დიდი „რუსულმანური“ შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ - საიდუმლო თათბირი შევარდნაძესთან და შინაგანი ჯარის გენერლის გამოუქვეყნებელი მემუარები

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

X-ფაილი

 ავტორი: ვანო პავლიაშვილი

 ზუსტად 30 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომი დაიწყო... წლების განმავლობაში, ამ ომს ქართულ-აფხაზურ შეიარაღებულ კონფლიქტს ვუწოდებდით, თუმცა იმთავითვე ნათელი იყო, რომ სამურზაყანოში ტყვია ერთმორწმუნე ჩრდილოეთური დათვის წაფითილებით გავარდა. საერთოდ, რუსეთმა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა 90-იან წლებში კი არა, გაცილებით ადრე, კერძოდ, ორი საუკუნის წინ დაიწყო, თუმცა იმ რუსულმანებს, რომლებისთვისაც მზე ისევ ჩრდილოეთიდან ამოდის, ამის აღიარება არ უნდათ. სიტყვამ მოიტანა და, რუსულმანები სახალხო პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსიკონიდანაა. სალახანებმა ბატონ ჯანსუღს სწორედ ეს ეპითეტი ვერ აპატიეს და პასკვილი გამოუცხვეს, რასაც ქართული პოეზიის ბერმუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმება მოჰყვა. მაშინ ჯანსუღ ჩარკვიანმა განსაცდელს თავ მალე დააღწია და მრავალჭირნახულ ერს არაერთხელ შეუძახ, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრიაო.

დიახ, თავისუფლება მართლაც ლომთა ხვედრია და კრემლი წლებია, სწორედ იმ ქართველი ლომების განადგურებას ცდილობს, რომლებიც მზისა და ვარდების მხარეს საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ და იცავენ! ვაგლახ, ხანდახან ლაჩრებიც გამოგვერევიან ხოლმე, რომლებიც მტერს ბაბაიას ეძახიან და პირადი გამორჩენისა თუ სხვა მერკანტილური მოსაზრებით, არც სამშობლოს ღალატზე ამბობენ უარს!

გახდა თუ არა აფხაზეთის დაკარგვის მიზეზი ღალატი? - ეს მხოლოდ ღმერთებმა და პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილმა ანგელოზებმა იციან, თუმცა საარქივო მასალები, ასევე, თვითმხილველთა მონათხრობი ირიბად მოწმობს, რომ ვიღაცებმა სული ლუციფერს მიჰყიდეს. ფრო გასაგებად რომ ვთქვათ, აფხაზეთი კრემლს ჩააბარეს, რასაც ცხინვალის რეგიონის ანექსია-ოკუპაციაც მოჰყვა...

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღევანდელი X-ფაილის წაკითხვა ბევრს მიძინებულ ჭრილობებს გაუღვიძებს, ზოგს კი, ალბათ, ომის წინაპერიოდის კულუარების გახსენება არ ესიამოვნება, მაგრამ ეს ჩვენი ისტორიაა, ისტორია, რომელსაც ვერც შევცვლით და ვერც დავმალავთ, რამეთუ შელამაზებულ და დამალულ ისტორიაზე ღირსეულ მომავალს ვერ ავაშენებთ!

მაშ, ასე: ვერსია30 წლით უკან, 1992 წელში გაბრუნებთ და შინაგანი ჯარების ყოფილი სარდლის, გენერალ გელა ლანჩავას გამოუქვეყნებელ მემუარებზე დაყრდნობით, საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი რუსულმანური შეთქმულების უცნობ დეტალებს გთავაზობთ. სხვათა შორის, გელა ლანჩავას ზემოხსენებული მემუარები ჩემს პირად ჟურნალისტურ არქივში ინახება...

