„პირდაპირ და ღიად გეტყვით“ - აპირებს თუ არა ნიკა მელია და მისი გუნდი ენმ-ის დატოვებას - ინტერვიუ ზვიად კუპრავასთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტიკური ვნებათაღელვა პიკს აღწევს. როგორც გაირკვა, დემოკრატიული არჩევნებით არჩეულმა ახალმა თავმჯდომარემ პარტიის პოლიტსაბჭო ისე დანიშნა, რომ საკუთარ თანაპარტიელებს არც კი შეატყობინა ყრილობის შესახებ. ამ საკითხზე, ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია წერს:

„ის შემთხვევაა, როდესაც მხოლოდ წუხილი შემიძლია გამოვხატო ჩემი მოლოდინის გამართლებასა და დღეს ჩატარებულ ყრილობასთან დაკავშირებით. იმ ყრილობასთან დაკავშირებით, რომელზეც თავადვე გააუქმეს არჩევნების შედეგები, რომლითაც მართვაში მოვიდნენ და უარი უთხრეს ამომრჩევლის 40%-ზე მეტს პარტიის მართვაში მონაწილეობაზე, პოლიტსაბჭოში წარმომადგენლის ყოლასა და მათი აზრის გათვალისწინებაზე.

„ტექნიკური ყრილობის“ დასაწყისში, ამომრჩეველს მაქსიმალურ ჩართულობას ჰპირდებოდნენ პარტიულ გადაწყვეტილებებში და ზუსტად ერთ საათში, მავანისგან ზედმიწევნით ნასწავლ „გასაოცარ დემოკრატიასთან“ მივიდნენ...

ერთობაზე ისაუბრეს და  განხეთქილება დათესეს ყოველ ნაბიჯზე, რომელიც ბოლო ორ თვეში გადადგეს.

მიშაზე ისაუბრეს და მიშასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, უადგილო და უდროო აქტივობებით გადაფარეს. ერთგულებაზე და ნაციონალური მოძრაობის 22-წლიან ტრადიციაზე ისაუბრეს და მიშას უახლოესი თანამებრძოლები საკუთარი „მეგობრებით“ ჩაანაცვლეს. ყოველივე ეს, არა მხოლოდ ნათქვამი სიტყვის ფასზე, არამედ, ამ გაუფასურებული სიტყვის მიღმა არსებულ მიზნებზე მეტყველებს. ჩრდილოვანი მართვა ყველგან ერთნაირია - მიუხედავად იმისა, ვინ მართავს, ან რა მიზნით ხსნის მსგავსი ტიპის მართვის საჭიროებას.

ჩრდილოვანი მმართველი მოდის ემოციური დაპირებით დაცლილი რაციონალიზმისა და პრაგმატიზმისაგან და დემოკრატიით მოსული ამყარებს ავტოკრატიას. დღეს, ნაციონალურ მოძრაობაში, ფაქტობრივად, გაუქმდა პოლიტსაბჭოს, პარტიის საკონონმდებლო ორგანოს არჩევითობა - ყრილობის მიერ, რომელსაც ორგანიზატორები  „მცირესა და ტექნიკურს“ უწოდებდნენ. გაუქმდა რამდენიმე, ფარდის მიღმა მყოფი ადამიანის გადაწყვეტილებით ისე, რომ მარტამდე მოქმედი პოლიტსაბჭოს ფორმალური ინფორმირებაც კი არ მომხდარა. ისე, რომ „ტექნიკური ყრილობის“ მონაწილეებმაც კი არ იცოდნენ. კრების მიერ, სადაც 335  დელეგატის შერჩევა თავად მოახდინეს - დამტკიცდა პოლიტსაბჭოს შედგენის წესი, სადაც, ფაქტობრივად, არაფერი რჩება არჩევითი ან ასარჩევი. თუმცა, ამ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების განხორციელებისას, სამწუხაროდ, ავიწყდებათ - პარტია არის ღირებულება, იდეური ერთობა, თანაბრძოლა და თანადგომა, სვლა გამარჯვებისკენ წინ და არა - უკან. ღირსება და სიმართლე არც სკამს და თანამდებობას მოჰვება, არც ფულზე იყიდება,  არც ქირავდება, არც ხურდავდება და რაც მთავარია, არასდროს მარცხდება“...

