გამოცხადდება თუ არა რუსეთის პრეზიდენტზე საერთაშორისო ძებნა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპული გაზაფხულიდან ანუ იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რაც 7-8 მარტს, საქართველოში ხდებოდა, უკრაინაში რუსული ომის პერიპეტიები თითქოს დავიწყებს მიეცა. ყოველ შემთხვევაში, სანამ ჩვენ აგენტების კანონის ავ-კარგიანობაზე ვმსჯელობდით, ომი ომის კანონებით ვითარდებოდა და, როგორც უკრაინიდან მოსული ცნობები მოწმობს, დამპყრობლების, ესე იგი, რუსების ბედი არცთუ სახარბიელოა. ამასობაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ ხდება ცნობილი ანუ დასავლური მედია, წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტზე ძებნის ორდენი გასცეს.

„უკრაინაში ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეების დაკავების ორდერი მოითხოვოს, - ამის შესახებ ინფორმაციას New York Times ავრცელებს. როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ორი საქმის აღძვრას გეგმავს. საუბარია უკრაინელი ბავშვების გატაცებისა და უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმების გამოძიებაზე. ამ ეტაპზე, უცნობია, რომელი რუსი პირების წინააღმდეგ მოითხოვს პროკურორი ორდერის გაცემას, თუმცა, როგორც NY Times წერს, არ არის გამორიცხული, ბრალი რუსეთის პრეზიდენტსაც წარუდგინონ, რადგან საერთაშორისო სასამართლო არ სცნობს ქვეყნის პრეზიდენტის იმუნიტეტს, თუ ბრალდება ომის დანაშაულებს, გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს ეხება“, - ეს არის ე.წ. ნიუსი, რომელიც ქართულმა მედიასაშუალებებმა 14 მარტს, დღის პირველ ნახევარში გაავრცელეს.

სხვათა შორის, პუტინზე სანქციის შესაძლო გაცემას კრემლი უსწრაფესად გამოეხმაურა ანუ პუტინის პრესსპიკერმა მოგონილი სიმშვიდით თქვა, რა სასამართლო, რის სასამართლო, ჩვენ არ ვაღიარებთო: „ჩვენ არ ვცნობთ ამ სასამართლოს, ჩვენ არ ვაღიარებთ ამ სასამართლოს იურისდიქციას. ასე ვექცევით მას“. ერთია, კრემლი რას აღიარებს, მეორე კი საერთაშორისო სასამართლო, რომელსაც თავის დროზე, ალბათ, არც ჰიტლერელები აღიარებდნენ, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე, დედამიწა ნიუნბერგის პროცესის მონაწილე გახდა. ანალიტიკოსების ვერსიას თუ გავყვებით, ჩვენი პლანეტა მალე კიდევ ერთი, თანამედროვე ნიუნბერგის პროცესის მოწმე გახდება, პროცესისა, რომელზეც 21-ე საუკუნის ომის დანაშაულობებს განიხილავენ და რომელზეც მთავარი ბრალდებულები პუტინი, მისი გენერლები და დამპყრობელი რუსეთის სხვა მაღალჩინოსნები იქნებიან.

ისე, ზოგს ვერ წარმოუდგენია, რომ პუტინი დაისჯება და, სამწუხაროდ, ასეთები საქართველოში მრავლად არა, მაგრამ მაინც არიან. მართალია, „ევროპულმა გაზაფხულმა“ ნათელჰყო, რომ ჩვენი ქვეყანის რუსეთში „შეთრევა“ აღარ გამოვა, მაგრამ ზოგიერთი ძველგაზრდა ევროკავშირს და, საერთოდ, დასავლეთს, ისე უყურებს, როგორც თავის დროზე, ლენინი უყურებდა ბურჟუაზიას, თუმცა ცხოვრების კანონია - რეგრესი პროგრესზე ვერ გაიმარჯვებს, თანაც ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ფერადი გოგო-ბიჭები ვიღაცების ჭკუაზე გაივლიან, სილაღესა და თავისუფლებას რუსულ ჩარჩოებზე გაცვლიან?! ჩვენი „ჯენ ზ“-ის თაობა ის თაობაა, რომელიც ტრადიციებსა და თანამედროვეობას ერთმანეთს იდეალურად უხამებს ანუ ახალგაზრდებმა იციან, რომ ქართველობას დახეული ჯინსების ჩაცმით, გრძელი თმით, საყურითა თუ პირსინგით ვერავინ წაართმევს.

ასე რომ, ძვირფასო პუტინელებო, დროა, თითი მოკაკვოთ და აღიაროთ, რომ მომავალი თქვენი კი არა, ამ გოგო-ბიჭებისაა! სხვათა შორის, 14 მარტს, „ალტ ინფომ“ აქცია გამართა. დანამდვილებით არავინ იცის, რუსეთმადიდებლები ქუჩაში რატომ გამოვიდნენ, მაგრამ ისინი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, ფეხებით შედგნენ და დაწევს.

ის კი არ გახსენებიათ, რომ ეს ქმედება დასჯადია. ჰოდა, შსს-მ შესაბამისი რეაქცია მალევე მისცა და მომხდარზე გამოძიება დაიწყო. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს. სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება. შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. ერთი სიტყვით, ყველა ხვდება, რომ რუსული გავლენები სულს ღაფავს. ასე რომ, წინ (შინ), ევროპისკენ!

ავტორი - ნინო დოლიძე