რა ქონებას ფლობს დავით კეზერაშვილი საქართველოში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „ფორმულას“ 51%-იანი წილის მფლობელს, დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა, „ვერსია“ დაინტერესდა, ტელევიზიის გარდა, რა ქონებას ფლობს თავდაცვის ექსმინისტრი საქართველოში. საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ „ფორმულას“ გარდა, კეზერაშვილის საკუთრებაში კიდევ ოთხი კომპანიაა. ვიდრე იმ ქონებას გაგაცნობთ, რასაც დავით კეზერაშვილი საქართველოში ფლობს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ თავდაცვის სამინისტრო დავით კეზერაშვილსა და მისი მინისტრობისდროინელი შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს, ალექსანდრე ნინუას სასამართლოში უჩივის.

 

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სარჩელის მოთხოვნა „დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა“. უწყებამ ამ სარჩელის შეტანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უზენაესმა სასამართლომ, 7 სექტემბერს, დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა დამნაშავეებად სცნო. კეზერაშვილს სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელი განახევრდა.

„სასამართლოების სამი ინსტანციის განაჩენებით დადგენილია, რომ ალექსანდრე ნინუას მიერ, მისთვის დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებიტორულ დავალიანებად დაერიცხა 5 060 000 ევრო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. რაც შეეხება დავით კეზერაშვილს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრები მიითვისა“, - ვკითხულობთ უწყების პრესრელიზში.

ამის შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კეზერაშვილის კუთვნილი ტელეკომპანია „ფორმულა“ სასამართლომ დააყადაღა. მოგვიანებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაყადაღება დეზინფორმაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორის, ზურაბ გუმბარიძის განცხადებით, „ფორმულას“ დამფუძნებლისა და თავდაცვის ექსმინისტრის, დავით კეზერაშილის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი მათ ტელევიზიას უკავშირდება და მედიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილია.

 

***

წლების წინ, დავით კეზერაშვილის კომპანიებთან დაკავშირებით, „ვერსიამ“ რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ კომპანიები, რომლებსაც კეზერაშვილი საქართველოში ფლობდა, სხვადასხვა ოფშორულ ზონებში იყო რეგისტრირებული და მათ თავდაცვის ექსმინისტრის ოჯახის წევრები, ასევე, ნათესავები განაგებდნენ.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, კეზერაშვილის აქტივების უმეტესობა ბიზნესმენმა, დავით იაკობაშვილმა შეიძინა. იმასაც შეგახსენებთ, რომ იაკობაშვილი თბილისში დაბადებული, მაგრამ რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი გახლდათ.

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ დავით კეზერაშვილი კორუფციაში დაადანაშაულა. კერძოდ, მას ბრალად ედებოდა 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღება უკრაინიდან საქართველოში ეთილის სპირტის შემოტანის კონტრაბანდული სქემის მფარველობის გამო, რაც რამდენიმე წელი გრძელდებოდა, მათ შორის, კეზერაშვილის საჯარო სამსახურში ყოფნის დროს. გარდა ამისა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე აღიძრა.

ახლა ვნახოთ, კონკრეტულად რომელ კომპანიებს ფლობს დავით კეზერაშვილი საქართველოში. დავიწყოთ ტელეკომპანია „ფორმულით“. უფრო ზუსტად, საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ესაა შპს „ფორმულა“, რომელიც თავდაცვის ექსმინისტრმა 2019 წლის 22 ივლისს გაატარა რეგისტრაციაში. ამ კომპანიის გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძეა, ხოლო პარტნიორებს შორის, წილები ასეა გადანაწილებული: მიხეილ მშვილდაძე - 12.25%, ირაკლი საღინაძე - 12.25%, ზურაბ გუმბარიძე - 12.25%, გიორგი ლიფონავა - 12.25% ანუ ჯამში,  პარტნიორები „ფორმულას“ აქციების მხოლოდ 49%-ს ფლობენ, საკონტროლო პაკეტი - 51% კი დავით კეზერაშვილის საკუთრებაშია.  

აქვე აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ პარტნიორებს - მიხეილ მშვილდაძეს, ირაკლი საღინაძეს, ზურაბ გუმბარიძესა და გიორგი ლიფონავას აეკრძალათ ტელეკომპანიის კაპიტალში, მათ საკუთრებაში არსებული წილების გასხვისება, გადაცემა, დაგირავება ან რაიმე უფლებით დატვირთვა, მაჟორიტარი პარტნიორისადმი - დავით კეზერაშვილისადმი ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების სრულად დაფარვამდე.

შპს „ფორმულას“ გარდა, დავით კეზერაშვილის საკუთრებაშია შპს „დროება მედია ჯგუფი“, რომელიც საჯარო რეესტრში, 2019 წლის 5 დეკემბერსაა რეგისტრირებული. ამ კომპანიის დირექტორი და 40%-იანი წილის მფლობელი გიორგი თარგამაძეა, ხოლო 60%-იან წილს დავით კეზერაშვილი ფლობს.

საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ კეზერაშვილის საკუთრებაშია კიდევ ერთი კომპანია - შპს „მედია ჯორჯია“, რომელიც 2012 წლის 3 ოქტომბერსაა (საპარლამენტო არჩევნებიდან ორ დღეში) რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორია გიორგი ფრუიძე, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი - დავით კეზერაშვილია.

თავდაცვის ექსმინისტრის საკუთრებაშია შპს „უნიგრუპი“, რომელიც საჯარო რეესტრში 2005 წლის 23 თებერვალსაა რეგისტრირებული. ამ კომპანიის დირექტორი გიორგი პირველია, ხოლო 100%-იანი წილი პარტნიორებს შორის, ასეა გადანაწილებული: გიორგი პირველი - 50%, დავით კეზერაშვილი - 50%.

სხვათა შორის, „ვერსიის“ ინფორმაციით, 2012 წლამდე ანუ ხელისუფლების ცვლილებამდე, შპს „უნიგრუპი“, ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია „ლუკოილის“ პროდუქციის ექსკლუზიური დისტრიბუტორი გახლდათ.

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, დავით კეზერაშვილს უკავშირდება, შპს „ლუკას“-ია. ეს კომპანია 2006 წლის 30 ოქტომბერსაა რეგისტრირებული, ოღონდ ქალაქ ფოთში. კომპანიის პარტნიორები არიან: დავით კეზერაშვილი - 50% და ნუკრი ნიჟარაძე - 50%, შპს „ლუკასის“ ერთპიროვნული ხელმძღვანელია ვახტანგ გუგუშვილი.