„31 მარტი საქართველოს ხელახალი პოლიტიკური და ზვიად გამსახურდიას ფიზიკური დაბადების თარიღია!“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნესტან კირთაძე საქართველოს პირველ პრეზიდენტთან შეხვედრის დღემდე უცნობ დეტალებს იხსენებს

 1991 წელის 31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხი თარიღია - ამ დღეს ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას - „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგი გახდა 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი. აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმში მონაწილეობდა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობაც. 3 672 403 ამომრჩევლიდან, 3 295 493-მა, ხმა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მისცა. იმავე წლის 9 აპრილს, უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. საგულისხმოა, რომ 31 მარტს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეცაა და, ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ მსგავსი თარიღები შემთხვევითი არ არის. „ზვიად გამსახურდიას დაბადება საქართველოს ხელახალი პოლიტიკური დაბადების საწინდარი იყო“, - ასე აფასებს „ვერსიასთან“ საუბრისას ისტორიკოსი, ნესტან კირთაძე ისტორიული რეფერენდუმისა და ზვიად გამსახურდიას როლს ქართულ პოლიტიკაში:

 - თუ რაიმე თარიღი შემორჩენია საქართველოს უახლეს ისტორიას, 31 მარტის საქართველოს რეფერენდუმის დღე ერთ-ერთი გამორჩეულია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით, მოსახლეობის ყველაზე მაღალი ნდობის, გამოხატულებისა და ლეგიტიმაციის დადასტურებაა. ეს დრო საქართველოსთვის ძალიან ადვილი არ იყო, ვინაიდან საბჭოთა კავშირი იშლებოდა. მსოფლიო წესრიგი კი კავკასიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობას არ ითვალისწინებდა. ახალი წესრიგით გათვალისწინებული მხოლოდ ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებლობა იყო. მინდა, ყველას შევახსენო, რომ საქართველოს, მეამბოხე ჩეჩნეთის გარდა, მაშინ გვერდით  არავინ დაუდგა! როდესაც ქვეყნის შიგნით საკმაოდ დაძაბული ვითარება იყო, ზვიად გამსახურდიას ანუ მაქსიმალისტების (ასე ვუწოდებ, როგორც ისტორიკოსი და ასეც შევიდა ისტორიაში) მოთხოვნას ბევრი თანამოაზრე არ ჰყავდა, მათ შორის, საკუთარ გუნდსა და მოსახლეობაში. ზვიად გამსახურდიამ, არა მხოლოდ, როგორც ყოფილმა დისიდენტმა, არამედ, როგორც ნამდვილმა სახელმწიფო მოღვაწემ, მიიღო გადაწყვეტილება, წინააღმდეგობების მიუხედავად, ახალგაზრდების ჯგუფი აიყოლია და 31 მარტის რეფერენდუმი მოამზადა. მაშინ, როდესაც ჩემს თაობაში, სხვადასხვა ინსტიტუციასა და აუდიტორიაში განიხილავდნენ საბჭოთა კავშირის მოდერნისტულ კონსტიტუციას, ახალი თაობის ლიდერებმა, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, მოამზადეს რეფერენდუმი.

იმხანად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი გახლდით. სწორედ უნივერსიტეტში მზადდებოდა რეფერენდუმის კითხვა, მათ შორის, აფხაზურ ენაზე და მახსოვს, როგორ დაეძებდნენ აფხაზური ენის მცოდნეებს, რომ რეფერენდუმი აფხაზურ, როგორც ერთ-ერთ, სახელმწიფოდ მოაზრებულ ენაზეც ყოფილიყო აფხაზეთის მოსახლეობისთვის. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოს ყველა კუთხისა და ავტონომიური ერთეულის მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ დადებითად უპასუხა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოკითხვას. ეს საბჭოთა კავშირისა და მაშინდელი პოლიტიკური გენერალიტეტისთვის, რასაკვირველია, აღიარებული ცნობა და ყველაზე მაღალი ხარისხის ლეგიტიმაცია იყო, თუ რა პოლიტიკურ გეზს ირჩევდა საქართველო. საქართველომ გეზი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისკენ აიღო. ამიტომ, ეს არის ისტორიული დღე  და ასე შევა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

- 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეცაა. ალბათ, შემთხვევითი არ არის ამ ორი თარიღის დამთხვევა. ქალბატონო ნესტან, თქვენი შეფასებით, როგორია ზვიად გამსახურდიას როლი ქართული პოლიტიკის ისტორიაში?

