„პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება საკუთარი წარუმატებლობის აღიარებაა“- ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 მამუკა არეშიძე: „საქართველომ კი არ უნდა შეზღუდოს რუსი მოქალაქეების შემოსვლა, არამედ, უნდა მოაწყოს ფილტრაცია“

 ავტორი: თათია გოჩაძე

 21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რაც იმ პირების ომში გაწვევას გულისხმობს, რომლებსაც გარკვეული სამხედრო მომზადება აქვთ გავლილი. პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე .. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება. მობილიზაციის გამოცხადებამ რუსეთში პანიკა გამოიწვია, მოსახლეობა ქვეყნიდან გარბის და როგორც მედია იუწყება, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, რუსეთის მოქალაქეების რამდენიმეკილომეტრიანი კოლონა დგას. პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას მწვავე პროტესტი მოჰყვა დაღესტანშიც - ხალხი ქუჩაში გამოდის და მასობრივი დაუმორჩილებლობით იმუქრება. რა ვითარებაა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ასევე ჩრდილო კავკასიაში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ? - „ვერსია“ კავკასიის საკითხების ექსპერტს, ანალიტიკოს მამუკა არეშიძეს ესაუბრა:

 - ეს მოსალოდნელი იყო, თუმცა რუსეთის მოსახლეობას მაინც ეგონა, რომ პუტინი თავს შეიკავებდა მობილიზაციისგან. ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება ნიშნავს საკუთარი წარუმატებლობის აღიარებას, რადგან იმ რესურსით, რომელიც რუსეთის არმიას ჰქონდა, ვერ მიაღწია დასახულ მიზანს. მოგეხსენებათ, თავიდან რუსები აცხადებდნენ, რომ ერთ კვირაში დაამარცხებდნენ უკრაინელებს. ასე რომ, წარუმატებლობის ნაწილობრივ აღიარება მოხდა, მაგრამ მობილიზაციის წინ დაიწყო ძალიან საინტერესო პროცესი, რომლის გადაფარვაც მობილიზაციით სცადეს, რადგან მიხვდნენ, რომ შეცდომა იყო რეგიონების ხელმძღვანელების დავალდებულება ადგილობრივი დაკომპლექტებული სამხედრო ნაწილების შექმნის თაობაზე. რუსეთის ფედერაციის ყველა სუბიექტმა დაიწყო ამ დავალების შესრულება - ადგილობრივი მოხალისეებისგან სამხედრო ბატალიონების შექმნა, მაგრამ საბოლოოდ, გამოიკვეთა სურათი, რომელიც ტრაგიკომიკურია და რუსეთის პოლიტიკისთვისაა დამახასიათებელი. ბრძანების პათოსიდან გამომდინარე, ეს ბატალიონები კომპლექტდებოდა ადგილობრივი მოსახლეობით და შეიქმნა ნაციონალური ბატალიონები. მაგალითად, ჩეჩნეთში სამი ასეთი ბატალიონი შეიქმნა. საინტერესოა ისიც, რომ ზოგ შემთხვევაში ბატალიონებს დაერქვა მათი ეროვნული გმირების სახელები და ისინი ეროვნული გმირები იმიტომ იყვნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდა ასეთი ბატალიონები, რომლებიც ფრონტის ხაზზე უნდა წასულიყვნენ, მაგრამ როგორც ჩანს, მოსკოვში მიხვდნენ, რომ ეს ეროვნული ბატალიონები ხიფათის შემცველია, თავად მოსკოვისთვის. ესაა სხვადასხვა ეროვნების მიხედვით დაკომპლექტებული შეიარაღებული ხალხი, რომელმაც უცებ შეიძლება, იარაღი შემოუტრიალოს რუსეთს. ამიტომ ეს პროცესი არ გაუჩერებიათ, მაგრამ გამოაცხადეს მობილიზაცია ანუ მობილიზაციის გამოცხადების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, სხვა უამრავ მიზეზთან ერთად.

ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, 300 000 კაცი უნდა გაეწვიათ მობილიზაციით, ამას მოჰყვა აღშფოთების უდიდესი ტალღა, რომელმაც გამოიწვია 261 000 მამაკაცის გასვლა რუსეთიდან. რასაკვირველია, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ რაც წერია, ფარატინა ქაღალდია, რადგან სინამდვილეში, მობილიზაციის მსურველთა რიცხვი ბევრად მეტია და დაახლოებით, მილიონს უახლოვდება. ამასთან, იმ კატეგორიის ადამიანებზე, რომლებიც ამ სამობილიზაციო დოკუმენტშია აღწერილი, რეგიონების ხელმძღვანელები არ მოჰყვებიან. კორუფციის დონე რუსეთში მაღალია, ძალიან ბევრია კომისარიატის თანამშრომლების მოსყიდვის ფაქტი და ამიტომ ხელს ავლებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს მობილიზაცია არ ეხება. ამიტომაცაა, რომ საპროტესტო ტალღა საკმაოდ მძაფრი გახდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია - თუ გავიხსენებთ რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებულ პირველ და მეორე მსოფლიო ომებს, კავკასიელები მობილიზაციას ნაკლებად ექვემდებარებიან. მოხალისეებად მიდიან, მაგრამ მობილიზაციის ფაქტი არ მოსწონთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაღუპულების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით, იწვევს აღშფოთებას პერიფერიებზე. მაგალითად, დაღესტანს დაღუპული ჰყავს 300-მდე მოქალაქე, როცა მოსკოვს, რომელიც ათჯერ დიდია, სულ 15 მოქალაქე ჰყავს დაღუპული. ამიტომ ეს უაროფითი განწყობა, რომ საზარბაზნე ხორცად იყენებს რუსეთი, დაღესტანში მობილიზაციამდე შეიქმნა  და არა მარტო დაღესტანში - მთელ ჩრდილო კავკასიაში. ალბათ, გახსოვთ ოსების გამოქცევა ფრონტიდან, 300 კაცამდე გამოიქცა, რომელთაც ცუდი ინფორმაცია ჩამოიტანეს ფრონტიდან. ამ ფონზე, ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა ჯერ ნაციონალური ბატალიონი შეადგინა, სახელწოდებით - „ალანია“ და შემდეგ გაწვევაში აქტიურად ჩაერთო.

სხვათა შორის, მომდევნო რესპუბლიკა, სადაც საპროტესტო ტალღის აგორებას ვვარაუდობ, არის ოსეთი და ყაბარდო-ბალყარეთი, რადგან ნალჩიკშიც ბევრი ადამიანი შეიკრიბა მდუმარე აქციით.

- სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღესტანში პარტიზანული დაჯგუფებები იქმნება მობილიზაციის აღსაკვეთად. ამაზე ინფორმაციას ფლობთ?

- პარტიზანულ ჯგუფებთან დაკავშირებით, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ წინააღმდეგობის ძლიერი ტალღა რომ იქმნება, შემიძლია, ეს დაგიდასტუროთ. ბოლო სამი დღეა, ვმონაწილეობ ღონისძიებაში, რომელსაც პირობითად, შეგვიძლია, დავარქვათ კავკასიელების გადმოტარება საქართველო-რუსეთის საზღვარზე და დაახლოებით, 40 ადამიანი, ჩემი დახმარებით შემოვიდა ამ დღეებში საქართველოში. ძირითადად, იყვნენ ჩერქეზები, რამდენიმე მათგანი არ გამოუშვეს, 2 ჩეჩენი არ გამოატარეს, როგორც ვიცი. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, კავკასიელებს არ ატარებენ და რუსებს უშვებენო, რაც ტყუილია. მაგალითად, ყაბარდოდან ცოლ-ქმარი არ შემოატარეს გასაგები მიზეზის გამო - რამდენიმე წლის წინ, ცოლი აფხაზეთში ყოფილა დასასვენებლად ნამყოფი.

- ე.ი. საოკუპაციო ტერიტორიების შესახებ კანონი ამოქმედდა...

