ქართული უოტერგეიტის დიდი საიდუმლო: ვინ და რატომ იწერს ადამიანების პირად ცხოვრებას - ფარული ჩანაწერების 30-წლიანი ქრონიკა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

საქართველოში ისევ ფარული ჩანაწერების სკანდალია. ისევ-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ბოლო წლებია, მსგავსი სკანდალის მომსწრეები არაერთხელ გავხდით. საერთოდ, თუ ბოლომდე გულწრფელები ვიქნებით, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ფარული ჩანაწერების სკანდალები სათავეს აშშ-დან, ესე იგი, იმ ქვეყნიდან იღებს, რომელი ქვეყანაც თანამედროვე დემოკრატიის საშმობლოდ ითვლება. კერძოდ, ლაპარაკია 1974 წლის მოვლენებზე, რომელიც აშშ-სა და შესაბამისად, მსოფლიოს უახლეს ისტორიაში, უოტერგეიტის სკანდალის სახელით შევიდა. სიმართლე გითხრათ, დღეს, ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებდი, მაგრამ რაკიღა სიტყვამ მოიტანა, მოდით, მაინც გავიხსენოთ, თუ რა იყო და როგორ დაიწყო უოტერგეიტის სკანდალი:

1972 წლის 17 ივნისს, უოტერგეიტის საოფისე კომპლექსში ანუ დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის შტაბ-ბინაში შეჭრისთვის, ხუთ ადამიანს აპატიმრებენ. ჯერ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ წარმოებული გამოძიებით, მოგვიანებით კი, სენატის უოტერგეიტის კომიტეტის, თემთა პალატის იურიდიული კომიტეტისა და პრესის მხილებით, დადგინდება, რომ ეს შეჭრა მრავალრიცხოვან არალეგალურ საქმიანობათაგან ერთ-ერთი იყო და ყველაფერი ეს, ნიქსონის შტატის თანამშრომლების მიერ იყო ნებადართულ-წარმოებული. გამოძიებით, ასევე, გამოააშკარავდა დანაშაულისა და კანონდარღვევის უამრავი შემთხვევა, რომელიც მოიცავდა საარჩევნო კამპანიის დარღვევებს, პოლიტიკურ შპიონაჟსა და საბოტაჟს, არალეგალურ შეჭრებს, გაუმართლებელ საგადასახადო აუდიტებს, არალეგალურ მოსმენებს მასშტაბურ დონეზე და ასევე, საიდუმლო ფარულ საბანკო ანგარიშს მექსიკაში, რაც მსგავსი ოპერაციების ჩამტარებელთა ანაზღაურებისთვის იყო განკუთვნილი.

ამასთან, ეს საიდუმლო ფონდი გამოიყენებოდა იმ შვიდი ადამიანის გასაჩუმებლად, რომლებიც 17 ივნისის შეჭრისთვის იყვნენ დაკავებულნი.

ნელ-ნელა ისიც გაირკვა, რომ ნიქსონს ხმის ჩამწერი სისტემა ჰქონდა საკუთარ ოფისში - თეთრ სახლში, რომელზეც მრავალი საუბარი ჰქონდა დაფიქსირებული. ამ ფირების ჩანაწერებიდან გამოაშკარავდა, რომ მას პირადად მიუძღოდა ბრალი მართლმსაჯულებისთვის სიმართლის დამალვაში, კერძოდ, ამ შეჭრასთან დაკავშირებულ გარემოებებში. ეს ჩანაწერი მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც „კვამლიანი თოფი“. სასამართლო გარჩევების სერიის ბოლოს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ საქმეში - „აშშ ნიქსონის წინააღმდეგ“, ერთხმად უყარა კენჭი გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ ჩანაწერების გადაცემაზე და ნიქსონი იძულებული გახდა, ისინი გამოეაშკარავებინა.

