რამდენად გამართლებულია რუსული ინვესტიციები აფხაზეთში, როგორც ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის საშუალება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აფხაზეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისის დაძლევას საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს. ამიტომ ვარაუდობენ, რომ აფხაზეთის ენერგეტიკული ობიექტების ნაწილს რუსული ბიზნესი იყიდის.

ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ასეთ გადაწყვეტილებას, რიგითი მოქალაქეები კი შიშობენ, რომ რუსული პრივატიზაცია ელექტროენერგიის ტარიფზე აისახება.

შემაშფოთებელი შემოდგომა

მთელი შემოდგომა სასოწარკვეთილი აფხაზეთის მოსახლეობა ზამთარს ელოდა. ეს სასოწარკვეთა, რომელიც ყოველდღიურ შფოთვაში გადაიზარდა, გამოიწვია ყოველდღიურმა ცნობებმა იმ წყალსაცავში წყლის დონის მორიგი ვარდნის შესახებ, რომელიც ამარაგებს ენგურჰესს.

კრიტიკულ დონემდე, 413 მეტრამდე, მხოლოდ ორიოდე მეტრი რჩებოდა, რის შემდეგაც სადგური გადავიდოდა ავარიულ მუშაობაზე, რადგან წყლის დონის ასეთი კლებით, წყალი არ შევა სადერივაციო გვირაბში და ელექტროენერგიის გამომუშავება ხუთჯერ შემცირდება. აფხაზეთისთვის ეს ნიშნავს ელექტროენერგიის მიწოდების მკაცრი გრაფიკის შემოღებას, რომლის დროსაც უწყვეტი გამორთვა შეიძლებოდა დღეში 10 საათიც კი გაგრძელებულიყო.

კატასტროფამდე მიახლოებული ვითარების გამოსწორება მხოლოდ რუსეთიდან ელექტროენერგიის ნაკადით შეიძლებოდა, რომელსაც აფხაზეთი საკმაოდ ხშირად იყენებს ბოლო სამი წლის განმავლობაში. თუმცა, ყოველ ჯერზე, მოსკოვთან ამაზე შეთანხმება სულ უფრო და უფრო რთული ხდება. თუმცა ამჯერად რუსეთი დაეხმარა აფხაზეთს – ნოემბრის ბოლოს ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან “ნანატრი ელექტროენერგია” კვლავ შემოვიდა. თუმცა, ამ დახმარების ფასი საკმაოდ მაღალია – აფხაზეთის ენერგეტიკის სექტორის დენაციონალიზაცია.

ენგურჰესი, ერთადერთი სადგური, რომელიც აფხაზეთს ელექტროენერგიით ამარაგებს, თავისთავად უნიკალურია. მისი ერთი ნაწილი (კაშხალი) მდებარეობს მდინარე ენგურის საქართველოს მხარეს, ხოლო სადგურის მართვის პანელი აფხაზურ მხარეს.

1992-93 წლების აფხაზეთის ომის დასრულებიდან თითქმის ოცდაათი წელი გავიდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სადგური გამომუშავებულ ენერგიას ჯენტლმენური შეთანხმების მიხედვით ანაწილებს (მხარეებმა უბრალოდ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს ხელმოწერის გარეშე). გამომუშავებული ენერგიის 60 პროცენტი საქართველოს მიეწოდება, 40 პროცენტი – აფხაზეთს.

2022 წლის ივნისამდე მომხმარებლისთვის ტარიფი ძალიან დაბალი იყო – 45 კაპიკი [დაახლოებით $0,007] კვ/სთ ფიზიკური პირებისთვის და 80 კაპიკი [დაახლოებით $0,013] იურიდიული პირებისთვის.

როგორ იმოქმედა კრიპტოვალუტამ აფხაზეთის ენერგეტიკულ კრიზისზე

მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც რამდენიმე წლის წინ აფხაზეთში გაჩნდა კრიპტოვალუტის მაინინგ ფერმები, რომლებიც ჭარბ ელექტროენერგიას მოიხმარენ. მათ გამო აფხაზეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დონე მკვეთრად გასცდა ნორმას. თუ 2020 წლისთვის მან 2 მილიარდ კვტ-ს მიაღწია, ერთი წლის შემდეგ ის 3 მილიარდ კვტ-მდე გაიზარდა.