- დიახ და ეს გასაგები მიზეზია.

- ბატონო მამუკა, გამოდის, რომ ჩრდილო კავკასიელებისთვის  საქართველო ახლა თავშესაფარი ხდება?

- დიახ, რასაკვირველია, რადგან ახლოსაა საქართველო, მაგრამ ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რადგან განსაკუთრებით ჩრდილოკავკასიელებს, ქვეცნობიერის დონეზე, ყოველთვის აქვთ გაცნობიერებული, რომ საქართველო კავკასიის ცენტრია და ექსტრემალურ სიტუაციაში, ყოველთვის შეიძლება, საქართველოს შეაფარო თავი, ეს ისტორიულად ასე იყო. 

- აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რა ხდება მობილიზაციასთან დაკავშირებით, რა განწყობებია?

- ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იქ მობილიზაცია გამოცხადდა, არაზუსტია. ეს ნარატივი გაავრცელა აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ნატალია სმირმა, რომელიც აცხადებს, რომ აუცილებლად შეეხება მობილიზაცია აფხაზებსაც, რაც ლოგიკურად მართალია. ეს იმიტომ, რომ ხელშეკრულებაში პარტნიორობისა და ერთობლივი უსაფრთხოების სივრცის თაობაზე, რომელსაც თავის დროზე აფხაზებმა ხელი მოაწერეს, გათვალისწინებულია მუხლი, რომელიც გულისხმობს, რომ თუ საფრთხე შეექმნება რომელიმე ქვეყანას, მეორე ქვეყანა უნდა დაეხმაროს. აფხაზები ამას სათავისოდ წერდნენ, მაგრამ ვერ გაითვალისწინეს, თუ რა მოხდებოდა... აქედან გამომდინარე, აფხაზებს აქვთ, როგორც მორალური, ასევე, იურიდიული ვალდებულება, დაეხმარონ რუსეთს. ჯერ მობილიზაცია არ გამოცხადებულა აფხაზეთში და ის დოკუმენტი, რომელიც რუსეთში შეიქმნა, აფხაზებს არ ეხება, მაგრამ აუცილებლად „მოქაჩავენ“ რუსები აფხაზებს და მოსთხოვენ, რომ ჩაერთონ ომში, რასაც მოჰყვება ძალიან სერიოზული აღშფოთება, რადგან მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში, აფხაზები რუსებმა დააჩვიეს, რომ ეს არის ერი, რომელიც ორიენტირებულია სხვისი რესურსების გამოყენებაზე...  

ე.წ. სამხრეთ ოსეთში კი სხვაგვარი მდგომარეობაა, ის მთლიანად ქცეულია ერთ დიდ რუსულ სამხედრო ბაზად. იქ ახალგაზრდა კაცი სხვაგან ვერც დასაქმდება. ისინი რუსული ჯარის ოფიციალური წევრები არიან. სხვათა შორის, საინტერესოა უკრაინაში ტყვედჩავარდნილების სტატისტიკა, სადაც ბევრი ოსი აღმოვაჩინე, მათ შორის, სამხრეთ ოსური გვარით. დაახლოებით, 20 ე.წ. სამხრეთ ოსი იყო ტყვედ ჩავარდნილი და მათგან არც ერთი იყო მეომარი. ყველა იყო სანიტარი, მძღოლი, სამზარეულოში დასაქმებული - მეორე კატეგორიის დამხმარე სამხედრო მოსამსახურე.

საერთოდ, მიჩვეულები არიან, რაც შეიძლება, კარგად მოიწყონ ცხოვრება, ჯარშიც კი... რაც შეეხება იმ საკითხს, ე.წ. სამხრეთ ოსეთში პროტესტი მოჰყვება თუ არა მობილიზაციას, ეს პროტესტი სოციალურ ქსელში უკვე ჩანს, მაგრამ ამას არ გასცდება, ესენი საპროტესტოდ ქუჩაში გამომსვლელები არ არიან.

