როგორ იქცა მაფიოზად და რატომ აგინა აგვისტოს ომის დროს რუსმა გენერალმა სააკაშვილის „კასირს“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დავით კეზერაშვილის ფაქტორი და სკანდალური X-ფაილი 

ავტორი: ნინო დოლიძე

საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით, კეზერაშვილს ბრალი ედება რამდენიმე მუხლით, რაც საბოლოოდ, 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავდაცვის მინისტრობას ჩამოშორებული კეზერაშვილი აცხადებდა, რომ პოლიტიკა სამუდამოდ დატოვა, ბიზნესით დაკავდა და თავს ნავთობკომპანია „გალფის“ მფლობელად, უფრო სწორად, ერთ-ერთ მფლობელად აცხადებდა. ნავთობის გარდა, კეზერაშვილს სათამაშო ბიზნესი, ლატარიის კომპანია და სარეკლამო საქმეც აინტერესებდა. იმასაც კი ამბობდნენ, რომ იარაღის შესყიდვის კანონიერ და უკანონო სქემებშიც მონაწილეობდა.
ნავთობპროდუქტების ფასი საქართველოში, დიდი ხანია, მაღალ ნიშნულს არ სცილდება და მნიშვნელობა არ აქვს, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იკლებს თუ იმატებს, ირიბად, ეს პროცესიც თავდაცვის ექსმინისტრს უკავშირდება.
2006 წელს, საქართველოში დარეგისტრირდა კომპანია „სოკარ-ჯორჯია“, რომელიც რამდენიმე დანაყოფისგან შედგებოდა, მათ შორის, „სოკარ-ჯორჯია-პეტროლიუმისგან“, რომელსაც აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის მონოპოლიური უფლება მიეცა. ამ კომპანიის დამფუძნებელნი, ერთი მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანია (51%), ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს იურიდიული და ფიზიკური პირები იყვნენ 49-პროცენტიანი წილით.
პარალელურად, ცენტრალური აზიიდან, აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან ნავთობპროდუქტების ტრანზიტი საქართველოს შიდა ბაზრისთვისაც გარკვეულ ეტაპზე აიკრძალა და შემოღებულ იქნა წესი, რომლითაც ნავთობპროდუქტების იმპორტს საქართველოში ექსკლუზიურად მხოლოდ „სოკარ-ჯორჯია პეტროლიუმი“ ახორციელებს.
2006 წლიდან ანუ მას შემდეგ, რაც „სოკარი“ საქართველოშია, ბევრი ნავთობკომპანია მოისპო. ყველა დარჩენილი კი, როგორც ამბობენ, „სოკარის“ შვილობილია, მათ შორის, კეზერაშვილის „გალფი“ და დავით სააკაშვილის „ვისოლი“, რომელთაც „სოკარი“ ხელსაყრელ ფასად აძლევს ბენზინს და ამ გარიგებით მილიონები კეთდება, საწვავის ფასი კი გამუდმებით იზრდება.
2010 წელს, საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, აშშ-ში დარეგისტრირებული კომპანია „ენერჯი ინვესტიმენტს ვენტურა“ შემოვიდა, რომელმაც „სან პეტროლეუმ ჯორჯია“ დააფუძნა. ამ კომპანიის 126 ბენზინგასამართი სადგურიდან 60 – „გალფის“ ბრენდის ქვეშ მუშაობს. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ დაარსებიდან დღემდე, განვითარებაზე 62 მილიონი ამერიკული დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელა. კომპანია ბენზინს „სოკარისგან“ ყიდულობს...
საწვავის ბაზარზე, კეზერაშვილის ინტერესები კომპანია „უნი გრუპს“ უკავშირდება, რომელიც „ლუკოილის“ საწვავის დისტრიბუციას ახორციელებს და რომლის თანადამფუძნებელიც კეზერაშვილია.
სქემა ასეთია: ბენზინი შემოაქვს „სოკარს“, მისგან ყიდულობს „ლუკოილი“, „ლუკოილისგან“ კი - „უნი გრუპი“. ამ სქემით კომპანიები, როგორც ამბობენ, სახელმწიფოს ხარჯზე, ზემოგებას ნახულობდნენ, რაზეც „ნაციონალთა“ მაკონტროლებლები და თავად სააკაშვილიც თვალს ხუჭავდა, რადგან რაც მეტ ფულს იშოვიდა, მით დიდ ფინანსურ საყრდენად იქცეოდა კეზერაშვილი.
2012 წლის ნოემბერში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „გალფში“ კეზერაშვილის წილი მოსკოვში მოღვაწე, წარმოშობით ქართველმა ბიზნესმენმა, დავით იაკობაშვილმა შეისყიდა.
„ნაციონალების“ მმართველობის დროს, ზომაზე მეტად აფიშირებული, ე.წ. ნავთობტენდერები, სადაც ვითომ ნებისმიერ იურიდიულ პირს შეეძლო მონაწილეობა, ხშირად, შაბათ-კვირას ტარდებოდა და ყოველთვის „უნი გრუპი“ იმარჯვებდა.
განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები, ტელერადიოცენტრი, სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრი „დელტა“, ფინანსთა სამინისტრო, ზოოპარკი, მერია, სასამართლო ექსპერტიზა, ოლიმპიური რეზერვების ცენტრი, მეცნიერებათა აკადემია, იუსტიციის საბჭო, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროები, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფლის მეურნეობის აკადემია, უშიშროების საბჭო, ტყიბულის მუნიციპალიტეტი, ეკონომიკის სამინისტროს სატრანსპორტო ადმინისტრაცია, საკონსტიტუციო სასამართლო, ქვემო ქართლის საქველმოქმედო ორგანიზაციები - ეს იმ დაწესებულებათა არასრული ჩამონათვალია, სადაც სხვადასხვა სახის პროექტს „უნი გრუპი“ ახორციელებდა.
კეზერაშვილთანაა დაკავშირებული დიდი მოგების მომტანი სათამაშო ბიზნესიც. მართალია, კეზერაშვილი ლატარიის კომპანიასთან კავშირს ყოველთვის უარყოფდა, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის ავტორმა, მათიას ჰუთერმა წლების წინ დაამტკიცა, რომ სარეკლამო ბაზრის დიდ ნაწილს, სწორედ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ახლო მეგობრები და ნათესავები აკონტროლებდნენ.
2008 წლის 25 თებერვალს, დაარსდა ფირმა „ბლექ სტაილი“, რომელსაც 11 შვილობილი კომპანია აქვს. ასე გახდა კეზარაშვილი გარე რეკლამის მონოპოლისტი - ამ კომპანიებს მართავდნენ მისი ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები.
2009 წელს, თბილისის მერიამ, აუქციონის წესით, გარე რეკლამის განთავსების თორმეტწლიანი ნებართვა გასცა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, აბრები „აუთდორ.გე“-ს გადაეცა, ხოლო მარცხენაზე - „მაგი სტილი მედია“-ს, რომელსაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იმდროინდელი თავმჯდომარე, ირაკლი ჩიქოვანი ფლობდა.
2011 წელს, „მაგი სტილი“ ჩაანაცვლა „სმოდ ედვერთაისინგმა“. ამ უკანასკნელს პანამაში დარეგისტრირებული ჰოლდინგური კომპანია „სმოდ ექუიზი კორპი“ ფლობდა და მისი წარმომადგენელი საქართველოში, ალექსანდრე გოგოხია იყო, რომელიც იმავდროულად, „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახლდათ. 2008 წელს, ის „აუთდორ.გე“-ს მთავარ ფინანსურ დირექტორად მუშაობდა. რამდენიმე წლის წინანდელი მონაცემებით, „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ 70%-ს, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი „საქართველოს ფოსტა“ მართავდა, დანარჩენს კი - „ლუქსორ კაპიტალ კორპი“.
ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ამ კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, დიმიტრი ჩიქოვანი იყო - დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა, რომელიც 2011 წლის სექტემბრამდე, „აუთდორ.გე“-ს გენერალური დირექტორი გახლდათ.
თავდაცვის მინისტრად დანიშვნისას, კეზერაშვილი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ამბობდა: „ჩემი ამოცანაა, ბოლომდე მივიყვანო საქრათველოს ჯარის მშენებლობა. საქართველოს არმიას უნდა შეეძლოს, დაიცვას ქვეყნის ინტერესები. საქართველოს ჯარს უნდა შეეძლოს ყველა ამოცანის შესრულება, რომელიც მას, შესაძლოა, ოდესმე დაეკისროს“.
2008 წელს, აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი კი არსად ჩანდა, ამბობდნენ, დასასვენებლად იყო წასულიო.
რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ორმხრივ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა ლეონარდო დევდარიანი, რომელიც რუს გენერალ ბორისოვისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრას იხსენებს:
„ვდგავართ, ვიხრუკებით მზის გულზე და ორი ახალი „ლექსუსის“ ჯიპით მოგრიალდა ვიღაც. გაიღო კარი და შავსათვალიანი, ამერიკული კინოფილმის გმირი, კომანდოსი გადმოვიდა. ისე იყო გამოწკეპილი, გამარჯვებული ჯარის მთავარსარდალი გეგონებოდა, რაღა ნაპოლეონი და რაღა - კეზერაშვილი. იგი „მარიაჟი“ სიარულით მოგვიახლოვდა, ბორისოვს ახედ-დახედა, მერე დაცვას მიუტრიალდა, რა არის ბიჭებო, ახალი „ბათინკები“ ვერ ჩააცვით ამასო და ბორისოვის ფეხსაცმელებისკენ ხელით მიუთითა... ბორისოვმა კბილებში გამოსცრა, შენ ვინ ხარო? მე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვარ, შეირაღებულ ძალებს ვხელმძღვანელობო, - გამოეჭიმა კეზერაშვილი. საინტერესოა, რომელ შეირაღებულ ძალებს მეთაურობ, შე, წვინტლიანო, რომელიც არ არსებობს? აბა, მაჩვენე, სად არის შენი შეიარაღებული ძალები? წადი შენიო და, ბორისოვმა ჩვენი თავდაცვის მინისტრი „სამ ასოზე“ გაგზავნა, შენ არ დაგელაპარაკებიო“.
