იბრძვიან თუ არა გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე გავლენებისთვის

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რას ჰყვება „ევროპული საქართველოს“ წევრი პარტიულ განხეთქილებაზე

 „ევროპულ საქართველოში“ პოლიტიკური რყევებია. პარტიიდან ზურაბ ჭიაბერაშვილი წავიდა, დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ კი თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის თანამდებობები დატოვეს. სამაგიეროდ, პარტიის ლიდერშიპს არ ტოვებს გიგა ბოკერია, რაც გუნდის ზოგი წევრისთვის მიუღებელია. როგორც პარტიაში განმარტავენ, ლიდერებს შორის უთანხმოება საპარლამენტო არჩევნების არცთუ სახარბიელო შედეგმა და პარტიის განვითარების სტრატეგიამ გამოიწვია, მაგრამ არის კიდევ ერთი გასათვალისწინებელი დეტალი - აღნიშნულ პარტიულ რყევებს დაემთხვა გიგი უგულავას კიევში სტუმრობა და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა. მართალია, უგულავა ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეხვდა, მაგრამ ყოფილ თანაგუნდელთან კონსპირაციულ შეთანხმებასა და მის გადაწყვეტილებასთან რაიმე კავშირს უარყოფს. ისე, პოლიტიკური ეშმაკი, სწორედ მსგავს დეტალებში იმალება ხოლმე... სხვათა შორის, შეთქმულების თეორიების არ სჯერა ჩემს რესპონდენტს, რომელიც პარტიაში განვითარებულ პროცესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრაში საეჭვოს ვერაფერს ხედავს... „ვერსია“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ ლელა ქებურიასთან ინტერვიუს გთავაზობთ.

 

- ქალბატონო ლელა, პარტიაში რჩებით თუ წასვლას აპირებთ?

- რა თქმა უნდა, ვრჩები. გარედან როცა აკვირდები პროცესს, ნამდვილად არასასიამოვნოდ ჩანს. „ევროპული საქართველო“ თვისობრივად განსხვავებული პარტიაა, რადგან ყოველთვის ყველა ერთ აზრზე არაა ხოლმე და ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული პოზიცია გვქონია და კამათისა და მსჯელობის შემდეგ, მივსულვართ კონსენსუსამდე. ამ შემთხვევაში, პარტიის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობაა. ამ ეტაპისთვის ვერ გეტყვით, რომელ პოზიციას მივიჩნევ მართებულად იმიტომ, რომ ამას განსაკუთრებული დაკვირვება და მსჯელობა სჭირდება.

ალბათ, პარტიის ლიდერები, რომელთაც განსხვავებული ხედვა აქვთ, სანამ პოლიტსაბჭო შედგება, წარმოგვიდგენენ პარტიის განვითარების გეგმას და ამის მიხედვით მიიღებენ პარტიის წევრები გადაწყვეტილებას.

რა თქმა უნდა, რთული პროცესია იმიტომ, რომ ცვლილება ყოველთვის შოკის მსგავსია ხოლმე პარტიისთვის, თუმცა იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც „ევროპულ საქართველოს“ 31 ოქტომბრის არჩევნებზე, მიუხედავად გაყალბებისა, ჰქონდა, ნამდვილად არ გვაქვს თვითკმაყოფილების საფუძველი. პარტიას სჭირდება განახლება, სტრატეგიაზე, იმ შეცდომებსა და გარემოებებზე მსჯელობა, რომელმაც განაპირობა ეს შედეგი.

ჩვენ, ყველანი მოწადინებული ვართ, რომ პარტიის შემდგომი განვითარება იყოს უკეთესი და სწორედ ამიტომ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, თუ რა პოზიცია გვექნება პარტიის წევრებს კონკრეტულ გეგმასთან დაკავშირებით.

- ესე იგი, გიგი უგულავამ, დავით ბაქრაძემ და იმ სხვა ლიდერებმა, რომელთაც პარტიაში განსხვავებული პოზიცია აქვთ, შესაძლოა, პარტია კი არ დატოვონ, არამედ, მოქმედების საკუთარი გეგმა შესთავაზონ პოლიტსაბჭოს?

- ვერ გეტყვით, ნებისმიერი ლიდერისა და პარტიის რიგითი წევრის უფლებაა, ჰქონდეს დამოკიდებულება და კონკრეტული შეხედულება პარტიის განვითარებასთან დაკავშირებით. ამიტომ აქ საუბარი იმაზე კი არაა, რომელი პოზიციაა მართებული, არამედ, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც პარტიის შემდგომი განვითარებისთვის იქნება უკეთესი.

- ქალბატონო ლელა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ მსგავსი პარტიული ცვლილებები არ იქნებოდა ასეთი სენსიტიური, რომ არა ის მწვავე პოლიტიკური ვითარება, რაც ქვეყანაშია. როდესაც ოპოზიციას ბოიკოტი აქვს გამოცხადებული, პარტიაში მსგავსი რყევები რას ნიშნავს? შესაძლოა, თქვენი პარტიის ზოგიერთი ლიდერი მალე პარლამენტში ვიხილოთ?

- არა, ამას გამოვრიცხავ იმიტომ, რომ „ევროპული საქართველო“ იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება გააჟღერა და თავის დროზეც ვიცოდით, რა რისკებს შეიცავდა ეს გადაწყვეტილება, თუმცა მყარად იქნა მიღებული და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ყოველთვის თანმიმდევრულები არიან  გადაწყვეტილებებში. ამ მიმართულებით, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სიურპრიზს არ უნდა ელოდოს ქართველი ამომრჩეველი.

- არის თუ არა პარტიაში გიგა ბოკერიას, დავით ბაქრაძესა და გიგი უგულავას შორის კონფლიქტი გავლენების გამო?

- ამაზეც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არაა გავლენებისთვის ბრძოლა. უბრალოდ, პარტიის განვითარების გეგმასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობაა და ორივე პოზიცია აბსოლუტურად გულწრფელი მოტივებითაა ნაკარნახევი. ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ მის მიერ წარმოდგენილი სტრატეგია უფრო სასიკეთოა პარტიის განვითარებისთვის. გავლენებისთვის ბრძოლას ადგილი არ აქვს.

- ქალბატონო ლელა, ამ საკითხში რა როლს თამაშობს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი? უგულავამ ხომ დაადასტურა მასთან შეხვედრა... შესაძლებელია, რომ სააკაშვილთან შესაძლო კოალიცია გახდა ის წერტილი, რის გამოც თქვენი პარტიის ლიდერშიპის პოზიცია გაიყო?

- ზოგადად, შეთქმულების თეორიების არასდროს მჯეროდა. მჯერა იმ პოზიციის, რაც გააჟღერეს კონკრეტულმა ადამიანებმა.

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის როლს საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში, დაგეთანხმებით, ნამდვილად დიდია და დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანობა შემდგომი ბრძოლისთვის, პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა იმას, რომ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება რაიმე ფორმით უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, ოდნავი ეჭვითაც კი ვერ ვიტყოდი.

- ანუ, უგულავასა და სააკაშვილის შეხვედრაში საეჭვოს ვერაფერს ხედავთ?

- არა, ნამდვილად ვერ ვხედავ საეჭვოს, რადგან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან და მსგავსი ტიპის კომუნიკაცია ნაციონალური მოძრაობის ლიდერთანაც ჩვეულებრივი მოვლენა მგონია.

- გასაგებია... როდის იკრიბება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭო, რომ გადაწყვეტილება მიიღოს?

- დედლაინი მაისის შუა რიცხვებია, თუმცა ეს პარტიის გადასაწყვეტია. გარკვეული მომზადება გვჭირდება პოლიტსაბჭოსთვის და შესაძლებელია, ეს დედლაინი ბოლომდე არც გაიწელოს.