თემთა პალატაში უეჭველი იმპიჩმენტის, ხოლო სენატში - დატუსაღების შესაძლებლობის წინაშე დამდგარი ნიქსონი, ათ დღეში გადადგა, რითაც აშშ-ის პირველი და ერთადერთი პრეზიდენტი გახდა, რომელიც ამ პოსტიდან ვადამდე გადადგა.

ვერ ვიტყვით, რომ უოტერგეიტის მოვლენების შემდეგ, აშშ-ში, არავინ არავის უსმენს, მაგრამ ნიქსონის გარდა, ერთი ამერიკელი, მაღალი თანამდებობის პირიც არ ვიცით, რომელიც ამის გამო, „პენსიაზე გასულიყო“.

რაც შეეხება ქართულ „უოტერგეიტებს“, ყველაფერი ჯერ კიდევ შორულ 90-იან წლებში დაიწყო. კერძოდ, აწ განსვენებულმა ჟურნალისტმა, ნოდარ გრიგალაშვილმა, საქართევლოს უშიშროების მაშინდელი ხელმძღვანელი, შოთა კვირაია იმაში ამხილა, რომ ადამიანებს უკანონოდ უსმენდა. ცხადია, იმ დროს ტექნიკა იმის საშუალებას არ იძლეოდა, რომ მოსმენა ზეფარულად განხორციელებულიყო, თუმცა სპეცსამსახურებს მაშინაც შეეძლოთ, ადამიანისთვის ისე ეთვალთვალათ, ობიექტს ვერაფერი გაეგო.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჟურნალისტის ბრალდება იმდენად „მსუყე“ იყო, მით უმეტეს, პოსტსაბჭოთა საქართევლოსთვის, რომ კვირაია, რომელიც შევარდნაძის კარზე ერთ-ერთ, ყველაზე გავლენიან „ტიპად“ ითვლებოდა, იძლებული გახდა, გავლენებზე უარი ეთქვა და შინაც წასულიყო.

ამის შემდეგ, ალბათ, აღარავინ ელოდა, რომ მდინარეში მეორედ შევიდოდით და ფარული ჩანაწერების სკანდალი ხელახლა აგორდებოდა, მაგრამ ხომ იცით, პოლიტიკაში ყველაფერი „მოსულა“. ჰოდა, დადგა 1999 წელი, როცა ქვეყანაში, მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. მაშინაც, დღევანდელის მსგავსად, ქართული პოლიტიკა ორპოლუსიანი იყო - ერთმანეთს ედუარდ შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირი და ასლან აბაშიძის აღორძინება კორტნიდნენ. უფრო კონკრეტულად, აბაშიძე, განსაკუთრებით ახალგაზრდა „მოქალაქეებს“, ესე იგი, სააკაშვილ-ჟვანიასა და მათ მეგობრებს ერჩოდა.

იმხანად, მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელებზე წარმოდგენაც არ გვქონდა, მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან კარგად მუშაობდა ე.წ. ჭორის ინსტიტუტი. შესაბამისად, ქალაქში ხმა გავარდა, რაღაც ვიდეო არსებობს, რომლის მთავარი ფიგურანტიც ზურაბ ჟვანიააო. მაშინ ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ყველა დაინტერესდა, ნეტავ, რა ვიდეოაო. ჰოდა, ეს „კასეტა“ „დახლს ქვეშ“, ლამის, მთელმა თბილისმა ნახა.

იმ ფარულ ჩანაწერებთან შედარებით, რაც ბოლო წლებში ვნახეთ და მოვისმინეთ, ზემოხსენებული „პრისტავკის ჩანაწერი“ მოსატანიც არაა, მაგრამ მაშინ, თუნდაც ერთი ფრაზა - „ჩემი კუტუნია ბიჭები“, ძალიან სენსაციურად ითვლებოდა.

