ბეგრაუნდი არქივიდან
როგორ გახდა „მაფიოზი“ და რატომ აგინა აგვისტოს ომის დროს რუსმა გენერალმა დავით კეზერაშვილს
თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს სასარგებლოდ 5 მილიონის გადახდა დააკისრა. ზოგადად, ბოლო დროს, კეზერაშვილის ფიგურა ქართულ პოლიტიკაში ერთობ აქტუალურია - მაგალითად, ენმ-ში განხორციელებული საკადრო წმენდის „რუხ კარდინალად“ სწორედ მას მიიჩნევენ. არადა, თავის დროზე ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი კეზერაშვილის „ფინანსურ მხრებზე“ იდგა... და მაინც, ვინ არის კეზერაშვილი? – „ვერსია“ „ფინანსური კარდინალის“ დოსიეს წარმოგიდგენთ.
დავით კეზერაშვილი 1978 წელს, თბილისში დაიბადა. 1992 წელს, ბებიასთან ერთად, ისრაელში, კერძოდ, ჰოლონში გადასახლდა, წელიწადნახევრის შემდეგ კი ისევ თბილისში დაბრუნდა. 1999 წელს, თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. ფლობს ინგლისურ, რუსულ, იტალიურ ენებსა და ივრითს. სააკაშვილთან იმ დროიდან მეგობრობდა, როცა მიშა იუსტიციის მინისტრი იყო - მაშინ „კეზერა“, როგორც ეძახიან, მინისტრის თანაშემწედ მუშაობდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი, ფინანსური პოლიციის უფროსად მოგვევლინა. 2006 წლის 11 ნოემბერს, კეზერაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ირაკლი ოქრუაშვილი შეცვალა. ეს თანამდებობა აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის 5 დეკემბერს დატოვა.
დავით კეზერაშვილი ორმაგ - საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეობას ფლობს. 2012 წლის 4 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კეზერაშვილმა საქართველო დატოვა. წასვლამდე კი, 3 ოქტომბერს, ერთპიროვნულად, კომპანია „მედია ჯორჯია“ დააფუძნა, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის აქციების 90%-ის მფლობელმა, ლევან ყარამანაშვილმა თავისი წილიდან 40%, ნახევარ მილიონ დოლარად მიყიდა.
2013 წლის 30 იანვარს, დავით კეზერაშვილს დაუსწრებლად, აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა. ბრალდება ასეთი იყო: საჯარო მოხელის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულის მოთხოვნა და ქრთამის მიღება, საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაული. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კეზერაშვილმა, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, გამოიყენა სამსახურეობრივი მდგომარეობა, მფარველობა გაუწია და დაეხმარა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს - ნიკოლოზ დავითაშვილსა და იოსებ იმნაძეს უკანონი საქმიანობაში და, სანაცვლოდ, როგორც საჯარო მოხელემ, ქრთამის სახით, 4 მილიონ 669 978 ათასი ამერიკული დოლარი აიღო.
თავდაცვის მინისტრობიდან გათავისუფლების შემდეგ კი, სათავეში ჩაუდგა დანაშაულებრივ ორგანიზებულ ჯგუფს და კონტრაბანდული სპირტის საქართველოში შემოტანის შედეგად, ქრთამის სახით, როგორც კერძო პირმა, 7 მილიონ 664 705 ათასი ამერიკული დოლარი აიღო.
საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით, კეზერაშვილს ბრალი ედებოდა რამდენიმე მუხლით, რაც საბოლოოდ, 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავდაცვის მინისტრობას ჩამოშორებული კეზერაშვილი აცხადებდა, რომ პოლიტიკა სამუდამოდ დატოვა, ბიზნესით დაკავდა და თავს ნავთობკომპანია „გალფის“ მფლობელად, უფრო სწორად, ერთ-ერთ მფლობელად წარადგენდა. ნავთობის გარდა, კეზერაშვილს სათამაშო ბიზნესი, ლატარიის კომპანია და სარეკლამო საქმეც აინტერესებდა. ამბობენ, რომ იარაღის შესყიდვის კანონიერ და უკანონო სქემებშიც მონაწილეობდა.