- ზვიად გამსახურდიასთან მხოლოდ ადამიანური და ემოციური კი არა, არამედ, ისეთი დამოკიდებულებაც მაქვს, როგორიც საქართველოს პირველი პრეზიდენტთან უნდა მქონდეს.

1988 წლის ნოემბრიდან, როცა აქციები დაიწყო, ჩემი თანაჯგუფებელი და მე, აქციებს შევუერთდით. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ჩემი პოპულარობაც, როგორც ახალგაზრდა ისტორიკოსისა, ვინაიდან, უკვე ვწერდი 26 მაისზე, საქართველოს დამოუკიდებლობაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, აშშ-სა და ევროპასთან დამოუკიდებელი საქართველოს ურთიერთობაზე ანუ უკვე საკმაოდ პოპულარული პუბლიცისტი გახლდით.

ზვიად გამსახურდიას, „ლიტერატურულ საქართველოს“ მთავარი რედაქტორის კაბინეტში შევხვდი და როდესაც ბატონმა ელიზბარ ჯაველიძემ ერთმანეთი გაგვაცნო, გამსახურდიამ თქვა, თქვენ უკვე მოხუცებული, სათვალიანი და წვერ-ულვაშიანი პროფესორი წარმომედგინეთ და ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუკი ასეთი ახალგაზრდა ასპირანტი, ამგვარი სითამამით აქვეყნებს საინტერესო პუბლიკაციებსო. ეს ჩემთვის ერთ-ერთი, ყველაზე მთავარი ადამიანის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის აღიარებას ნიშნავდა ჩემი კალმის, შესაძლებლობებისა და პუბლიკაციებისა, რაც ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა, სწორედ დისიდენტური მოძრაობის გამორჩეული ლიდერი, ზვიად გამსახურდია. ეს იყო ისტორიული მომენტი, როდესაც მისი და საქართველოს წარმატების პარალელურად, კომუნისტური ნომენკლატურა რევანშისთვის ემზადებოდა, განსაკუთრებით კომუნისტური ბიზნესნომენკლატურა... მაშინ, რა თქმა უნდა, საქართველოს დამოუკიდებლობის ბედი წყდებოდა...

რაც შეეხება თარიღის დამთხვევას, თუკი არ იქნებოდა ღვთის ნება, ორი თარიღი ერთმანეთს არ დაემთხვეოდა. როგორც ჩანს, ბედისწერა ვარაუდობდა, რომ წამებული პრეზიდენტის, რომელსაც ბოლომდე სდიეს და ფიზიკურად გაანადგურეს, დაბადების თარიღი მუდამ ცოცხალი ყოფილიყო და ასე ერთმანეთს დაუკავშირდა საქართველოს ხელახალი პოლიტიკური დაბადება.

ხაზგასმით ვამბობ: ეს იყო საქართველოს ხელახალი პოლიტიკური და ზვიად გამსახურდიას ფიზიკური დაბადება. ეს ორი, უმნიშვნელოვანესი თარიღი ერთმანეთს გადაეჯაჭვა და ასე გააგრძელებს არსებობას საქართველოს ისტორიაში.

- ქალბატონო ნესტან, სადაც ზვიად გამსახურდიას და დამოუკიდებლობისთვის თავგანწირვას ვახსენებთ, იქ მერაბ კოსტავაც თავისთავად მოიაზრება. რას იტყვით ახალს, ამ ორი ფასდაუდებელი ეროვნული მოღვაწის შესახებ?

- კიდევ ერთხელ გავიხსენებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც მაშინ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი სივრცე იყო და ეს პანთეონი ყოველთვის მზად გახლდათ, რომ თავისუფალი აზრის მანიფესტაცია აღებეჭდა.