 

 

პირისპირ ურჩხულთან

... აფხაზეთის ომი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა იქ ყველაფერი რიგზე ვერ არის. იმხანად, აფხაზეთის უშიშროების მინისტრი ავთანდილ იოსელიანი იყო. იგი ჩემი დიდი ხნის მეგობარია და ურთიერთობა გვქონდა, მით უმეტეს, რომ ამას საქმეც გვავალებდა. ავტონომიური რესპუბლიკის საზღვარზე, ჩვენი 17 ბმპ იყო განლაგებული. არძინბამ ეს, რა თქმა უნდა, იცოდა. საკმარისი იყო, თუნდაც ერთი საბრძოლო მანქანა დაძრულიყო ადგილიდან, მაშინვე პანიკაში ვარდებოდა, რეკავდა ავთანდილ იოსელიანთან და ეხვეწებოდა: ავტო, პოპროსი სვოემუ დრუგუ, პუსტ უსპოკოეტსია. თურმე, ავთოს უთქვამს საუბარში, შინაგანი ჯარების სარდალი გელა ლანჩავა ჩემი მეგობარიაო და შუამავლად მას მიგზავნიდა ხოლმე... - ესაა ამონარიდი გელა ლანჩავას გამოუქვეყნებელი მემუარებიდან, რომელშიც აფხაზეთის ომის გარდა, საუბარი 1991-92 წლების ცნობილ მოვლენებზეცაა, თუმცა ვინაიდან აფხაზეთის ომის X-ფაილს ვადგენთ, ამჯერად „ვერსია“ ყურადღებას მხოლოდ სამურზაყანოში, 30 წლის წინ მომხდარ სისხლიან ამბებზე გაამახვილებს.

... 1992 წლის ზაფხულია...

აფხაზეთის რკინიგზაზე აფეთქებები იწყება... ავტონომიურ რესპუბლიკაში ვითარება ნელ-ნელა და მიზანმიმართულად იძაბება.

... შინაგანი ჯარის სარდალს ძილს ტელეფონის ზარი უფრთხობს. ყურმილს უხალისოდ სწვდება...

- გელა, ხომ არ გაგაღვიძე? - შევარდნაძის ხმის გაგონებაზე, ლანჩავა უმალ გამოფხიზლდება.

- გისმენთ, ბატონო ედუარდ!

- იქნებ, სოხუმში ჩახვიდე, არძინბას შეხვდე და გაიგო, რა ხდება? - სახელმწიფო მეთაური სვენებ-სვენებით ლაპარაკობს, - ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, შინაგანი ჯარების შესვლის საკითხიც მოაგვარე...

მეორე დღეს, გელა ლანჩავა და ვალერი ჩხეიძე აფხაზეთში მიფრინავენ. სოხუმის აეროპორტში მათ ავტონომიური რესპუბლიკის შს მინისტრი, გივი ლომინაძე ხვდება და პირდაპირ არძინბასთან მიდიან... არძინბას დაცვა სტუმრებს იარაღის ჩაბარებას არ სთხოვს. გენერალ ლანჩავას „სტეჩკინი“ აქვს... მერე, წლები რომ გავა, ლანჩავა ორაზროვნად იტყვის, რა ვიცოდი, არძინბას სახით, რა ურჩხული იკრებდა ძალას, თორემ, ალბათ, ბევრს არ ვიფიქრებდიო...

ამონარიდი გელა ლანჩავას გამოუქვეყნებელი მემუარებიდან:

... არძინბამ თათბირი მოიწვია, რომელსაც ჩვენი მხრიდან მე, ვალერი ჩხეიძე და ავთო იოსელიანი ვესწრებოდით; აფხაზთა მხრიდან კი - თავად არძინბა, ალექსანდრე ანქვაბი, პოლკოვნიკი კაკალია, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ზურაბ აჩბა. მოლაპარაკებამ კარგად ჩაიარა. არძინბამ სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა და კონიაკითაც გაგვიმასპინძლდა. არძინბა, ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით, შინაგანი ჯარების აფხაზეთში შესვლას დათანხმდა... იმავე დღეს, მე აფხაზეთის ტელევიზიით გამოვედი და მოსახლეობას მივმართე: 1989 წლის მოვლენები აფხაზების მხრიდან უდიდესი შეცდომა იყო. ჩვენ, ქართველები და აფხაზები, ერთნი ვართ. არ შეიძლება და არც მოხდება ჩვენი გათიშვა და მტრად მოკიდება. ომი არ იქნება! ის, ვისაც ეს სურს, თავად არის ჩვენი მტერი-მეთქი!