- ე.ი. პროტესტი უფრო აფხაზეთშია მოსალოდნელი, ვიდრე ე.წ. სამხრეთ ოსეთში, არა?

- დიახ. სხვათა შორის, სოციალურ ქსელში აფხაზები ძალიან აგრესიული არიან რუსების მიმართ, რაც შეიძლება, ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ ამას გამოყენება უნდა,  გამომყენებელს კი ვერავის ვხედავ.

- ინალ არძინბამ ბოლო დროს წამოიწყო განცხადებები იმის თაობაზე, რომ თითქოს საქართველოსგან აფხაზეთზე თავდასხმის საფრთხე იზრდება. ეს ნარატივი შესაძლოა, იმიტომ სჭირდება, რომ იცის, აფხაზები როგორ ნეგატიურად შეხვდებიან რუსეთის მობილიზაციას და ცდილობს, საქართველო უფრო „დიდ საფრთხედ“ დაანახოს ადგილობრივებს, ვიდრე რუსეთია?..

- რასაკვირველია, ეს არის შეფუთვა იმ ვითარებისა, რომელიც აფხაზეთშია და პროპაგანდირება იმ საფრთხისა, რომელიც არ არსებობს, მაგრამ აფხაზური საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ე.წ. კლიმატს ქმნის აფხაზეთში, ასეთ „ანკესზე“ აღარ „ეგება“. ეს რომ ეთქვა მარტი-აპრილში, წამოეგებოდნენ, რადგან მაშინ აფხაზეთში ძალიან დიდი შიში იყო, რომ საქართველო შეიჭრებოდა აფხაზეთში. მაშინ ვეტერანების მობილიზაციაც კი დაიწყო, მაგრამ ჩაცხრა ეს ამბავი, დაინახეს, რომ არავინ აპირებს შეტევას. მერე უფრო კეთილგანწყობილნი გახდნენ და დააფასეს ოფიციალური თბილისის ეს ნაბიჯი. ამის შემდეგ გაძლიერდა ანტირუსული განწყობები და როცა რამდენჯერმე გაისმა მოხალისეების მოგროვების სურვილი, საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა და ჩაიშალა.

სხვათა შორის, როგორც წეღან აღვნიშნე, იმპერიის პერიოდში, ქართველების გარდა, კავკასიელები ჯარში არ მიჰყავდათ, მხოლოდ მოხალისეები მიდიოდნენ. ჩრდილო კავკასილებსა და მათ შორის, აფხაზებზეა საუბარი. მეორე მსოფლიო ომში მიჰყავდათ ჩრდილო კავკასიელები, მაგრამ აფხაზებს ძალიან ფრთხილად უდგებოდნენ და ცდილობდნენ, მოხალისეობის ფორმა ჰქონოდა. მოკლედ, აფხაზები მობილიზაციას ექვემდებარებიან რთულად.

- ბატონო მამუკა, თქვენი მოსაზრება მაინტერესებს რუსეთიდან საქართველოში შემოსულ ხალხთან დაკავშირებითაც. BBC ავრცელებს ინფორმაციას, რომ რამდენიმეკილომეტრიანი რიგი დგას ლარსის გამშვებ სასაზღვრო პუნქტთან... როგორ ფიქრობთ, უნდა შეზღუდოს საქართველომ რუსი მოქალაქეების შემოშვება ქვეყანაში?

