ცესკო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 3 539 259 ლარს დახარჯავს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რას მოხმარდება ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა

ორიოდე თვეში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. შესაბამისად, სწორედ ახლა, პოლიტიკური პარტიები აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაში უნდა იყვნენ ჩართულნი და პოლიტიკური ზაფხულის დუღილის ტემპერატურასაც ეს პროცესი უნდა განსაზღვრავდეს, თუმცა ქვეყანაში სულ სხვა რეალობა გვაქვს. დიახ, დედაქალაქის მთავარ გამზირზე პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება, ოღონდ პოლიტიკური პროცესების ავანგარდში მედიამენეჯერები არიან - ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების ხელმძღვანელები, რომლებიც რამდენიმე ათეული ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებენ. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილია. საპროტესტო მოძრაობა „ლექSOSთვის“ კი კვლავ გრძელდება. ვერ გეტყვით, რა შედეგი მოჰყვება მედიამენეჯერების პროტესტს, ან მივიღებთ თუ არა გაბრაზებული ჟურნალისტების რევოლუციას, მაგრამ ფაქტია - 5-6 ივლისს, მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლებზე იძალადეს, მუშაობაში ხელი შეუშალეს და სასტიკად გაუსწორდნენ კიდეც...

უმთავრესი მიზეზი, რის გამოც მთავარმა პოლიტიკურმა მოვლენამ, თითქოს უკანა პლანზე გადაინაცვლა და წინასაარჩევნო კამპანიაც ჯანჯლდება, სწორედ 5-6 ივლისის მოვლენებია. მიუხედავად ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისია ჩვეულ რიტმში აგრძელებს მუშაობას და რამდენიმე დღის წინ გამართულ სხდომაზე, ადგილობრივი არჩევნებისთვის საჭირო ფულადი სახსრები საოლქო საარჩევნო კომისიებზე გაანაწილა კიდეც.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №21/2021 საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. ამ დადგენილებით, 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის მიზნით, ზოგიერთი ღონისძიება განისაზღვრა. დადგენილებას ხელს აწერენ ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი შარაბიძე და კომისიის მდივანი, გიორგი ჯავახიშვილი.

საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის,  53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 8 ივლისის №21/2021 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

დამტკიცდეს საოლქო საარჩევნო კომისიების საბიუჯეტო განაცხადის ფორმები დანართი 1-ის შესაბამისად; დამტკიცდეს ცესკო-ს მიერ ჩასარიცხი, საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის გამოყოფილი დაფინანსების თანდართული ფორმა დანართი 2-ის შესაბამისად; დაევალოს ცესკო-ს საფინანსო დეპარტამენტს, ამ დადგენილების პირველი და მე-3 მუხლების მიხედვით წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა, ცესკო-ს დასამტკიცებლად წარუდგინოს ცესკო-ს დადგენილების პროექტი 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე; ცესკო-ს მიერ, ამ დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე; აუცილებლობის შემთხვევაში, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ეფექტური ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით, შესაძლებელია ხარჯების ცვლილების განხორციელება (გარდა დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯებისა), შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული საოლქო და საუბნო ხარჯების ჯამური ოდენობის არაუმეტეს 15%-ის ფარგლებში; საოლქო საარჩევნო კომისიებს მიეცეთ უფლება წარმომადგენლობითი ხარჯები გაწიონ არაუმეტეს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის დაზუსტებული ბიუჯეტის 1%-ისა; ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), მისი მიღებიდან ორი კალენდარული დღის ვადაში.

უფრო კონკრეტულად, „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებული ამ დადგენილების საფუძველზე, ცესკო-მ საოლქო საარჩვენო კომისიებისთვის გარკვეული თანხა გამოჰყო. დადგენილების შესაბამისად, ყველაზე მეტი თანხა - 101 632 ლარი, ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიისთვის გამოჰყვეს. მას მოსდევს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია - 89 705 ლარით, ხოლო მესამე ადგილზეა საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისია - 86 045 ლარით.

მთლიანობაში, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ცესკო-მ საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის 3 539 259 ლარი გამოჰყო.

საინტერესოა, კონკრეტულად რა მიზნით უნდა დახარჯონ საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცესკო-ს მიერ გამოყოფილი თანხა. სხვათა შორის, ეს მიზნები ოფიციალურად გაწერილია. დადგენილებას ახლავს დანართი, ესაა ცესკო-ს მიერ შემუშავებული საოლქო საარჩევნო კომისიის განაცხადის ფორმა, სადაც ხარჯის ტიპები კონკრეტულადაა გაწერილი. ასე მაგალითად, საოლქო საარჩევნო კომისიას ეს თანხა სჭირდება საწვავის, კავშირგაბმულობის, საკანცელარიო, იჯარის, მივლინების, სახელფასო და საოფისე ხარჯებისთვის. გარდა ამისა, აქ შედის საბანკო მომსახურების საკომისიო, ასევე, გაუთვალისწინებელი და წარმომადგენლობითი ხარჯები. რაც მთავარია, ცესკო-ს დადგენილებით, გაუთვალისწინებელი ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს საოლქო საარჩევნო კომისიის მთლიანი დაფინანსების 3%-ს, ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯები - საოლქო საარჩევნო კომისიის დაზუსტებული ბიუჯეტის 1%-ს.     

ახლა ვნახოთ, როგორ და რა მიზნით იქმნება საოლქო საარჩევნო კომისია. საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ბოლო ცვლილებების მიხედვით, ცესკო უფლებამოსილია, შექმნას საოლქო საარჩევნო კომისია - თითო, ერთი მუნიციპალიტეტის საზღვრებში, ხოლო 10 - თბილისის მუნიციპალიტეტში.

კომისიის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. 5 წევრს, სრული შემადგენლობის 2/3-ით, ცესკო ირჩევს. არჩევნების დანიშვნის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, კანონით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანებები, ხოლო 3 წევრს - სრული შემადგენლობის 2/3-ით ირჩევს ცესკო, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საოლქო საარჩევნო კომისია შედგება არაუმეტეს 17 წევრისაგან. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს, საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს ცესკოს მიერ, 5 წლის ვადით არჩეული წევრებისგან - სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

აკრძალულია საოლქო საარჩევნო კომისიის იმავე შენობაში განთავსება, რომელშიც მდებარეობს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო ან მერია, პარტია, სასამართლო, პოლიციის დანაყოფი, ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი. აკრძალულია პარტიის, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო შტაბის იმ შენობაში განთავსება, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიაა განთავსებული.