„ვერსია“ ენმ-ში არსებულ ვითარებაზე, პარტიის აქტივისტსა და თბილისის საკრებულოს წევრ ზვიად კუპრავას ესაუბრა:

 

- თავმჯდომარის არჩევის პროცესი იყო დემოკრატიული და წინგადადგმული ნაბიჯი, რადგანაც არჩევნებში ენმ-ის ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლო მონაწილეობა მიეღო და ყველამ ისარგებლა ერთი ხმის უფლებით. შესაბამისად, პროცესი აბსოლუტურად დემოკრატიული იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ერთი კვირა გაგრძელდა... ერთი კვირის შემდეგ, აბსოლუტურად საპირისპირო რამ მოხდა: პოლიტსაბჭოს არჩევნებს ვადა გასდიოდა მარტში და ლევანისა და მისი ფლანგიდან გვქონდა დაპირება, რომ არჩევნები ჩატარდებოდა ყველა დონეზე, მაგრამ პოლიტსაბჭოს არჩევნები, პრაქტიკულად, გაუქმდა და მივიღეთ დანიშნული პოლიტსაბჭო. არ შეიძლება, პოლიტსაბჭო დაკომპლექტდეს ერთი ან ორი კაცის მიერ და თან, როცა ამ ერთ და ორ კაცში თავმჯდომარე არ არის...  პოლიტსაბჭო უნდა არჩეულიყო ფართო წარმომადგენლობით, რაც არ მოხდა და ძალიან ვწუხვარ. ეს ნამდვილად უკან გადადგმული ნაბიჯია.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი არის პრიორიტეტი, მის შედეგს დაველოდებით და შემდეგ აუცილებლად მოვუბრუნდებით პოლიტსაბჭოს თემას, რადგან ერთი-ორი კაცის მიერ დაკომპლექტებული პოლიტსაბჭო არის პარტიის მიტაცება, რადგან პოლიტსაბჭო პარტიის საკანონმდებლო ორგანოა. პოლიტსაბჭო იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და რა მნიშვნელობა აქვს 110-კაციან პოლიტსაბჭოს, თუ ყველა ერთი და იმავე პიროვნების აზრზე და ერთი პიროვნების წარმომადგენელი იქნება?! პოლიტსაბჭოს მრავალრიცხოვნობას მაშინ აქვს აზრი, როცა იქ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები არიან.

ერთი ადამიანი როცა დაწერს თავის სამეგობროს სიას...  ცხადია, განსხვავებული აზრი რომ ნდომოდათ, 40%-იანი მხარდაჭერა აქვს ნიკა მელიას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში და ეს 40% აბსოლუტურად იქნა იგნორირებული. ამ ადამიანებს დღეს წარმომადგენელი არ ჰყავთ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოში.

- „ერთი-ორ კაცს“ როცა ახსენებთ, კეზერაშვილ-მერაბიშვილს გულისხმობთ, ზვიად?

- დიახ, რა თქმა უნდა. პატივისცემა პარტიის თავმჯდომარეს, მაგრამ ლევან ხაბეიშვილი რომ დამოუკიდებელი ფიგურა არ არის, ეს ყველამ იცის, მათ შორის, თავისმა მომხრეებმაც.

- თუ ასეა, რისთვისაც ხელისუფლებას აკრიტიკებთ და ებრძვით, იგივე თქვენსავე პარტიაში ხდება. პროტესტს რით გამოხატავთ და როგორი სამოქმედო გეგმა გაქვთ ე.წ. ჩრდილოვანი მმართველობის წინააღმდეგ?

