ვინ არის და რა უნდა Gen Z-ის თაობას - ინტერვიუ სტუდენტთან, რომელიც ახალგაზრდების პროტესტის დეტალებზე საუბრობს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მას შემდეგ, რაც საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ე.წ. გავლენის აგენტების შესახებ პრორუსულად გამოაცხადეს, რუსთაველის გამზირზე უპრეცედენტო რაოდენობის ხალხი შეიკრიბა. პროტესტის გამოსახატად ქვეყნის საკანონმდებლო ირგანოსთან, ძირითადად, სტუდენტები, „ტრენდულ“ ენაზე რომ ვთქვათ, Gen Z-ის თაობა შეიკრიბა. მასშტაბური აქციიდან მალევე, მმართველმა ძალამ ისევე ერთხმად გაიწვია კანონპროექტი, როგორც პირველი მოსმენით მიიღო და ხალხის მღელვარებაც დროებით ჩაწყნარდა. საგულისხმოა, რომ ე.წ. რუსულ კანონს წინ აღუდგნენ საზოგადოების არაერთი წარმომადგენლები: მეცნიერ-აკადემიკოსები, მომღერლები, სპორტსმენები, მსახიობები, ჟურნალისტები, „ინფლუენსერები“... საპროტესტო აქციებზე ახალგაზრდები წყლის ჭავლს - თამაშითა და ცეკვით, სპეცრაზმელებს კი ყოჩივარდებით ეგებებოდნენ; წიწაკის სპრეითა და მხუთავი აირით დარბევის შემდეგ, საპროტესტო ადგილს ჯიუტად უბრუნდებოდნენ; ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ და ყველაფერი ეს, როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვის და საზოგადოების სხვა ნაწილისთვისაც დიდი „სიურპრიზი“ აღმოჩნდა...

მაშ ასე, შეცვლის თუ არა საქართველოს პოლიტიკურ მომავალს ახალგაზრდობა, სწორედ ის ფერადი თაობა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველი გადაავსო? - „ვერსია“ თსუ-ს სტუდენტ სოფი მოლაშხიას ესაუბა, რომელიც საზოგადოებამ უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, გიორგი შერვაშიძის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციებით გაიცნო. სოფიმ და მისმა მეგობრებმა ჩამოაყალიბეს სტუდენტური მოძრაობაც. სოფი ახლა, დროებით, არაბული ენის სასწავლებლად, კაიროში იმყოფება, ამიტომ მარტის აქციებს ეგვიპტის დედაქალქიდან უყურებდა და „ვერსიას“ შთაბეჭდილებებსა და მოსაზრებებს კაიროდან უზიარებს: 

- დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩამოყალიბდა სტუდენტური მოძრაობა „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი ვარ და ამ აქციაშიც აქტიურად მონაწილეობენ ჩემი მეგობრები. ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ამდენი ახალგაზრდის გამოღვიძება, რადგან როცა ჩემი უნივერსიტეტის აქციები დავიწყე, იმდენად ჩამკვდარი იყო ახალგაზრდობა, იმდენად ეზარებოდათ რაღაცის გაპროტესტება და საკუთარი აზრის დაფიქსირება... ევროკავშირის თემაზე რომ შევიკრიბეთ, მანდაც იყვნენ ჩემს უნივერსიტეტში სტუდენტები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ თუ აქციაზე გამოვიდოდნენ, აუცილებლად, რომელიმე პარტიის ამომრჩეველი უნდა ყოფილიყვნენ და აქციაზე დგომა მიაჩნდათ რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერად.