- საქართველომ არ უნდა შეზღუდოს რუსი მოქალაქეების შემოსვლა, არამედ, ფრთხილად უნდა იყოს და მოაწყოს ფილტრაცია ამ ხალხის შემოსვლის დროს და არა მარტო საზღვარზე. ძალიან რთული ვითარებაა საზღვარზე. სამი დღეა, ამ თემით ვარ დაკავებული და ვიცი, რა დღეშიც არიან ჩვენი მესაზღვრეები, როგორი დაძაბული მუშაობაა.  30-კილომეტრიანი რიგი რომ მიეჭრება საზღვარს, ხომ ხვდებით, რა ამბავიც იქნება... ეს 28-მდეა და ალბათ, 28-ში დაკეტავენ რუსები საზღვარს. სხვადასხვა კატეგორიის ხალხია, იქ არიან ადამიანები, რომლებიც გამორბიან რუსეთიდან ეკონომიკური თუ სამობილიზაციო თემების გამო და მათ შორის, არიან კავკასიელებიც, რომელთა არშემოშვებაც არასწორი იქნება, მაგრამ შემდეგაა სამუშაო გასატარებელი, გასარკვევია, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, რადგან მესაზღვრე მოკლე დროში ვერ გაარკვევს ყველაფერს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. დღეს, დაახლოებით, 70 000-მდე რუსი და ბელორუსია საქართველოში და ძირითადად, თბილისსა და ბათუმში არიან გადანაწილებულნი. ცხოვრება გაძვირდა ამის გამო, რადგან მათ შედარებით მეტი ფული აქვთ, ვიდრე რიგით ქართველებს და ისინი მეტს იხდიან, ცხოვრებაც შესაბამისად ძვირდება. ამიტომ, როცა ხელისუფლება ტრაბახობს, რომ ეკონომიკის მაჩვენებლი იზრდება, ერთი მხრივ, რეალობაა, მაგრამ მეორე მხრივ, მოქალაქეების კეთილდღეობაზე არ მოქმედებს. ამიტომ, სახელმწიფომ ეკონომიკის სხვა რელსებზე გადაყვანაზე უნდა იფიქროს, რომ ყველა მოქალაქისთვის თანაბარი იყოს ვითარება და ეს ვითარება კარგახანს გაგრძელდება, რადგან ომის დასრულებას არ ვვარაუდობ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ომი მაქსიმალურად გაჭიანურდეს, რადგან დასავლეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის დამარცხება, ოღონდ დამარცხება დასუსტების ხარჯზე, და არა სამხედრო თვალსაზრისით, რადგან მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული ბირთვული ომის საფრთხე.

- საინტერესოა, სომხეთსა და აზერბაიჯანში თუ მიდიან რუსები იმ რაოდენობით, როგორც ჩვენთან, საქართველოში?

- აზერბაიჯანში ნაკლებად, მაგრამ ერევანში, დაახლოებით, იგივე მდგომარეობაა, რაც თბილისში. სხვათა შორის, იგივე მდგომარეობაა ალმათსა და ტაშკენტშიც. აზერბაიჯანშიც საკმაოდ სერიოზული ნაკადია რუსებისა, მაგრამ აქ საქართველოს მომხიბვლელობას აქვს მნიშვნელობა. ტრადიციულად ასე იყო, რუსებს ბევრად უფრო კარგი ურთიერთობა აქვთ ქართველებთან და სომხებთან, ვიდრე, ვთქვათ, აზერბაიჯანელებთან.

ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა დავამატო - უბედურება ისაა, რომ ბევრი ქართველისთვის გამაღიზიანებელია რუსეთიდან შემოსულების პოზიცია. მაგალითად, მე არაერთი ისეთი ადამიანი შემხვდა, რომელმაც არ იცის, რა მოხდა აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით და მესმის ქართველების გაღიზიანება იმის გამო, რომ რუსებს სხვების გამოყენების ფსიქოლოგია აქვთ და აბსოლუტურად მართალია საზოგადოება, მაგრამ სახელმწიფოს ამოცანაა, რუსი საზოგადოების საპროტესტო ფაქტორი სწორად გამოიყენოს და წარმართოს.

- რას გულისხმობთ?

- მეტს არაფერს ვიტყვი... მიუხედავად იმისა, რომ ისტორია არ იციან, ტყუილ-მართალს ვერ არჩევენ და დამნაშავენი არიან, მეორე მხრივ, ისინი არიან პუტინის რეჟიმის წინააღმდეგნი და მათთან მუშაობაა საჭირო, თავის ნებაზე მიტოვება არ შეიძლება. მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო-საზოგადოებრივი სტრუქტურები ამ ადამიანებთან ურთიერთობაში.