური ჯიში ააღორძინა. მეტიც, საზღვარგარეთიდან შემოიტანეს ვაზისა და ხეხილის უცხოური, პერსპექტიული ჯიშები, მოხდა მათი აპრობირება ქვეყნის რეგიონებში და ადაპტირებული ჯიშები შესთავაზეს ადგილობრივ ფერმერებს. კერძოდ, ჯიღაურას ბაზის დახმარებით, შეიქმნა რამდენიმე სტანდარტული სანერგე მეურნეობა, რომლებმაც უსასყიდლოდ მიიღეს ნერგები, საძირე და საკვირტე მასალა.

ასევე, აღდგენილია და გენეტიკურ ბანკშია დაცული ერთწლოვანი კულტურების 100-მდე ჯიში-პოპულაცია. გამართულია ელიტური კარტოფილის სანერგე მასალის წარმოების სრული სისტემა. ამ ბაზებიდან სანერგე და სათესლე მასალა წლების განმავლობაში უსასყიდლოდ გადაეცემოდა ფერმერებს (სანერგე მეურნეობის მოწყობის მიზნით), ხოლო ასობით ტონა მოწეული ყურძენი, სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული – მოხუცებულთა და უპატრონო ბავშვთა სახლებს. 2013-2014 წლებში, ფონდმა დააფინანსა სოფლის გადარჩენის სახელმწიფო პროგრამა.

მედიცინა და ჯანმრთელობის დაცვა - საჩხერეში აშენდა თანამედროვე სამედიცინო ცენტრი, რომელიც გადაეცა სახელმწიფოს. დაბა ურეკსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოეწყო და აგრეთვე, სახელმწიფოს გადაეცა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრები. ფონდის საშუალებით გარემონტდა და აპარატურით აღიჭურვა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო. საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევის ამოქმედებამდე, ფონდ „ქართუს“ მიერ, მრავალი წლის განმავლობაში, საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უფასო დაზღვევის პროგრამა მოქმედებდა, რომელშიც ჩართული იყო რეგიონის 50 000-ზე მეტი მაცხოვრებელი. ფონდის დაფინანსებით, ასეულობით ადამიანი გააგზავნეს საზღვარგარეთ, რთული ოპერაციების ჩასატარებლად.

ინფრასტრუქტურა - ფონდი „ქართუს“ მატერიალური დახმარებით დაიგო ასობით კილომეტრი საავტომობილო გზა; ქვეყნის მასშტაბით, განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები; შეიქმნა საჩხერის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა, 12 652 საცხოვრებელი სახლი გადაიხურა და გარემონტდა, ხოლო ასეულობით აშენდა; მუნიციპალიტეტის სოფლების სრული გაზიფიცირებაც ფონდის სახსრებით განხორციელდა. ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება საქართველოს ინტერნეტიზაციის დაჩქარების პროექტი, რომელის მიზანია ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ფონდს სოლიდური წვლილი შეაქვს ქართული ჯარისა და პოლიციის რეფორმის დაფინანსებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაში.

ტურიზმის ხელშეწყობა - აშენდა ბათუმის დელფინარიუმი; ზღვისპირა რეგიონში მოეწყო თემატური პარკები, მათ შორი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების მინიატიურების პარკი; გურიისა და აჭარის საზღვართან, ფონდმა ააშენა გასართობი ცენტრი „ციცინათელა“, ხოლო ბაკურიანში – ახალი სათხილამურო კომპლექსი „დიდველი“; გურიის რეგიონში აშენდა და შემდეგ სახელმწიფოს გადაეცა ულტრათანამედროვე საკონცერტო დარბაზი „ბლექსი არენა“ (BSA), რომელიც გათვლილია 10 000 მაყურებელზე.  

ეკოლოგია - ფონდის პროგრამებით შენარჩუნდა და აღორძინდა რამდენიმე ბოტანიკური ბაღი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლაგოდეხის, ვაშლოვნისა და თუშეთის ეროვნული პარკების ინფრასტრუქტურას; კეთილმოეწყო ბუნების ძეგლი – ყუმისთავის მღვიმე.

მეცნიერება და განათლება – ფონდის დაფინანსებით აშენდა, კაპიტალურად შეკეთდა და კომპიუტერებით აღიჭურვა ასობით საჯარო სკოლა. გარემონტდა და ტექნიკურად აღიჭურვა თსუ-ის პირველი კორპუსი; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია; სამხატვრო აკადემიის სასწავლო კორპუსი; პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი;  თბილისში ფრანგული სკოლაც ფონდი „ქართუს“ დახმარებით დაარსდა. „ქართუ“ ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას.

2016 წელს, ფონდმა დაიწყო ახალი მასშტაბური სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტი – ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა. გეგმის მიხედვით, ქუთაისში შენდება 50 000 სტუდენტზე გათვლილი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მრავალპროფილიანი უნივერსიტეტი. ფონდის დაფინანსებით, ეს მეგაპროექტი ითვალისწინებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ადრონული ამაჩქარებლის აგებას. მრავალმხრივი დანიშნულების ცენტრი განახორციელებს სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობას, ასევე, ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს შემდეგი მიმართულებებით: ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, მედიცინა. სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, მათ შორის, კრისტალების ცენტრით, ბიოფიზიკის, იზოტოპების, დაბალი ტემპერატურის ლაბორატორიებით. ცენტრს ასევე ექნება მნიშვნელოვანი სამედიცინო პოტენციალი – მის ბაზაზე, ადრონული თერაპიის მეშვეობით, შესაძლებელი გახდება მძიმე ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა.

 

მაია მიშელაძე