ახლა კი იმდენად შეიცვალა ყველაფერი, რომ ჩემი აზრით, ეს იყო დიდი აღმასვლა საზოგადოებისა, რადგან სკოლის მოსწავლიდან დაწყებული, ყველა ასაკის ადამიანი გაერთიანდა და ეს, მგონი, ერის გამოფხიზლება იყო. ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს, გააანალიზა ხალხმა, რომ უდიდესი საშიშროების წინაშე იყვნენ, რადგან ეს კანონი რომ მიეღოთ, ალბათ, ვეღარასდროს გავიხედავდით ევროპისკენ და ევროკავშირის წევრობაზე საუბარი უკვე ზედმეტი იქნებოდა! ასე ნელ-ნელა გავხდებოდით რუსეთის გუბერნია და ამ სამი დღის განმავლობაში, იმ ადამიანებმა, რომლებიც აქამდე პასიურობდნენ, დაამტკიცეს, რომ ქართულ საზოგადოებას ნამდვილად უნდა ევროპა, ევროკავშირი და უკეთესი მომავალი. რუსეთს საბოლოოდ ვეუბნებით უარს! არ ვიცი, ხელისუფლება რას აკეთებს, მაგრამ საზოგადოება ნამდვილად უარს ვეუბნებით რუსეთს.

- სოფი, ახლა ყველა იმ თაობაზე საუბრობს, რომელსაც შენც მიეკუთვნები - Generation Z. როგორ ფიქრობ, რამ დაადებინა ამ ახალგაზრდებს ე.წ. გაჯეტები და რამ გამოიყვანა რუსთაველზე? რა არის წითელი ხაზი შენი თაობისთვის?

- ეს კანონი პირდაპირ ისახავდა მიზნად თავისუფლების შეზღუდვას და ახალგაზრდა თაობისთვის ეს არის წითელი ხაზი. ეს თაობა, ვინც ქუჩაში გამოვიდა და გაიმარჯვა, არის ლაღი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს არც ერთი პოლიტიკური პარტია, უბრალოდ, იბრძვის საკუთარი თავისუფლებისა და უკეთესი მომავლისთვის...

- თუმცა, ვხედავთ მცდელობას, რომ მოხდეს ამ პროსტესტის რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან ასოცირება. შენი თაობის მართვა და საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა მარტივია?

- ჩვენი თაობის მართვა საერთოდ არ არის მოსახერხებელი. როცა ჩემს უნივერსიტეტში აქციები გვქონდა და ვაპროტესტებდით, ის მოძრაობა დავტოვე, რადგან ბევრ ტელეგადაცემაში ვიყავი, რომელსაც ოპოზიციურს უწოდებენ და ჩემ მიმართ წამოვიდა სტუდენტების მხრიდან ისეთი კომენტარები -  რადგანაც ამ ოპოზიციურ არხებს ინტერვიუს აძლევ, ე.ი. რაღაცნაირ კავშირში ხარ ნაციონალურ მოძრაობასთანო. მერე რომ გამოვედი აქციაზე „შინ, ევროპისკენ“, მაშინაც ხელისუფლების „ბოტები“ და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები თავს დაგვესხნენ. რატომღაც, ყველას ეგონა, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ვიყავით დაკავშირებულები, რადგან ჩვენს მოძრაობაში იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც იყვნენ რომელიღაც პარტიის „ახალგაზრდულში“, მაგრამ ეს არ  ნიშნავდა, რომ ჩვენ რომელიმე პარტიას მივეკუთვნებოდით, თუმცა ამ ზეწოლისა და იმის გამო, რომ გვინდოდა, მართლა სუფთა ხელებით ვყოფილიყავით ბრძოლაში, „გავფილტრეთ“ ჩვენი ორგანიზაცია და დავრჩით სტუდენტები, რომლებიც ვიყავით მხოლოდ სტუდენტები და სხვა სტატუსი არ გვქონდა. ჩვენი მოძრაობის წვერები არც ერთი პარტიის „ახალგაზრდულში“ არ არიან, მაგრამ თუნდაც იყვნენ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ყველა ადამიანი რომელიღაც პარტიის ამომრჩეველია და როცა რაღაც წითელი ხაზი არსებობს, იქ მნიშვნელობა აღარ აქვს პარტიულობას - საერთო მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ.