- დიახ, ეს, ცალსახად, პრობლემაა და ამაზე ღიად ვსაუბრობთ. ნიკა მელიამაც არაერთხელ ისაუბრა ამის შესახებ და ამ პრობლემის დაბალანსება სწორედ პოლიტსაბჭოს საშუალებით შეიძლებოდა, რომ დაკომპლექტებულიყო განსხვავებული პოზიციის მქონე ამომრჩევლით, მაგრამ ეს ბალანსიც მოირღვა, რადგან როცა ერთი ადამიანის სამეგობროა პოლიტსაბჭო, იქ რა ბალანსზე და იდეების ჭიდილზეა საუბარი?! იქ რა „დანოსიც“ წამოვა, ის შესრულდება და ეგ არის! პოლიტიკურ გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს არა პოლიტსაბჭოში, არამედ, ერთ კონკრეტულ ქალაქში, ეს იქნება საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ... ეს გადაწყვეტილება მოვა სმს-ის სახით და დამტკიცდება, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის კატასტროფა!..

- ყველაფერ ამას როგორ უნდა შეეწინააღმდეგოთ? გაქვთ კონკრეტული გეგმა?

- ახლახან გამართული ყრილობა პოლიტსაბჭოს ნაწილში ლეგიტიმაციასაა მოკლებული, რადგან პოლიტსაბჭო მარტამდე იყო მოქმედი, მისი უფლებამოსილება მარტამდე არ გაუქმდება. შესაბამისად, 335-კაციანი ყრილობის მიერ ახალი პოლიტსაბჭოს დანიშვნა რამდენად ლეგიტიმურია, ეს კიდევ ცალკე საკითხია... მარტამდე დრო არის, ეს ადამიანები მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრები იყვნენ, განცხადებები არ დაუწერიათ და რაღაც სამასკაციანმა ჯგუფმა, რომელიც თავად შეარჩიეს...

- ზვიად, ყრილობაზე თქვენც არ მიგიწვიეს, არა?

- რომ გითხრათ, გული დამწყდა, ასე არაა, მაგრამ როგორც ნაციონალური მოძრაობის აქტიური და თბილისის საკრებულოს წევრი, ველოდი, რომ დამიძახებდნენ ყრილობაზე, მაგრამ სამწუხაროდ, არ დამიძახეს იმის გამო, რომ არ ვიყავი ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი. ამ დონეზე შეკრებილი 300-კაციანი ყრილობა რომ ნიშნავს ახალ პოლიტსაბჭოს, ეს ვერ ჩაითვლება წინგადადგმულ ნაბიჯად! იმის გამო, რომ ხაბეიშვილის მხარდამჭერი არ ვარ და არ დამიძახო, რათა განსხვავებული აზრი არ დაფიქსირდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, დემოკრატიის რა ხარისხია პარტიაში?!

- ისე, არაერთი დაკავება-დაპატიმრება მახსენდება თქვენი პარტიული აქტივობის დროს და გული რომც დაგწყვეტოდათ, არ გამიკვირდებოდა...

- რა თქმა უნდა, ყრილობაში მონაწილეობის უფლება უნდა გვქონოდა.

- რადგან სამოქმედო გეგმაზე კონკრეტულად არ საუბრობთ, პირდაპირ გკითხავთ - აპირებს თუ არა ნიკა მელია, თავის გუნდთან ერთად, პარტიიდან წასვლას? გულწრფელად მითხარით, ამ ვერსიას განიხილავთ?

- არა. პირდაპირ და ღიად გეტყვით, ეს პარტია არცერთი კონკრეტული ადამიანის არაა. ეს პარტია არის ხალხის და თუ ვინმეს კუთვნილებაზე შეიძლება ვისაუბროთ, ეს არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და რაც მთავარია, არის ქართველი ხალხის, იმ ამომრჩევლის, ვინც ხმას აძლევს ენმ-ს. არც ლევანის (ლევანის, მით უმეტეს), არც ვანოსია და არც კეზერაშვილისაა ეს პარტია. მე გასვლას არ ვაპირებ, ვრჩები პარტიაში, უბრალოდ, გულდასაწყვეტია მიმდინარე პროცესი და ეს აუცილებლად შეიცვლება, რადგან არანორმალურია.

- თუ ასეა, როგორ აპირებთ თანამშრომლობას დაპირისპირებულ მხარესთან? პარტიაში კოორდინაცია ხომ გადამწყვეტად მნიშვნელივანია?

- ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით, მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ მოვუტრიალდებით აბსოლუტურად ყველაფერს, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ვრჩები პარტიაში მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება.

 ავტორი: თათია გოჩაძე