უარესი შოკი კი, თურმე, წინ გველოდა - ვაკის არჩევნების წინ, ასევე, „დახლს ქვეშ“ გავრცელდა ვიდეო, რომელზეც მამაკაცი, უფრო სწორად, მამაკაცის სილუეტი იყო აღბეჭდილი და, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარ სხეულსა და სხეულის უხერხულ ადგილებს ეფერებოდა. აი, სააკაშვილიაო, - ატყდა გნიასი და ისიც ითქვა, რომ „კუტუნია ბიჭებისა“ და „უხერხული ადგილის მოფერების“ ვიდეოც ასლანის კარიდან გასაჯაროვდაო.

ვერ გეტყვით, მართლა ასე იყო თუ არა, მაგრამ ერთის თქმა დანამდვილებით შეიძლება: არც ერთ და არც მეორე ვიდეოზე, გამოძიებას ვინ ჩივის, საქმეც კი არ აღძრულა.

სამაგიეროდ, საქმე ყველა იმ ფარულ ჩანაწერზე აღიძრა, რომელიც 2012 წლის შედმეგ, ლამის, ბითუმად ვრცელდება. აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ ბოლო წლებში გავრცელებული, თითქმის ყველა ფარული ჩანაწერი პირადი ცხოვრების ამსახველია.

ახლა, იმაზე საუბარს არ დავიწყებთ, ვინ იღებდა და იღებს ამა თუ იმ ადამიანის პირად ცხოვრებას. ამთავითვე შევთანხმდეთ, რომ პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და თუნდაც პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენება, მხოლოდ იურიდიული კი არა, უდიდესი მორალური და ფსიქოლოგიური დანაშაულიცაა. მეტიც, ასეთი კადრების საჯაროდ გამოდება, ჩვეულებრივი ტერაქტია - ადამიანი, რომელიც ასეთი შეტევის ობიექტი ხდება, შესაძლოა, მოკვდეს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

ინგა გრიგოლია, თინა ხიდაშელი, ეკა ბესელია, გიორგი ფარესაშვილი - ეს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ბოლო წლებში, ფარული კადრების მსხვერპლნი გახდნენ.

საერთოდ, დიდი ხანია, ხმა დადის, რომ საქართველოში მხოლოდ რიგით ადამიანებს კი არა, არამედ, უმაღლესი თანამდებობის პირებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებსაც უსმენენ. ამის დასტურია 6 მარტს, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ფარული სატელეფონო ჩანაწერი, რომლის ფიგურანტებიც მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, სპეციალური დაცვის სახელმწიფო სამსახურის ხელძღვანელი და ბიძინა ივანიშილის შვილი არიან.

ცალკე საუბრის თემაა, ეს ჩანაწერი ავთენტურია თუ არა, თუმცა როგორც მმართველი გუნდი ამბობს, ეს ჩანაწერი 2010 წელს, ესე იგი, „ნაციონალების“ მმართველობის დროს, უკანონოდ მოპოვებული ათეულობით პირადი საუბრის კომპილაციაა.

სხვათა შორის, ბოლო ფარულ სკანდალზე, პროკურატურამ საქმე 9 მარტს აღძრა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158- მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორი ბოლო ექნება ახალი ფარული ჩანაწერების სკანდალს? - ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ქართული ჩანაწერების ანატომია გვკარნახობს ლოგიკას, რომ შედეგი, შესაძლოა, ვერც ამჯერად დადგეს ანუ ვერც ის დადგინდეს, ვისი ინციატივით ხდებოდა და ხდება ადამიანების მოსმენა-თვალთვალი და ვერც ის გავიგოთ, თუ ვინაა უშუალო მომსმენ-მოთვალთვალე.

სწორედ ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ტელეფონსა თუ ონლაინში ისეთი არაფერი ვთქვათ და დავპოსტოთ, რის გამოც, ადრე თუ გვიან, შესაძლოა, ფსიქოლოგიური ტერაქტი მოგვიწყონ!

ნინო დოლიძე