30 წელი გუმისთის სისხლიანი ბრძოლიდან - ქართველების გამარჯვების ისტორია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

30 წლის წინ საქართველომ ერთ კონკრეტულ, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვან ბრძოლაში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. 1993 წლის 15-16 მარტს აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულებისა და რუსი სამხედროების ერთობლივი შემოტევა სოხუმზე ქართულმა არმიამ სისხლში ჩაახშო.

წინაპირობები

1993 წლისთვის სეპარატისტები ავტონომიური რესპუბლიკის ნახევარს აკონტროლებდნენ. რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ აფხაზთა პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა. გაგრაში ქართული შენაერთების ლიკვიდაციის შემდეგ აფხაზებმა მთავარი ყურადღება სოხუმის აღებაზე გადაიტანეს.

ფართომასშტაბიანი ოპერაციის განსახორციელებლად აფხაზებმა მოქმედება გეგმაზომიერად დაიწყეს. უპირველეს ყოვლისა აფხაზებმა საორგანიზაციო საკითხები მოაწესრიგეს. 10 ოქტომბერს აფხაზებმა თავდაცვის სამინისტრო ჩამოაყალიბეს. სეპარატისტულ არმიას დაქირავებულები ყოველდღე ემატებოდნენ. 1993 წლის მარტში საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება ადგილობრივი სომხებისგან დაკომპლექტებული შენაერთი, ბაგრამიანის ბატალიონი. აფხაზებმა ტყვია წამლის დიდი შევსება მიიღეს. ცოცხალი ძალები ჩამოდიოდნენ პოსტ საბჭოთა სივრცის თითქმის ყველა რეგიონიდან. ასევე ახლო აღოსავლეთიდან „მუსლიმი ძმების“ დახმარების პროპაგანდით.

1993 წლის გაზაფხულის დადგომისთანავე მოწინააღმდეგე მხარის სარდლობამ ჩათვალა, რომ მზად იყო სოხუმზე წარმატებული იერიშის განსახორციელებლად და დაიწყო ძალების თავმოყრა მდინარე გუმისთის მარჯვენა სანაპიროსთან, ეშერის მიდამოებში.

ბრძოლა

1993 წლის 16 მარტს ღამის 3.00 საათზე მდინარე გუმისთის ხაზზე მყოფ ქართულ ბატალიონებს რუსულმა ავიაციამ ცეცხლი გაუხსნა, თვითმფრინავებმა ხუთას კილოგრამიანი ბომბების ჩამოყრა დაიწყეს, რომელიც საჭირო დროს ერთდროულად უნდა აფეთქებულიყო. სანგრებს ამუშავებდა არტილერიაც. წინა ხაზთან ერთად იბომბებოდა ქალაქის საცხოვრებელი მასივებიც. რუსი გენერლების მიერ მომზადებული გეგმით მასირებულ ცეცხლს მოწინააღმდეგის რიგებში დიდი მსხვერპლი და პანიკა უნდა გამოეწვია. საავიაციო და საარტილერიო დამუშავების შემდეგ დილის 5.00 საათზე აფხაზთა ქვეითი ნაწილები შეტევაზე გადმოვიდნენ.

იმ დროს მათ ხელთ არსებული ყველა ძალა ჩართეს. ქართული პოზიციების მასირებული იერიში რვა კილომეტრიან მონაკვეთზე ერთდროულად დაიწყო.