უნივერსიტეტის წინ მდებარე „ჩაის სახლში“, სადაც ვიკრიბებოდით მაშინდელი, ძალიან ცნობილი სტუდენტები და ასპირანტები, ხდებოდა ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა. სხვათა შორის, „ჩაის სახლში“ შეკრებილთა ერთი ნაწილი, ზვიად გამსახურდიას პარლამენტში მოხვდა, მეორე ნაწილი კი - შემდგომ პარლამენტში.

ამდენად, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ სივრცეს, სადაც მართლაც, ერთმანეთს ეჭიდებოდნენ თავისუფლების აზრის მაშინდელი გიგანტები ანუ სტუდენტები და ასპირანტები, რომლებიც, თურმე, ქმნიდნენ საქართველოს უახლესი ისტორიის საფუძვლებს.

ერთ დღეს, დიდი ჩოჩქოლი იყო უნივერსიტეტში. თქვეს, უნივერსისტეტის სააქტო დარბაზში, ერთად მოვლენ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდიაო. მაშინ ვიცოდით, რომ ისინი ერთმანეთთან უბრად იყვნენ მიზეზთა გამო და როდესაც შევედით სააქტო დარბაზში, ვნახე დარბაისლური, კოლხური ზრდილობა ზვიად გამსახურდიასი, მერაბ კოსტავას მიმართ. იგრძნობოდა, რომ ის ანიჭებდა უპირატესობას მერაბ კოსტავას, როგორც მართლაც, ზნეობრივ სახეს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა, რომელმაც ბოლომდე შესვა საბჭოთა „შხამიანი შარბათი“, რასაც ერქვა პოლიტიკური პატიმრობა. ეს იყო აღიარებული საერთაშორისო უფლებადამცველების მიერ. მაშინ ვნახეთ, როგორ მოუბოდიშეს ერთმანეთს ორმა თანამოაზრემ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საკითხში, თუმცა შეიძლება, ტაქტიკურად, აზრობრივად გაყოფილმა ორმა ტიტანმა, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლმა, ვნახეთ, როგორ ესაუბრებოდნენ აუდიტრიას, ჩვენ - სტუდენტებს, ასპირანტებს ანუ მომავალ თაობას და როგორ წყდებოდა იქ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ბედი, რომლის დუღაბი და საფუძველი იყო ზნეობა, სამართალი, სიმართლე, წესიერება, პატიოსნება და რაც ყველაზე მთავარია, სამშობლოსთვის თავგანწირვის ფიცი დავდეთ ყველამ, იმ დღეს, უნივერსიტეტში.

ამ ორმა დიდმა ეროვნულმა ლიდერმა სამშობლოსთვის თავდადებისა და თავგანწირვის ხილული მაგალითი გვაჩვენეს.

მადლობელი ვარ, რომ როგორც ისტორიკოსს მეკითხებით ამას და თქვენს გაზეთს ვეთაყვანები, პატივს ვცემ მისი დიდი ისტორიისა და თავისუფალი აზრის სარბიელის გამო... პირდაპირ შემიძლია, გითხრათ - საქართველოს ისტორიას ჰყავს გამორჩეული მირონცხებული მეფეები, რომლებიც მუდამ მისი დამოუკიდებლობისა და ძლიერებისათვის იბრძოდნენ და საქართველოს ისტორიას ჰყავს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გამორჩეული მოაზროვნეები. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ღირსეულად იკავებენ ამ ზეციური საქართველოს თანავარსკვლავედში დიდებულ ადგილს, ილია ჭავჭავაძისა და ყველა სხვა თანამედროვე ერის მამის გვერდით. მათ საქართველოს დამოუკიდებლობის საფუძველში ჩადეს ეროვნულობა, თავისუფლება, ზნეობრიობა, ქრისტიანული ფასეულობები ანუ ყველაფერი, რაც საქართველოს მომავალთან არის დაკავშირებული.

რამდენიც უნდა წავიდ-წამოვიდნენ მემარცხენე ან ლიბერალური მემარცხენე უსამშობლოთა ნაკადები საქართველოს ისტორიაში, ისინი მხოლოდ გაელვებას წარმოადგენენ. სამაგიეროდ, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მუდამ იქნებიან სამშობლოს მოდარაჯე და დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი მამები.