... არძინბასთან შეხვედრიდან სამი დღეა გასული. გელა ლანჩავას სოხუმიდან დემურ მიქაძე ურეკავს:

- გელა, ექსპრეზიდენტის მომხრე ნუგზარ მოლოდინაშვილი დავაკავეთ, ჩამოდით და წაიყვანეთ.

ლანჩავა, სამი ჯარისკაცის თანხლებით, სოხუმში მიფრინავს, მაგრამ აეროპორტში მიქაძე არ ხვდება. გენერალი ქალაქში გასვლას დამოუკიდებლად ცდილობს, თუმცა ადგილობრივი მილიცია წინააღმდეგობას უწევს. ლანჩავა არძინბას ურეკავს.

- „ესლი ეტო ლანჩავა, ვპუსტიტე ეგო ვ გოროდ“, - არძინბას სიტყვები ლანჩავას მრავლისმთქმელად ეჩვენება.

... აფხაზეთში რკინიგზის ლიანდაგებს პერმანენტულად აფეთქებენ. ედუარდ შევარდნაძე საგანგებო თათბირს მართავს, რომელსაც სახელმწიფო საბჭოს წევრების გარდა, რომან გვენცაძე, გია გულუა, რემი ვაშაკიძე და გელა ლანჩავაც ესწრებიან. რემი ვაშაკიძე აფხაზეთში სპეციალიზებული სარკინიგზო დაცვის 1500-კაციანი ბრიგადის გაშვებას ითხოვს... გადაწყდა: რკინიგზას შინაგანი ჯარი დაიცავს! გენერალი ლანჩავა აფხაზეთში მიდის.

... 1992 წლის 12 აგვისტოა.

ამონარიდი გელა ლანჩავას გამოუქვეყნებელი მემუარებიდან:

... სამტრედიაში შეჩერება მოგვიხდა, რადგან თავდაცვის მინისტრი, თენგიზ კიტოვანი თათბირს ატარებდა და ჩემი დასწრება აუცილებელი იყო. თათბირზე გაირკვა, რომ ახალქალაქში დისლოცირებული რუსული არმიის ერთ-ერთ დივიზიას, საქართველოდან წასვლის წინ, ჩვენთვის მათ ხელთ არსებული მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების ნაწილი გადმოუცია. ტექნიკა უკვე სამტრედიაში იყო ჩამოტანილი. მისი პლატფორმებიდან ჩამოღება, სენაკის შესასვლელთან (ხობის მხრიდან) გადაყვანა და მოწყობა მე დამევალა. დავალების შესრულებას ორი დღე მოვუნდით. დილის 05.00 საათზე, იქ ჩამოვიდნენ თენგიზ კიტოვანი და ჯემალ ჭუმბურიძე. კიტოვანის ბრძანებით, მე ერთი ტანკით, ორი ბეტეერითა და ორმოცდაათიოდე კაცით, 14 აგვისტოს, დილის 08.00 საათზე, მდინარე ინგირზე გადავედი, ტეკზე დავდექი და, როგორც გაფრთხილებული ვიყავი, თავდაცვის მინისტრის მოსვლას დაველოდე. იმავე დღეს, ჩვენ შემოგვიერთდა ტარიელ აბუაშვილის სატანკო ნაწილი თავისი მძიმე ტექნიკით და დევი ჩაკვეტაძის საარტილერიო ნაწილი. ყველა ერთად ველით ბრძანებას. დაახლოებით, 10.00 საათზე, სატვირთო მანქანების ხმა მოგვესმა. ეს სოხუმის ბატალიონი გამოდგა, სოსო ახალაიას მეთაურობით. მათ ლაფეტებზე დაწყობილი ოთხი ტანკი და ორი ბმპ მიჰყავდათ (საომრად მიმავალ კაცს საბრძოლო ტექნიკა ლაფეტებით არ მიაქვს)... მოგვიანებით, აბუაშვილი და ჩაკვეტაძეც ახალაიას გზას გაუყვნენ...