„ეს აქამდე არასდროს მომხდარა. ეს ყველაფერი კრიპტოვალუტის ფერმებია, რომლებმაც ენერგოსისტემა კოლაფსამდე მიიყვანა. ორი წლის წინ ვამბობდით, რომ ამას კატასტროფა მოჰყვებოდა, მაგრამ არავინ გვისმენდა“, – ამბობს დიმიტრი არძინბა, აფხაზეთის პარლამენტის ყოფილი წევრი.

2020 წლის ოქტომბერში მთავრობამ გადაწყვიტა უკანონო მაინინგ ფერმების შეზღუდვა მისი ლეგალიზებით და ამით ენერგო დეფიციტის პრობლემის გადაჭრა (ამ დროისთვის აფხაზეთს უკვე დახარჯული ჰქონდა წლიური კვოტა). მაგრამ ამან კიდევ უფრო გააუარესა ენერგეტიკული ვითარება – ელექტროენერგიის მოხმარება კიდევ უფრო გაიზარდა და ქსელებმა ვერ გაუძლეს ასეთ დატვირთვას. შედეგი იყო უბედური შემთხვევები, მრავალი საათის განმავლობაში გათიშული დენი მთელი ქვეყნის მასშტაბით და ნულოვანი შემოსავალი ხაზინაში. ახალი კანონი ერთ თვეზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც მთავრობას სასწრაფოდ მოუწია მისი გაუქმება და ამჯერად იძულებული გახდა ომი გამოეცხადებინა კრიპტოვალუტის ფერმებისთვის, თუმცა შედეგი კიდევ უფრო კატასტროფული აღმოჩნდა.

თუმცა, კრიპტო ფერმებთან ნამდვილი „ომი“ სინამდვილეში არც არასდროს დაწყებულა. კამპანიის დასაწყისში მხოლოდ რამდენიმე მსხვილი ფერმა დაიხურა ტელევიზორში საჩვენებლად და ამით „ბრძოლა“, ფაქტობრივად, დასრულდა.

„მაშინაც ვთქვით, რომ მისი ლეგალიზაციის გადაწყვეტილება იყო ეკონომიკური დივერსია. ახლა ამაში ეჭვი არ მეპარება. ეს გაკეთდა მიზანმიმართულად, რათა მოეკლათ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება“, – ამბობს დიმიტრი არძინბა, რომელიც თვლის, რომ ხელისუფლება შეგნებულად აკოტრებს ენერგოსისტემას მისი შემდგომი გაყიდვის მიზნით.

ხელისუფლება რუსული ბიზნესის მოზიდვას ცდილობს

პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უკვე განმარტა, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება აფხაზეთის ენერგეტიკული კრიზისის ერთხელ და სამუდამოდ დაძლევას – ინდუსტრიის დენაციონალიზაცია.

ბჟანიას თქმით, სახელმწიფო ვერ გაუმკლავდება ენერგეტიკის სფეროს ამ ურთულეს გამოწვევებს.

„ჩვენი ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა არ არსებობს. ენერგეტიკული სისტემის კრიზისიდან გამოსაყვანად – 2017 წლის ექსპერტების გათვლებით – საჭიროა მინიმუმ 20 მილიარდი რუბლი [დაახლოებით 329 მილიონი აშშ დოლარი], რაც აფხაზეთს, მისი ბიუჯეტიდან გამომდინარე, არ აქვს”, – ამბობს პრეზიდენტი.

ბჟანია გამოსავალს ინდუსტრიის რეფორმაში და ათობით მილიარდი რუბლის კერძო ინვესტიციების მოზიდვაში ხედავს, თუმცა სამოქმედო გეგმაში პრეზიდენტს არ უხსენებია, რომ ამის უფლება უცხოურ, უფრო სწორად, რუსულ ბიზნესს მიეცა,

არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას მიჰყიდის აფხაზეთი ენერგეტიკის სექტორიდან რუსულ ბიზნესს, მაგრამ არაოფიციალურად საუბარია მდინარე ენგურზე გადამცემი ქსელების და სამი უმოქმედო ჰიდროელექტროსადგურის პრივატიზაციაზე, რომლებიც აფხაზეთის მხარეს მდებარეობს.

ასეთი რეფორმის მთავარ პირობას ასლან ბჟანია ენერგოსისტემის მართვაში სახელმწიფოს საკვანძო როლის შენარჩუნებას უწოდებს, მაგრამ არ არის დარწმუნებული, რომ ამ პროცესს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არ მოყვება.

წყარო: jam-news.net