განსაკუთრებით ამ თაობას მართლა ვერავინ მართავს, მითუმეტეს, ეს მოძველებული პოლიტიკოსები. ჩემი აზრით, მაგათი დრო ამოიწურა. ვგულისხმობ ოპოზიციასაც, ხშირად გვიფიქრია, რომ წავიდეს ეს სახელისუფლებო ძალა, ვინ უნდა მოვიდეს? ჩვენ, ახალგაზრდები, ვერ ვხედავთ უკეთეს შემცვლელეს. ახალგაზრდები, ეს მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც სუფთა ფურცლიდან იწყებენ, უნდა მოვიდნენ ჩვენი ქვეყნის სათავეში, რადგან არც არსებული და არც წინა ხელისუფლება არ არის ძალა, რომელიც რამეს უკეთესობისკენ შეცვლის.

- რადგანაც თბილისში არ ხარ, რა არის შენი სათქმელი? რას ეტყვი შენს მეგობრებს და თანამოაზრეებს?

- ახლა ქართულმა საზოგადოებამ რასაც მიაღწია, კი არის გამარჯვება, მაგრამ ეს არის მცირედი, რაც ამ დიდ გზაზე გააკეთეს. ამით ყველაფერი არ დასრულებულა, პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება და ეს მუხტი არ უნდა ჩავარდეს. საჭიროა ხალხის ინფორმირება, რადგან კიდევ ბევრს არ გაუაზრებია ბოლომდე, რა ხდება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ეს რუსული კანონი არ ყოფილა, კანადურია და მოგატყუესო. ეს პროპაგანდა არ უნდა გაუვიდეს ხელისუფლებას და ყველამ უნდა იმუშაოს, რომ სწორად მიაწოდოს ხალხს ინფორმაცია.

- კანონპროექტის ავტორები იმასაც აცხადებენ, რომ საზოგადოება ვერ ჩაწვდა ამ ინიციატივის შინაარსს. თქვენ - სტუდენტებმა, რამდენად კარგად წაიკითხეთ და გაიაზრეთ მისი შინაარსი და პოლიტიკური მდგენელი?

- ჩვენს თაობას ეს კანონი კარგად რომ არ ჰქონოდა გააზრებული, მისი შინაარსი არ სცოდნოდა და კარგად არ დაენახა საფრთხე, არ მივიდოდა რუსთაველზე ამდენი ათასი ადამიანი და არ გააპროტესტებდა. ამდენი ახალგაზრდა, ამ წლების განმავლობაში, პირველად გამოვიდა და ეს ზუსტად იმას ნიშნავდა, რომ მათ კარგად გაიაზრეს, ეს კანონპროექტი არ იყო ჩვენი ქვეყნისთვის საკეთილდღეო.

ხელისუფლება ყოველთვის ეცდება, ეს პროტესტი რომელიმე პარტიას მიაწეროს, რადგან ახალგაზრდებში ყოველთვის ხედავენ ძლიერ ძალას, რომელთა უკან მართლა არავინ დგას და როცა ადამიანი ნამდვილად სუფთა ხელებით იწყებს და ჯანსაღად აპროტესტებს, ის უფრო საშიშია, ვიდრე მიკერძოებული და ვიღაცის მიერ მართული ადამიანი.

ვერავინ და ვერაფერი შეაშინებს ახალგაზრდებს, სტუდენტებს, რადგან ვნახეთ სტუნდენტების დაპირისპირება ლექტორების უსამართლობასთან. ერთს დაიჭერებენ? - იმ ერთის უკან, ათასობით და ათი ათასობით ახალგაზრდა ვდგავართ, ამიტომ მუქარისმაგვარი გამოსვლა ხელისუფლების მხრიდან სასაცილოა, რადგან ჩვენ ამის არ გვეშინია და როცა უსამართლობას დავინახავთ, უფრო მეტნი ვიქნებით.

მინდა, ეს პროტესტი არ გაჩერდეს და მეც ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ და შევუერთდები ჩემს მეგობრებს...

ავტორი: თათია გოჩაძე