სოხუმიდან არაფერი ისმის. შევფიქრიანდი. ამბის გასაგებად ბიჭები მანქანით გავგზავნე. მაინც ვერაფერი გავარკვიეთ... მეტი ცდა აღარ შეიძლებოდა. წავიყვანე ჩემი ხალხი და ოჩამჩირეში წავედი. გზაში თავზარდამცემი ამბავი შევიტყვეთ: სოსო ახალაიას ნაწილისთვის აფხაზებს ცეცხლი გაეხსნათ...

... მსუბუქი მანქანებით მოვიდა თბილისის ქალაქის პოლიციის სამმართველოს შემადგენლობა, დავით ზეიკიძის მეთაურობით. მაშინვე ვუთხარი, - დათო, რაღაც ფარსაგი გვჭირს და იქნებ, გაარკვიო, რა ხდება-მეთქი. ზეიკიძე წავიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ შევიტყვეთ, რომ სოხუმის მისადგომებთან ხოცვა-ჟლეტა იყო დაწყებული და ჩვენიანებს დახმარება სჭირდებოდათ...

გენერალი ლანჩავა ოპერატიული პოლკის მეთაურს, გუჯარ ყურაშვილს ზურგის გამაგრებას ანუ ტყვარჩელში შესვლის დავალებას აძლევს. თვითონ გია ყარყარაშვილის კოლონას უერთდება და გეზს სოხუმისკენ იღებს.

... 1992 წლის 12 აგვისტო... ტამიში... აფხაზები ხიდს აფეთქებენ. ქართველთა მხრიდან, რევაზ ჯაში და ვლადიმერ ოსიშვილი იღუპებიან. გია ყარყარაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩება...

13 აგვისტო. დილა... ქართველები შეტევაზე გადადიან... მსტოვრები იუწყებიან, არძინბა გაქცევას აპირებსო... მაშასადამე, „აფხაზური სეპარატიზმი“ მალე ამოიძირკვება, მაგრამ მოულოდნელად, თბილისიდან ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მოდის. მეომრები გაოგნებულნი არიან... გელა ლანჩავა წლების მერეც ვერ გაარკვევს, ცეცხლის შეწყვეტა ვინ და რატომ მოითხოვა.

დაღამდა...

ხვალ 14 აგვისტოა...

ხვალ აფხაზეთში ომი უნდა დაიწყოს!

 

ღალატი

... კვირაზე მეტია, შინაგანი ჯარი ტყვარჩელში დგას, ზურგს იცავს. ბიჭები სიტუაციას სრულად აკონტროლებენ, ბრძანებებსაც უსიტყვოდ ასრულებენ... სოხუმიდან ხმა მოდის, ზოგიერთმა ქართულმა შენაერთმა „მოროდიორობა“ დაიწყოო. სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტონომიის დედაქალაქში, სიტუაციის მოწესრიგება შინაგან ჯარს ევალება. ტყვარჩელში კი სხვა ბატალიონი შედის...

დამარცხებისთვის განწირული საქართველო პირველ შეცდომას უშვებს.

