გია ხუხაშვილი: „გახარია პოლიტიკაში სერიოზული ელემენტი იქნება!“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ფუნთუშებზე გაზრდილი ბავშვების დიქტატორობა, მკაცრი ხელი და რკინის მუშტი არ გაიშვა!“

ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და პერმანენტულ აქციებს მართავს - რუსთაველზე საპროტესტო კარვებია გაშლილი... ამ ფონზე, რამდენად ცხელ პოლიტიკურ გაზაფხულს უნდა ველოდოთ? - გაეცანით ანალიტიკოს გია ხუხაშვილის პოლიტიკური პროგნოზებს:

- სამწუხაროდ, საკმაოდ ცხელი გაზაფხული გველის, ნეგატიური გაგებით, რადგან ყველა მიმართულებით ვარდნა გვაქვს. საქმე არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ დაპირისპირებას და იწილო-ბიწილოს, გვაქვს მძიმე პრობლემები სოციალურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულებით.
ხელისუფლებას პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვს. პანდემიასთან დაკავშირებითაც ბუნდოვანი მოლოდინია, 103 ქვეყანაში მიდის ვაქცინაცია და ჩვენთან თითის გაშვერის დონეს ვერ გასცდა ჯანდაცვის სამინისტრო და ბრიფინგებს ატარებს, რატომ ვერ შემოიტანა ვაქცინა. ეს მიზეზი არავის აინტერესებს. ფაქტია, რომ ეს მიმართულებაც ძალიან პრობლემატურია.
მოკლედ, მოლოდინი ვერ მექნება პოზიტიური იმიტომ, რომ არ იძლევა ამის საფუძველს არც ხელისუფლება და არც - ოპოზიცია.

- ოპოზიცია მოლოდინს ქმნის, რომ აქტიური იქნება მისი პროტესტი. როგორ ფიქრობთ, შედეგს მიაღწევს?

- შორს ვარ იმ აზრისგან, რომ აქციებით შედეგს ველოდო. ხელისუფლებამ ფატალური შეცდომა დაუშვა მელიას დაჭერით, „სატოპკე“ აუწია ოპოზიციას, რომელსაც დღის წესრიგი არ გააჩნდა. დასავლეთის დამოკიდებულებაშიც სერიოზული კორექტივები შევიდა, თან ოპოზიცია გააცოცხლეს.
ყველაფერ ამას კი შესწირეს პრემიერი, რომელიც ადეკვატური იყო და მოიყვანეს ადამიანი, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, აბსოლუტურად შეუფერებელია სახელმწიფო სამსახურთან.
კრიზისი იმიტომ კი არ გამწვავდება, რომ აქციებით მოვა ყველაფერი ეს, არამედ, ბევრ პრობლემას კუმულატიური ეფექტი იქნება, რაზეც პოლიტიკური პროცესიც „დაჯდება“ და ამას მოჰყვება სამწუხარო შედეგი, რადგან ხელისუფლებასთან ერთად, სახელმწიფო მიიღებს ზიანს. გახარია იყო ბოლო იმედი და შანსი, მაგრამ ხალიჩისქვეშა ინტრიგებით მოაშორეს და ვითომ „მაგარ ბიჭობანას“ თამაშობენ კობახიძე, მდინარაძე და სხვები, რაც ძალიან სასაცილოა. ფუნთუშებზე გაზრდილი ბავშვების დიქტატორობა, მკაცრი ხელი და რკინის მუშტი არ გაიშვა!

- ისე, ვრცელდება ვერსია, რომ შესაძლოა, გახარიამ პარტია შექმნას და პოლიტიკაში დაბრუნდეს...

- ეს ნაკლებად სავარაუდო მგონია, პოლიტიკაში შემობრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იძულებული გახადეს.

- რას გულისხმობთ?

- პოლიტიკიდან გასვლა მარტივი არაა, რაც საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი. გადაწყვეტილი მქონდა, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდოდით, მაშინვე დავტოვებდი ხელისუფლებას, რადგან ეს არაა ჩემი საქმე, მაგრამ ვერ მოვახერხე, გამიჭირდა და როცა გადავწყვვიტე, ძალიან მტკივნეულად განვითარდა მოვლენები.
გახარიასთვის ეს უფრო რთულია, რადგან მასზე ბევრი შეტევა განხორციელდება, როგორც ხელისუფლების, ასევე, ოპოზიციის მხრიდან. ნამახვან ჰესზეც, პანდემიაზეც მასზე უნდათ ხელის შეხოცვა და სახელისუფლებო ტროლები ამაზე მუშაობენ. შესაბამისად, დასჭირდება თავდაცვა, საუკეთესო თავდაცვა კი თავდასხმაა.

- თუ დაბრუნდა, როგორ პოლიტიკურ მომავალს უწინასწარმეტყველებთ?

- ვფიქრობ, სერიოზული ელემენტი იქნება. „ქართული ოცნება“, დღეს თუ ხელისუფლებაში დარჩა, დიდწილად გახარიას დამსახურებაა. არჩევნების წინ რომ წარმოგვედგინა, გახარია გადადგებოდა, თითქმის გარანტირებულად გეტყვით, რომ „ქართული ოცნება“, რაც უნდა ემამაძაღლა, არჩევნებს ვერ მოიგებდა. გახარიამ ამდენი უსაქმური აიკიდა მხრებზე, რადგან მხოლოდ მას ჰქონდა საკუთარი პოლიტიკური წონა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორია წამყვანი, მაგრამ თუ პოლიტიკურ კაპიტალზე ვსაუბრობთ, ეს ჰქონდა მხოლოდ გახარიას.

