ქართული აგროპროდუქტები თურქეთის ბაზარზე გავა - ინტერვიუ ნინო წილოსანთან

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა ცვლილებები იგეგმება საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში 

შორს არაა ის დრო, როდესაც ქართულ აგროპროდუქტებს თურქეთის ბაზარზე გაიტანენ. ამ საკითხზე მოლაპარაკება თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის მე-12 შეხვედრაზე დაიწყო. უფრო ზუსტად, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვა დაიწყეს. საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო თურქეთის დელეგაციას - ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მუსტაფა თუზჯუ ხელმძღვანელობდნენ.

 

რა ცვლილებებზე იმსჯელეს ანკარაში

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტარიფების ლიბერალიზაცია და მომსახურებით ვაჭრობის შესაძლებლობა - სავარაუდოდ, სწორედ ეს ორი მთავარი ცვლილება შევა საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში. სავარაუდოდ იმიტომ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები არ დასრულებულა. ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება კი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში - საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში შექმნილი კომიტეტის მე-12 შეხვედრაზე მიიღეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მოლაპარაკების ფარგლებში, მხარეებმა გაცვალეს ლიბერალიზაციის მოთხოვნა-შეთავაზებები და ტრანსპორტის სფეროში მომსახურების დანართის ტექსტიც განიხილეს.

გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანით - განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტარიფების შემდგომი ლიბერალიზება - საქართველოს ექსპორტს გაზრდის თურქეთში და ხელს შეუწყობს ქართველ მწარმოებლებს, რათა თურქეთის ბაზარზე, საკუთარი წარმოების აგროპროდუქცია კონკურენტუნარიანი იყოს. მისი თქმით, ამ საკითხზე, თურქეთის მხარესთან კონსულტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

საქართველოსა და თურქეთს შორის, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა, რაც გარკვეული საქონლის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. სიტუაციის შესაფასებლად, უფრო ზუსტად, იმის გასაგებად, რა ბენეფიტებს უნდა ველოდოთ, თუ ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შევა, კონკრეტული ინფორმაცია გვჭირდება. იმის გამო, რომ მოლაპარაკებები არ დასრულებულა, ამ ეტაპზე, ბევრი რამ უცნობია. ზოგადი სურათის შესაქმნელად კი „საქსტატის“ ოფიციალურ ინფორმაციას გავეცნოთ და ვნახოთ, როგორია ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვისა და იმპორტ-ექსპორტის მონაცემები.

2020 წლის იანვარ-მაისში, საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 561 მილიონ 507 ათასი აშშ დოლარი იყო. წელს, ხუთ თვეში, ეს მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა და 758 მილიონ 053 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ცხადია, სავაჭრო ბრუნვასთან ერთად, იმპორტიც გაიზარდა და ექსპორტიც.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წელს, საქართველომ თურქეთში 624 მილიონ 743 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია შეიძინა, რაც 30.2%-ით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება ექსპორტს, 2021 წლის იანვარ-მაისში, საქართველომ თურქეთში 133 მილიონ 290 ათასი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, რაც 63%-ით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თურქეთში საქართველო ყიდულობს ავტომობილებს, რომლებიც განკუთვნილია 10 ან მეტი ადამიანის გადასაყვანად, ასევე, მზა ნაწარმს, სამკურნალო საშუალებებს, მილებს, შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციებს და სხვა.

საქართველოდან თურქეთში გადის ტრიკოტაჟის ნაწარმი, მაისურები, მანქანით ან ხელით ნაქსოვი ტანსაცმელი, კოსტიუმები, კომპლექტები, ფეროშენადნობები, შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი, ასევე, ნახშირბადიანი ფოლადისგან დამზადებული ნახევარფაბრიკატები და სხვა.

საქართველო-თურქეთის დელეგაციების გადაწყვეტილებით, კომიტეტის შემდგომი შეხვედრა თბილისში, 2021 წლის ბოლოს გაიმართება. მანამდე,მხარეებს შორის კონსულტაციები ექსპერტების დონეზე, ონლაინ-რეჟიმში გაგრძელდება.

 

ინტერვიუ ნინო წილოსანთან

ცვლილებები, რომლებიც მხარეთა მოლაპარაკებების შედეგად, საქართველო-თურქეთს შორის გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში უნდა შევიდეს, ან კანონპროექტის სახით მომზადდება, ან გარკვეულ ნორმატიულ აქტებში აისახება. ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილების ამოქმედებამდე, ეს საკითხი საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ, უფრო კონკრეტულად, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს. სწორედ ამიტომ, დეტალების გარკვევის მიზნით, „ვერსია“ კომიტეტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ნინო წილოსანს დაუკავშირდა.

- ქალბატონო ნინო, რას ნიშნავს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტარიფების ლიბერალიზაცია და კონკრეტულად, რა ცვლილებები იგეგმება საქართველო-თურქეთს შორის გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში?

-შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქეთთან, სადაც თავისუფალი ვაჭრობის პირობებში, საქართველოს აგროპროდუქტების მიმართ არსებული რეგულაციები განიხილება, როგორც ტარიფებთან, ასევე კვოტებთან დაკავშირებით. საუბარია ამ რეგულაციების შემსუბუქებაზე, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართულ ფერმერებსა და სხვა ინვესტორებს მნიშვნელოვანი ბაზრის გახსნის შესაძლებლობას მისცემს. ჯერჯერობით, კონკრეტული შედეგები უცნობია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგად პროგრესირებს მოლაპარაკებების პროცესი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროცესი კონფიდენციალურია, რა თქმა უნდა, ბევრ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ძირითადი შინაარსი ესაა.

ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცხოველური წარმოშობის ქართული პროდუქტების თურქეთის ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებით. ეს არის თაფლი და ხორცი, რაც, ალბათ, დამეთანხმებით, რომ მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს წარმოებას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მეზობელი თურქეთი, ორივე ამ პროდუქტის საკმაოდ დიდი მომხმარებელია, შესაბამისად, ამ პროდუქტების გასაღების სერიოზულ ბაზარს წარმოადგენს ჩვენი ფერმერებისთვის. ამ თემასთან დაკავშირებით, წარმატებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ეს პროცესი, თითქმის ბოლოშია გასული, მაგრამ ჯერ თამამად და პირდაპირ ვერ ვიტყვით, რომ ქართული ცხოველური პროდუქტებისთვის ბაზარი იხსნება, თუმცა ამ ეტაპზე, ის ტექნიკური დეტალები მუშავდება, რაც ფიტოსანიტარიასთან და სურსათის უვნებლობის სხვა ნორმებთანაა დაკავშირებული.

- რამდენად რეალურია და ცოტა გადაჭარბებული ხომ არაა მოლოდინი, რომ თურქეთის ბაზარზე ქართული აგროპროდუქტები დაუშვან? თუმცა, თუ დაუშვებენ, საინტერესოა, რა პირობებით?

- ერთი, რაც შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, არის ის, რომ თურქეთის ბაზრის რეგულაციების შემსუბუქება ქართული აგროპროდუქტებისთვის, ზოგადად, საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმადობის ძალიან სერიოზულ ზრდას გამოიწვევს. მეორე ის გახლავთ, რომ ეს არის ორმხრივი მოლაპარაკებები, სადაც მხარეებს კონკრეტული პირობები აქვთ, თუმცა ხაზგასმით გეუბნებით - ჩვენი მხარე ამ მოლაპარაკებებზე წავა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომ მაქსიმალურად დაიცვას ქვეყნის ინტერესები!

რა თქმა უნდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი თურქეთის ბაზრისთვის იმხელა არ არის, მათი მხრიდან კარგ ნაბიჯებს არ ველოდოთ. შესაბამისად, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, თუმცა გეთანხმებით, ეს ორმხრივი შეთანხმებაა, რომლის ფარგლებში, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ საქართველო მაქსიმალურად დაიცავს თავისი მწარმოებლების ინტერესებს.

- უკვე შემუშავებულია თუ არა ეს ცვლილებები ან კანონპროექტის სახით არსებობს, თუ ჯერ დეტალები უნდა დაზუსტდეს?

- არა, ჯერ მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს. მე ცოტა უფრო მეტ დეტალს ვფლობ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს კონფიდენციალურია და არ მინდა, ხელი შეეშალოს მოლაპარაკებების კარგი შედეგის დადგომას, ამიტომ თავს ვიკავებ დეტალებზე საუბრისგან. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ძირითადი მონახაზია, რაზეც ვსაუბრობთ და იმედი მაქვს, რაც შეიძლება, მალე დავდებთ საბოლოო შედეგს, რასაც შემდგომში, სათანადო საკანონმდებლო, თუ სხვა ნორმატიულ აქტებში ცვლილებები უნდა მოჰყვეს.

- ქალბატონო ნინო, მართალია, მოლაპარაკებები არ დასრულებულა, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესოა, სავარაუდოდ, როდისთვის იგეგმება ქართული აგროპროდუქციის ექსპორტი თურქეთში?

- ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე უფრო თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები საკმაოდ ნაყოფიერად მიმდინარეობს და პოზიტიურ შედეგებს მალევე ველოდებით. რაც შეეხება, ზოგადად, აგროსასურსათო პროდუქციაზე რეგულაციების - ტარიფებისა და კვოტების შემსუბუქებას, ამასთან დაკავშირებით, მხარეები ჯერ კიდევ მოლაპარაკების პროცესში არიან და აზუსტებენ იმ პირობებს, რა პირობებშიც ერთმანეთს გარკვეული შეღავათები უნდა დაუწესონ.