ამონარიდი გენერალ გელა ლანჩავას გამოუქვეყნებელი მემუარებიდან:

... შინაგანი ჯარის ნაცვლად, ზურგის დასაცავად გაგზავნილი ბატალიონი შიგ ტყვარჩელში კი არ შევიდა, არამედ, მოშორებით დასცა ბანაკი, ამით მტერს ქალაქის დაკავების შანსი მისცა. ეს შესაძლებლობა აფხაზებმა კარგად გამოიყენეს... გარდა იმისა, რომ ტყვარჩელი გეოგრაფიულად მიუდგომელია, საქმეს ისიც ართულებდა, რომ აფხაზებმა ძოტების აგება მოასწრეს. მათ კარგად გამოიყენეს მეორე მსოფლიო ომის დროს აგებული ძოტებიც და ტყვარჩელის დაბრუნების ყველა ცდა კრახით დასრულდა...

... კრემლი ინიციატივით გამოდის, 3 სექტემბერს, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებით, მოსკოვში მოლაპარაკებები გაიმართოს. ჩრდილოეთში გამგზავრებამდე, ედუარდ შევარდნაძე გელა ლანჩავასა და გია ყარყარაშვილს ახალი ათონის აღებას ავალებს. ქართველების სტრატეგია ასეთია: ფრონტის მარჯვენა ფლანგს გია ყარყარაშვილის შენაერთი გაამაგრებს, მარცხნიდან გელა ლანჩავა შეუტევს, ცენტრს ტარიელ აბუაშვილი უხელმძღვანელებს...

მაშ ასე, ქართველები შეტევაზე გადადიან!

ამონარიდი გენერალ გელა ლანჩავას გამოუქვეყნებელი მემუარებიდან:

... ყარყარაშვილმა ამოცანას თავი კარგად გაართვა, მაგრამ ცენტრმა... ცენტრში რა მოხდა, ჩემთვის დღესაც გაუგებარია. არ ვიცი, ტაქტიკა არ უვარგოდათ, თუ არაორგანიზებულობის ბრალი იყო, ფაქტი ერთია: მძიმე ბრძოლაში 27 კაცი დაიღუპა. დიდი იყო მძიმე ტექნიკის ზარალიც. აფხაზთა გააფთრებულმა წინააღმდეგობამ, რომელიც შემდეგ შეტევაში გადაიზარდა, გვაიძულა, უკან დაგვეხია. სწორედ ამ ბრძოლაში დადასტურდა ეჭვი რუსების მიერ აფხაზთა მხარდაჭერის თაობაზე. რუსები ლაბორატორიიდან საოცარი სიმძლავრის ჭურვებს გვიშენდნენ და სწორედ მათ აგვიფეთქეს რამდენიმე ტანკი. ამ შეტევის მარცხი იმანაც განაპირობა, რომ ჩვენს მფრინავებს, რომლებიც თავს არ ზოგავდნენ და არაერთხელ გამოიჩინეს გმირობა, საბრძოლო გამოცდილება აკლდათ...

... 3 სექტემბერია. სახელმწიფო მეთაური მოსკოვში მიფრინავს. ედუარდ შევარდნაძე და ვლადისლავ არძინბა ხელს აწერენ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, არაოფიციალურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა, ორივე მხრიდან, იარაღი უნდა ჩააბარონ და თვითლიკვიდაცია გამოაცხადონ. შეთანხმებაში ისიც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ აფხაზეთს ავტონომია შეუნარჩუნდება. ერთი სიტყვით, ისეთი პირი უჩანს, ომი მალე უნდა დასრულდეს, მაგრამ... სწორედ ამ დროს, აფხაზთა დასახმარებლად სოხუმში ადიღელები, ჩეჩნები და კაზაკები ჩადიან. პარალელურად, აფხაზები გენერალ ბაგრამიანის სახელობის ბატალიონს აყალიბებენ, რომელსაც იარაღითა და მძიმე ტექნიკით რუსეთი ამარაგებს...