- გახარიას რეიტინგი სოციალურ ქსელშიც გამოჩნდა, როცა მის ფოტოზე „ლაიქების“ რეკორდული რაოდენობა დაგროვდა...

- დიახ, კვლევებშიც ჩანდა ეს რეიტინგი, არჩევნებამდე. რა თქმა უნდა, შეიძლება, გახარია გახდეს სერიოზული ფაქტორი. მას ნამდვილად შეუძლია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის გაჩენა, მესამე ცენტრს რომ ვეძახით.

- ისე, ქუთაისში, პოლიტიკოსების მოწოდების გარეშე, აქციაზე ბევრი ხალხი შეიკრიბა და ზოგმა პოლიტიკოსმა ისიც თქვა, თბილისში ვერ გამოვიყვანეთ ამდენი ხალხი, რადგან მობეზრდათ ერთი და იგივე სახეებიო. არსებული პოლიტიკური „ლიდერშიპით“, ოპოზიციას რა შანსი აქვს?

- ხელისუფლებას უკვე შანსი არ აქვს, გახარიას წასვლის შემდეგ, ხელისუფლებაში არ დარჩა ფიგურა, ვისზეც უღირს ვინმეს ხმის მიცემა. სხვა საკითხია, რომ ოპოზიციას თავის უბედურება სჭირს ანუ მთელი პოლიტიკური კლასი გვყავს ღრმა კრიზისში, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ გადანაწილება მოხდება.
მივდივართ მულტიპარტიული სისტემისკენ, რაც ცუდი არაა. ისტორიის ამ ეტაპზე, სჯობს, გავიაროთ ყველაფერი ეს, რადგან მხოლოდ მულტიპარტიული მმართველობის პირობებში ვისწავლით დიალოგს ერთმანეთთან.
გასაგებია, ოპოზიცია როგორც იქცევა და არ მოგვწონს, მაგრამ ერთი აქტივი გაჩნდა - ერთმანეთთან ლაპარაკი ისწავლეს და ძირითადი ხაზი მაინც სტაბილურად დაიჭირეს, რაც უკვე შედეგია.
სამწუხაროა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ ახერხებენ დიალოგს, მაგრამ პოლიტიკური კულტურის ეს მნიშვნელოვანი ელემენტი უნდა გავაჩინოთ და ეს შეიძლება მხოლოდ კოალიციური მმართველობის პირობებში, რაც დაგვაზღვევს უახლესი ისტორიის მთავარი უბედურებისგან, ძალაუფლების უზურპაციისგან.

- დასავლეთი ერთხმად მოუწოდებს ორივე მხარეს დიალოგისკენ. თქვენი პროგნოზით, შედგება ეს დიალოგი და ყველაფერი მივა კონსენსუსამდე ანუ ვადამდელ არჩევნებამდე?

- ხელისუფლების დათანხმება ამაზე ძალიან გაჭირდება, მაგრამ თუ გააცნობიერებს, რომ ვადამდელი არჩევნები მაინც გარდაუვალია, კარგი იქნება იმიტომ, რომ რაც უფრო მაგრად „გააფიჩინებს“ ფეხებს, უფრო ნაკლები შანსი ექნება შემდეგ არჩევნებზე შედეგის მიღების. ამიტომ, ჩათრევას ჩაყოლა სჯობს.
ისტორიას ახასიათებს გარკვეული კანონზომიერება და ეს პოლიტიკური ლოგიკა საუბრობს იმაზე, რომ რიგგარეშე არჩევნები, ამა თუ იმ ეტაპზე, მაინც შედგება. უბრალოდ, არის შედარებით რბილი და მკაცრი, დამაზიანებელი სცენარი. ხელისუფლება რაც უფრო ადრე მიხვდება ამას და სათავეში ჩაუდგება ამ პროცესს, ინიციატივა ხელიდან არ გაუშვას, უკეთესი იქნება.

- როგორ ფიქრობთ, რა არის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს არ თანხმდება?

- სამწუხაროდ, ხელისუფლებაში გვყავს პოლიტიკური კლასი, რომელიც შემთხვევითაა პოლიტიკაში მოხვედრილი. ესაა მედროვეების დაჯგუფება, რომლებიც საკუთარი პატარა ჭიის გასახარებლად, რაღაცას ებღაუჭებიან. ეს ხომ არაა პოლიტიკური კლასი, რომელიც გამოიბრძმედა ოპოზიციაში ყოფნით?
ჩვენ ვებრძოდით 2012 წლამდე იმ რეჟიმს და ესენი მზა-მზარეულზე მოვიდნენ, ბიძინა ივანიშვილმა საიდანღაც „ამოიღო“ ეს ხალხი, რომლებიც ბუჩქებში ისხდნენ და რეჟიმთან ერთი დღეც არ უბრძოლიათ, ახლა რომ სისხლიან 9 წელზე საუბრობენ! შესაბამისად, მათთვის ეს პირობითი კეთილდღეობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ეპოტინებიან. ესმით, რომ სკამის გარეშე, პოლიტიკური არარაოებები არიან და არაფერს წარმოადგენენ, ამიტომ მათთვის სკამზე ჯდომის ყოველი დღე, სულზე უტკბესია. ოპოზიციაში ვერ წარმოუდგენიათ ყოფნა.
მოკლედ, ლოგიკური ოპტიმიზმი არ მაქვს, მაგრამ ამ ქვეყანას ისეთი რაღაცები გადაუტანია, ამასაც გადავიტანთ, სახდელს მოვიხდით.