რა რეგულაციები ამოქმედდება ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ონლაინ-კაზინოების საშუალებით, ქვეყნიდან 1.5 მილიარდი ლარი გაედინება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა უკვე მოამზადა ცვლილებების პროექტი, რომლითაც ონლაინ სათამაშო ბიზნესი საგადასახადო დაბეგვრის განსხვავებულ რეჟიმში მოექცევა. როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, ახალი რეგულაციების მიხედვით, განაწილებული მოგების ნაცვლად, 10%-იანი მოგების გადასახადით დაიბეგრება ე.წ. GGR-ი ანუ მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა. ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ დაბეგვრის ამგვარი რეჟიმი კონკრეტულად ამ სექტორში მიღებული პრაქტიკა. გარდა ამისა, გაცემული მოგებები დაიბეგრება თანხის გატანისას 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით. მთლიანობაში, ონლაინ სათამაშო სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა 65%-70%-ით გაიზრდება.

 

29 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები დააანონსა. რეგულაციების შემოღების მიზანი, ონლაინ თამაშებზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალური შემცირებაა. მთავრობის მეთაურმა დააკონკრეტა, რას გულისხმობს მთავრობის მიერ ინიცირებული რეგულაციები:

ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65%-70%-ით. მეორე საკითხი ასაკობრივი ზღვარი, რაც ნიშნავს, რომ 25 წლამდე, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალება ჩვენს მოქალაქეებს და აქაც, დეტალურად გვაქვს გაწერილი, თუ ვის შეეხება აღნიშნული შეზღუდვა - ესენი არიან სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით. ჯამში, პირთა წრე, რომელთაც აზარტულ თამაშებზე წვდომა შეეზღუდება, 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანისგან შედგება. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს, აქაც კარგად გვაქვს გაწერილი შესაბამისი მექანიზმები.

ირაკლი ღარიბაშვილმა მესამე საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და ესაა რეკლამის შეზღუდვა. ახალი რეგულაციების მიხედვით, სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო, ასევე, გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება იკრძალება. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება იქნება დასაშვები და ეს დაშვებაც, ძირითადად, სპორტს შეეხება.

ახლა, დეტალურად განვიხილოთ, კონკრეტულად, რა ახალი რეგულაციები შემოდის ონლაინ სათამაშო ბიზნესის სექტორში და რა იცვლება, რეალურად:

„პირველი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის დგინდება ერთიანი ასაკობრივი ზღვარი, ვისთვისაც აზარტულ თამაშებში მონაწილეობა იკრძალება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ცვლილება ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს 25 წლამდე და გავრცელდება, როგორც ონლაინ თამაშებზე, ასევე, ხმელეთის სათამაშო ობიექტებზეც - ასაკობრივი შეზღუდვა არ გავრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე! რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს, აქ მნიშვნელოვანია ის, რომ აზარტული თამაშების ორგანიზატორები, ვალდებულები იქნებიან, მოგებული თანხა მოთამაშეს ჩაურიცხონ მხოლოდ პირად ანგარიშზე, ან თანხა გასცენ მხოლოდ მოთამაშედ რეგისტრირებულ პირზე.

იკრძალება ერთი მოთამაშის მიერ, მეორე მოთამაშეზე თანხის გადარიცხვა, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს სხვისი ანგარიშით თამაშით შესაძლებლობებს!

სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანის და გატანის წესი, ასევე, მოთამაშედ რეგისტრაციის წესი დარეგულირდება კანონქვემდებარე აქტით.

ახალი რეგულაციების მიხედვით, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს ეკრძალება, ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. აგრეთვე, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერ ვალდებული იქნება, არ დაუშვას, რომ მის მიერ გამოშვებული საგადასახადო ბარათით, უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ თანხა გადაირიცხოს!“

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, შესაბამის კანონში ცვლილებების პროექტი მომზადებულია საკანონმდებლო დონეზე, რომლის მისაღებად, ფინანსთა სამინისტრო, უახლოეს მომავალში, საქართველოს პარლამენტთან მუშაობას დაიწყებს. კანონპროექტს, რომელსაც მთავრობის ინიციატივით, ფინანსთა სამინისტრო ამზადებს, პარლამენტი წლის ბოლომდე დაამტკიცებს.

აზარტული თამაშები ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა საქართველოში. ამ სექტორის შემოსავლები კომერციული ბანკების შემოსავლებსაც კი აჭარბებს. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 7 ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და დაახლოებით, 6 400 სათამაშო აპარატია, თუმცა რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში, ამის სტატისტიკა არ არსებობს. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ საქართველოს 700 ათასი მოქალაქე ანუ ყოველი მეხუთე, ლუდომანია.

ახალი საგადასახადო რეგულაციების შემოღება სათამაშო ბიზნესისთვის, პრემიერ-მინისტრმა 22 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე დააანონსა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სათამაშო ბიზნესისა და ონლაინ-კაზინოების საკითხი თითოეულ მოქალაქეს აწუხებს. მისივე თქმით, ონლაინ-კაზინოების საშუალებით, 1.5 მილიარდი ლარი ქვეყნიდან გაედინება, რადგან ამ დაწესებულებების მფლობელები, ძირითადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ღარიბაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ონლაინ-კაზინოების მომხმარებლების დიდი ნაწილი - 99%, გაჭირვებული მოსახლეობაა ანუ ისინი, რომლებიც არ მუშაობენ.