ლევან იოსელიანის გზა იურისტობიდან სახალხო დამცველობამდე

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

96 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურა დაამტკიცა. იოსელიანი მისივე თანაგუნდელმა, ალეკო ელისაშვილმა დაასახელა. აქტიურ პოლიტიკაში ჩართვამდე, ლევან იოსელიანი ადვოკატი გახლდათ და ამდენად, ადამიანის უფლებების დაცვა მისთვის უცხო ნამდვილად არ არის. სხვათა შორის, არჩევამდე განაცხადა კიდეც, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლებებს დაიცავს, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად. ეს არცაა გასაკვირი, რადგან თავად ოპოზიციონერ ლევან იოსელიანს, მხარდაჭერა გამოუცხადეს, როგორც მმართველი, ისე - ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. ახლა ვნახოთ, ვინ არის, რას წარმოადგენს და რა ქონებას ფლობს ლევან იოსელიანი.

 

ბიოგრაფია და ოჯახი

ახალი ომბუდსმენის პოლიტიკური ბიოგრაფია მეათე მოწვევის პარლამენტი დეპუტატობით, 2020 წლიდან დაიწყო. 2021 წლის 4 თებერვლიდან კი ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ანუ ვიცე-სპიკერი ხდება.

მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ჩიკაგოში გაემგზავრა. სწავლა ჩიკაგოს კენტის სამართლის სკოლაში განაგრძო და მაგისტრის ხარისხსაც დაეუფლა. იურიდიული კარიერა ერთ-ერთ ბანკში მუშაობით დაიწყო, მოგვიანებით კი იურიდიულ კომპანიაში - „ასლანიშვილი და იოსელიანი“ გააგრძელა. 2008-2016 წლებში, უკვე საკუთარი კომპანია - „ლევან იოსელიანის“ იურიდიული ფირმა დააფუძნა. 2018 წლიდან, არასამთავრობო სექტორშიც მოსინჯა ძალები და ორგანიზაცია - „სამოქალაქო მოძრაობა“ შექმნა. 2020 წლიდან, ალეკო ელისაშვილთან ერთად პოლიტიკაში გადაინაცვლა და საარჩევნო ბლოკის - „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“  საშუალებით, პარლამენტში მოხვდა. ქართულის გარდა, ლევან იოსელიანი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

რაც შეეხება ოჯახს, ლევან იოსელიანი მეუღლე თეა ნასარიძეც იურისტია. ისინი ბავშვობის მეგობრები არიან, ერთ სკოლაში სწავლობდნენ, სტუდენტობის დროს კი დაქორწინდნენ. წყვილს სამი შვილი ჰყავს. უფროსი ქალიშვილი, 22 წლის ანა, „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტია, მომდევნო კონსტანტინე - 18 წლისაა, ხოლო ნაბოლარა ნიკოლოზი - 12 წლის. უფროსი ქალიშვილი ანა, მამას პოლიტიკურ საქმიანობაშიც აქტიურად ეხმარება და წინასაარჩევნო კამპანიაშიც მის გვერდით იყო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საშუალებით ირკვევა, რომ ლევან იოსელიანი სპორტითაა გატაცებული, მაგრამ ყველაზე მეტად, ცხენოსნობა მოსწონს. ამას თავისი ახსნა აქვს - საბურთალოს ქუჩაზე, იპოდრომთან ახლოს ცხოვრობდა და მთელი ბავშვობა იქ გაატარა. 15 წელზე მეტია, რაც ლევან იოსელიანი ცხენოსნობითაა დაკავებული. გატაცება იმდენად სერიოზული იყო, რომ შეჯიბრებებშიც კი მონაწილეობდა.

 

ქონებრივი დეკლარაცია

ბოლო დეკლარაცია ლევან იოსელიანმა 2023 წლის იანვარში შეავსო, რომელშიც ოჯახის წევრებად მეუღლე - თეა ნასარიძე და უმცროსი შვილი - ნიკოლოზია მითითებული. იქიდან გამომდინარე, რომ 2022 წლის დეკლარაციაში უფროში შვილები - ანა და კონსტანტინეც გვხვდებიან, როგორც ჩანს, უფროსებმა მშობლების სახლი დატოვეს და ცალკე გადავიდნენ.

2023 წლის დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2020 წელს, ლევან იოსელიანის მეუღლეს, თეა ნასარიძეს კიკეთში, 62 000 ათას აშშ დოლარად 1 398 კვ.მ. ნაკვეთი შეუძენია. ლევან იოსელიანის ანგარიშზეა საირმეზე მდებარე 201.25 კვ.მ. ფართობის ბინა, რომელიც 2007 წელს, 126 000 აშშ დოლარად იყიდა, მაგრამ მშენებლობის დაგვიანებით ჩაბარების გამო, უძრავი ქონება საჯარო რეესტრში 2022 წლის ივნისში დაურეგისტრირებია.

იოსელიანის მფლობელობაშია ორი ავტომანქანა - Toyota Rav 4, რომელიც 2013 წელს, 20 000 აშშ დოლარად იყიდა და Toyota Corolla, რომელიც 2012 წელს, 9 000 აშშ დოლარად შეიძინა.

ქონებრივი დეკლრაციის შევსებისას, ლევან იოსელიანს სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 9 115.29 ლარი და 375.92 აშშ დოლარი; თეა ნასარიძის შემნახველ ანგარიშზე მითითებულია 1 130 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე - 5 629.83 ლარი და 999.18 ევრო.

ამავე დეკლარაციით ირკვევა, რომ თეა ნასარიძე შპს CBD Development-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსია, სადაც ერთი წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, 9 1976.43 ლარი მიიღო. გარდა ამისა, ის BD Property-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსიცაა, სადაც ერთი წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, 17 088.6 ლარი მიიღო.

ლევან იოსელიანის, როგორც საქართველოს პარლამენტის აპარატის წევრისა და ვიცე-სპიკერის თანამდებობრივი სარგო, წელიწადში, 61 168.32 ლარია. ამასთან, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ალეკო ელისაშვილი მოქალაქეების“ მოწვეული ლექტორი/ტრენერი გახლდათ, საიდანაც საჯარო ლექციის სანაცვლოდ, გასულ წელს, ერთჯერადად, 1 025.51 ლარი ჩაერიცხა. ამავე დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ძმამ ლევან იოსელიანს 7 100 ლარი აჩუქა.

2022 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან იოსელიანს 700 აშშ დოლარად სკუტერი შეუძენია. ექსდეპუტატის საკუთრებაში იყო ცეცხლსასროლი იარაღი - HK USP Compact, რომელიც 3 500 ლარი ღირდა, თუმცა დეკლარაციაში მითითებულია, რომ ეს იარაღი მეგობარს უჩუქებია.

შარშანდელი დეკლარაციიდან იმასაც ვიგებთ, რომ კონსტანტინე იოსელიანის სწავლის გადასახადის სახით, წლის განმავლობაში, თეა ნასარიძემ 4 300 აშშ დოლარი გადაიხადა; ნიკოლოზ იოსელიანის სწავლის გადასახადში - 4 300 აშშ დოლარი. რაც შეეხება ანა იოსელიანის სწავლის გადასახადს, დეკლარაციაში მითითებულია, რომ ამ მიზნით, ლევან იოსელიანმა 4 000 ლარი დახარჯა.

 

ავტორი-მაკა რუხაძე