2006 წელს, საქართველოში დარეგისტრირდა კომპანია „სოკარ-ჯორჯია“, რომელიც შედგებოდა რამდენიმე დანაყოფისგან, მათ შორის, „სოკარ-ჯორჯია-პეტროლიუმისგან“, რომელსაც აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის მონოპოლიური უფლება მიეცა. ამ კომპანიის დამფუძნებელნი, ერთი მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანია (51%) და მეორე მხრივ, საქართველოს იურიდიული და ფიზიკური პირები იყვნენ - 49%-იანი-წილით. პარალელურად, ცენტრალური აზიიდან, აზერბაიჯანსა და თურქმენეთიდან ნავთობპროდუქტების ტრანზიტი საქართველოს შიდა ბაზრისთვისაც გარკვეულ ეტაპზე აიკრძალა და შემოღებული იქნა წესი, რომლითაც ნავთობპროდუქტების იმპორტს საქართველოში ექსკლუზიურად მხოლოდ „სოკარ-ჯორჯია პეტროლიუმი“ ახორციელებდა. 2006 წლიდან ანუ მას შემდეგ, რაც „სოკარი“ საქართველოშია, ბევრი ნავთობკომპანია მოისპო. ყველა დარჩენილი კი, როგორც ამბობენ, „სოკარის“ შვილობილია, მათ შორის, კეზერაშვილის „გალფი“ და დავით სააკაშვილის „ვისოლი“, რომელთაც „სოკარი“ ხელსაყრელ ფასად აძლევს ბენზინს და ამ გარიგებით მილიონები კეთდება, საწვავის ფასი კი გამუდმებით იზრდება.
2010 წელს, საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, აშშ-ში დარეგისტრირებული კომპანია „ენერჯი ინვესტიმენტს ვენტურა“ შემოვიდა, რომელმაც „სან პეტროლეუმ ჯორჯია“ დააფუძნა. ამ კომპანიის 126 ბენზინგასამართი სადგურიდან - 60 „გალფის“ ბრენდის ქვეშ მუშაობს. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ დაარსებიდან განვითარებაზე 62 მილიონი ამერიკული დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია ბენზინს „სოკარისგან“ ყიდულობს...
საწვავის ბაზარზე კეზერაშვილის ინტერესები კომპანია „უნი გრუპს“ უკავშირდება, რომელიც „ლუკოილის“ საწვავის დისტრიბუციას ახორციელებს და რომლის თანადამფუძნებელიც კეზერაშვილია. სქემა ასეთია: ბენზინი შემოაქვს „სოკარს“, მისგან ყიდულობს „ლუკოილი“, „ლუკოილისგან“ კი - „უნი გრუპი“. ამ სქემით კომპანიები, როგორც ამბობენ, სახელმწიფოს ხარჯზე, ზემოგებას ნახულობდნენ, რაზეც „ნაციონალთა“ მაკონტროლებლები და თავად სააკაშვილიც თვალს ხუჭავდა, რადგან რაც მეტ ფულს იშოვიდა, მით დიდ ფინანსურ საყრდენად იქცეოდა კეზერაშვილი.
2012 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „გალფში“ კეზერაშვილის წილი მოსკოვში მოღვაწე, წარმოშობით ქართველმა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა შეისყიდა, თუმცა, როგორც ამბობენ, ეს ცრუ ინფორმაციაა და მიზანმიმართულად გაავრცელეს.
„ნაციონალების“ მმართველობის დროს, ზომაზე მეტად აფიშირებული ე.წ. ნავთობტენდერები, სადაც ვითომ ნებისმიერ იურიდიულ პირს შეეძლო მონაწილეობის მიღება, ხშირად შაბათ-კვირას ტარდებოდა, გამარჯვებული კი მუდამ „უნი გრუპი“ გამოდიოდა. განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის, ტელერადიოცენტრის, სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრი „დელტა“, ფინანსთა სამინისტრო, ზოოპარკი, მერია, სასამართლო ექსპერტიზა, ოლიმპიური რეზერვების ცენტრი, მეცნიერებათა აკადემია, იუსტიციის საბჭო, სპორტისა და ახალგაზრდობის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფლის მეურნეობის აკადემია, უშიშროების საბჭო, ტყიბულის მუნიციპალიტეტი, ეკონომიკის სამინისტროს სატრანსპორტო ადმინისტრაცია, საკონსტიტუციო სასამართლო, ქვემო ქართლის საქველმოქმედო ორგანიზაციები - ეს იმ დაწესებულებათა არასრული ჩამონათვალია, სადაც სხვადასხვა სახის პროექტს „უნი გრუპი“ ანხორციელებდა.
