105 ახალი სტატია

თებერვლის პოლიტიკური სიგიჟეები - რას შეცვლის 2021 წლის 23 თებერვალი საქართველოს უახლეს ისტორიაში

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 მეგონა, გავიზარდე... მეგონა, ჩემი ბავშვობის უსიამოვნო მოგონებები წარსულს ჩაბარდა... მეგონა, ის დროც დასრულდა, როცა სკოლაში მისულებს, თანაკლასელი გოგონები, „კაცების დღის“ აღსანიშნავად, კლასის ხელმძღვანელის ინიციატივით შეგროვილი ფულით ნაყიდ „ტრაინოი ადიკალონს“ გვჩუქნიდნენ... ჰო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი ეს წარსულს ჩაბარდა და წითელი არმიის დღეც მხოლოდ ისტორიის ქრონიკებში დარჩებოდა, მაგრამ... პოლიტიკური ღმერთებისა თუ დემონების წყალობით, 21-ე საუკუნის საქართველოში, 23 თებერვალი ისევ აქტუალურია, თუმცა ამ აქტუალობის საბაბი, საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით, სხვა რამეა - 2021 წლის 23 თებერვალი, საქართველოს უახლეს ისტორიაში იმით შევა, რომ ამ დღეს, ყველაზე გავლენიანი და მსხვილი ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დააკავეს!

ახლა, შეიძლება, ვინმემ სხვანაირად გაიგოს და მომაძახოს კიდეც, შენ პირწავარდნილი „ნაცი“ ყოფილხარო, მაგრამ არა, ბატონებო, არც „ნაცი“ ვარ და არც - „ქოცი“! მე, როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, მინდა, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები გამართული იქნება და სადაც პოლიტიკოსის, თუნდაც ის რაღაცაში იყოს ბრალდებული, დასაკავებლად იმდენ სპეცრაზმელს არ გამოიყვანენ, თითქოს მსოფლიო დონის ტერორისტი იყოს!

ისე, თუ დავაკვირდებით, თებერვალიც, ნოემბრისა არ იყოს, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის, ერთობ საკრალურია. ეს პარალელიც, შესაძლოა, ვინმეს თვალში მოხვდეს, მაგრამ ფაქტია - ზუსტად ასი წლის წინ, სწორედ ამ დროს, საქართველოში რუსები შემოვიდნენ. მართალია, ოპოზიცია ირწმუნება, რომ ყველაფერი ის, რაც ახლა ხდება, რუსული ნარატივია, მაგრამ ამასაც თავი რომ დავანებოთ, 1921 წლის თებერვლის მსგავსად, საქართველო ახლაც ერთგვარ დენთის კასრზე ზის.

როგორ განვითარდება მოვლენები? - ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა თუ ვითარების ესკალაცია დროულად არ მოხდა, მაშინ ცალკეული პოლიტიკური ძალები კი არა, არამედ მთელი ქვეყანა დაზარალდება. ამას კი ეს მრავალჭირნახული სახელმწიფო ვეღარ გაუძლებს - არ ჩამოქცევა, მაგრამ წელში გასასწორებლად, ძალიან დიდი დრო დასჭირდება.

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, რაც შესაძლოა, ამ მოვლენებს მოჰყვეს, ის იქნება, რომ ე.წ. შენგენის ქვეყნებთან, უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერდება.

ეს საფრთხე რეალურია თუ არა? - პასუხი არც ამ კითხვაზე არსებობს, თუმცა დასავლელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების მიერ გაკეთებული განცხადებები ცუდი წინათგრძნობის საბაბს იძლევა. აი, მაგალითად, აშშ-ს საელჩოს მიერ, ნიკა მელიას დაკავების მერე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო, ამ დილით, პარტიის სათავო ოფისში.

ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო.

შეძრწუნებული ვართ, კრიზისის დროს, საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით.

ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა.

დღეს, საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში, უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე“.

ასევე, საგულისხმოა ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის სიტყვები, რომელიც მან „ტვიტერზე“ დაწერა:

შოკირებული ვარ სცენით, რომელიც დღეს ვნახეთ ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისთან. ქაოსი და ძალადობა ახლა უკანასკნელი რამაა, რაც საქარველოს სჭირდება. მკაფიოდ მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად დღესაც და მომდევნო დღეებშიც“.

სხვათა შორის, დასავლეთისგან განსხვავებით, ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ის, რაც 2021 წლის 23 თებერვალს მოხდა, ევროპული გზიდან გადახვევა კი არა, კანონის უზენაესობა და სახელმწიფოებრივი წესრიგის აღდგენაა.

„მე გუშინ ვრცლად ვისაუბრე ნიკა მელიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია არის კრიმინალი. სხვა საქმეზე, „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, მას აქვს მისჯილი და სასამართლომ დაადგინა, რომ იგი არის კრიმინალი. ეს მეორე საქმეა, რომელზეც პოლიციამ დღეს დილით, მაღალპროფესიონალური სპეცოპერაციის შედეგად დააკავა იგი. ეს უკავშირდება სწორედ ამ შენობის, პარლამენტის, შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან და მისმა თანაორგანიზატორებმა დაგეგმეს და, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების გამოცდა გადაწყვიტეს. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს. ყველა, განურჩევლად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ გემოვნებისა, არის ვალდებული, დაემორჩილოს კანონის აღსრულებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ კი თქვა: „სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც ერთმანეთისა და სახელმწიფოს უპატივცემულობას იწვევს. ზოგადად, ახლაც და მომავალშიც, დიალოგსა და ნორმალურ ცივილიზებულ ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს. ერთადერთი, რაც პოლიტიკური პარტიებისთვის, სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის, მომავალზე ფიქრისთვის, ყველაზე დიდი პრობლემა, ეს არის რადიკალიზმი, რაც ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა და მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. არასწორია, თითქოს, ჩვენ ამ გზას გადავუხვიეთ. მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება, სწრაფად გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი ქვეყანა“.

ერთი სიტყვით, რაც უნდა ვთქვათ და ვამტკიცოთ, ფაქტი სახეზეა: ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კულმინაციას მიუახლოვდა. ასე დიდხანს რომ ვერ გაგრძელდება, ესეც ფაქტია.

სად და რა არის გამოსავალი? - ზოგი ამბობს, რომ გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია. ამ აზრს, სხვათა შორის, „ოცნების“ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძეც იზიარებს, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:

„ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები! ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება არის სირცხვილი და დამღუპველი. გვეყო ერთ წრეზე სიარული, სადაც მიგვიყვანა, ყველა კარგად ვხედავთ“.

ოპოზიციაც ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლება, დღევანდელი მონაცემებით, ამ დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ასე რომ, „თებერვლის საგიჟეთის“ ბოლო როგორი იქნება, ამის თქმა, ჯერჯერობით, ძნელია, თუმცა ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მარტში ვითარება სტაბილიზაციისკენ წავა და აპრილში, ბევრი პოლიტიკური სიახლის მომსწრენი გავხდებით.