დარტყმის ძირითადი მიმართულება სარკინიგზო სადგურთან და აჩადარასთან შეიქმნა. თუ სეპარატისტები პირველი და მეექვსე ბატალიონების წინაამღდეგობას დაძლევდნენ და ხიდებს აიღებდნენ, ისინი შეტევაში ჯავშან ტექნიკასაც ჩართავდნენ. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სარკინიგზო ხიდთან და აჩადარასთან შეიქმნა. აფხაზებთან ერთად შტურმნში მონაწილეობას იღებდა რუსი ოფიცრებისაგან დაკომპლექტებული ელიტარული ბატალიონი „ტაპირი“, რიგის ყოფილი ომონის ნაწილი, ბაგრამიანის ბატალიონი, ადიღელთა ბატალიონი, კონფედერატთა რაზმები და დნესტრისპირეთიდან გადმოსროლილი კაზაკების ბატალიონი. აჩადარასთან მდგარი პირველი ბატალიონის სანგრებში ფართომასშტაბიანი შტურმის კულმინაციის მომენტში ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა. მიუხედავად მოწინაამღდეგის დიდი ადამიანური და ტექნიკური უპირატესობებისა ქართულმა ნაწილებმა ფლანგებზე შეტევას გაუძლეს. დილის 7:00 საათზე ცენტრში მეორე ბატალიონის რიგებში პოზიციებზე ფრონტის ხაზი მაინც გაირღვა. აფხაზურმა ფორმირებებმა ქალაქის გარეუბანში შეაღწიეს. გუმისთაზე განლაგებულ ბატალიონებს ალყაში მოქცევის საშიშროება დაემუქრათ, თუმცა გარღვევა მალე შეაჩერეს. წინა ხაზზე რეზერვიდან გადასროლილმა შავნაბადას ბატალიონმა და სოხუმის სამხედრო პოლიციამ მოწინაამღდეგე ალყაში მოაქცია და მთლიანად გაანადგურა.

16 მარტს განსაკუთრებული როლი არტილერიამ ითამაშა. იერიშზე გადმოსულ სეპარატისტთა უკანა ეშელონი ქართული ქვემეხების ცეცხლში მოჰყვა. აფხაზებმა უდიდესი დანაკარგი განიცადეს. აშკარა გახდა, რომ აფხაზთა შტურმი მიზანს ვერ აღწევდა. დაახლოებით 15:00 საათისთვის სეპარატისტებმა უკან დახევა დაიწყეს. დღის ბოლოს გუმისთა აფხაზებისგან მთლიანად გაიწმინდა.

მარტო დაღუპულების სახით აფხაზურმა მხარემ 1000-მდე კაცი დაკარგა. აფხაზებმა იმდენად დიდი დანაკარგი განიცადეს, რომ მათ რიგებში პანიკა წარმოიშვა. თუმცა ქართული მხარე იერიშზე არ გადასულა. ჯარი კონტრ-შეტევის ბრძანებას ამაოდ ელოდა. ამის გამო 16 მარტის გამარჯვება მხოლოდ ომის ერთ-ერთ ეპიზოდად დარჩა. მნიშვნელოვანმა სამხედრო წარმატებამ კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენა მაინც ვერ მოახდინა.

მოგონებები ბრძოლის ველიდან

გუმისთის ბრძოლაში თავდაცვის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ზღუდეზე  მოქმედებდა ახლად ჩამოყალიბებული “შავნაბადას” ბატალიონი, რომელსაც ვიცე-პოლკოვნიკი კობა კობალაძე ხელმძღვანელობდა. მან წლების წინ, „რადიო თავისუფლებასთან“  ინტერვიუში ბრძოლის შესახებ  ისაუბრა:

მაშინ სოხუმის სარდლობას ჩვენ გადავეცით, სადღაც, 72 ტყვე. დაახლოებით, 340 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი დაგვრჩა და, მოწინააღდეგის თხოვნით, ჩვენ მათ შესაძლებლობა მივეცით საკმაოდ ბევრი დაღუპული მებრძოლი გადაეყვანათ. ესენი, ძირითადად, იყვნენ რუსები, კაზაკები და ჩრდილოკავკასიელი ხალხების წარმომადგენლები.”

გუმისთის სამხედრო ოპერაცია იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი სერიოზული სამხედრო წარმატება, რამაც სოხუმის დამცველები აღაფრთოვანა. მაგრამ ოპერაციას გაგრძელება არ მოჰყოლია საპასუხო კონტრშეტევის სახით.

ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ამჯერად თადარიგში მყოფი გენერალი კობა კობალაძე მიიჩნევს, რომ კონტრშეტევაზე უარის თქმა სამხედრო ხელმძღვანელობას არა ქართველი პოლიტიკოსების გაუბედაობამ, არამედ ფრონტზე რეალურმა სამხედრო ვითარებამ უკარნახა:

იმ დროს, როცა ღია იყო ტყვარჩელის მიმართულება, დაუცველი იყო ტამიში და პრობლემები იყო სამეგრელოში, ასეთ ფონზე წინ წაწევა და ფრონტის გაჭიმვა, როდესაც ზურგი ვერ წამოგეწეოდა, იმ დროისათვის საკმაოდ სახიფათო იყო.”