მომავალ წელს, პენსიასთან ერთად, სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასიც იზრდება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორი იქნება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი და რა ღონისძიებების დაფინანსებას გეგმავს მთავრობა

 

საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მეორე მოსმენით უკვე განიხილა. პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა წარადგინა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გადამუშავებულ ვერსიაში ყველა ის შენიშვნა თუ წინადადებაა ასახული, რაც ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველი მოსმენის დროს გამოითქვა. გადამუშავებული პროექტის მიხედვით, საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების (ბიუჯეტის ანგარიშებზე მისაღები ყველა სახის ფულადი სახსრების ერთობლიობა, - ავტ.) ჯამური მაჩვენებელი, წინა ვერსიასთან შედარებით, 342 500 000 ლარით გაიზარდა და 19 026 400 000 ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში, ეს პარამეტრი 18 839 000 000 ლარითაა განსაზღვრილი და პირველად ვერსიასთან შედარებით, 395 700 000 ლარითაა გაზრდილი. ისევე, როგორც 2021 წელს, მომდევნო წლის ბიუჯეტიც პანდემიიდან გამოწვეული აუცილებელი და საჭირო ღონისძიებების მიხედვით დაიგეგმა. აქედან გამომდინარე, გაცილებით საინტერესოა, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ანუ ხარჯვითი ნაწილის განხილვა. ვნახოთ, როგორ და კონკრეტულად რა ღონისძიებებში აპირებს სახელმწიფო სახსრების ხარჯვას მთავრობა.

 

ბიუჯეტის ხარჯები

დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები (ხარჯები) 75 400 000 ლარითა გაიზარდა. სახელმწიფო ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ დამატებითი თანხების ფარგლებში, გადამუშავებულ ვარიანტში, თითქმის სრულადაა გათვალისწინებული საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში დაყენებული წინადადებები.

„კერძოდ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური გასაცემელი 25 ლარით იზრდება; საომარ მოქმედებებში მონაწილე ვეტერანთა მონეტიზაციის ყოველთვიური სოციალური გასაცემელი (22/44 ლარი) იზრდება 100 ლარამდე; გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადებისა და სოფლის ექიმების/ექთნების ანაზღაურების 10%-იანი ზრდა; გათვალისწინებულია სახსრები მუნიციპალიტეტებში არსებული სასწრაფოს ბრიგადების ხელფასების თბილისში არსებულ ხელფასებთან ეტაპობრივი გათანაბრებისთვის; გათვალისწინებულია ჯანდაცვის ახალი პროგრამების დაფინანსება, მათ შორის, სპინალური ატროპიის მქონე ბავშვთა დახმარების, დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის მუდმივი მონიტორინგის თანამედროვე აპარატების შესყიდვა, ასევე, გათვალისწინებულია ღვიძლის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციების თანადაფინანსება; ასევე, გაზრდილია რეფერალური მომსახურების და ბავშვთა ზრუნვის პროგრამების დაფინანსება; გაზრდილია სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების ანაზღაურება“, - აღნიშნულია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 22 300 000 ლარით, რომლის ფარგლებში, მასწავლებლების გარდა, ხელფასები სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალსაც 10%-ით გაეზრდება. ამასთან, იგეგმება მანდატურებისა და  სოციალური მუშაკების ხელფასების ზრდაც.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 13 800 000 ლარით გაიზარდა. ეს იმიტომ, რომ სხვა ღონისძიებებთან ერთად, სამინისტროს მთელ სისტემაში, ხელფასები 10%-ით გაიზრდება. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დამატებითი თანხებია გამოყოფილი ჩვენი სპორტსმენების ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე მონაწილეობის ხარჯების დასაფინანსებლად.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარჯები - 16 100 000 ლარით გაიზარდა; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხარჯები - 36 400 000 ლარით იზრდება, მაგრამ აქედან 20 000 000 ლარი -გაზიფიცირებაზე, ხოლო 15 000 000 ლარი - ინოვაციური სტარტაპების საგრანტო პროგრამებზე დაიხარჯება; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯები - 46 100 000 ლარით იზრდება; იუსტიციის სამინისტროს ხარჯები - 27 200 000 ლარით გაიზარდა, რაც სისტემაში ხელფასების მოწესრიგებასთან ერთად, ორი ახალი პენიტენციური დაწესებულების აღჭურვასა და მათ ფუნქციონირებას უნდა მოხმარდეს; თავდაცვის სამინისტროს ხარჯები - 44 400 000 ლარით იზრდება, რაც სრულად მოხმარდება ჯარისკაცებისა და სისტემაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას; შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯები 65 000 000 ლარით იზრდება, საიდანაც 52 000 000 ლარით - პოლიციელთა შრომის ანაზღაურება მოწესრიგდება, ხოლო 13 000 000 ლარით - ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხარჯები, ჯამში, იზრდება 13 900 000.

გარდა ამისა, სასამართლო სისტემაზე დამატებით დაიხარჯება 9 100 000 ლარი, რომლითაც სისტემაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება უნდა მოწესრიგდეს; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხარჯები - 695 000 ლარით იზრდება.

 

სამინისტროების ხარჯები

ახლა, დეტალურად ვნახოთ, როგორ და რა ღონისძიებებში დახარჯავენ სახელმწიფო უწყებები გაზრდილ დაფინანსებას 2022 წელს. ისევ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხარჯებით დავიწყოთ, რომელიც 75 400 000 ლარით გაიზარდა და 6 093 018 000 ლარი შეადგინა.

მომდევნო წელს, მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე - 4 021 200 ლარი დაიხარჯება, რაც ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით, 22 500 000 ლარით გაიზარდა. აქედან, საპენსიო უზრუნველყოფაზე გათვალისწინებულია 2 885 000 ლარი. სწორედ ამ გაზრდილ ხარჯებშია გათვალისწინებულია საპენსიო ასაკის მოსახლეობის პენსიების ზრდა. 2022 წლის 1 იანვრიდან, 70 წლამდე პირთა პენსია გაიზრდება 20 ლარით და 260 ლარით განისაზღვრება, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია 25 ლარით გაიზრდება და 300 ლარით განისაზღვრება.

გარდა ამისა, მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებაზე - 1 001 100 ლარი დაიხარჯება. აქ გათვალისწინებულია 2021 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების 50-ლარიანი დახმარების 100 ლარამდე გაზრდა, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური გასაცემლის ზრდა 25 ლარით და საომარ მოქმედებებში მონაწილე ვეტერანთა მონეტიზაციის თანხის ზრდა 100 ლარამდე; სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამა 4 000 000 ლარით გაიზარდა 52 100 000 ლარით განისაზღვრა; სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში - 75 000 000 ლარით გაიზარდა.

COVID-19-ის მართვასთან (სამედიცინო დაწესებულებების მობილიზება, მკურნალობის ხარჯები, ტესტირება და კვლევები, ვაქცინაცია და სხვა) დაკავშირებით ბიუჯეტი 500 000 000 ლარით განისაზღვრა; მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა - 820 000 000 ლარით; იმუნიზაცია - 50 000 000 ლარით; ტუბერკულოზის მართვა - 17 200 000 ლარით; აივ-ინფექციის/შიდსის მართვა - 14 100 000 ლარით;  C ჰეპატიტის მართვა - 6 000 000 ლარით; ფსიქიკური ჯანმრთელობა - 35 000 000 ლარით; დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია - 53 300 000 ლარით; პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა - 144 800 000 ლარით; რეფერალური მომსახურება - 40 000 000 ლარით; ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა - 13 500 000 ლარით; დიაბეტის მართვა - 27 000 000 ლარით; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამა, პროექტის წინა ვარიანტთან შედარებით, 5 000 000 ლარით იზრდება და სპინალური ატროპიით დაავადებულ ბავშვთა მხარდაჭერას ითვალისწინებს; 2022 წლიდან, ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის თანადაფინანსების მიზნით, ახალი პროგრამა ამოქმედდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 000 000 ლარს გამოყოფენ“.

რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციასა და აღჭურვას, ამ მიზბით, 2022 წლის ბიუჯეტში 31 000 000 ლარია გათვალისწინებული; შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამაზე - 9 200 000 ლარი დაიხარჯება; იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა სახელმწიფოს 102 200 000 ლარი დაუჯდება.

2022 წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 2 890 000 000 ლარით განისაზღვრა, რაც წინა ვერსიასთან შედარებით, 46 100 000 ლარით გაიზარდა. თუ ამ ხარჯებს უფრო დეტალურად ჩავშლით, ვნახავთ, რომ  რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე - 483 600 000 ლარი დაიხარჯება; წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაზე - 399 900 000 ლარით; მყარი ნარჩენების მართვის პროგრამაზე - 49 500 000 ლარი; ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე - 105 000 000 ლარი; იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერაზე - 12 000 000 ლარი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხარჯები 1 659 800 000 ლარითაა განსაზღვრული, რაც ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით, 22 300 000 ლარით მეტია; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხარჯები - 356 800 000 ლარით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პირველ ვერსიასთან შედარებით, 13 800 000 ლარით მეტია; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარჯები - 593 100 000 ლარით, რაც ბიუჯეტის წინა წარდგენასთან შედარებით, 16 100 000 ლარით მეტია; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხარჯები - 777 400 000 ლარით, რაც ბიუჯეტის პირველ ვარიანტთან შედარებით, 36 400 000 ლარით გაიზარდა; ფინანსთა სამინისტროს ხარჯები - 105 400 000 ლარით, რაც წინა ვერსიასთან შედარებით, 12 400 000 ლარით მეტია; იუსტიციის სამინისტროს ხარჯები - 295 600 000 ლარით, რაც ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით, 27 200 000 ლარით მეტია; საგარეო საქმეთა სამინისტროს ხარჯები - 176 600 000 ლარით, რაც წინა ვერსიასთან შედარებით, 1 100 000 ლარით მეტია; თავდაცვის სამინისტროს ხარჯები - 962 400 000 ლარით, რაც ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით, 44 400 000 ლარით მეტია; შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯები - 865 000 000 ლარით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით, 65 000 000 ლარით მეტია; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხარჯები - 148 700 000 ლარით, რაც წინა ვერსიასთან შედარებით, 8 700 000 ლარით მეტია; პროკურატურის ხარჯები - 45 300 000 ლარით განისაზღვრა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განმარტა, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, სოციალური ვალდებულებები - 4 543 000 000 ლარით ფინანსდება; ჯანდაცვის პროგრამები - 1 861 000 000 ლარით; განათლება და მეცნიერება - 2 091 000 000 ლარით; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის მიმართულება - 357 000 000 ლარით; ეკონომიკის ხელშემწყობი პროგრამები - 557 000 000 ლარით; ინფრასტრუქტურა - 5 574 000 000 ლარით; თავდაცვა და უსაფრთხოება - 2 057 000 000 ლარით; გარემოს დაცვის პროგრამები - 68 000 000 ლარით; სასამართლო და პროკურატურა - 170 000 000 ლარით.

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 2021-2022 წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, 2022 წლის ბოლოსთვის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა 65 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 5 500 დოლარზე მეტი იქნება. მისივე თქმით, 2022 წელს დაგეგმილია 6 პროცენტიან ეკონომიკური ზრდა, ხოლო 2022-2025 წლების ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 5,5 პროცენტი იქნება.