ამონარიდი გენერალ გელა ლანჩავას გამოუქვეყნებელი მემუარებიდან:

... ამასობაში, ნოემბერი დადგა. აფხაზები უკვე ზურგიდან გვიტევენ, პარტიზანულად მოქმედებენ და დივერსიებს აწყობენ. ძალიან გვიჭირს. აშკარად გვჯაბნიან... განსაკუთრებით, ტამიშის მისადგომებთან გაგვიჭირდა. იქ თბილისიდან სახელმწიფო მეთაურის ბრძანებით ჩაყვანილი შინაგანი ჯარების 1200 ჯარისკაცი იბრძოდა. სწორედ იქ მომიკლეს ერთ-ერთი დანაყოფის მეთაური, ვახტანგ შანავა, რომელიც რუსეთში სპეციალურად მომზადებულ ასეულს (ასეთ რაზმს ღამურა ჰქვია) ხელმძღვანელობდა... ოჩამჩირესთან, ერთ-ერთ ბრძოლაში დავიჭერი და თბილისში გადმომიყვანეს. ორ კვირას ვმკურნალობდი...

1993 წლის 25 თებერვალს, გელა ლანჩავას გენერალ-მაიორის წოდებას მიანიჭებენ. ზუსტად ერთი თვის შემდეგ, სოხუმის დაცემის პირველი საფრთხე გაჩნდება. იმ დღეს, ლანჩავას დილაუთენია დაურეკავენ და შეატყობინებენ, რომ 08.00 საათზე, ედუარდ შევარდნაძესთან უნდა იყოს.

- აფხაზებმა სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს და საპასუხო ზომები თუ არ მივიღეთ, შეიძლება, ქალაქი დავკარგოთ, - სახელმწიფო მეთაური მღელვარებას არ იმჩნევს.

- ბატონო ედუარდ, თუ ნებას დამრთავთ, ჩემი 1600 კაცით, ორსაათნახევარში სოხუმში ვიქნები და ქალაქის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებ! - გელა ლანჩავას ყველა გაოცებული უყურებს. მართლაც დაუჯერებელია, ასეთ მცირე დროში გენერალმა 1600 კაცის მობილიზება შეძლოს... შინაგან ჯარს აფხაზეთში შს მინისტრი, თემურ ხაჩიშვილი გააცილებს და აღფრთოვანებული იტყვის, ახლა დავრწმუნდი, რომ საქართველოს არმია მართლა ჰყავსო.

... სოხუმსა და მის შემოგარენში გააფთრებული ბრძოლებია. ფრონტის წინა ხაზზე ედუარდ შევარდნაძე ჩადის.

ამონარიდი გენერალ გელა ლანჩავას გამოუქვეყნებელი მემუარებიდან:

... სახელმწიფო მეთაურმა გამომიძახა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზეგანის დაკარგვა მაცნობა. ყველაფერი გასაგები იყო... იმ მაღლობის ასაღებად, დაახლოებით, 100 კაცი გავუშვი, რომელსაც ჩემი ადიუტანტი, წლოვანებით პატარა ლეიტენანტი ფრიდონ ლომიძე ჩავუყენე სათავეში. ფრიდონმა იმედი ასი პროცენტით გამიმართლა - მან არა მარტო უდანაკარგოდ აიღო ზეგანი, არამედ, მას ერთი კვირის განმავლობაში, იცავდა კიდეც. მაშინ აფხაზებმა დიდი ზარალი ნახეს... სოხუმი დაცემას გადარჩა, თუმცა ქართულმა მხარემ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა: იმის მაგივრად, კონტრშეტევაზე გადავსულიყავით, მხოლოდ შენარჩუნებული პოზიციების გამაგრებაზე ვზრუნავდით. არ ვიცი, ვინ გასცა ასეთი ბრძანება. ნუთუ, არავის ესმოდა, რომ შეტევის მოგერიების შემდეგ, მით უმეტეს, რომ გაგრა უკვე დაკარგული იყო, აუცილებლად კონტრშეტევაზე უნდა გადავსულიყავით? არ მგონია, ეს შეცდომა საქმის უცოდინრობით, უვიცობით ყოფილიყო გამოწვეული...