დავით კეზერაშვილი, როგორც ამბობენ, იარაღის შესყიდვის საქმეშიც იყო ჩართული: ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციებით, იარაღით მოვაჭრე 22 პირის დაკავების საქმის დეტალების გაცნობისას, კორუფციულ სქემაში საქართველოც აღმოჩნდა.
2008 წელს, საქართველოს მთავრობა იარაღის ძიებაში იყო და ასპარეზზე გამოჩნდა დენიელ ალვირესი, რომელმაც „ემ-855“ ტიპის საბრძოლო ტყვიებით მოამარაგა საქართველოს სამხედრო უწყება. იარაღით მოვაჭრეთა შორის, ასევე, სახელდებიან ოპერ ფაზი, ფლორიდელი საულ მიშკინი, რომელსაც კავშირი ჰქონდა ისრაელში მცხოვრებ შაბთაი ბატაშვილთან, რომლის მეშვეობითაც, იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრ კეზერაშვილს დაუკავშირდა და იარაღიც მიჰყიდა.
„სააკაშვილის პროტეჟე საქართველოს რუსეთთთან ომში ჩაბმაში დაეხმარა“ - ეს ერთ-ერთი ამერიკული სტატიის სათაურია, რომლის ავტორი წერს, რომ ომის შემდეგ, ისრაელმა საქართველოს სამხედრო დახმარება მოსკოვის მოთხოვნის გამო შეუწყვიტა.
„იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი ტაილანდში დააკავეს, თვითმფრინავი, რომელსაც შრილანკაში იარაღი გადაჰქონდა, საქართველოშია რეგისტრირებული. ბორტზე 40 ტონა ტვირთი იყო“... - ამერიკელი ჟურნალისტის, ჯეფრი სინელვანის აზრით, კეზერაშვილი ნარკოტიკების მომხმარებელი ბიჭია, რომელიც ამ ვაჭრობაში დაბალი რანგის მოხელეა.
... მსოფლიოში ცნობილი საოპერო თეატრების მსგავსად, თავის დროზე, თბილისშიც დაფუძნდა „თბილისის ოპერის მეგობართა საბჭო“, რომლის შემადგენლობაში დავით კეზერაშვილიც იყო. კეზერაშვილი ოპერაში არავის უინახავს, მაგრამ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ თანხას, რომელსაც ამ საქმეს მოახმარს „ცოტა არ იქნება“. მაშინვე პარალელი გაავლეს ბილიო ალდერის ფილმთან - „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“, სადაც სიცილიელი მაფიოზები იტალიური ჯაზ-ორკესტრის მეგობრების რანგში გვევლინებიან.
სააკაშვილი კეზერაშვილს, როგორც სამეფო კარის ბიზნესმენს, სასათბურე პირობებში ამყოფებდა. ამიტომაც, ამ „ფინანსურ კარდინალს“ ისეთი მნიშვნელოვანი საქმეც ანდეს, როგორიც ძველი პარლამენტის შენობის გაყიდვა იყო - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, კეზერაშვილი დაცარიელებული პარლამენტის შენობაში ყატარელ ბიზნესმენებს მიუძღოდა და, როგორც ამბობენ, შენობის გადაკეთების გეგმაც თან ჰქონდა. დაგეგმილი იყო, რომ საქართველოს პარლამენტის ისტორიული შენობა სასტუმროდ გადაკეთდებოდა, სადაც ინვესტორები ფეშენებელურ საპრეზიდენტო ნომრებს, აუზებს, კაზინოებსა და სხვადასხვა გასართობ ცენტრს მოაწყობდნენ.
კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრად ყოფნის დროს, ჩვენ ომი სამარცხვინოდ წავაგეთ რუსეთთთან, მაგრამ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი რატომღაც არ დადგა. რატომ? - ეს რიტორიკული შეკითხვაა.
მოკლედ, ასეთია დავით კეზერაშვილის X-ფაილი, ფაილი, რომელიც კიდევ ძალიან ბევრ საიდუმლოს ინახავს. აი, ერთ-ერთი, ყველაზე დიდი საიდუმლო კი ის არის, თუ როგორ ინარჩუნებს „კეზერა“ ქართულ პოლიტიკაზე გავლენას. ახლა, ვინმე აღიარებს თუ არა, ფაქტია, რომ ქართულ პოლიტიკაში კეზერაშვილის ფაქტორი ფასდაუდებელია. ყოველ შემთხვევაში, კულუარებში ყველა მიანიშნებს, რომ კარგი და ცუდიც, რაც თუნდაც ოპოზიციაში ხდება, სწორედ, კეზერაშვილის ნარატივია. თუ ყველაფერი ეს მართლაც ასეა, მაშინ გამოდის, რომ „კარდინალმა“ ახალი პოლიტიკური თამაში დაიწყო, რომლის მიზანიც მალე გამოჩნდება.
ასე რომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახავთ, რა და როგორ იქნება.