კეზერაშვილთანაა დაკავშირებული დიდი მოგების მომტანი სათამაშო ბიზნესიც. მართალია, კეზერაშვილი ლატარიის კომპანიასთან კავშირს ყოველთვის უარყოფდა, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის ავტორი, მათიას ჰუთერი ამტკიცებს, რომ სარეკლამო ბაზრის დიდ ნაწილს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ახლო მეგობრები და ნათესავები აკონტროლებენ. 2008 წლის 25 თებერვალს, დაარსდა ფირმა „ბლექ სტაილი“, რომელსაც 11 შვილობილი კომპანია აქვს. ასე გახდა კეზერაშვილი გარე რეკლამის მონოპოლისტი - ამ კომპანიებს მართავენ მისი ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები. 2009 წელს, თბილისის მერიამ, აუქციონის წესით, გარე რეკლამის განთავსების თორმეტწლიანი ნებართვა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე აბრები „აუთდორ.გე“-ს გადასცა, მარცხენაზე კი, - „მაგი სტილი მედია“-ს, რომელსაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ფლობს. 2011 წელს, „მაგი სტილი“ ჩაანაცვლა „სმოდ ედვერთაისინგმა“. ამ უკანასკნელს პანამაში დარეგისტრირებული ჰოლდინგური კომპანია „სმოდ ექუიზი კორპი“ ფლობს და მისი წარმომადგენელი საქართველოში, ალექსანდრე გოგოხია „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. იგი 2008 წელს, „აუთდორ.გე“-ს მთავარ ფინანსურ დირექტორად მუშაობდა. „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ 70%-ს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი „საქართველოს ფოსტა“ მართავს, დანარჩენს კი, - „ლექსორ კაპიტალ კორპი“. ბრიტანეთის სამეფოს ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, დიმიტრი ჩიქოვანია - დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა, რომელიც 2011 წლის სექტემბრამდე, „აუთდორ.გე“-ს გენერალური დირექტორი გახლდათ.
თავდაცვის მინისტრად დანიშვნისას, კეზერაშვილი „რუსთავი 2“-თან ამბობდა:
„ჩემი ამოცანაა, ბოლომდე მივიყვანო საქართველოს ჯარის მშენებლობა. საქართველოს არმიას უნდა შეეძლოს, დაიცვას ქვეყნის ინტერესები. საქართველოს ჯარს უნდა შეეძლოს ყველა ამოცანის შესრულება, რომელიც მას შესაძლოა, ოდესმე, დაეკისროს“.
2008 წელს, აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი კი არსად ჩანდა, ამბობდნენ, დასასვენებლადაა წასულიო.
რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ორ მხარეს შორის მოლაპარაკებაში მონაწილეობდა ლეონარდო დევდარიანი, რომელიც რუს გენერალ ბორისოვისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრას იხსენებდა:
„ვდგავართ, ვიხრუკებით მზის გულზე და ორი ახალი „ლექსუსის“ ჯიპით მოგრიალდა ვიღაც. გაიღო კარი და შავსათვალიანი ამერიკული კინოფილმის გმირი კომანდოსი გადმოვიდა. ისე იყო გამოწკეპილი, გამარჯვებული ჯარის მთავარსარდალი გეგონებოდა, რაღა ნაპოლეონი და რაღა - კეზერაშვილი. იგი „მარიაჟი“ სიარულით მოგვიახლოვდა, ბორისოვს ახედ-დახედა, მერე, დაცვას მიუტრიალდა, რა არის, ბიჭებო, ახალი „ბატინკები“ ვერ ჩააცვით ამასო და ბორისოვის ფეხსაცმელებისკენ ხელით მიუთითა... ბორისოვმა კბილებში გამოსცრა, შენ ვინ ხარო? მე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვარ, შეიარაღებულ ძალებს ვხელმძღვანელობო, - გამოეჭიმა კეზერაშვილი. საინტერესოა, რომელ შეიარაღებულ ძალებს მეთაურობ, შე წვინტლიანო, რომელიც არ არსებობს? აბა, მაჩვენე, სად არის შენი შეიარაღებული ძალები? წადი შენიო და, ბორისოვმა ჩვენი თავდაცვის მინისტრი სამ ასოზე გაგზავნა, შენ არ დაგელაპარაკებიო“.