სოხუმში ადგილობრივი მცხოვრებლებისგან ბატალიონების დაკომპლექტება დაიწყო. შეიქმნა ბრიგადა, რომელსაც სათავეში გენო ადამია ჩაუდგა. ეს იყო ძალზე ჭკვიანური და სწორი ნაბიჯი... რუსებმა უკვე დაუფარავად დაიწყეს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედება. ტამიშზე, ოჩამჩირის მხრიდან, მათი სადესანტო ბატალიონი კატრანი გადმოვიდა. მას არნახული წინააღმდეგობა გაუწია დუშეთის ბატალიონმა. ამ ბრძოლაში ბატალიონის 80 წევრი დაიღუპა. სასწრაფოდ უნდა მივშველებოდით. მათ დასახმარებლად კინდღში მყოფი ჩემი ასეული გავუშვი. ასეულმა უმაგალითოდ იბრძოლა. დახმარება კი, რომელსაც ახალი კინდღიდან ველოდით, არ ჩანდა. ასეულიდან მხოლოდ 37 კაცი გადარჩა...

ასეთი მცირე ძალებით რუსების გამკლავება შეუძლებელი იყო, მაგრამ ის 37 კაცი, ალბათ, არ დათმობდა პოზიციებს, ტყვია-წამალი რომ ჰქონოდა. ალყაში მოქცეულებმა ხერხს მიმართეს: საფარიდან ხელყუმბარების ნაცვლად, ახლოს მომდგარ მტერს ქვები დაუშინეს. რუსებმა იფიქრეს, ყუმბარებიაო, მაგრამ რომ არ აფეთქდა, უცებ მოეგნენ გონს და იყვირეს: ნიხ გრანატი კონჩილის და შეტევაზე გადმოვიდნენ. მაშინ ჩვენმა ბიჭებმა დარჩენილი ოთხად-ოთხი ყუმბარა ისროლეს და ზუსტად მტრის შუაგულში ააფეთქეს. ამან მტერს არა მარტო საგრძნობი ზიანი მიაყენა, არამედ, არევ-დარევაც შეიტანა მის რაზმში და ქართველებს ალყის გარღვევისა და ცოცხლად გამოღწევის საშუალება მიეცათ.

არ მინდა დავასახელო იმ ადამიანთა გვარები, რომლებსაც ჩემი ასეულის დასახმარებლად წამოსვლა ევალებოდათ და ადგილიდან არ დაიძრნენ. ალბათ, წაიკითხავენ ამ სიტყვებს და საკუთარ გულში ჩაიხედავენ. მათ სინდისზეა იმათი სიცოცხლე, რომლებიც იმ უშეღავათო ბრძოლაში დაიღუპნენ! მოგვიანებით შევიტყვე, ახალ კინდღში მდგომი ერთ-ერთი ნაწილის მეთაურს, ჩემი ასეულის დასახმარებლად ტანკში ჩამსხდარი ხალხი უკან დაუბრუნებია, სადღა მიდიხართ, ისინი უკვე ცოცხლები აღარ იქნებიანო! წამოსულიყვნენ, იქნებ, მოესწროთ?!.. ომის დამთავრების შემდეგ, არაერთხელ ითქვა, აფხაზეთი გაიყიდაო. აფხაზეთი კი არ გაიყიდა, არამედ, თავად დავკარგეთ. დავკარგეთ ჩვენი უთაურობით და უგნურებით!

… 1993 წელი. აფხაზეთში ომი მძვინვარებს...

საქართველოს ტელევიზიის ეთერში, ფრონტის წინა ხაზიდან მიღებულ ცნობებს ტურისტული ბიუროების რეკლამა ცვლის... თბილისის აეროპორტი სრული დატვირთვით მუშაობს. ერთი თვითმფრინავიდან აფხაზეთში დაჭრილ-დასახიჩრებული ბიჭები ჩამოჰყავთ, მეორედან დუბაიში ნაყიდი „ტავარი“ ჩამოაქვთ...

სოხუმიც მალე დაეცემა!..