დავით კეზერაშვილი, როგორც ამბობენ, იარაღის შესყიდვის საქმეშიც იყო ჩართული: ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციებით, იარაღით მოვაჭრე 22 პირის დაკავების საქმის დეტალების გაცნობისას, კორუფციულ სქემაში საქართველოც აღმოჩნდა. 2008 წელს, საქართველოს მთავრობა იარაღის ძიებაში იყო და ასპარეზზე გამოჩნდა დენიელ ალვირესი, რომელმაც „ემ-855“ ტიპის საბრძოლო ტყვიებით მოამარაგა საქართველოს სამხედრო უწყება. იარაღით მოვაჭრეთა შორის, ასევე, სახელდებიან ოპერ ფაზი, ფლორიდელი საულ მიშკინი, რომელსაც კავშირი ჰქონდა ისრაელში მცხოვრებ შაბთაი ბატაშვილთან, რომლის მეშვეობითაც, იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრ კეზერაშვილს დაუკავშირდა და იარაღიც მიჰყიდა.
„სააკაშვილის პროტეჟე საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმაში დაეხმარა“ - ეს ერთ-ერთი ამერიკული სტატიის სათაურია, რომლის ავტორი წერს, რომ ომის შემდეგ, ისრაელმა საქართველოს სამხედრო დახმარება მოსკოვის მოთხოვნის გამო შეუწყვიტა.
„იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი ტაილანდში დააკავეს, თვითმფრინავი, რომელსაც შრილანკაში იარაღი გადაჰქონდა, საქართველოშია რეგისტრირებული. ბორტზე 40 ტონა ტვირთი იყო“... - ამერიკელ ჟურნალისტ ჯეფრი სინელვანის აზრით, კეზერაშვილი ნარკოტიკების მომხმარებელი ბიჭია, რომელიც ამ ვაჭრობაში დაბალი რანგის მოხელეა.
... მსოფლიოში ცნობილი საოპერო თეატრების მსგავსად, თბილისშიც დაფუძნდა „თბილისის ოპერის მეგობართა საბჭო“, რომლის შემადგენლობაში დავით კეზერაშვილიცაა. კეზერაშვილი ოპერაში არავის უნახავს, მაგრამ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ თანხას, რომელსაც ამ საქმეს მოახმარს, „ცოტა არ იქნება“. მაშინვე პარალელი გაავლეს ბილიო ალდერის ფილმთან - „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“, სადაც სიცილიელი მაფიოზები იტალიური ოპერის მეგობრების რანგში გვევლინებიან.
სააკაშვილი კეზერაშვილს, როგორც სამეფო კარის ბიზნესმენს, სასათბურე პირობებში ამყოფებდა. ამიტომაც, ამ „ფინანსურ კარდინალს“ ისეთი მნიშვნელოვანი საქმეც ანდეს, როგორიც ძველი პარლამენტის შენობის გაყიდვა იყო - არჩევნებამდე, კეზერაშვილი დაცარიელებული პარლამენტის შენობაში ყატარელ ბიზნესმენებს მიუძღოდა და, როგორც ამბობენ, შენობის გადაკეთების გეგმაც თან ჰქონდა. დაგეგმილი იყო, რომ საქართველოს პარლამენტის ისტორიული შენობა სასტუმროდ გადაკეთდებოდა, სადაც ინვესტორები ფეშენებელურ საპრეზიდენტო ნომრებს, აუზებს, კაზინოებსა და სხვადასხვა გასართობ ცენტრს მოაწყობდნენ.
კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრად ყოფნის დროს, ჩვენ ომი სამარცხვინოდ წავაგეთ რუსეთთან, მაგრამ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი რატომღაც არ დადგა. რატომ? - ეს რიტორიკული შეკითხვაა.
რამდენიმე წლის წინ, დავით კეზერაშვილმა „ტელეკომპანია ფორმულა“ დააფუძნა. „ფორმულას“ მენეჯმენტი აცხადებს, რომ კეზერაშვილისთვის 5-მილიონიანი ჯარიმის შეფარდება, სწორედ ტელევიზიის გაჩერებას ემსახურება...
ავტორი-ნინო დოლიძე
5-მილიონიანი ჯარიმა და უცნობი ფაქტები დავით კეზერაშვილის ბიზნესდოსიედან
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი